Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვენახის გასხვლა, შესარვა, შეკონვა, გაფურჩქვნა

ლ.ე. ჯორჯაძე, მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესობა: ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. 1876.

ვენახის გასხვლა შემოდგომაზედა სჯობია, ამისათვისა, სადაც ზამთარში დიდი სიცივეები და ყინვები არ იცის, იქ შემოდგომაზედ უნდა გაისხლას ვაზი, და სადაც დიდი ზამთარი სიცივეები და ყინვა იცის, იქ უნდა გაისხლას გაზაფხულზედ, ამისათვის რომ ცივი ზამთარი ვაზის რქას გაახმობს ხოლმე, და გასხლული შერჩენილი რქა რომ გახმეს სხვა აღარ შერჩება ვაზსა სამამულე რქა. გაზაფხულზედ გასხვლაში კი, რომელიც რქა არ ექმნება გამხმარი ვაზსა, იმას შეარჩენთ და სხვა რაც მეტი ექმნება ანუ გამხმარი იმას შეაჭრით; გასხვლაში რქასა წვერები ისე უნდა გეზათ შეაჭრათ, რომ როდესაც ვაზსა წყალი ჩაუდგება და ამოუვა მონაჭერ ადგილიდან, ის წყალი კვირტს არ მოხვდეს, თორემ გაახმობს კვირტსა. ვენახი რომ გაუსხლავი დარჩეს, იმას რადგან ბევრი რქა ექნება, იმ წელიწადსა თუმცა ბევრს ყურძენს მოისხამს, მარამა მეორე წლისათვის სულ მოიღლება ვაზი, რომლისაგამო ცოტასაც მოისხამს და მარცვალიც გაუწვრილდება და თუ კიდევ მესამე წლისთვის გაუსხლავი დარჩა, მაშინ ვაზი გაგარეულდება და კრიკინა ვაზის ყურძენს დაემსგავსება იმის მარცვალი. ვაზის გასხვლა არის შემოღებული გაუმჯობესობისათვის ყურძნის მარცვლისა, ხოლო ვაზის ხეს კი დიდ ზარალს აძლევს, ესე იგი ღონეს ართმევს და მალე აბერებს. გასხვლას ნაჩვევი ვენახის ვაზი დაბალი უკეთუ გაუსხლავი დარჩა, იმათაც წახდება და მარცვალს წვრილს მოისხამს. ხოლო თუ მაღალ ხეზედ აეშვება იმის ტოტები, მაშინ კი თამამათ გაიზდება და არ დაბერდება მალე, ამისათვის ვაზსა გასხვლაში არაოდეს ბევრი რქა არ უნდა შეარჩინოთ, რაც უნდა დიდი და ღონიერი ვაზი იყოს, ორი რქა უნდა შეარჩინოთ გრძლად და მესამე მოკლეთ ორ ვერშოკზედ, რომელსაც ეძახიან ნეკსა. შუათანა ვაზსა უნდა შერჩეს ერთი დიდი რქა და მეორე მოკლე (ნეკი) და ახალ ვაზსა ხოლოთ ერთი გრძელი რქა უნდა შერჩეს. სიგრძით უნდა დააყენოთ რქა ექვსზედ ანუ შვიდ კვირტზედ უკეთუ რქის წვერი გამხმარი არ აქვს, ასე რომ შეკონვაში ის რქები დაკავდეს ვაზზედ. პატარა ვაზსა, რომელიც დასაკავებელი არალის, იმას სამ კვირტზედ უნდა დაუყენო რქა და დანარჩენი შეაჭრა.

დაყენება ვაზისა სიმაღლით ჭიგოზედ ანუ სარზედ

გამოცდილებით მოყვანილია ცნობაში, რომ ვაზი რაც უფრო დაბლა იქნება დაყენებული, იმისი ყურძენი უფრო კარგათ მოიწევა და ტკბილი გამოვა. მაგრამ სხვა და სხვა მიზეზებისა გამო სხვა და სხვა ზომაზედ უნდა დადგეს ვაზი ჭიგოზედ. მაგალითად: რომელი ვენახიც არ ითოხნება და ყოველთვის ბალახი არის შიგა, იმ ადგილში ვაზი რომ დაბლა იყოს დაყენებული ბალახი დაუშლის ყურძნის მოწევასა, ამისათვის ამ გვარ ვენახშია ვაზი მაღლა უნდა დააყენოთ, რომ ყურძენსა ნიავმა და ჰაერმა უაროს და მით კარგათ მოიწიოს და ბალახის ჩრდილი და სინოტივე ვერ შესწვდეს ყურძენსა მაგრამ სადაც ნათოხნი ვენახი იქმნება და ბალახი ვერ დაუშლის ყურძენსა, იმ ადგილში ვაზი დაბლა უნდა დააყენოთ, მისთვის რომ ყურძენი უფრო კარგათ მოიწევა, მარცვალს უფრო სხვილს მოისხამს და ამასთან უფრო ვაზი ღონიერი იქმნება და ბევრსაც მოისხამს; ხოლო რასაკვირველია რომ დაბლა დაყენებული ვაზი უფრო მალე ბერდება სხმისაგან, ვიდრე მაღლა-დაყენებული. სადაც დიდი ქარები იცის იქ ვაზი ძალიან დაბლა უნდა დააყენოთ, მისთვის რომ ქარმა ვაზი არ წააქციოს თავისი ჭიგოთი, რადგან მაღალსა უფრო ადვილათ გადააქცევს ანუ მოსტეხამს ქარი ჭიგოსა. ესეც უნდა ვსთქვა, რომ სადაც ძრიელი ქარებისაგან ვაზი ძალიან დაბლა არის, რომლისაგამო ყურძენის მტევნები მიწაზედ არის დაკარებული, იმისი მარცვალი ზოგი ლპება მიწაზედ და ზოგი კიდევ შმორის სუნსა და გემოს იღებს.
    სამზღვარს გარეთ ჩვეულებათ აქვსთ მიღებული, რომ კარგათ ვაზით სავსე ვენახის მამულსა ჯერ პირველშია კარგათ შეიმუშავებენ, რომ ბარვა და სასუქი აღარ მოუნდეს, შემდეგ ზემოდამა იმ მიწასა შეაყრიან სხვილსა კვერცხის სისხო ქვიშასა ანუ ქვასა იმდენად, რომ ამ ქვებმა ბალახი აღარ ამოუშოს ზევითა, ვაზებსაც დაბლა დააყენებენ. დღისითა მზისაგან ეს დაყრილი ქვა ძალიან გახურდება ხოლმე და ამის სიმხურვალისაგან ყურძენი ძალიან იწევა და ფრიად ტკბილი გამოდის, რომლისაგამო ღვინოც კარგი დგება. ეს დაყრილი ქვა ბალახსაც არ ამოუშვებს, რომლისაგამო არც თოხნა მოუნდება და ამას გარდა ქვას ქვეშა დედამიწა ყოველთვის ნოტიოთ არის, არ გაშრება და ვაზსა გოლვა ვეღარ შეაწუხებს. ამ მიზეზების გამო ხევის პირის ვენახმა იცის კარგი ღვინო მისთვის, რომ ქვის სიმხურვალე ნიავსა შეაქვს ვაზებშია და მით ყურძენი კარგათ იწევა, ეგრეთვე ტინიანი ადგილის ვენახი იმისათვის არის ნაქები, რომ ტინის სიმხურვალის გამო ყურძენი კარგათ იწევა.

შესარვა ვენახისა

    პატარა ნაბარ ვენახსა ჭიგო უნდა შაედგას და დიდ ვაზსა სარი, ამისათვის რომ სარი, რადგან არის, ხმელი ხე და ამასთან სხვილი და ულპობელი, პატარა ვაზის ძირსა სჩაგრამს და კარგათ არ ახარებს ხოლმე, რადგან იმის ძირკის ახლო იქმნება მიკარებული ხმელი და სხვილი ძირი სარისა. - სარი ფრიად კარგია ვაზისათვისა, იმისათვის რომ ყოველ წლივ ჭიგო აღარ მოუნდება, რომელსაც უნდა მოჭრა, მოტანა და დაჩეკა. ამასთან სარი რადგან არა ლპება, დიდ ხანსა სძლებს და ვაზსა ყოველთვის ზედ უდგას, ამისათვის ვაზი აღარ გადაიქცევა მიწაზედ, რომლისაგამო წაქცეული ვაზი მოსტყდება ხოლმე და ძირკვიც ენძრევა.
    შესარვაში, რადგან მიწა რბილი უნდა იყოს ხოლმე, უნდა ღრმათ ჩაერჭოს სარი ანუ ჭიგო. ამისათვისა, სადაც სარწყავი ვენახი არის, ის ჯერ უნდა მოირწყოს წყლითა, რომ მიწა დალბეს და ანუ ისე ჭურჭლით უნდა იხმაროთ წყალი ჭიგვის ჩასმაშია. სადაც წყალი არ იშოება იქ უნდა შეურჩიოთ დრო იმისთანა, როდესაც ავდარი მოვიდეს და წვიმის წყლისაგან დალბეს დედა-მიწა; მაშინ უნდა შესაროთ, თორემ ხმელ მიწაშია ღრმათ არ დაერჭობა ჭიგო და მცირედი ქარისაგან მაშინვე გადაიქცევა მიწაზედ, მეტადრე მაშინ, როდესაც ყურძნიანი ვაზი დაამძიმებს ჭიგოსა.

სარი, ესე იგი მერქანი ანუ ჭიგო რომელი ხისა სჯობია

    სარი სჯობია: მუხისა და წაბლისა, რადგან ეს ხეები დიდხანსა სძლებს, ხოლო დახეთქილი ხისა უნდა იყოს, რომ გულიც შეჰყვეს, თორემ ამ ხეების გარეთა პირის ცილამაც მალე დალპობა იცის. ფურცლის ხის სარიც კარგია, თუმცა მუხისა და წაბლის ხის ტოლას ვერ გასძლებს.
    ჭიგო სჯობია ხეებისა: თრიმლისა, ქაცვისა, ღვიასი, უთხოვრისა და დუდგულისა, რადგან ამ ხეების ჭიგო ფრიად დიდხანსა სძლებს; შემდეგ ამისა არის კარგი ჭიგო: იფნისა, მუხისა და წაბლის ხეებისა; ხოლო ჯერ უნდა გახმეს სიმშრალეშია და ისე შეუდგათ ვაზსა, თორემ ნედლები მიწაში მალე ლპება, მეტადრე თუ ტოტებისა არის ჭიგო და არა ძირად ნადგომი ხისა.

ვენახის შეკონვა

    ვაზის მიკვრა უნდა ჭიგოზედ ანუ სარზედ აპრილიდამ ვიდრე მაისის ნახევრამდე. ამაზედ ადრე ვაზის რქასა ანუ შტოსა კარგათ არ ექმნება წყალი ჩამდგარი, რომლისაგამო დასაკავებლათ რქისა არ მოიჭრება და გატყდება ვაზის რქა. - შეკონვა უნდა სიფრთხილით, რომ კვირტი არ გასცვინდეს რქასა; ვაზი და იმისი რქა, ისე უნდა მიეკრას ჭიგოს, რომ ძალიან მოჭირებული არ იყოს. შესაკვრელად ხმარობენ: ხარსოსა, ესე იგი ნორჩი ხის ტყავსა, უფრო ლაფნისასა და ფურცლისასა, ეგრეთვე სვისა და ჭილობსა, მარამ ყველას ხარალი სჯობია, მეტადრე ლაფნის ხისა, რომელიც თასმასავითა ხდება და დიდ ხანსაცა სძლებს. სვით კეთება თუმცა უფრო ადვილი სამუშაო არის და დიდ ხანსაც სძლებს, მარამა გამხმარ სვიასა ჭია უჩნდება, რომელიცა სჭამს და დასწყვეტამს ხოლმე ყურძნის დაკრეფამდის სვესა. ჭილობი რადგან მალე ლპება და შემოდგომამდის ვერა სძლებს ვაზზედ, ამისათვის ზაფხულში გაფურჩქვნის დროს ვაზისა იმით ახვევენ ხოლმე მეტადრე ახალს ნორჩს შტოებს, რადგან ჭილობი ჩვილია და არ მოუჭირებს ჩვილ რქასა ვაზისასა. სამზღვარ გარეთ, რომელიც დამთავრებული ვაზები არის და სხვილი, ისინი არის მიკრული სარზედ წვრილის მართულითა, მისთვის რომ ყოველ წლივ არ მოუნდეს შეკონვა და ზოგან კიდევ ჭიგვის მაგიერ თუჯის სარები უდგას.

ვენახის გაფურჩქვნა

ვენახის გაფურჩქვნა უნდა უფრო სუქანი ადგილის ვენახსა, რადგან მიწის სიმსუქნის გამო უფრო თამამი და გრძელი შტოები ეზრდება ვაზსა, რომლისა გამო უფრო ძალიან დაიბურება ვაზი და მით ყურძენს ჩრდილი მიადგება. – ვენახი მაშინ უნდა გაიფურჩქნოს, როდესაც ყურძენში თვალი შევა. თუ ამაზედ წინ გაფურჩქნამ, მაშინ ვაზიც წახდება და ყურძენიცა, ამისათვის რომ ყურძნის მოწევამდე ვაზის შტოებიც იზრდება და ისვრიმის მარცვალიცა, ამისათვის ფოთოლი რომ გააცალოთ ანუ ზიგიერთი მეტი რქა ნორჩ ვაზსა, მაშინ ის დაიჩაგრება, ვეღარ გაიზრდება და წახდება რქა. რაკი ყურძენი სრულებით მოიწევა, მაშინ ვაზსა ფოთოლი რომ გააცალოთ სულა სჯობია, ამისათვის რომ ფოთლისაგან ყურძენს ჩრდილი აღარ ექმნება და უფრო კარგათ მოიწევა. გაფურჩქვნაში მოსაშორებელი ტოტები უფრო ისინი არის, რომელიც ამოიზრდება ხოლმე ახალ ნორჩ რქას, სხვა უსარგებლო შტოების კუთხეში, ესე იგი ფოთლის ყუნწის ძირშია საყურძნე რქაზედა, რომელიც არის გარეშე და უსარგებლო და ხოლოთ ძალას ართმევს სამამულე ვაზის რქასა. ამგვარი ტოტები წინათაც რომ მოაშოროთ, სანამ ყურძენში თვალი შევა, კარგია, ამისათვის რომ სამამულე რქა უფრო თამამი გაიზრდება.

პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com



მოგესალმებით. მჭირდება ვენახის გასხვლა (ტალავერი). მაქვს ჩინებული ჯიშის ვენახი 4 წლის. მჭირდება პროფესიონალი გამსხვლელი. მისამართი დიდი დიღმის მასივი 3 მრ/ნ. გთხოვთ მომწეროთ ან დამირეკოთ თუ გყავთ კარგი მცოდნე ამ საქმეში. 599513424 გიორგი. მადლობა


მჭირდება ვაზის მომვლელი მაქვს ხეივანი ვარკეთილში გასხვლა შწამვლა და ასე შემდეგ ჩემი ტელეფონია 577428018 პაატა თუ დამეხმარებით დიდი მადლობელი ვიქნები

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.