Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ერეკლეს ქვევრი

ლუ ეონიძე 

საქართველოს სახელოვანი მეფე ერეკლე, გადახდილი ბრძოლების შემდეგ, ხანდახან სანადიროდ მიდიოდა ხოლმე.

ასე იყო შემოდგომის იმ მცხუნვარე დღესაც. ერეკლეს, თავისი ამალით, სოფელ ტოღნიანის მიდამოებში ენადირნა და უკან, თელავის სასახლეში გამობრუნებული, ამ სოფლის გზაზე მოდიოდა.

ჯერ თურმე გოგო-ბიჭებმა დაინახეს, სოფლის განაპირას რომ თამაშობდნენ. მაშინვე იცნეს, გამოიქცნენ და მთელ სოფელს ახარეს – მეფე ერეკლე მოდისო. სოფელში ისეთი სამხიარულო ჟრიამული დადგა, გეგონებოდათ ცა გაიხსნაო. მეზობელმა მეზობელს გადასძახა ღობიდან, ვინც მინდორში იყო, მიატოვა საქმე და მეფესთან შესაგებებლად გამოიქცა.

ამასობაში ქურანა ცხგნზე მჯდომმა ერეკლე მეფემ, თავისი ამალით, სოფელში შემოაღწია.

– იდღეგრძელე, ჩვენო მეფევ, ჩვენო მწყალობელო!

– ვაშაა! ჩვენს ერეკლეს გაუმარჯოს! – ისმოდა ხალხის აღტაცებული ხმები. მოხუცი თუ ბავშვი, ქალი თუ კაცი, მეფესთან ახლო მისვლას ცდილობდა. ერეკლე ყველას გულთბილად ესალმებოდა.

ერეკლემ ამ ზღვა ხალხში უცებ ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი.

–  ბიჭო ნიკავ, შენ აქაური ხარ? – დაიძახა ერეკლემ. თავისი ჯარისკაცი იცნო კახთბატონმა... ეს იყო ოცი წლის წინ. მას მერე ცოტა შებერებულა ნიკა ამირანაშვილი, მაგრამ ისევ მხნედ არის. მაშინ კი ჭაბუკი იყო. ცხარე ბრძოლაში გართულ ერეკლეს ზურგიდან ერთი დევის აღნაგობის ოსმალო წამოეპარა, ნიკამ დაინახა და ფარად აეფარა თავის სათაყვანო სარდალს. ნიკა რომ არა, ვინ იცის რით დამთავრდებოდა ის ბრძოლა.

თვალწინ დაუდგა ერეკლეს ეს სურათი, ცხენიდან ჩამოხდა და მოახლოებულ ამირანაშვილს გულმხურვალედ შეეგება. მეფის ამალაც ერთბაშად ჩამოქვეითდა.

ნიკამ მეფის წინ დაიჩოქა და მის კალთას ეამბორა.

–ჩემო ნიკავ, ძალიან მესიამოვნა შენი დანახვა! – წარმოთქვა ერეკლემ, მხრებზე ორივ ხელი მოავლო, წამოაყენა და გადაეხვია.

–მეც მენატრებოდა თქვენთან შეხვედრა, ბატონო მეფევ!

ხალხში ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.

– დიდო მეფეო! – დაარღვია დუმილი ამირანაშვილმა, – დაღლილი იქნებით, გთხოვთ დამდოთ დიდი პატივი და თქვენი ამალით ჩემთან შგმობრძანდეთ. შეისვენეთ, ცოტა შენაყრდით და შემდეგ  გზა განაგრძეთ.

– მადლობელი ვარ, ჩემო ნიკავ, მაგრამ ამდენი ხალხით როგორ გეწვიო? რომ ძლიერ დაგაზარალებთ?

– არა უშავსრა, ბატონო მეფევ! ხუთსაპალნიანი ქვევრი სავსე მაქვს და ნუთუ არ გვეყოფა?

ამირანაშვილის შემდეგ ორ-სამმა ხანდაზმულმა გლეხმაც მეფეს გულითადად გაუმეორეს თხოვნა.

– რა გაეწყობა, მოვდივართ. ოღონდ ნანადირევი ჩეენი იყოს და ღვინო თქევნი! - ხალისიანად დასძინა სახეგაბრწყინებულმა ერეკლემ, და მოკლულ გარეულ ტახებზე მიუთითა, რომლებიც მის მხლებლგბს მოჰქონდათ.

ყველანი დაიძრნენ. ამირანაშვილის ფართო ეზოში რომ შევიდნენ, ერთ მხარეს სახელდახელოდ ცხენების დასაბმელი გააკეთეს. მიწაში ორკაპიანი ბოძები ჩაარჭეს, მასზე დიდი ხარიხა გადეს და თავები წნელებით გაუმაგრეს. ცხენებს პირიდან ლაგამები წამოაძრეს და აღვირებით მიაბეს. ჭაბუკებმა იქვე ორი თივის ზვინი დაშალეს და ცხენებს დაუყარეს.

– აბა, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, მომეხმარეთ. ჩვენს საყვარელ ერეკლეს ყველაფერი დროულად მივართვათ და დიდხანს არ დავაყოვნოთ, – შესძახა ამირანაშვილმა ახალგაზრდებს, როცა მათთან მარტო დარჩა. – მე ღორს გავასუფთავებ, ჩემო პეტრე, შენ ის მოზვერი წამოაქციე. ზურა, შენ ქათმები დაკალი. ქალებს წავეშველოთ, დანარჩენი თვითონ იციან. დედაკაცო! – გასძახა მოშორებით მდგარ მეუღლეს: ხომ ხედავ, რა ბედნიერი დღე გაგითენდა! მზადა ხარ თუ არა სტუმრის დასახვედრად.

– მაშა ქა! ბედზე პური თონეში მქონდა ჩაკრული. ნაზუქებს პელო მიცხობს. მა, რას ვიზამ, მეფესთან ხომ არ შეგარცხვენ? – უპასუხა მეუღლემ და თავშალი შეისწორა.

თავი მოიყარეს მეზობლებმა, ყველა საქმეში იყო გართული, ჯარასავით ტრიალებდნენ, ზოგი წყლის მოსატანად გარბოდა, ზოგი ქათმებს ასუფთავებდა. ზოგი მწვანილს და ზოგიც რას, ვინ მოსთვლის.

მეფე კაკლის ხის ქვეშ სკამზე მოთავსდა. მის ახლოს, აქეთ-იქით მხლებლები დასხდნენ. ახალგაზრდებიდან ზოგი მოლზე დაჯდა და ზოგიც ფეხზე იდგა.

საქმგში გართულმა ამირანაშვილმა თავის ქალიშვილს დაუძახა:

– გოგო ლიზა! მეფე ბატონს და მის მხლებლებს ჭადრაკი და ნარდი მოართვი! სტუმრებმა არ მოიწყინონ სანამ სუფრას გავშლიდეთ!

სულ მალე ყველა თამაშობამ გაიტაცა.

მასპინძელმა სუფრა დიდი კაკლის ხის ჩრდილში, მწვანეზე გააშლევინა. ქალიშვილები სუფრასთან ტრიალებდნენ, კოხტად აწყობდნენ ზედ ქორფა მწვანილს, შოთ პურებს, ნაზუქებს, ახალ თევზს, შემწვარსა თუ მოხარშულს. ნიკასა და მის მეზობლებს, რაც კი სანუკვარი რამ გააჩნდათ, ყველაფერი  მოიტანეს.

ლიზამ მამასთან მიირბინა და დაბალი, მღელვარე  ხმით უთხრა-

–მამი, სუფრა გავშალეთ, ყველაფერი მზად არი, გარდა ღვინისა. ქვევრს პირს ვინ მოხდის, ვინ ამოიღებს?

– ახლავე, შვილო! – უპასუხა მამამ, თავისი საქმე იქვე მდგომ ჭაბუკს მიანდო, თვითონ მეფისკენ გაეშურა და მორიდებით მოახსენა:

– ჩვენო საყვარელო მეფევ! ასეთი ბედნიერი დღის აღსანიშნავად, გთხოვთ ქვევრს თქვენი ხელით მოხადოთ თავი და პირველი ღვინით სავსე ხელადაც თქვენვე ამოიღოთ.

ერეკლემ უპასუხა:

– მაგაზე როგორ გაწყენინებ, ჩემო ნიკავ!

მეფემ ნარდის თამაშს თავი მიანება, წამოდგა და მასპინძელს გაჰყვა. მარანში რომ შევიდნენ, მეფეს ნიკამ თოხი მიართვა. სახეგაბრწყინებულმა ერეკლემ ჩამოართვა და ქვევრს ჯერ მიწა ფრთხილად შემოაცალა, შემდეგ დაიჩოქა, თითებით მიწის ნარჩენები ნაპირებს მოაშორა, მოწმინდა და ქვევრს სარქველი ახადა. შუშხუნა ღვინომ მეფეს სასიამოვნო სურნელი შეაფრქვია.

– მადლიანი ღვინო მოგიყვანია, დაგელოცოს მარჯვენა! – თქვა მეფემ და ამირანაშვილს შეხედა. მეფის შექებამ მასპინძელს სიხარულის ფრთები შეასხა.

ერეკლეს მაშინვე ხელადა მიაწოდეს, მან კურთხეული მკლავით ჭურჭელი ქვევრში ჩაუშვა და აავსო.

პირსავსე ხელადა თვითონ მეფემ წაიღო და სუფრის თავში დადგა. ახალგაზრდებმა ხელადები, დოქები, თუნგები შეავსეს და სუფრასთან მიიტანეს.

სტუმრები, ღირსებისდა მიხედვით, სუფრას შემოუსხდნენ.

პირველი სადღეგრძელო სამშობლოს მიუძღვნეს, მეორედ – ერეკლეს სადღეგრძელო დალიეს. ამ ორი თავისუფალი სადღეგრძელოს შემდეგ თამადობა მეფეს მიულოცეს და ისიც მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

თვალებცქრიალა ქალიშვილები, აწითლებული ლოყებით, სუფრის გარშემო ფუსფუსებდნენ და სტუმრებს ცვრიან მწვადებს აწოდებდნენ.

დროსტარება გვიანობამდე გაგრძელდა. ბოლოს ნასიამოვნები მეფე წამოდგა, ამირანაშვილს მხარზე ხელი დაადო და მხიარულად უთხრა:

– მართლაც რომ კარგი დრო გაგვატარებინე, შენს პატივისცემას არ დავივიწყებ. სამაგიეროდ, რასაც მთხოვ, შეგისრულებ!

– ამაზე მეტი რაღა ვინატრო, დიდო მეფევ, ჩემს ოჯახში გხედავ! – უპასუხა ამირანაშვილმა.

– არა, არა, თუ რაიმე გულითა გსურს, ნუ მომერიდები, მითხარი და შენს სურვილს აგისრულებ – მტკიცედ გაუმეორა მეფემ.

– ჩემთვის ეს ბედნიერებაც საკმარისია, დიდო მეფევ!

მაშინ ერთმა მოხუცმა მეზობელმა ერეკლეს მიმართა:

– ჩვენო მწყალობელო, ნიკა პატიოსანი და მართალი კაცია. ნაცვლობა უბოძე. სოფელს მაგისთანად ვერავინ მოუვლის.

– აგრე იყოს, – დაიძახა ერეკლემ და ნიკას მიუბრუნდა – ყოჩაღი ხარ და მჯერა, მაგ მოვალეობასაც კეთილსინდისიერად შეასრულებ!

ამირანაშვილი ჯერ ხელზე ემთხვია, შემდეგ დაიჩოქა, მეფის სამოსელის კალთა შუბლთან მიიტანა და მის ბოლოს ეამბორა.

მეფე და მისი ამალა მასპინძლებს გულთბილად დაემშვიდობნენ. 

 

* * *

მეფე ერეკლემ მეორე დღეს ამირანაშვილს ნაცვალთბოძების ფურცელი გამოუგზავნა და მას თეთრიც მოაყოლა.

ამირანაშვილმა ფული თანასოფლელებს გაუნაწილა.

ამ ღირსშესანიშნავი ამბის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. სოფელმა ამირანაშვილები ნაცვლიშვილებად მონათლა. ხუთსაპალნიანი ქვევრი შვილიდან შვილზე გადადიოდა. ბოლოს ნიკა ამირანაშვილის შვილიშვილის შვილმა, იმავე სოფელ ტოღნიანის მცხოვრებ ალექსანდრე ლეონიძეს ის  ქევერი ქურანა ცხენში გაუცვალა (ალექსანდრე  ლეონიძე მამაჩემი იყო).

მამაჩემმა ის ქვევრი თავის მარანში გადაიტანა. იმ ქვევრმა ჩვენს დრომდე მოაწია და ტოღნიანელები მას ახლაც ერეკლეს ქვევრს ეძახიან.

 (ნოველა 1969 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „დროშაში“)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული