Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მევენახეობის სკოლის სათავეებთან

"დაახლოებით 1936 წელი იყო. რესპუბლიკის პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას საინტერესო იდეა მოუვიდა -–რესპუბლიკამ თავისი თავი ხორბლით უნდა დაიკმაყოფილოსო... ამ "ბრწყინვალე" იდეის მეცნიერული დასაბუთება სათანადო სპეციალისტებს დაევალათ, რომელთაც შესაბამისად მოუძებნეს ამ იდეას არგუმენტები და დასახეს გზები: ვენახისა და ხილის ბაღების ამოძირკვა და მათ ადგილას ხორბლის დათესვა. ამის შემდგომ მოეწყო დიდი თათბირი, რომელსაც თავად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.

თათბირზე გამომსვლელები აღტაცებით უჭერდნენ მხარს მომხსენებელს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ იდეა მომხსენებლისა კი არ იყო, არამედ ბერიასი. და აი, ამ ხოტბა-მოწონების ერთიან ქოროში უცებ დარბაზიდან გაისმა: "ყველაფერი ეს სისულელეა, მტკნარი სისულელე!" დარბაზი გაინაბა. ბერიამ მრისხანედ მოავლო თვალი დამსწრეთა რიგებს, ავად გაიელვა მისი პენსეს შუშებმა. "кто сказал?!" - იკითხა მან (მას თათბირები ყოველთვის რუსულ ენაზე მიჰყავდა). "я сказал!" წამოიმართა ადგილიდან ხმელ-ხმელი, საშუალო ტანის, ევროპული სიფაქიზით ჩაცმული კაცი. იგი მევენახეობა-მეღვინეობის კათედრის გამგე, საქართველოში ამ დარგის სამეცნიერო კერის დამაარსებელი პროფესორი სოლომონ ჩოლოყაშვილი გახლდათ. "Выходи!" - მოკლედ და მკვახედ უბრძანებია ბერიას. ბატონი სოლომონი გამოსულა და მეცნიერული სიზუსტით, უტეხი ლოგიკით დაუსაბუთებია, რომ მომხსენებლის მეთოდებით მარცვლეულის მოსავლიანობის გაზრდა არამეცნიერული, არარენტაბელური და საქართველოსთვის მავნეა. ბერია პირგამეხებული უსმენდა, ხოლო, როდესაც ჩოლოყაშვილმა დაამთავრა, ბერიამ კვლავ დარბაზს გადახედა: "Что скажут специалисты-полеводы, где Ломоури?" წამომდგარა იულონ ლომოური, მემინდვრეობის მთავარი სპეციალისტი, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის გამგე, ფეხათრეული მისულა ტრიბუნასთან, თუმცა ტრიბუნაზე ასული გამხნევებულა და უთქვამს: "მე მთლიანად და გადაჭრით ვუჭერ მხარს... (აქ პაუზა გაუკეთებია, ხოლო შემდეგ დაუმთავრებია) ...პროფესორ ჩოლოყაშვილის ყველა დებულებას!" ამ სიტყვების შემდგომ მას მარცვლეულის სპეციალისტის პოზიციებიდან დაუსაბუთებია შემოთავაზებული გეგმის აბსურდულობა. თან ვერ მოუთმენია და ასეთი, ცოტა არ იყოს, აკრძალული ილეთი ჩაუტარებია. მას ბერიასთვის მიუმართავს: ლავრენტი პავლეს ძევ, მომხსნებელს და აქ გამოსულ ზოგიერთ ვაი სპეციალისტს თქვენ შეცდომაში შეუყვანიხართო! მათი იდეა (ხაზი გაუსვამს სიტყვისათვის "მათი") დაუსაბუთებელია მათი არაკომპეტენტურობისა და ყალბი სახელისაკენ ლტოლვის გამო". ეს თათბირი ამ გამოსვლის შემდეგ ბერიას შეუწყვეტია. ჩაულაპარაკია, "საკითხი მომზადებული არ იყო" - და სხდომა დაუხურავს.
წამოშლილი ხალხი ჩოლყაშვილს და ლომოურს ზედ არ უყურებდნენ, როცა გასასვლელისკენ მიდიოდნენ, გზას უთმობდნენ, გზიდან ეცლებოდნენ, მაგრამ არა პატივისცემის ნიშნად, არამედ შიშის გამო. ერთადერთი, ვინც დემონსტრაციულად მისულა მათთან და ხელი ჩამოურთმევია, იყო გიორგი რცხილაძე - თავმდაბალი, უხმაურო მოღვაწე, უტეხი პატიოსნების და შეუვალი პრინციპულობის კაცი. და ეს სამი ადამიანი ერთად გამოსულა სხდომათა დარბაზიდან...
როგორც თათბირის ყველა მონაწილე, ისე სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი რცხილაძე და იულონ ლომოური იმავე ღამით და შემდეგაც ელოდებოდნენ დაპატიმრებას, ყველა პირობა იყო ამისათვის: სოლომონ ჩოლოყაშვილი - თავადი, უცხოეთში განსწავლული; იულონ ლომოური - ყოფილი ეროვნულ- დემოკრატი, მენშევიკური მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი გერმანიაში, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლების მონაწილე; და გიორგი რცხილაძე - ისიც წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლების მონაწილე. ამ ფაქტის შემდეგ თითოეულ მათგანს ოჯახში ჩალაგებული ჰქონდა პატარა ჩანთა მოსალოდნელი პატიმრობის მოლოდინში... თუმცა არც ერთი მათგანი არ დაუპატიმრებიათ, თუ რატომ, არავინ იცის. ბერიას ზოგჯერ ახასია თებდა ასეთი "აუხსნელი" მოქმედებანი."
 
ნოდარ ლომოურის მოგონებებიდან
 
ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბების ინიციატორი იყო. ამ დარგში ცოდნა და ტრადიციები საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა, უფროსები მამა-პაპათაგან ნასწავლსა და გაგონილს შვილებს გადასცემდნენ, ვენახში მოფუსფუსენი ვაზის სიყვარულს ასწავლიდნენ, მისი მოვლის წესსა და საიდუმლოს უმხელდნენ მომავალ თაობას. ვაზის დაავადებათა მასობრივმა გავრცელებამ XX საუკუნეში დიდი ზიანი მიაყენა ქართულ მევენახეობას. ვაზის ავადმყოფობასთან საბრძოლველად საჭირო გახდა თანამედროვე მეთოდების გამოყენება. ამ საქმის ერთ-ერთი მო-თავე კი ცნობილი მეცნიერი, თავისი საქმის დიდებული მცოდნე და პროფესიონალი სოლომონ ჩოლოყაშვილი იყო. სოლომონ ჩოლოყაშვილი დაიბადა 1883 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი თბილისის გიმნაზიაში მიაბარეს. მშობლების გადაწყვეტილებით სოლომონმა სწავლა ყირიმში /უკრაინა/ ნიკიტინის მებაღეობა-მევენახეობის სასწავლებელში გააგრძელა. ვაზის სიყვარული მას მამამ, მიხეილ ჩოლოყაშვილმა ჩაუნერგა. 1904 წელს სოლომონი რევოლუციური მოღვაწეობისათვის ნიკიტინის სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც სწავლა ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე კლოსტერნოიბურგის მევენახეობის, მეხილეობისა და დეკორატიული მებაღეობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება და ამავე ინსტიტუტში გააგრძელა სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოები. 1908 სოლომონ ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სასოფლო-სამეურნეო მუშაობაში. ეს ის დრო იყო, როცა საქართველოში ფილოქსერამ ვენახებს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ჩოლოყაშვილის თაოსნობით კასპში, სოფელ აღაიანში შეიქმნა ვაზის სანერგე მეურნეობა. ახალგაზრდა სპეციალისტის დაუღალავმა შრომამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო - მევენახეობა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აღორძინების გზას დაადგა. 1912 წელს სოლომონ ჩოლოყაშვილმა გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი "ფილოქსერა და მასთან ბრძოლა". ნაშრომი სწორედ რომ დროული გამოდგა და დიდი დახმარებაც გაუწია იმდროინდელ მევენახეებს. 1919-1923 წლებში სოლომონ ჩოლოყაშვილი უმაღლეს სასოფლო-სამეურნეო კურსებზე მევენახეობის კურსს ხელმძღვანელობდა. 1920 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტებზე მევენახეობის საგანში კითხულობდა ლექციებს; 1923 წელს გამოაქვეყნა "მევენახეობის სახელმძღვანელო". სოლომონ ჩოლოყაშვილის ხანგრძლივი და გულმოდგინე მუშაობის შედეგად გამოსაცემად მომზადდა მევენახეობის კაპიტალური ხუთტომეული, თუმცა მხოლოდ სამი ტომის გამოცემა მოხერხდა. 1923 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ სოლომონ ჩოლოყაშვილი დოცენტად აირჩია, 1926 წელს კი პროფესორის წოდება მიანიჭა. 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით სოლომონ ჩოლოყაშვილი წელიწადნახევრიანი სამეცნიერო მივლინებით გაგზავნეს საზღვარგარეთ. მუშაობდა გერმანიაში /გაიზენჰაიმი/ პროფესორ კრემერთან და საფრანგეთში /მონპელიე/ აკადემიკოს რავაზთან. უცხოეთში მოღვაწეობის პერიოდში საფუძვლიანად გაეცნო მევენახეობა-მეღვინეობის წამყვანი კვლევითი დაწესებულებების მუშაობასა და მევენახეობის ცნობილ რაიონებს საფრანგეთში, გერმანია- ში, იტალიაში, უნგრეთსა და ავსტრიაში. სამეცნიერო მივლინებიდან სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერი ჩვეული ენერგიითა და ენთუზიაზმით აგძელებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას. პარალელურად იწყებს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დაარსებისთვის ზრუნვას. 1931 წელს სოლომონ ჩოლოყაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით თბილისში დაარსდა მევენახეობა- მეღვინეობის საკავშირო სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც წარმართავდა და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო მუშაობას მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში მაშინდელი საბჭოთა კავშირის მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რესპუბლიკაში. ამ დიდი საქმისათვის მან გარს შემოიკრიბა გამოჩენილი მეცნიერები: მოდებაძე, გერასიმოვი, ნეგრული, სერგეევი, პრინცე, შაცკი, სანიკიძე, გეინცი, მელიავსკი და სხვები. 1935 წლიდან ჩოლოყაშვილმა მევენახეობა- მეღვინეობის სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში მუშაობას თავს მიანება და მთელი თავისი დრო და ენერგია მის მიერვე შექმნილ სასოფლო- სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრას დაუკავშირა. ამ კათედრას ის 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და კვლავაც აგრძელებდა სამეცნიერო მუშაობას. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სასოფლო-სამეურნეო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით სოლომონ ჩოლოყაშვილი ერთხმად აირჩიეს აკადემიის ნამდვილ წევრად. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დიდი მეცნიერი მოღვაწეობდა "სსრკ ამპელოგრაფიის" სარედაქციო კოლეგიის წევრად. მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტსა და სასოფლო- სამეურნეო ინსტიტუტში მუშაობისას სოლომონ ჩოლოყაშვილმა გარს შემოიკრიბა ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების მთელი თაობა და შექმნა ქართველ მევენახე-მეცნიერთა სახელოვანი სკოლა. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ: ვალერიან ქანთარია, მაქსიმე რამიშვილი, ნადეჟდა ჩახნაშვილი, დიმიტრი ტაბიძე, ალექსანდრე ხელაშვილი, ნატაშა მახარაძე, ქეთევან გეგეშიძე და სხვები. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრამ, იქ მოღვაწე მეცნიერების თავდაუზოგავმა შრომამ განაპირობა ქართული მეღვინეობის წარმატებები XX საუკუნეში. აზრის შემოქმედნი და საქმით აღმსრულებელნი ქმნიან ეპოქას, რომელსაც საზოგადოებისთვის სიკეთე მოაქვს, ასეთი ადამიანები ჩრდილში დგანან, მაგრამ ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებენ... სოლომონ ჩოლოყაშვილმა მამულიშვილობით, საქმისადმი დიდი სიყვარულით და მომავალ თაობებზე ზრუნვით, მართლაც გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ქართული მევენახეობის ისტორიაში.
 
მასალა მოამზადა დავით თამარაშვილმა
 
©„ქვევრი“
 
 
თემა:


gmadlobt batono davit saintereso informaciistvis, imedi makvs, rom XXI saukuneshic gamochndebian aseti nijieri sazogado mogvaweebi yvela speroshi

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.