Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პირველი ქვევრი?

გიორგი ბარისაშვილი

მოსაზრება ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნ საღვინე ჭურჭელზე

დღეს–დღეობით ხშირად საუბრობენ ქვემო ქართლში, კერძოდ კი სოფელ შულავერთან მდებარე ე.წ. "ხრამის დიდ გორაზე" არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭელი. მკვლევართა განხილვის საგანს წარმოადგენს ამ ჭურჭლის სახელი, წარმომავლობა და სხვ.

აღნიშნული ჭურჭლის გარშემო რიგი კითხვების შესახებ უკვე არსებობს პასუხი, ხოლო ზოგიერთი საკითხი, როგორიცაა, აღმოჩენილი ჭურჭლის სახელდება და წარმომავლობა, ჯერ–ჯერობით კვლავაც განხილვის საგანს წარმოადგენს. რაც შეეხება ჭურჭლის ასაკს, იგი მიჩნეუილა ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI–Vათასწლეულები) ჭურჭლად, რომლის ხნოვანობა რვა ათასი წელია. ეჭვსგარეშეა, რომ აღმოჩენილი ჭურჭელი საღვინე დანიშნულებისაა, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვთქვავთ ჩვენს მოსაზრებას, რომელიც, ვფიქრობთ, რომ უფრო გაამყარებს ამ ჭურჭლის დანიშნულებისა და შესწავლის საკითხებს.

ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი ძალზე მაღლი გემოვნებითაა შესრულებული, რომელსაც ზედა მხარეს, შეიძლება ითქვას, რომ გვირგვინად ამკობს ყურძნის მტევნის ოთხი სტილიზებული გამოსახულება დეკორაციების სახით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჭურჭელი, ცხადია არ იქნებოდა ყველაზე პირველი ჭურჭელი და, რა თქმა უნდა მას ეყოლებოდა თვისი წინამორბედები. ეს კი იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კულტურული მეღვინეობა და ღვინის ჭურჭლის წარმოება შესაძლოა უფრო ადრეა დაწყებული ვიდრე ზემოხენებული პერიოდი.

ამა თუ იმ ჭურჭელზე ყურძნის მტევნების გამოსახულება, ვფიქრობთ, მასზე მიანიშნებს, რომ ჭურჭლის დანიშნულება პირველყოვლისა ვაზსა და ღვინოს უკავშირდება. ძალზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხმა, რომელმაც ამგვარი მაღალმხატვრული ჭურჭელი შექმნა, მასზე ყურძნის მტევნები გაუცნობიერებლად, შემთხვევით დაიტანა დეკორაციებად...   

თიხის ქართულ საღვინე ჭურჭელზე, იქნებოდა ეს დოქი, ფიალა, გოზაური თუ სხვა, ხშირია ყურძნის მტევნების, ვაზის ფოთლებისა და ბწკალების, ვაზის ყვავილობისა, თუ თავად ვენახის ზვრების სტილიზებული გამოსახულებები. ხრამის დიდი გორის ჭურჭლის მორთულობის შესწავლიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საღვინე ჭურჭლის მხატვრული დამუშავება ჩვენში ათასწლეულებს ითვლის და ამ უკანასკნელს ძალზე დიდი ისტორია აქვს. დიდი ზომის თიხის ჭურჭელი საქართველოში არა მარტო საღვინედ, არამედ მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მცირე თუ ხანგრძლივი დროით შესანახადაც გამოიყენებოდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად ალოგიკური იქნეობოდა, არასაღვინე დანიშნულების ჭურჭელზე, და მეტადრე მარცვლეულისაზე დაეტანათ ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლიკა, რომელიც ირიბადაც კი არ უკავშირდება ხორბალსა თუ სხვა კულტურას. როგორც სჩანს, იმდროინდელ ხალხს, რომელიც დეკორაციებისათვის ყურძნის მტევნებს გამოიყენებდა სხვადასხვა სახის ჭურჭელსა თუ ყოფით საგნებზე, კარგად სცოდნიათ ვაზისა და ღვინის მნიშვნეოლობა და ალბათ ხრამის დიდი გორის ჭურჭელიც იმას მიანიშნებს, რომ მათ, აღნიშნული ჭურჭელი შეუმკიათ მათთვის საკმაოდ კარგად ცნობილი და ამასთან ძვირფასი სიმბოლოთი – ყურძნის მტევნით, ამასთან ეს ჭურჭელი მექვევრე ოსტატს თავიდანვე საღვინე ჭურჭლად შეუქმნია, ხოლო ასეთ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჭურჭელთან, რომელიც თავიდან ბოლომდე მეღვინეობის ინტერესებს ემსახურებოდა, რაც არაერთი ფაქტობრივი მტკიცებულებით მყარდება. აქედან  გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელი უშუალოდ მევენახეობა–მეღვინეობას უკავშირდება. ამ აზრს ის საინტერესო და უტყუარი ფაქტიც ამტკიცებს, რომ აღნიშნული ჭურჭლის კედლის სინჯში აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლებისა და ღვინის მჟავის ნაშთები...

მართალია ხრამის დიდი გორის ჭურჭლის ქუსლი ჩვეულებრივი, კლასიკური ქვევრის ქუსლისაგან განსხვავდება და აქვს არა წაწვეტებული, არამედ უფრო ბრტყელი ფორმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ნაწილობრივ მიწაში ჩასაფლავ, და არა მიწის ზემოთ, იატაკზე დასადგმელ ჭურჭელს უნდა წარმოადგენდეს. ეს მოსაზრება შესაძლოა განვამტკიცოდ იმ ფაქტითაც, რომ ქართველი მექვევრეები, ხსენებული ჭურჭლის ქუსლის ძალზედ მსგავს ქუსლიან ქვევრებს, მოყოლებული არქაული დროიდან, ბოლო პერიოდამდე, მეცხრამეტე-მეოცესაუკუნემდე ამზადებდნენ, ხოლო ასეთი ქვევრები, მიუხედავად მათი ბრტყელი ძირისა, მიწაში ჩასაფლავად იყო განკუთვნილი და არა მიწისზემოთ დასადგმელად. სავარაუდოა, რომ ზემოთ ხსენებული ჭურჭელი მიწაში არა სრულიად, ისე, როგორც დღევანდელი ქვევრი, არამედ ნაწილობრივ იქნებოდა ჩაფლული, რომელსაც ტანის, დაახლოებით 1/4  ან უფრო ნაკლები ნაწილი მიწის ზემოთ უნდა ჰქონოდა ამოშვერილი(ქვევრის მიწაში განთავსების ამგვარი ხერხი, მაგალითად გურიაში გასულ საუკუნემდე შემორჩა).ყოველ შემთხვევაში ჭურჭლის ზედა მხარეს, ოთხი მხრიდან გაკეთებული ყურძნის მტევნის გამოსახულება მიწაში დასაფლობად და დასამალავად ნამდვილად არ იქნებოდა განკუთვნილი, რაც ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, როგორც ამ ჭურჭლის გამკეთებელ ოსტატს, ისე მასში ღვინის დამყენებელს.

ფაქტია, რომ ჭურჭელს, რომელიც მიწაზე დასადგმელად იყო განკუთვნილი, მეჭურჭლე ოსტატები პრაქტიკულად საკმაოდ ფართოძირს უკეთებდნენ, რათა პროდუქტით სავსე ჭურჭელი, თუნდაც მცირედი ვიბრაციის დროს არ წაქცეულიყო,და თუკი,ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ პროცესთან, როგორიცაა საღვინე ჭურჭელში ყურძნის ჭაჭის ჩარევა ალკოჰოლური დუღილის დროს, მაშინ, მითუმეტეს გამოირიცხება აღნიშნული, ძირვიწრო ჭურჭლის მიწის ზემოთ, იატაკზე დასადგმელად მიჩნევა, რადგან ღვინის ტექნოლოგიის ისეთი პროცესი, როგორიც ჭაჭის ჩარევაა,ასეთ ჭურჭელს წაქცევის დიდ საფრთხეს უქმნის, ხოლო ჭურჭლის მიწაში ჩაფვლის შემთხვევაში აღნიშნული რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია. როგორც ზემოთ აღინიშნა,იმგვარიქუსლიანი ქვევრები, როგორიც ხრამის დიდი გორის ჭურჭელია ჩვეულებრივი, კლასიკურ ქუსლიანი ქვევრების პარალელურად, საქართველოში არა მარტო ძველ დროში, არამედ შემდგომაც მზადდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და ამრიგად ზემოთ ხსენებული ჭურჭლის ქუსლის ფორმა თითქმის დღევანდელ დღემდე შემოინახა ქართულმა მექვევრეობამ.

ხრამის დიდი გორის ჭურჭელს, დღევანდელი ქვევრისაგან არა მარტო ქუსლი, არამედ ზედა მხარეც საკმაოდ განსხვავებული აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას გააჩნია საკმაოდ ფართე პირი. ერთი შეხედვით აღნიშნული ჭურჭელი წააგავს ქვევრს, რომელიც მხრების ცოტა ზემოთ და ყელის ცოტა ქვემოთაა გადაჭრილი. ამგვარ ჭურჭელში ყურძნის ჩაჭყლეტვა, ალკოჰოლური დუღილისას მადუღარი ჭაჭის ჩარევა და შემდგომ დადუღებისა, ჭაჭისა და ღვინის განცალკევება გაცილებით იოლია ვიწროყელიან ქვევრებთან შედარებით. ის, რომ აღნიშნული ჭურჭელი წარმოადგენს საღვინე ჭურჭელს, ამას ისიც ამტკიცებს, რომ ჩატარებული ქიმიური კვლევის მეთოდის (მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია HPLC) შედეგად მის კედლებში აღმოჩენილია ღვინის მჟავის ნაშთი, ხოლო კერამიკულ მასალაში ღვინის მჟავის არსებობის წყაროს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ ღვინო ან ყურძნის ტკბილი.

რაც შეეხება ამ ჭურჭლის სახელდებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ესეც განხილვის ერთგვარ საგანს წარმოადგენს. რა შეიძლება ეწოდოს შულავერთან აღმოჩენილ ჭურჭელს, ქვევრი, დერგი თუ სხვ? ჩვენთვის გასაგებია, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი მას დერგად მიიჩნევს, რადგან იგი მართლაც წააგავს დერგს, მაგრამ იგივე ჭურჭელი შეიცავს ქვევრის ელემენტებსაც და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად, ვიდრე დერგისას. ჩვენი ვარაუდი ამ ჭურჭლის სახელთან დაკავშირებით უფრო ქვევრისაკენ იხრება. ყოველი შემთხვევისათვის, ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელი იმ ჭურჭელს წარმოადგენს, რომელშიც უნდა მომხდარიყო ყურძნის ჩაჭყლეტვა, დადუღება, და გარკვეული ხნით შენახვა, რაზეც მიუთითებს მისი სწორი პირი, რომელიც სავარაუდოდ სარქველის დასაფარებლად იყო განკუთვნილი, ამასთნ იგი გარკვეულწილად მიწაშიც უნდა ყოფილიყო ჩაფლული. მაშინ თავისთავად ცხადია, ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი მარნის ერთ–ერთი კომპონენტი უნდა ყოფილიყო სხვა იარაღ-ინვენტართან და ჭურჭელთან ერთად.

ყოველივე ზემოთქმულიდან,  ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ჭურჭელი არის სწორედ ქვევრი, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ქვევრების წინაპარს (ისევე, როგორც, მაგალითად ადამიანის წინაპარი არის იგივე ადამიანი!), ხოლო ის, რომ ეს ჭურჭელი წარმოადგენს საღვინეჭურჭელს, ამაზე, როგორც უკვე აღინიშნა, ისიც მეტყველებს, რომ მის კედლებში ქრომატოგრაფიულად გამოვლენილია ღვინის მჟავის კვალი და პალინოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლები, რაც აღნიშნული ჭურჭლის,ყურძენთანდა ღვინოსთან უშუალო კონტაქტზე მიუთითებს.

© ღვინის კლუბი/Weekend



ყველაფერი შესანიშნავია ! 8000 წლის ჭურჭელი, თანაც „აღნიშნული ჭურჭლის კედლის სინჯში აღმოჩენილია კულტურული ვაზის ყვავილის მტვრის მარცვლებისა და ღვინის მჟავის ნაშთები...„ მაგრამ, ერთი კითხვა : დარწმუნებული ვართ, რომ ამ ჭურჭლის კედლებშია აღმოჩენილი ღვინის მჟავის ნაშთი ? 1. რამდენადაც მე დღემდე ვიცოდი, ეს ჭურჭელი აღმოჩენის შემდეგ დამუშავდა ქიმიურად და მასში რაიმე ნაშთის აღმოჩენა შეუძლებელი იყო (ყოველ შემთხვევაში მუზეუმის თანამშრომლებმა ასე თქვეს). 2. თუ ამ ჭურჭლის კედლებში ღვინომჟავა ან მისი მარილები მართლა აღმოჩნდა ლაპარაკი მის კედლებზე სტილიზებული ყურძნის მტევნის შესახებ, რომელიც მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ ეს ჭურჭელი ღვინისათვის იყო განკუთვნილი - სრულიად ზედმეტია. ღვინომჟავას აღმოჩენა ნიშნავს, რომ ეს „სავარაუდოდ“ კი არა „ნამდვილად“ ღვინის ჭურჭელია. თუ ეს მართლა ასეა, გამოდის რომ რევოლუციურად იცვლება ღვინის ისტორია და დღემდე ცნობილი უძველესი ღვინის ჭურჭელი გამოდის არა ირანის, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ეს დერგი, და ეს აღმოჩენა აუცილებლად უნდა გავრცელდეს სხვაგანაც. გამოდის, რომ თუნდა პატრიკ მაკგოვერნი ჩაამატებ ამ აღმოჩენას თავის წიგნებში სასმელების ისტორიაზე. და სხვა თუ არაფერი, ვიკიპედიაში მაინც დავწერდით მეღვინეობის ისტორიის გვერდზე. 3. სიამოვნებით გამოვიყენებდი ამ ინფორმაციას მეც, მაგრამ როგორ დავასაბუთო ეს ინფორმაცია. რა ვთქვა : „პოსტ სკრიპტუმში“ თქვეს, რომ ეს დერგი საღვინე ჭურჭელი ყოფილა, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში, თუ გიორგიმ დაწერა vinoge-ზე მეთქი ? :). თუ მართლა აღმოჩნდა ღვინის მჟავა ამ დალოცვილ „ქვევრის წინაპარში“, არ შეიძლება ვინც აღმოაჩინა ერთი ნაშრომი მაინც დაბეჭდოს, გამოაქვეყნოს და თქვას „მე ვადასტურებ“, რომ ამდენი და ამდენი ალბათობით ეს ჭურჭელი საღვინეაო. მე კარგა ხნით ადრე დავინტერესდი ამ „აღმოჩენით“ და დღემდე ვერავინ მითხრა ზუსტად რომელ თიხის ჭურჭელში აღმოაჩინეს ღვინის ნაშთი. მე უკვე ეჭვი მაქვს, რომ ეს ისტორია სომხების ჯინაზე გამოვიგონეთ და ამით მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუებას ვახერხებთ. თუ ვცდები, ერთი, ძალიან პატარა საბუთი მაინც მაჩვენეთ რომ იმ ქვევრში (მე ამ ჭურჭელს ქვევრს ვუწოდებ), რომელიც ზემოთ ფოტოზეა გამოსახული მართლა აღმოჩნდა ღვინის მჟავა და მეც დავიჯერებ და სხვა სკეპტიკოსებსაც უფრო შედეგიანად დავარწმუნებ ჩვენი მეღვინეობის ისტორიის უძველესობაში. თან ბოდიშსაც მოვიხდი, ამდენ ხანს როგორ მეპარებოდა ეჭვი-მეთქი :)


რა თქმა უნდა, ბარისაშვილს უფრო უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მაკგოვერნს, რადგან მაკგოვერნს და სხვა სკეპტიკოსებს ამ ინფორმაციის გადასახარშად ათწლეულები არ ეყოფათ. სტატიაში გასაგებად წერია: "აღნიშნული ჭურჭელი წარმოადგენს საღვინე ჭურჭელს. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ჩატარებული ქიმიური კვლევის მეთოდის (მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია HPLC) შედეგად მის კედლებში აღმოჩენილია ღვინის მჟავის ნაშთი, ხოლო კერამიკულ მასალაში ღვინის მჟავის არსებობის წყაროს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ ღვინო ან ყურძნის ტკბილი". კარგი იქნებოდა, სტატიაშივე ყოფილიყო აღნიშნული, კერძოდ, ვინ ჩაატარა ეს "მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია HPLC" და სად/როგორ. ვათანხმები სამანას, რომ ქართველ მეცნიერებს მეტი კონსტრუქციული კომუნიკაციად სჭირდებათ უცხოელ კოლეგებთან. დისკუსიებისა და ინფორმაციების გაცვლა–გამოცვლის დეფიციტი სერიოზული პრობლემაა, თანმდევი სამწუხარო შედეგებით .


დღეს ვესაუბრე პალინოლოგს, ქალბატონ ელისო ყვავაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნს თიხის უძველეს ნაშთებში ვაზის ყვავილის მტვერს იკვლევს. ორ–სამ დღეში უნდა შევხვდე ინტერვიუსთვის და დეტალებს დავაზუსტებ ამ საკითხზე. ჯერჯერობით მეც ვერ მივაკვლიე იმ ადამიანს, ვინც ეს უძველესი ჭურჭელი ქიმიურად გამოიკვლია.


როცა ასეთ თემაზე ვსაუბრობთ მეტი კონკრეტიკაა საჭირო,ფაქტები,ანალიზის დასკვნები,ვინ ჩაატარა ,როდის,და აქედან გამომდინარე არ ექნება მკითხველს რაღაც მონაყოლი ამბავივით,აბდაუბდას შთაბეჭდილება.მტერსაც ეს უნდა,ყველაფერი ქართულის მისაკუთრებას ახდენენ,ენციკლოპედიებში შეაქვთ,მუშაობენ ამ საკითხზე,ჩვენ კი ნამდვილად ჩვენი ვერ გაგვიმყარებია ფაქტებით,ვერც უნდა გაბედონ მისაკუთრება,[[სომხებს ვგულისხმობ].

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული