Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბი 2012 წელს

ლევან სეფისკვერაძე

ღვინის ნკლუბი უკვე სამ წელზე მეტია, რაც არსებობს და 2009 წლიდან დღემდე, კლუბის მიერ არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა. ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულმა “ახალი ღვინის ფესტივალმა”, რომელიც ყოველი წლის მაისის თვის მეორე შაბათს იმართება, უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ღვინის მოყვარულებში და შეიძლვბა ითქვას, რომ “ახალი ღვინის ფესტივალი” კლუბის საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

“გაცოცხლებული” წიგნები

კლუბში ყოველ სამშაბათს იმართება სემინარები, ლექციები, მეღვინეობასთან დაკავშირებული ფილმების ჩვენებები და ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციები, რომელზეც დასწრება ყოველთვის თავისუფალია. კლუბმა რამდენჯერმე გამოიცვალა ლოკაციის ადგილი. ამჟამად, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე, ღვინის კლუბის შეხვედრები, ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის მცირე დარბაზში ტარდება. ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, სხვა საინტერესო პროექტებიც განხორციელდა. კლუბისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლობის შედეგად, უკვე მოხერხდა მევენახეობა-მევინეობასთან დაკავშირებული ათამდე საინტერესო წიგნის გაციფრულება და ბიბლიოთეკისა და კლუბის ვებ-გვერდზე ატვირთვა. ეს წიგნები, როგორც წესი, საკმაოდ რთული საშოვნელია და ძვირიც ღირს. ახლა კი, ამ დარგით დაინტერესებულ ადამიანებს, წიგნების ციფრული ვერსიების ინტერნეტიდან გადმოწერა, სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

მერაბ მირცხულავა, ღვინის კლუბის წევრი: “ღვინის კლუბში პირველ რიგში იმიტომ, მოვედი, რომ “მონათესავე სულები” მენახა და გამეცნო ადამიანები, რომლებსაც ღვინო ცხოვრების აზრად აქვთ გამხდარი. მე წელს მოვედი კლუბში და უკვე იმდენი საინტერესო რამ გავიგე, ამის გასაგებად შეიძლება წლები დამჭირვებოდა. მინდოდა, რომ რაც კი რამ პრაქტიკაა მეღვინეობაში - ძველი თუ ახალი - ეს ყველაფერი შემეჯერებინა. კლუბში ისეთ ადამიანებს ვხვდები, რომლებიც ყოველთვის მაძლევენ სასარგებლო რჩევებს და ამიტომ, ღვინის კლუბის მომავალს დიდი იმედით ვუყურებ. ღვინის კლუბმა არამხოლოდ მე, ბევრ ადამიანს სულ სხვა თვალით შეახედა, თუ რა არის საჭირო მეღვინეობაში და როგორი მნიშვნელოვანია ამ საქმეში მეგობრების თანადგომა.”

2012 წელს, ღვინის კლუბი გამორჩეულად აქტიური იყო. ეს განსაკუთრებით ლექცია-სემინარების კუთხით უნდა აღინიშნოს. 2012 წლის 21 იანვარს, ღვინის კლუბში გაიმართა პროფესორ დავით მაღრაძის საინტერესო ლექცია, "ქართული ვაზის ჯიშები - მოძიება, დაცვა და შესწავლა." კლუბის წვერებმა და სტუმრებმა მნიშვნელოვანი სიახლეები გაიგეს, ქართული ვაზის იმ ჯიშების შესახებ, რომლებიც დღემდე დავიწყებას იყვნენ მიცემულნი, ანდა მათ შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა. ლექცია ასევე ეხებოდა ვაზის იმ ჯიშებს, რომელთა მოძიება დღემდე გრძელდება.

ღვინით დამთბარი გაზაფხული

14 თებერვალს, ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტი, დავით აბზიანიძე, ღვინის კლუბის წევრებს, ქართულ ბრენდებზე ესაუბრა. თებერვალშივე, ამერიკული მოგზაურობიდან დაბრუნდა ღვინის კლუბის წევრი, მეღვინე იაგო ბიტარიშვილი, რომელმაც ღვინის კლუბში შეკრებილ საზოგადოებას., ამერიკის ღვინის ბაზრის სტრუქტურა გააცნო. იაგო ბიტარიშვილს ვენახები ქართლში, მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული და მისთვის, როგორც ნატურალური ღვინის მწარმოებლისათვის, ამერიკული ღვინის ბაზარი ბევრ საკითხში სანიმუშო და მისაბაძი აღმოჩნდა.

2012 წლის გაზაფხული განსაკუთრებულად დატვირთული იყო. მარტში, ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ, ქართულ ბაზარზე არსებულ ქვევრის ღვინოების თემაზე ჩაატარა სემინარი. 6 აპრილს კი, ამ სემინარის ერთგვარი გაგრძელება იყო, რესტორან “აზარფეშაში” ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ქვევრის კახური ღვინოების დეგუსტაცია. დეგუსტაციაზე გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება. ასეთი დეგუსტაციები სულ უფრო ხშირად იმართება და როგორც რეალობა გვაჩვენებს, მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. სწორედ დეგუსტაციებზე იკვეთება ქართული და არამხოლოდ ქართული ღვინის დღევანდელი მდგომარეობა და პრობლემები.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: "წლევანდელი წელი გარდამტეხი წელი იყო ღვინის კლუბისთვის, ფესტივალებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც უკვე იქცა კლუბის საიმიჯო ღონისძიებად, კლუბში წელს ბევრი ისეთი პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც, მომავალი წლის განმავლობაში, ვფიქრობთ საკმაოდ ეფექტურად ამუშავდება. პირველ რიგში ეს არის პროექტი "ღვინის კერა", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში საუკეთესო საოჯახო ღვინის მოძიებას და ბოთლში ჩამოსხმას, რაც ხელს უწყობს პირველ რიგში ამ მცირე საოჯახო მარნების ცნობადობას, იმ მარნების, რომლებიც აქამდე ვერ ახერხებდნენ ბაზარზე შეღწევას, არადა ღვინოს ნამდვილად გამორჩეულს და განსაკუთრებულს აყენებდნენ. ჩვენ წელს ორი ასეთი მცირე მარნის ღვინო აღმოვაჩინეთ ათეულობით ღვინოს შორის – ობჩელი ზურაბ ღვალაძის ცოლიკოური და ცოლიკოური–ციცქა, რომელიც შესაძლოა სულ მალე ექსპორტზეც გავიდეს და ასევე ბაბანეურში მოყვანილი ქისიდან დაყენებული ქვევრის ღვინო, ანზორ იდოიძის მარნიდან. მომავალი წლის დასაწყისიდან კლუბის პროექტი "ღვინის კერა" კიდევ არაერთ ასეთ სიახლეს პირდება დაინტერესებულ მომხმარებელს, მათ ვინც სიახლეებს ეძებს.

გარდა ამისა, ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზება წამყვანი ქართული ღვინო კომპანიებისთვის, რომელიც მომავალი წლის მანძილზე კიდევ უფრო ცნობადს გახდის მათ პროდუქტს ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე. ასევე, დეკემბერში, შარშანდელივით, გამოვა "ქართული ღვინის გზამკვლევი 2013", მორიგი გამოშვება, სადაც ცენტრალური ადგილი ღინის ტურიზმს დაეთმობა. ტრადიციული რუბრიკების გარდა წიგნში ის 70–მდე ენო–ტურისტული კერაცაა აღწერილი, სადაც ქართველ და უცხოელ სტუმარს შეუძლია მისვლა და გარდა ამისა, წიგნს ერთვის დეტალური რუკა, სადაც ყველა ადგილწარმოშობის დასახელებაა აღნიშნული, ასევე რამდენიმე ასეული სხვა დასახელებაც – ქართული მევენახოება–მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული დასახელებები, კომპანიები, მცირე მარნები და სხვ. რეგულარულად გამოდის კლუბის გაზეთი "მარანი", გაზეთ "weekend"–ის ყოველკვირეული დამატება, მუშაობს ჩვენი ორი ბლოგი, winoge.comდა wineclub.ge, სულ ახლახანს სექტემბერში კი რადიო "ცხელ შოკოლადთან" ერთად (98.5FM) დავიწყეთ პირველი ქართული რადიო–გადაცემა ღვინის შესახებ, "ღვინის გზამკვლევი", რომელიც ყოველ პარასკევს, საღამოს 18:00–ზე გადის ეთერში".

23 აპრილს, ღვინის კლუბს სტუმრად, ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჯესიკა ბელი ეწვია. რესტორან “აზარფეშაში” გამართულ მეგობრულ ვახშამზე, ქალბატონმა ჯესიკამ დაადასტურა თავისი დიდი პატივისცემა ქართული ღვინისადმი და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მეღვინეობა მომავალში კიდევ უფრო წინ წავა და კიდევ უფრო მეტი ევროპელი დაინტერესდება ხარისხიანი ქართული ღვინით.

გაზაფხულის ბოლოს, 12 მაისს კი, ტრადიციული “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა, სადაც წელს ღვინოც მეტი იყო, სტუმრებიც და ფესტივალის მონაწილეებიც. წელს, კუს ტბის გზაზე მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, “ახალი ღვინის ფესტივალზე” დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მივიდა, რაც ნამდვილად რეკორდული ციფრია. აქამდე, საქართველოში პრაქტიკულად არასოდეს გამართულა ღვინოსთან დაკავშირებული ასეთი მასშტაბური ღონისძიება. ფესტივალში მონაწილეობა დიდი კომპანების გარდა, ტრადიციულად გლეხებმა და მცირე მარნებმაც მიიღეს. მთლიანობაში, ფესტივალზე, ღვინის მოყვარულებს დაახლოებით 2 ასეული ღვინისა და სხვა ტიპის ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება შეეძლოთ. ფესტივალის კულმინაცია იყო, ჭურის საზეიმოდ მოხდა, რამაც განსაკურებით ღონისძიების უცხოელი სტუმრები აღაფრთოვანა.

იმერული ღვინიდან ჩხავერამდე

ღვინის კლუბისათვის ზაფხული დასავლეთ საქართველოს თეთრი ღვინოების დეგუსტაციით დაიწყო. 11 ივნისს გამართულ იმერული თეთრი ღვინოების დეგუსტაციაზე გამოჩნდა, რომ მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, იმერეთში მეღვინეობა მაინც წინ მიდის და სიხარულოა, რომ დღეს ღვინის მოყვარულებს ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში უკვე რამდენიმე სახის იმერული ღვინის შეძენა შეუძლიათ. ეს მაშინ, როდესაც სულ 4-5 წლის წინ, ქართული ღვინის ბაზარზე, ხარისხიანი იმერული ღვინის შეძენა, წარმოუდგენლად რთული იყო.

ღვინის ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი ღვინის კლუბის ერთ-ერთი ძველი მეგობარია. იგი კლუბში ხშირად ატარებს ლექციებს ქართული ღვინისა და საღვინე ჭურჭელის შესახებ. 2012 წელს, კლუბში გიორგი ბარისაშვილის ორი ლექცია გაიმართა. აქედან ერთი, ტრადიციული საღვინე ჭურჭლის თემას, მეორე კი, ღვინის ტურიზმის საკითხებს ეხებოდა. ასევე ღვინის ტურიზმი გახლდათ თემა, რომელზეც, კლუბის წევრებს, “ეკოტურიზმის ცენტრის” წარმომადგენელი, ზაზა გაგუა ესაუბრა.

ღვინის კლუბმა, 2012 წლის ზაფხულში, ასოციაცია “ბორჯღალთან” და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (cenn)ერთად, აჭარაში ქედის რაიონის სოფელ მერისში განახორციელა საინტერესო პროექტი, “ჩხავერი მეწყერის წინააღმდეგ.” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ღვინის კლუბის წევრებთან ერთად, მერისში ჩაიტანეს და ადგილობრივ გლეხებს უსასყიდლოდ დაურიგეს ვირუსებზე შემოწმებული ჩხავერის ნერგები. მთიან აჭარაში მევენახეობა-მეღვინება ბოლო წლებში აღორძინების გზაზე დგება და მეწყერსაშიშ ადგილებში ისეთი მრავალწლიანი კულტურის გაშენება, როგორიც ვაზია, მეტად მნიშვნელოვან საქმედ შეიძლება ჩაითვალოს. მით უმეტეს, რომ ჩხავერის ჯიშის ვაზი, აჭარაში ტრადიციულად ყოველთვის კარგად ხარობდა.

10 ივლისს, მეღვინე დავით ჩიჩუა ღვინის კლუბის წევრებს, ქართულ მეღვინეობაში სელექციური და ველური საფუვრების როლზე ესაუბრა. შეხვედრაზე საკმაოდ საინტერესო დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მისაღებია ღვინის დაყენების დროს სელექციური საფუვრების გამოყენება და უნდა მიეთითოს თუ არა ღვინის ეტიკეტზე ესა თუ ის ღვინის ნიმუში, როგორი ტიპის საფუარითაა დაყენებული.

ძველი ღვინო ძველ თბილისში

2012 წლის 7 ოქტომბერს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ღვინის კლუბმა უკვე მეორედ გამართა ღონისძიება, “თბილისობა ღვინის კლუბთან ერთად.” თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეიდანზე, ღვინის კლუბის ორგანიზაებით, ქართულმა დიდმა კომპანიებმა და საოჯახო მარნებმა, სპეციალურად მოწყობილ კარვებში საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს. ეს ღონისძიება “ახალი ღვინის ფესტივალისგან” უპირველეს ყოვლისა იმით იყო განსხვავებული, რომ “ახალი ღვინის ფესტივალზე” როგორც წესი, მხოლოდ გასული წლის მოსავლის ღვინოებია წარმოდგენილი, თბილისობაზე კი, მეღვინეებს ამ მხრივ შეზღუდვა არ ჰქონიათ და ღვინის დაძველებულ ნიმუშებსაც ბევრ დახლზე ნახავდით. ღონისძიების არაერთმა სტუმარმა აღნიშნა, რომ თბილისობის დღესასწაულს განსაკუთრებული სილამაზე, სწორედ ამ ღონისძიებამ შემატა.

2012 წლის შემოდგომაზე, ღვინის კლუბში გამართული ლექცია-სემინარებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მალხაზ ხარბედიასა და გიორგი ბერიკელაშვილის მიერ ჩატარებული დეგუსტაცია სემინარი – “როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს.” ქართული ღვინის “აქილევსის ქუსლად” ყოველთვის, ღვინის მარკეტინგისა და რეკლამის არასათანადო დონე ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, ასეთ ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ თანამომხსენებლებმა ლექცია-სემინარზე დეტალურად განმარტეს, როგორ უნდა ავუხსნათ უცხოელ სტუმრებს ქართული ღვინის განსაკუთრებულობა ისე, რომ ეს ახსნა დამაჯერებელიც იყოს და ისტორიულ-სტატისტიკური ფაქტებითაც იყოს გამყარებული.

ღვინის კლუბში დიდი ხალხმრავლობა იყო 30 ოქტომბერს. ამ დღეს, კლუბში წარმოადგინეს იტალიელი რეჟისორის, ნ. პედერცოლის მიერ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, სადაც მეტად დადებითი კუთხით იყო ნაჩვენები ქართული მევენახეობა-მეღვინება, ქართული ქვევრი, ქართული ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციები და საერთოდ, მთელი საქართველო. ფილმის ავტორები, მილანის უნივერსიტეტის პროფესორები და მათი სტუდენტები არიან. ამ ადამიანებმა საქართველოში ბევრი ადგილი მოინახულეს და ფილმის დასაწყისიდან ბოლომდე იგრძნობა, მათი აღფრთოვანება ჩვენი ქვეყნის მიმართ.

13 ნოემბერს ლექციას გიორგი ბარისაშვილი უძღვებოდა, მან დეტალურად ისაუბრა ღვინის ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე.

ბატონი გივი ჩაგელიშვილი ძველ მეღვინეთა იმ კატეგორის მიეკუთვნება, რომელთა ხელშიც არაერთმა ღვინომ გაიარა და საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ეს ადამიანები ყველაზე ნათლად ხედავდნენ იმ ნაკლოვანებებს, რაც მაშინდელ ქართულ მეღვინეობას სჭირდა. ღვინის კლუბში, 27 ნოემბერს გამართულ ლექციაზე, ”მეღვინეობა საბჭოთა საქართველოში” გივი ჩაგელიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაკლოვანებებზე, რაც საბჭოეთის დროს არსებობდა და აქცენტი გააკეთა ღვინის ფალსიფიკაციაზე, რომელიც მისი თქმით, საბჭოთა კავშირში განსაკუთრებულად დიდი მასშტაბებით, გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. როგორც მხცოვანი მეღვინე ამბობს, საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული ღვინოსთან დაკავშირებული პრობლეები ინერციით ახლაც არსებობს და მსგავსი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, ახალგაზრდა ქართველ მეღვინეებს ბევრი ჯაფა სჭირდებათ.

სამწუხაროდ, საგაზეთო ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ღვინის კლუბის მიერ თუნდაც მხოლოდ 2012 წელს განხორციელებული ყველა აქტივობა სრულად აღგვეწერა. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ღვინის კლუბის მონაწილეობით, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში ბოლო წლებში მართლაც ბევრი რამ კეთდება და მომავალშიც უნდა გაკეთდეს. ღვინის კლუბის წევრებს სჯერათ, რომ მომავალი 2013 წელი, მათთვის და ქართული მეღვინეობისათვის, კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება!

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული