Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

"ჩხავრის ღვინო ამომიღე, ჭურში გექონებაო"

ალექსი ჭინჭარაული

სამწუხარო დიალექტიკა

ქართულ ხალხურ პოეზიაში თავისი მოკრძალებული ადგილი უკავია ნათელ-მირონით დაკავშირებულ ნათესავთა სტუმარ-მასპინძლობის ამსახველ ლექსებსაც. ასეთ ლექსებში ნდობა, პატივისცემა, ნათლიერი ურთიერთობის სიმდიდრე და სიწრფელე იკითხება:

ჩემო ნათლიდედაო, ღმერთი შეგეწევაო,

ჩემი მონათლული ვაჟი დიდი გაგეზრდებაო! -

შორი გზიდან ნარები ვარ, ცოტა მეშივებაო.

ხაჭაპური გამომიცხვე, ყველი გეშოვნებაო,

ჩხავრის ღვინო ამომიღე, ჭურში გექონებაო,

ხვიჩილაი დამიკალი, ხარჩვა ნუ აკტებაო,

ვარიკაი ქე გოუშვი, დედლად მოგესწრებაო,

ცხენსა ჩაღა მიმირთმიე, ზვინზე გეშონებაო,

ჩემო ნათლიდედაო, ცოტა მეჩქარებაო...

თუნდაც ეს ლაღი შეხუმრება რად ღირს:

ოქრო ოქროს შეუწონე,

მარგალიტი მინასაო,

ნათლიდედა ენაცვალოს

თავის ბატონ სვინასაო,

რომ მოუტანს ახალ-ახალ

ფერუმარილს, ინასაო!

სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის მძვინვარების ჟამს არა მარტო ქრისტიანობასთან დაკავშირებული ხალხური სიტყვიერების ნიმუშები დაავიწყდა ხალხს, არამედ აუარებელი სასულიერო და საერო წერილობითი ძეგლები დაიღუპა.

გადარჩენილია ორი, განსხვავებული შინაარსის ნათელ-მირონით ნათესავთა წრეში შექმნილი ლექსები და სიმღერები, - კომუნისტებამდელი და მათი დროისა; ესენი ისე არა ჰგვანან ერთმანეთს, როგორც თავანკარა ღვინო არა ჰგავს გაკეთებულს.

კომუნისტებამდე

ხევსურები ამბობენ: ნათლია ნათლულის და ნათლული ნათლიის ბანზე ვერ გავიდოდა, ღვთის გმობად და წმინდა ნათესაობის შეურაცხყოფად ითვლებოდაო. ნათელ-მირონობა ადამიანთა ურთიერთობის ყველაზე აღმატებულ საზომად იქცა. დიდმა ვაჟამაც ხომ მაჰმადიან ჯოყოლას ქრისტიანი ზვიადაურისთვის ათქმევინა:

"აი, ეს ჩემი ოჯახი,

ჩემი ციხე და სახლია,

მობრძანდი, როგორც ძმა ძმასთან,

ნათლიმამასთან ნათლია!"

იმდროინდელი ანდაზები: ნათლიამ უთხრა ნათლიდედას: "ჩემი ნათლული გებარებოდეს!"-ო.

ნათელ-მირონთა ურთიერთმოკრძალებას ასახავს ეს ანდაზაც: "ნათლი, ძაღლი გეპარებოდა, სირცხვილით ვერ გითხარიო!"-ო.

ღმერთს - კრიჭაში

ღმერთგამწყრალი კომუნისტ-ბოლშევიკები ისე გადაირივნენ და გაგიჟდნენ, ისე ურცხვად და მედგრად შეუტიეს თვით არსთა გამრიგეს, თითქოს ხატის ღვინო დაელიოთო. მათი ერთი აპოლეგეტი ქართველი პოეტი სილიბისტრო თოდრია წერდა:

მე და ბედნი დემიანი,

ეს ორი კეთილი ადამიანი

დიდი ხანია ღმერთს გადავუდეგით

და მას კრიჭაში ისე ჩავუდეგით,

რომ მოსვენებას აღარც კი ვაძლევთ,

ვნახოთ, ჩვენს შორის რომელი დავძლევთ!

ეს კაცი ერთხანობას საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეც იყო და, თუ არ ვცდები, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშიაც დაკრძალეს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა "ღვინოს საფლავზე არვინ მიგიტანს".

"ვნახოთ... რომელი დაძლევს"

დაიკარგა ქრისტიანული წესით ნათესავთა ურთიერთპატივისცემა და მოკრძალება, მოვალეობით სტუმარ-მასპინძლობა სასმელ-საჭმელად მისვლა-მოსვლამ შეცვალა, - ღვინის მადლიც დაიკარგა, დამოკიდებულებაც სხვაგვარი გახდა და სულ სხვაგვარი თვისებები გამჟღავნდა ნათელმირონობაში:

სიხარბე

"ნათლისმამავ, შენი სიტყვა

არას მომწონს არაშია, -

ხელადას ხელი მაავლე,

გაიქეცი მარანშია!"-ო.

- უტიფრად მოითხოვს ნათლია.

მოურიდებლობა

ხოლო მეორე ნათლიმამა მთლად ამოუგდია ნათლიას:

"ნათლიაჩემი მეწვია,

ჯიბეში ედო ყარყარა.

ერთი ქათამი დაუკალ,

კუდა იყო ნაცარა.

სულერთიან გაუკეთე

ერთი პატარა ჩალხანა.

ათი ჩურჩხელა მივართვი,

ერთი ფიცარი თათარა.

ისე შეჭამა ისინი,

წვერი არ გააცანცარა.

- რაც შენ ნათლიად გიშოვე,

სახლში აღარა შამრჩა-რა,

სამჯერ მე რო დაგპატიჟო,

რატომ შენ ერთხელ აღარა?!"-ო.

აყვედრის ნათლიმამა ნათლიას. შდრ. ანდაზა: ხან რომ ჩვენსა, ხან თქვენსაო.

მპარაობა

აქაოდა, იმ ოჯახის არჩეული ვარო, ნათლიას მთლად თავს გაუვიდა:

ნათლიამ ნათლიმამასა

ბევრი რა დასდო ვალები, -

უღელი ხარი დაჰპარა,

ორივე შვილის დარები,

სულ გაუწყვიტა ხარ-ძროხა,

წინ დაუყარა ძვალები.

ასეთი ნათლია ნათლიდედის წყევლასაც არას დაგიდევს:

ღმერთმა ნუღარ გამაგონოს

ჩემი ნათლიდედის წყევლა! -

მე ხო იმით არ მოვკვდები,

თუ არა მაქ ბედისწერა...

გაუცხოება

ერთ შემთხვევაშიაც ნათლია ისე სტუმრებია ნათლულიანთ, რომ ნათლიმამის სიკვდილიც არ სცოდნია. არც თუ ძალიან დამწუხრებული ქვრივი ნათლიდედა კი თვითონ სხვა სოფელში წასასვლელად გამოპრანჭული დახვდა. მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

- ნათლიდედა, სად მიდიხარ?

- ჩალაუბან, გენაცვალე!

- თავი რაღად მოგირთვია?

- შეთქმული ვარ, გენაცვალე!

- ნათლიდედა, ვირზე შეჯექ.

- შემიკაზმე, გენაცვალე!

- კუდი ხელში დაიჭირე.

- მართალია გენაცვალე!

"ზნეობრივი" მაქსიმები

ეს გაგულგრილება ქართულ ანდაზებშიაც ასახულა:

"- ნათლიავ, შენსას ჩემი მირჩევნია და სხვისას - შენიო". ვარიანტი: "- სვინაო, შენი თავი სხვისას მირჩევნია და ჩემი თავი - შენსასო".

"- ნათლიავ, კოჭლი ცხენით მოვედი და ვერა მოგიტანე-რაო!"

"- ვერცარას აქედან წაიღებ შენი კოჭლი ცხენითაო!"

"- სვინაო, წვენი მიირთვიო!" და: "- ხორციც კარგიაო!"

ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ქართველ ნათლულიანთას სტუმრად მისულმა ოსმა ნათლიამ როსებამ კაი მოზრდილი ლობიოთი გაპიპინებული ჯამი ორჯერ დააცარიელა.

"- კიდევ ხო არ დაგიმატო, როსებ?" "- არა, ნათლიდედ, სუმბუქადა ჯობია!"

ნაძრახობა

როგორც ჩანს, ზოგჯერ ნათლია-ნათლიდედათა ურთიერთობა მორალური თვალსაზრისითაც ვერ იდგა სასურველ სიმაღლეზე. ამის გამოძახილი ჩანს ეს სტროფი:

ნათლიდედის სილამაზე

არ არგია სვინასაო! -

კაცი უნდა უყურებდეს

გადებულ ხიდს წინასაო.

ეს ამას ნიშნავს: ნათლიას უფლება არა აქვს ნათლიდედას შეხედოს როგორც ლამაზ ქალს. ეს არის შეგნებული ან ქვეშეცნეული პერიფრაზი მათეს სახარების ამ მუხლებისა: "ხოლო მე გეტყუი თქუენ: ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნთქუესვე ისიძვა (C: იმრუშა) მის თანა გულსა შინა თუისსა" (მთ. 5, 28). ამ ანდაზაშიაც ვგონებ ეგევე აზრი იკითხება: "ნათლიდედის სილამაზე ნათლიმამას გაუხარდებაო" (ქვეტექსტი: და არა ნათლიას ანუ სვინასაო).

კომუნისტების შემდეგ

"მოდი ვნახოთ ვენახი,

რამ შეჭამა ვენახი..."

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.