Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხარებას ღვინოები მყვირალა რეკლამების ნაცვლად

ნინა ახლოური

თვეზე ოდნავ მეტია, რაც რუსთაველის გამზირის №50-ში ღვინის საფირმო მაღაზია გაიხსნა. "გარდერობის" გვერდით ამ პატარა მაღაზიას ერთბაშად ვერც კი შეამჩნევთ, მაგრამ თუ ეს გამოგივიდათ და შიგნით შესვლაც გადაწყვიტეთ, ნამდვილად არ ინანებთ. სინამდვილეში მაღაზია საკმაოდ დიდია, ქვედა სართულზე დიდი ფართობი აქვს დათმობილი, სადაც არა მხოლოდ შესანიშნავი ხარისხის ღვინოებია წარმოდგენილი, არამედ ბარიც ფუნქციონირებს, სადაც მშვიდ და სასიამოვნო გარემოში შეგიძლიათ კომპანიის წარმოებული ღვინოები დააგემოვნოთ.

"მეღვინეობა ხარება"-ზე ალბათ არც ისე ბევრი გსმენიათ. მათი მეღვინის, ბატონ დავით ჩიჩუას თქმით, მყვირალა რეკლამას და აზროვნებაში შტამპის დატოვებას ურჩევნიათ მომხმარებლის გულისკენ გაიკვლიონ გზა, რის საშუალებასაც მათ ეს ღვინის მაღაზია-მუზეუმი მისცემთ.

რთულია კომპანიის ფუნქციონირების ათვლის წერტილი იპოვო, თუმცა მის ისტორიაზე ხანგრძლივად შეიძლება საუბარი. ეს არის ძალიან დინამიური კომპანია, განვითარების გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ, ხუთი წლის წინ აშენდა ქარხანა თერჯოლაში და ალბათ ათვლის წერტილადაც ეს დრო უნდა მივიჩნიოთ. "მეღვინეობა ხარება", როგორც კომპანია, 2004 წელს დარეგისტრირდა, ერთ წელში კი დაასრულა დასავლეთში პირველი ქარხნის მშენებლობა. "კომპანია შეიქმნა ემბარგოს დასაწყისის დროს, ანუ მოუწია იმ პირობებში ჩამოყალიბება, როცა მასობრივი პროდუქტის წარმოებასაზრი აღარ ჰქონდა. თუმცა რუსეთის ბაზრის არსებობის დროსაც პოლიტიკა ითვალისწინებდა ინდივიდუალური, ორიგინალური ღვინოების წარმოებას, რაც ალბათ კომპანიის მმართველობის ინტუიციის დამსახურებაა", - ამბობს დავით ჩიჩუა.

დღეს "მეღვინეობა ხარება" ღვინოებს ორ რეგიონში აწარმოებს: აღმოსავლეთში (კახეთი) და დასავლეთში (იმერეთი). შესაბამისად, ორი მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი ჰყავთ - დავით ჩიჩუა აღმოსავლეთში და ვლადიმერ კუბლაშვილი (რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, რის გამოც "მარანმა" ვერ მოახერხა მასთან დაკავშირება) დასავლეთში. კომპანიას ასევე ჰყავს მოწვეული გერმანელი ტექნოლოგი ინგო სიმონი, რომელიც გერმანიაში ცქრიალა ღვინოების ერთერთი საუკეთესო მწარმოებელია.

"მეღვინეობა ხარებას" ერთ-ერთ  მთავარ სიამაყეს კომპანიის ვენახები წარმოადგენს. მის საკუთრებაში 700-ზე მეტი ჰექტარი მიწაა, რომელზეც "ხარებას" ვაზის უნიკალური ქართული და ევროპული ჯიშები აქვს გაშენებული. დათო ჩიჩუამ მიამბო, რომ კომპანიამ ვენახების გაშენება ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. "მაშინ ეს თემა საერთოდ არ იდგა ქართულ მეღვინეობაში, არავის მოუვიდოდა აზრად რომ ოცხანურის თუ კრახუნას გაშენება არის სწორი ინვესტიცია", - ამბობს ჩიჩუა. ის, რომ კომპანია საკუთარ ნედლეულზე მუშაობს, საკმაოდ დიდი უპირატესობაა კონკურენტებთან შედარებით, რადგან ხარისხს თავადვე აკონტროლებენ, ვაზის გაშენებიდან ყურძნის დაკრეფის მომენტამდე. ბატონი ირაკლი უგლავა, კომპანიის ფინანსური დირექტორი მიყვებოდა, ამ ზაფხულში ვნახე, დათო (ჩიჩუა) მოწვეულ გერმანელ მეღვინესთან ერთად როგორ დადიოდა ვენახში და თითოეულ მტევანს ამოწმებდაო. ამის ფუფუნება კი ღვინის ყველა კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია.

ცალკე თემაა "ხარებას" მარნები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყვარლის რამდენიმეკილომეტრიანი სიგრძის გვირაბი, რომელიც კავკასიონის ქედის კლდოვან მასივშია გაჭრილი. როგორც ხარებას ვებ-გვერდიდან შევიტყვე, ეს მასივი შეიცავს გრანიტს, რომელიც თიხის ფიქალის ფენებითაა გარშემორტყმული. ამის გამო აქ მთელი წლის განმავლობაში 12-14 გრადუსი ტემპერატურა ნარჩუნდება, რაც იდეალურია ღვინის შესანახად.

რაც შეეხება ყურძნის გადამამუშავებელ ქარხნებს, აღმოსავლეთში ეს ვაჩნაძიანში მე-19 საუკუნეში თავად ჯანდიერების დაარსებული ღვინის საწარმოა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. დასავლეთში კომპანია ფლობს კიდევ ერთ ქარხანას, რომელიც ასევე აღჭურვილია იტალიური დანადგარებით და უჟანგავი ლითონის რეზერვუარებით. მიუხედავად ამისა, როგორც ირაკლი უგლავასგან შევიტყვე, 2012 წლისთვის ქარხნების ნაწილობრივი გადაიარაღება მოხდება და ისინი კიდევ უკეთესი ტექნიკით აღიჭურვება.

"მეღვინეობა ხარება" წითელ, თეთრ, ცქრიალა ღვინოებს აწარმოებს. მათ პროდუქციას ადგილობრივ კონკურსებში ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის Expo Georgia 2009-ზე მათ ციცქას, ახაშენსა და საფერავს ოქროს მედლები მიენიჭა. შემდეგ წელს სინგაპურში გამართულ კონკურსში Wine Style Asia ხარებას "საფერავი პრემიუმი" ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს სავაჭრო პალატის გამოფენაზე კი ხარებას "მწვანე" საუკეთესო თეთრ ღვინოდ დასახელდა.

უცნაურად მომეჩვენა, რომ კომპანია მხოლოდ ევროპული წესით დამზადებულ ღვინოებს ჰყიდის, როდესაც დღესდღეობით ქვევრის თემა ასე პოპულარულია. დათო ჩიჩუას თქმით, ის თავშეკავება, რომელსაც კომპანია ამ მიმართულებით იჩენს, არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ ქვევრის ღვინოებს აქ სკეპტიკურად უყურებენ. "კომპანიის ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ზედაპირულად არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელება. ნებისმიერ პროდუქტს წინ უძღვის დიდი მოსამზადებელი სამუშაო. ქვევრში ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო კომპანიის განსჯის საკითხი. პირველი ქვევრის ღვინოები  კომპანიის მიერ 2010 წელს დამზადდა. დასავლეთში იმერული, აღმოსავლეთში კი კახური წესით 8 სხვადასხვა ჯიშის ყურძნენი დაიწურა. "აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ბოლო ხანებში ბევრი მეღვინე მიუბრუნდა ტრადიციული მეთოდით ღვინის წარმეობას, მაგრამ ძალიან ბევრმა ეს გააკეთა დეკლარირების დონეზე. რეალურად კი ზოგი წარუმატებელი მცდელობა კრიტიკის გარეშე მიღწევად ფასდება. ტრადიციებში არის დიდი წყვეტა, ისინი მაშინ არის ძლიერი, როდესაც 15 წლის ასაკში ამას მექანიკურად აკეთებ, 20 წლიდან იწყებ გააზრებას, აგროვებ გამოცდილებას და 40 წლიდან უკვე აძლევ საკუთარ იდეებს გასაქანს. ქვევრის ენთუზიასტების უმეტესობა არის ფესვებს მოწყვეტილი და ამიტომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. არასწორად გააკეთო ღვინო და შემდეგ ის გაიტანო საზღვარგარეთ... ამას ჯობია სულ არ გააკეთო. ეს არის ძალიან დიდი  პასუხისმგებლობა." ჩიჩუა ფიქრობს, რომ ევროპაში ასევე ძალიან აქტუალურია ქვევრის თემა, იქაც დაინტერესებულნი არიან ტრადიციული ღვინოების დამზადებით და თუ ძალიან კარგ ქვევრის ღვინოებს არ გავიტანთ უცხოეთში, ამით იქ არსებულ მითს მოვკლავთ ქართული არაჩვეულებრივი ღვინის შესახებ.

სწორედ ეს პერფექციონისტული ხედვა არის მიზეზი იმისა, რომ "ხარებას" დღემდე არ გააქვს ღვინოები საზღვარგარეთ. კომპანიაში ინტენსიურად ზრუნავენ პროდუქტის ხარისხის სრულყოფაზე, ამისთვის მათ ფრანგი მეღვინე-კონსულტანტიც დაიქირავეს, რომელმაც ვრცელი შეფასებები და რეკომენდაციები მისცა ღვინოებს, შეიმუშავა მიწის ანალიზი და ა.შ. ეჭვი არაა, რომ კომპანიაში თითოეულ დეტალს ძალიან სერიოზულად უდგებიან. მათი ღვინოები ნამდვილად არ ჩამოუვარდება ხარისხით და გემოთი ბევრი სხვა კომპანიის სასმელს, რომლებიც ექსპორტზე გადის, მაგრამ "ხარებაში" ასეთი ფილოსოფია აქვთ - "ან ყველაფერი, ან არაფერი" და ნელი, თუმცა მტკიცე ნაბიჯით მიიწევენ წინ. ირაკლი უგლავამ აღნიშნა, რომ ხარისხზე მუშაობასთან ერთად უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები უცხოელებთან. კომპანიის უახლოეს გეგმებში აგრეთვე შედის კიდევ ერთი მაღაზიის (რომლის რემონტიც, სავარაუდოდ ამ წლის ზაფხულში დასრულდება) გახსნა აბანოთუბანში და ღვინის ტურების მოწყობა უცხოელი ტურისტებისთვის.

ღვინის გარდა "მეღვინეობა ხარება" ერთ ძალიან საინტერესო პროდუქტს აწარმოებს - წიპწიდან გამოხდილ ზეთს. როგორც დავით ჩიჩუამ აღნიშნა: "საქართველოში ვართ ერთადერთი კომპანია, სადაც წიპწიდან ვხდით ზეთს.  ის საფერავის და რქაწითელის წიპწისაგან მზადდება. ეს ზეთი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. როგორც კულინარიული პროდუქტი ის ძალიან პიკანტურ გემოს აძლევს სალათებს, რომელიც შეიძლება სრულიად შეცვალო, როდესაც ზეითუნის ზეთის მაგივრად წიპწისას იყენებ. საქართველოში ამ ზეთის დამზადების ტრადიცია არ ყოფილა, თუმცა ევროპაში დიდი ხნის მიღებულია. ამასთან, ეს ზეთი ბევრად უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ის უცხოეთიდან შემოტანილი წიპწის ზეთები, თბილისის მაღაზიებში რომ იყიდება."

კომპანიის განსაკუთრებულ სიამაყეს კრახუნა (თუნდაც ჯიშის უნიკალურობს გამო) და პრემიუმ საფერავი წარმოადგენს. საუბარმა მაღაზიის ბარში ჩაიარა, ამიტომ რამდენიმე ღვინის დაგემოვნების საშუალება მომეცა. კრახუნაზე საუბრის დროს ჩიჩუამ გამოიყენა სიტყვა "მონუმენტური", რასაც "ხარებას" ფინანსური დირექტორის მხრიდან ხუმრობა მოჰყვა, მეღვინეები ისეთ ტერმინებს იყენებენ, ყველა სფეროში უნდა იყო გარკვეულიო. "ღვინო საბოლოო ჯამში ფასდება შეგრძნებით და მისი გამოხატვა შესაძლებელია მხოლოდ ასოციაციურად, მაგალითად რომელიმე მხატვრის ნამუშევართან შედარებით. ღვინის ანალიზი შეიძლება მისი შემადგენელ კომპონენტებად დაშლის გზით, მაგრამ ეს შეფასებისას ბევრს არაფერს გაძლევს, რადგან არ არსებობს მარტივი კორელაცია საგემოვნო კომპონენტებსა და საბოლოო შთაბეჭდილებას შორის", - გვითხრა დავით ჩიჩუამ. ეს თუ ასეა, მაშინ მე "ხარებას" მწვანეს ჩაიკოვსკის ვალსებს შევადარებდი, რა თქმა უნდა, ასოციაციურად. ეს იმიტომ, რომ ხალასია, ცოცხალი, თუმცა ზედმეტი მჟავიანობის გარეშე. მართლაც შესანიშნავი, თეთრი მშრალი ღვინოა, ღია ქარვის შეფერილობით და რბილი, ციტრუსისა და ატმის ნაზი არომატით.

ძალიან საინტერესოა "ხარებას" პრემიუმ საფერავი - ბროწეულისფერი, წითელი მშრალი ღვინო კენკრის, შოკოლადის, ვანილის არომატებით. მასზე დავით ჩიჩუა მესაუბრა: "ჩვენი პრემიუმ საფერავი არის თავისი ტექნოლოგიით უნიკალური შემთხვევა ქართულ მეღვინეობაში. ეს ღვინო შევქმენით ჰედონისტი მომხამრებლისთვის, რომელიც დაინტერესებულია, რომ მიიღოს სიამოვნება, რომელიც იქნება მარტივი და ადვილად აღქმადი. არის ღვინოები, რომლებიც მომზადებულ მომხმარებელს მოითხოვს, რადგან მისი ღირსებები რომ აღიქვას, ადამიანს უნდა ჰქონდეს დეგუსტატორის კვალიფიკაცია. ამ ღვინოში კი არის ადვილად აღსათქმელი კომბინაცია ყველა იმ სასიამოვნო ელემენტის, რომელიც ახასიათებს როგორც ძველ, ისე პრიმერ ღვინოებს. ჩვენ არა დროში გაწელილი ეფექტებით, არამედ მოკლე ხანში შევქმენით ღვინო, რომელიც არის ახალგაზრდა და თან მუხის ვანილის და შოკოლადის ტონებით. იგი სხვა სწრაფად მოხმარებისათვის განკუთვნილი ქართული საფერავებისგან განსხვავდება, იმით რომ ყველა მათგანი არის მუქი შეფერილობის, უხეში ტანინით, აშკარად გამოკვეთილი მუხის ჩიფსის ტონებით. ეს კი არის სასიამოვნო ხავერდოვანი სტრუქტურის, მწიფე ხილის ტონებიანი ახალგაზრდა ღვინის მოყვარულებისთვის, ამიტომ ანალოგი არ ჰყავს." ვფიქრობ, ასეთი პროდუქტით "ხარება" არა მხოლოდ გაიკვლევს გზას ქართველი მომხმარებლის გულისკენ, არამედ სახელს გაუთქვამს ქართულ ღვინოს უცხოეთის ბაზარზეც. ისიც სასიამოვნოა, რომ არსებობს ღვინის კომპანია, რომელიც ფეხს უწყობს არა მხოლოდ ტენდენციებს, არამედ ეკონომიკური განვითარების ტემპებსაც და გვთავაზობს ხარისხიან ღვინოს ხელოვნურად გაბერილი ფასების გარეშე.

© ღვინის კლუბი/Weekend



gamarjobat, gvainteresebs tu gaaqvt gvinis, sxvadasxva saxeobebi, rusetshi wasagbat. gtxovt gadmogvcet fasebi da dasaxelebebi, ra nomerze dagikavshirdet, mobilurze, shegvatyobinet. madlobt


maqvs aladasturis jishis kurdzeni gasakidi tel nomeri 577936266

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული