Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მცენარეთა დაცვის ბიომეთოდების გამოყენება მევენახეობაში

იაგო ბიტარიშვილი

ვაზის ნორმალური განვითარება, მოსავლიანობის გაზრდა და ყურძნის პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება მჭიდროდ უკავშირდება თვით ჯიშის თავისებურებებს, გარემო პირობებს, აგროტექნიკის ჩატარების სიზუსტეს და მნიშვნელოვანწილად იმ ღონისძიებებს, რომელთაც მევენახე ვაზის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლისათვის მიმართავს. ბიომევენახეობის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა არა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, არამედ საღი და დაავადებათა მიმართ გამძლე მცენარეების გაზრდა. თუმცა თუ პროფილაქტიკური ღონისძიებები შედეგს არ იძლევა, ცხადია, ბრძოლის ღონისძიებები უნდა გამოვიყენოთ. თუმცა მცენარეთა დაცვა სავსებით შესაძლებელია ქიმიური და ტოქსიკური პრეპარატების გარეშეც. მაგ., სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ბიომეურნეს შეუძლია მხოლოდ შემდეგი სახის ფუნგიციდების გამოყენება: სპილენძი, გოგირდი, გოგირდის შემცველი თიხა.

საქართველოშიც და, საერთოდ, ნოტიო კლიმატის ქვეყნებში მევენახეობის უმთავრესი დაავადებაა ჭრაქი. ამიტომ, მევენახეები მთავარ აქცენტს აკეთებენ ჭრაქზე. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ვაზის ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ შესხურებას. ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ გამოცდილია სპილენძის სხვადასხვა ნაერთების მოქმედება, სპილენძის ექსტრემალურად დაბალი დოზების გამოყენებით. სპილენძის ერთი და იგივე რაოდენობა იქნა გამოყენებული სხვადასხვა შემთხვევებში და აღმოჩნდა, რომ ტრადიციული (ჩუშO4) უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მოდერნიზებული ფორმები. ჭრაქის წინააღმდეგ ბრძოლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მისი გამოჩენის შესაძლებლობის წინასწარ განსაზღვრას, ვინაიდან ჭრაქის წინააღმდეგ ბრძოლა პროფილაქტიკური ხასიათისაა. წამლობის დროულად ჩატარება ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის უცილებელი პირობაა. ამიტომაა, რომ ზოგნი მიუხედავად იმისა, რომ 7-8 ჯერ ატარებენ ვენახის შესხურებას, სათანადო ეფექტს მაინც ვერ იღებენ, ხოლო ზოგიერთები კი 4-5 წამლობითაც ადვილად აღწევენ სასურველ შედეგს. შესხურების მრავალგზის ჩატარებას კი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია, როდის ჩატარდება შესხურება.

მცენარეთა დაცვის სტრატეგია ჭრაქის წინააღმდეგ:

- ინტერსპეციფიკური, მედეგი აბორიგენული ვაზის ჯიშების გაშენება;

- წინასწარი (პროფილაქტიკური) ღონისძიებები;

- ფოთლების წამლობა, ფოთლების შეცლა (გაფურჩნა), გვერდითი და მოკლე ყლორტების შეცლა;

- მცენარეთა შეწამვლა;

- ნიადაგის ზედაპირზე კომპოსტისა და მულჩის გამოყენება;

- ხშირი წვიმებისა და მაღალი სინოტივის, ასევე ყვავილობის წინა და ყვავილობის შემდგომ პერიოდებში სპილენძის შემცველი პრეპარატების გაზრდილი კონცენტრაცია;

ჭრაქის გამოჩენის შესაძლებლობის განსაზღვრისათვის შემდეგი მონაცემებით უნდა ვისარგებლოთ: დაავადების გამომწვევი სპორები ვითარდებიან მხოლოდ წყლის წვეთებში, რომლებიც ფოთლებზე ჩნდება მაღალი ტენიანობის დროს (წვიმის, ნამის ან ძლიერი ნისლის დროს), სპორები მშრალ ამინდებში არ ვითარდებიან. დაავადების განვითარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტემპერატურზე, სწორედ ამ დამოკიდებულებას აღწერს მიულერის საინკუბაციო მრუდი. აბსცისაზე აღნიშნულია ტემპერატურა, ხოლო ორდინატაზე დღეები. ცხრილზე გავლებული მრუდის მეშვეობით შეიძლება დავადგინოთ საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვა ტემპერატურაზე, თუ, მაგალითად, ჰაერის საშუალო ტემპერატურა უდრის 18ოჩ-ს და ტენიანობაც ხელსაყრელია, სოკოს განვითარება 6 დღის განმავლობაში დასრულდება. ადრე გაზაფხულიდანვე ყოველდღე უნდა წარმოებდეს დაკვირვება ჰაერის ტემპერატურაზე და თუ ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა 13ოჩ -ზე მეტია და ტენიანობაც მაღალია, ინფექცია უსათუოდ განვითარდება (იხ მიულერის მრუდი).

რაც შეეხება ნაცარს, უკვე აღვნიშნეთ, რომ ბიომევენახეობაში მის წინააღმდეგ გამოიყენება გოგირდი, როგორც თხევად ისე ფხვიერ მდგომარეობაში. საქართველოში (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში) და არა მარტო საქართველოში, მავნებლებიდან ძირითადი პრობლემაა ყურძნის ჭია. ყურძნის ჭიის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა მისი ბუნებრივი მტრის კრიპტოლემუსის გამოყენება. კრიპტოლემუსი მტაცებელი ხოჭოა. იგი შემოიყვანეს ავსტრალიიდან აჭარაში ციტრუსების მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად. შემოყვანიდან 1 თვის განმავლობაში მან პრაქტიკულად გაასუფთავა აჭარის ციტრუსების პლანტაციები საშიში მავნებლისაგან. ერთი ხოჭო დღე-ღამის განმავლობაში სპობს ყურძნის ჭიის კვერცხების ნახევარს. საერთო ჯამში, ხოჭო თავისი არსებობის განმავლობაში, სპობს ყურძნის ჭიის 4000-4200 კვერცხს. კრიპტოლემუსის განვითარების ციკლი 25ოჩ-ის დროს გრძელდება 30 დღე, ხოლო 20ოჩის დროს 40 დღე. ხელსაყრელი გარემოს შემთხვევაში ხოჭო იძლევა 3 თაობას. კრიპტოლემუსის ერთ-ერთი ნაკლია სუსტი გამძლეობა ძლიერი ყინვისა და გვალვის მიმართ. ამიტომ მისი გამოყვანა ხდება ლაბორატორიაში (ბათუმში), საიდანაც შესაძლებელია ადრე გაზაფხულზე მათი შეძენა.

© “ბიომეურნე”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.