Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გივი ჩაგელიშვილი – ქართული ღვინის მესაიდუმლე

გიორგი მერაბიშვილი

როგორც მხრცოვანი მეღვინე – გივი ჩაგელიშვილი ამბობს – “თუ მეღვინეს ღვინისა არ ესმის და როგორც ექიმმა, ისე არ უმკურნალა ღვინოს, მისთვის მეღვინეობა მძიმე სასჯელია და უმჯობესია სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი”.
 
ბელადი და ჩინური
 
“ჩემს ხელში უამრავმა ახალგაზრდა მეღვინემ გაიარა და შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც ბევრი მეღვინე კარგი გავზარდე. დაინტერესებულ ახალგაზრდებს თავიდანვე ემჩნეოდათ, რომ მათგან კარგი მეღვინე დადგებოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მეგობრულად სხვა საქმისათვის ხელისმოკიდება ვურჩიე და მგონი არც შევმცდარვარ”.
მებაღეობა-მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მარან-ლაბორატორიის ინჟინერ-ტექნოლოგი ბატონი გივი ჩაგელიშვილი 1951 წლიდან ცდილობს ღვინის საიდუმლოებების ამოხსნას და როგორც თავად ამბობს, ბოლომდე ბევრი რამ მისთვისაც შეუცნობელი დარჩა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ღვინის ქარხანაში გაანაწილეს, სადაც რიგით მეღვინედ მუშაობისას პირველად გამოსცადა საკუთარი ხელით დაყენებული ღვინის გასინჯვის სიხარული.
იმ პერიოდში საბჭოეთის დიადი ბელადის – სტალინის ბრძანებით, აღნიშნული ღვინის ქარხნიდან კრემლში სპეციალურად სტალინისათვის ყოველ წელს მიჰქონდათ ქართლური ვაზის ჟიშებისაგან (თავკვერი, ჩინური, მწვანე და სხვა...) დაყენებული ღვინო, რომელსაც ქართული წარმოშობის რუსი დიქტატორი ხშირად გეახლებოდათ.
რამდენჯერმე მოხდა ისე, რომ მოსკოვში ღვინო ბატონმა გივიმ საკუთარი ხელით ჩაიტანა. ჩატანა რა თქმა უნდა საბჭოთა უშიშროების სამსახურების დიდი მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა. მთელი ეს პროცესი და პროცედურა ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყო ქართველი მეღვინეებისათვის, რადგან თუკი სტალინს რომელიმე ღვინო არ მოეწონებოდა, მეღვინეებს სერიოზული საფრთხე შეიძლება შექმნოდათ.
“მოსკოვში სპეციალურად სტალინის ბრძანებით იყო გამოყოფილი საკმაოდ დიდი მოცულობის ღვინის ჭურჭელი, რომელიც ყოველ წელს ქართული და უმეტესად ქართლური ღვინით ივსებოდა. მოსკოვში ჩვენს მიერ ჩატანილი ღვინო რა თქმა უნდა მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო. ერთხელაც, ჩინურის ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული შესანიშნავი ღვინო ჩავიტანე მოსკოვში. სანამ კრემლში შევიტანდი, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გავსინჯე და გული კინაღამ გამისკდა. აშკარა იყო, რომ ეს ის ღვინო არ იყო, რაც თბილისიდან მოსკოვში მიმქონდა. შემდეგ მივხვდი რაშიც იყო საქმე. ჩინური მგზავრობას ვერ იტანს და სწორედ ამიტომ შეეცვალა გემო, ფერი, და სხვა თვისებები. თბილისში დაბრუნება და მოსკოვში ღვინის უფრო დაცულად ჩატანაზე მუშაობა მომიწია. თუმცა მაინც ადვილად გადავრჩი. სტალინს ის ღვინო რომ გაესინჯა, ღმერთმა იცის რა ხასიათზე დადგებოდა და არც ის იქნებოდა გამორიცხული, ეს შეცდომა ძალიან ძვირად დაგვჯდომოდა.”
 
ცოდნა და პატიოსნება
 
გივი ჩაგელიშვილის მიერ და მისი კონსულტაციის შედეგად დაყენებული ღვინო მხოლოდ პროლეტარიატის ბელადებს როდი მოსწონდათ. თითქმის ყველა ქარხანაში, სადაც ბატონმა გივიმ იმუშავა, საქმის დაწყება და კარგი ღვინის ჩამოსხმაზე მუშაობა ფაქტობროვად თავიდან და მარტოს მოუხდა. ასე იყო ახალციხის და შემდეგ ბათუმის ღვინის ქარხანაში მუშაობის დროსაც, სადაც გივი ჩაგელისვილი მაშინდელი სურსათის მინისტრის ბრძანებით გადაიყვანეს.
“ზოგიერთი ფიქრობს, რომ ღვინის ქარხანაში მეღვინეთა კარგი გუნდის შეკრება ადვილი საქმეა. არადა, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სწორედ ეს გახლავთ. ბათუმის ქარხნაში როდესაც გადამიყვანეს, ფაქტობრივად ყველა თანამშრომელის თავიდან აყვანა მომიხდა. განსაკუთრებით რთული იყო კანდიდატების ბიოგრაფიულ ნიუანსებში გარკვევა. შეიძლება ზოგიერთი პროფესინალი მეღვინე იყო, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან ჩანდა, რომ არცთუ პატიოსანი ვაჟბატონი ბრძანდებოდა და ბევრი ქარხანა გამოეცვალა. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ახალგაზრდა, გამოუცდელ, მაგრამ გაუსვრელ ხალხს ვამჯობინებდი. ცოდნა დროთა განმავლობაში აუცილებლად მოვა. პატიოსნება კი ან გაქვს და ან არა”.
იმ დროს, როდესაც გივი ჩაგელიშვილი როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს არაერთ ქარხანაში მოღვაწეობდა, საბჭოთა კავშირი უკვე ღვინის მასიურ წარმოებაზე იყო გადასული და საქართველოდან ათეულობიოთ მილიონი დეკალიტრი ღვინო საბჭოთა კავშირსა და ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში გადიოდა. ბატონი გივის თაობის ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში აქვს ერთგვარი სევდაშერეული ნოსტალგია “ძველი და კარგი დროსი”, თუმცა გივი ჩაგელიშვილის განწყობები მისი თაობის ადამიანებისაგან ფრიად განსხვავებულია.
“ცოტა ხნის წინ, ჩემმა შვილმა საფრანგეთში წამიყვანა, სადაც მეტად საინტერესო ფრანგი მეღვინე გავიცანი. იმ კაცს, პატარა მარანი ჰქონდა, სადაც მისი ოჯახის თითქმის ყველა წვერი მუშაობდა და წელიწადში სულ რაღაც 40 ათას ბოთლ ღვინოს ასხამდნენ, მაშინ როდესაც, ამ რაოდენობის ღვინოს საბჭოთა კავშირის დროს ხანდახან 1 დღეშიც კი ვასხამდით. ეს არ იყო სწორი, რადგან მარტო რაოდენობაზე ყურადღების გამახვილებამ შემდგომში ღვინის ხარისხი დაბლა დაწია.
გარდა ამისა, დაიკარგა მრავალი უნიკალური ჯიშის ვაზიც, რადგან მასობრივი წარმოების დროს მცირე და განსხვავებული ჯიშებისათვის ადგილი აღარ რჩება. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მომავალი წარმომიდგენია მხოლოდ მცირე მარნების გამრავლებისა და უნიკალური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციის შემთხვევაში. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ რქაწითელს და მიმაჩნია, რომ ჩვენი ღვინის ლოკომოტივი სწორედ რქაწითელია და არა საფერავი, მაგრამ იშვიათი ჯიშების პოპულარიზაციის გარეშე, ქართულ მეღვინეობას მომავალი არა აქვს” - ამბობს გივი ჩაგელიშვილი და ასევე დასძენს, რომ ბოლო დროს ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ტენდენციას მიესალმება, თუმცა ერთი ფრთიანი ლოზუნგად ქცეული ფრაზისა არ იყოს: გასაკეთებელი მართლაც რომ ძალიან ბევრია!
 
ნამდვილი ხვანჭკარის ძიებაში
 
ღვინო რომ ხარისხით ფასობს, ეს უდავო ჭეშმარიტებაა, თუმცა ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ღვინის ხარისხიანობის მთავარი განმსაზღვრელი მისი სიძველეა. გივი ჩაგელიშვილი ამ საკითხს სხვა კუთხით უყურებს და ღვინის დაძველების ვადების მოცულობას მთლიანად მეღვინის ოსტატობას უკავშირებს.
“როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, პრეზიდენტი და ლამის მთელი მინისტრთა კაბინეტი, აქ – მევნახაობა-მეღვინეობის ინსტიტუტში გვეწვივნენ. სტუმრებს პირადად მე დავათვალიერებინე ჩვენი ინსტიტუტის უნიკალური საცავი და კოლექცია. უცებ შევარდნაძემ მკითხა: “რატომ ხდება ისე, რომ ზოგი ღვინო დაძველებულიც დიდ ხანს ძლებს და ზოგი მალევე ფუჭდება?”. ასეთ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს და კიდეც ვუთხარი შევარდნაძეს – “ღვინო ყველაზე მეტად ადამიანს ჰგავს. თუ მეღვინემ შეძლო და ჯანსაღი ღვინო დააყენა, მისი შენახვაც არ იქნება პრობლემა. ხოლო თუ ღვინის დაავადებებს დროულად არ უმკურნალა, შენახვას ვინ ჩივის, შეიძლება 1 წლის ღვინოსაც კი არ გაეკაროს კაცი.
ადამიანიც ხომ ასეა. ზოგი 40 წელიწადი ცხოვრობს და ზოგი 90. ყველაფერი სიჯანსაღეზეა დამოკიდებული და ღვინის შემთხვევაში ამ სიჯანსაღეს მთლიანად მეღვინემ უნდა მიაღწიოს. ღვინის დაძველების ჩემეულ ახსნაზე შევარდნაძემაც და მისმა მინისტრებმაც ბევრი იცინეს. მე არ ვიცი ზუსტად გაიგეს თუ არა ჩემი ნათქვამი, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ცუდ მეღვინეს და ცუდ ადამიანს კარგი ღვინო არაფრით არ გამოუვა. ისევე როგორც, ხშირად ხდება ხოლმე რომ ცუდი მამა შვილსაც ცუდად ზრდის”.
ბატონ გივი ჩაგელიშვილის ზემოთმოყვანილ ფრაზების დარ სიტყვებს საქართველოში არცთუ ბევრჯერ მოისმენთ, რადგან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა მცდარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს “ყველა ღვინო კარგია” და საკმარისია შაქარგაურეველი და წყალგაურეველი ღვინის დაყენება ვცადოთ, რომ მისი ხარისხი ავტომატურად მაღალი იქნება. საქართველოში ღვინის ხარისხთან დაკავშირებით სხვა მრავალი პრობლემაც არსებობს, რაზეც გივი ჩაგელიშვილი ძალიას სწუხს.
“ადრე რაჭაში მხოლოდ 1 ქარხანა იყო, სადაც ხვანჭკარა მზადდებოდა მართლაც იმ ადგილზე მოყვანილი ყურძნით, სადაც ნამდვილად მოდის სახვანჭკარე ყურძენი. M
მე განსაკუთრებით შემტკივა გული რაჭულ ღვინოებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გულისა და გემოვნების დიდი ნაწილი რქაწითელს ეკუთვნის. ახლა რაჭაში ოთხი ღვინის ქარხანაა, რომლებშიც ხვანჭკარას მიკროზონის გარეთ დაკრეფილი ყურძნისაგან დამზადებულ ღვინოსაც “ხვანჭკარას” აწერენ და ეს უკვე წესად იქცა. როგორც გემოთი, ასევე ხარისხით ფაქტია რომ ბევრი “ხვანჭკარა” არაფრით ჰგავს ნამდვილ ხვანჭკარას. უფრო მეტიც, მე გამისინჯავს ღვინოები, რომლებსაც აწერია რომ “ხვანჭკარაა”, მაგრამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ 100% საფერავი იყო.
ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ ძალიან ბევრია და ღვინის უხარისხობა და ფალსიფიკაცია ძირს უთხრის ჩვენს მეღვინეობას. ადრე რამდენიმე მაკონტროლებელი ორგანო არსებობდა, რომლებიც ღვინის ხარისხს ყველა მხრიდან აკონტროლებდნენ. პრობლემები მაშინაც ბევრი იყო, მაგრამ დღეს სრულმა უკონტროლობამ ფალსიფიკაციას შეუწყო ხელი და თუკი კანონები ამ კუთხით არ გამკაცრდა, სასიკეთო ძვრები არასოდეს მოხდება”
ქართულ მეღვინეობაში არსებული პრობლემების და მანკიერებების მიუხედავად, მებაღეობა-მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მარან-ლაბორატორიის ინჟინერ-ტექნოლოგი, ღვინის კონსულტანტი და ცნობილი მეღვინე – გივი ჩაგელიშვილი მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს და მიაჩნია, რომ ქართულ ღვინოს მომავალში კიდევ ბევრი წარმატებები ელის. ბატონ გივის ამის იმედს ბოლო დროს ევროპელების მიერ ქართული ქვევრით დაინტერესებაც აძლევს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება დღეს სამწუხაროდ არც ისე გავრცელებულია, იმედოვნებს, რომ ჩვენი თანამემემულე მეღვინეები თუნდაც იტალიელებისაგან აიღებენ მაგალითს (იტალიელი მეღვინეები ბოლო დროს სისტემატიურად იძენენ ქართულ ქვევრებს), დააფასებენ ქვევრის უნიკალურ შესაძლებლობებს და პრიორიტეტს სწორედ ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოს მიანიჭებენ. “ევროპული ღვინო ძალიან კარგია, მაგრამ ქართული ღვინო ქართულად ქართველმა თუ არ დააყენა, სხვა ამით არასოდეს დაინტერესდება” – ასეთი გახლავთ 82 წლის მხრცოვანი მეღვინის მოსაზრება. მისი ეს მოსაზრება რჩევედაც შეგვიძლია მივიღოთ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული