Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო და შთაგონება

მალხაზ ხარბედია

თუკი ქართული მეღვინეობის დღევანდელ მდგომარეობას გადავხედავთ, საკმაოდ არასახარბიელო სურათს დავინახავთ, რაც პირველ რიგში პიროვნებების, საქმის მცოდნე და საქმეში შეყვარებულ ადამიანთა დეფიციტში გამოიხატება.

ხარდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართულ ღვინოს ადამიანის ხელი არც ეხება, იმდენად უპიროვნო და ანონიმურია ხოლმე იგი. ღვინოების უმრავლესობას არც ეტყობა, რომ მას ავტორი ჰყავს, არადა ნამდვილი ღვინო ყოველთვის გულისხმობს მის შემოქმედს, დალევისას ხომ აუცილებლად ვკითხულობთ – ვისი ღვინოა? ვისი დაყენებულია?

ხომ გახსოვთ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟის ცნობილი სიტყვები, „რა მინდოდა წვენებში!“. ჰოდა დაახლოებით ასე, ბევრ ადამიანს, ვინც დღეს ღვინის სფეროშია დაკავებული, წარმოდგენა არა აქვს, რა უნდა ღვინოში. ზოგს ყური აქვს მოკრული, რომ ქვევრი მოდაში შემოდის და ცდილობს არ ჩამორჩეს ბოლო ტენდენციებს, სხვებს მხოლოდ უკრაინის და ყაზახეთის ბაზარზე მოხვედრა აქვთ ოცნებად, ვიღაცეებს კი საერთოდაც, ჩათქმული აქვთ, რომ ხელს არ გაანძრევენ, სანამ რუსეთის ბაზარზე არ დაბრუნდება ქართული ღვინო.

დღეს ყველაზე მეტად შემოქმედები გვაკლია მეღვინეობაში, შთაგონებითა და აზარტით სავსე ადამიანები, ვინც დიდი სიყვარულის გამო არიან ამ საქმეში, ადამიანები, ვინც ზედმიწევნით კარგად იცნობენ ვენახს, ბოლომდე ყურადღებით აკვირდებიან ვაზს მთელი წლის მანძილზე, შემდეგ კი, უკვე მარანში აგრძელებენ შრომას – რისკავენ, ცდიან ახალ გზებს, ან პირიქით, ცდილობენ დავიწყებულის გახსენებას და აღდგენას. ერთი სიტყვით, ძიებაში არიან.

მე ვიცნობ ძალიან კარგ მეღვინეებს, რომლებსაც სამწუხაროდ არ ეძლევათ საშუალება თავისი ე.წ. საავტორო ღვინოები შექმნან, რადგან კომპანია, სადაც ისინი მუშაობენ, სულ სხვა რამეზეა ორიენტირებული და არ არის დაინტერესებული ასეთი შემოქმედებითი მიდგომებით. ხშირად მეღვინე ჩრდილში ექცევა და თავად კომპანიის პოლიტიკაა ისეთი, რომ მთელი ყურადღება ბრენდზე გადადის, ხოლო ღვინის ავტორი იჩაგრება, უარეს შემთხვევაში კი სულაც ისეთ ღვინოსთან გვაქვს საქმე, რომ შეუძლებელია მის მიღმა ადამიანი წარმოიდგინო.

3 თვის წინ ჩემი წიგნი გამოვიდა, „ქართული ღვინის გზამკვლევი – 2012“. წიგნში ბევრი რუბრიკაა, ქართული ღვინის ისტორიით დაწყებული – ღვინის დახასიათებებით დამთავრებული, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ იქ თითქმის არაა საუბარი პიროვნებებზე, ღვინის ავტორებზე. რა თქმა უნდა, თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში ძალიან ბევრი ძლიერი და გაბედული ადამიანია, შესანიშნავი პროფესიონალები, მაგრამ ზოგი მათგანი პირველ ნაბიჯებს დგამს, სხვები გაურკვევლობაში არიან, ნაწილს დიდი ხანია ღვინო არ დაუყენებია... ერთი სიტყვით, ამ ადამიანებს ასპარეზი აკლიათ. არიან ისეთებიც, ვინც დღითიდღე ხვეწენ თავიანთ ხელოვნებას, მუდამ ძიებაში არიან, თუმცა მათი ეს ძიებები სამწუხაროდ მხოლოდ ერთეულებზე ახდენენ გავლენას. მომავალში მათზეც ვისაუბრებ და გზამკვლევის მორიგ გამოშვებაშიც, იმედი მაქვს, სწორედ ასეთ ადამიანებს დაეთმობათ ყველაზე მეტი ადგილი. მანამდე კი, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელმაც გააცნობიეროს, რომ ღვინო არაა მხოლოდ თრობის საშუალება, არამედ კულტურის დიდი ნაწილი, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთობის შედეგი და ღვინის უკან ძალიან ბევრი რამ დგას. კარგი ღვინო არასდროს რჩება უცვლელი, იგი მუდმივად ვითარდება და ჩვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ასეთი ღვინო ნამდვილად იმსახურებს ჩაღრმავებას, ყურადღებით წაკითხვას, ამოხსნას.

დროა ზერელობის მრავალწლიანი პერიოდი შთაგონებამ და ღვინის ხელოვნებამ შეცვალოს, ამას კი პირველ რიგში შემოქმედი მეღვინეები შეძლებენ, ვისაც ხელობაც ესმით და ოცნებასაც ბედავენ.

© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული