Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აჭარის რთველი 2019 ბევრი წვიმის და ეკოლოგიური პრობლემების გარეშე

ლევან სეფისკვერაძე

ქართული ღვინის მოყვარულებს ძალიან ახარებთ ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ახალი მარნები არამხოლოდ ქართლში, კახეთსა და იმერეთში, არამედ აჭარაშიც  შეიქმნა. ეს მაშინ, როდესაც დაახლოებით 10 წლის წინ, საქართველოს ამ უძველეს კუთხეში ჩასული სტუმარი თუკი კონკრეტულ გლეხთან არ იყო მიწვეული - ფაქტობრივად ვერ შეძლებდა ხარისხოვანი ღვინის დაგემოვნებას.

ღვინის მოყვარულთა აზრით, აჭარაში ღვინის წარმოების მასშტაბთან ერთად საკუთრივ ღვინის  ხარისხი საკმაოდ გაზრდილია. ბევრი ადგილობრივი მცირე მარანი ცდილობს ინდივიდუალურად ჰქონდეს კარგი ღვინო, შესაბამისი თავისი მაღალი ხარისხით, სახელი არ გაიფუჭოს და თავისი ნიშა დაიკავოს ბაზარზე.

აჭარაში წლევანდელი რთველი განსაკუთრებით მოსავლიანი იყო და ამაზე როგორც შედარებით დიდი ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მცირე მარნის მფლობელებიც საუბრობენ. ამ კუთხით მევენახეებს წლების მანძილზე ყველაზე მეტად აჭარისთვის დამახასიათებელი ხშირი წვიმები უქმნის პრობლემებს. ეს სამწუხაროდ ღვინის ხარისხზეც უარყოფითად აისახება ხილმე. თუმცა, წელს ხშირი წვიმები არ ყოფილა, რასაც აჭარელი მევენახე-მეღვინეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ერთ-ერთი პირველი ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აჭარაში მეღვინეობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი, “აჭარული ღვინის სახლია“. ეს კომპანია “პორტო ფრანკოს“ ბრენდქვეშ აჭარის რეგიონისათვის ტრადიციული ჯიშებისგან უკვე ათ წელზე მეტია ღვინოს აწარმოებს. კომპანიის ადმინისტრატორი, ლილიანა მეგრელიძე ამბობს, რომ წლევანდელი რთველით კმაყოფილები არიან.

ლილიანა მეგრელიძე: “აჭარული ღვინის სახლის"ადმინისტრატორი: “წელს ჩვენთვის და მთლიანად ქედის მუნიციპალიტეტისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი რთველი ჩატარდა. რთველი იყო საკმაოდ ბარაქიანი და ხარისხიანი ყურძენიც მოგვივიდა.

ამინდის კუთხით ზოგადად  მთელი წელი იყო დაკმაყოფილებელი და აჭარაში ესოდენ პრობლემურ გახშირებულ წვიმებს ხელი არ  შეუშლია მტევნის განვითარებისთვის. რაიმე სახის ეკოლოგიური კატასტროფა და დამაზიანებელი სეტყვაც არ ყოფილა. ასევე არ შექმნილა პრობლემები გვალვის მხვრივ. მოკლედ რომ გითხრათ, "აჭარული ღვინის სახლისათვის" წლევანდელი  რთველი იყო დამაკმაყოფილებელი და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო“.

აჭარაში ახალი მარნები ძირითადად ამ კუთხეში მეღვინეობით განთქმულ ორ მუნიციპალიტეტში - ქედასა და ხელვაჩაურში გაიხსნა. ერთ-ერთი საინტერესო მარანია, ხელვაჩაურის სოფელ ჩიქუნეთში, მემარნე ილია მალაყმაძის მარანი, სახელწოდებით: "ილიას მარანი“, რომელიც ღვინის ქართველ და უცხოელ დამფასებლებს ადგილობრივ ღვინოებს სთავაზობს.

ილია მალაყმაძემ ბოთლში ღვინის წარმოება 2018 წელს დაიწყო UNDP-ის მხარდაჭერით. მათ მარნის მიმდებარეთ ფანჩატური აუშენეს და საჩუქრად გადასცეს სხვადასხვა ნივთები. მათ შორის: ქვევრები, ბოთლის დამცობი აპარატი და სხვა ინვენტარი. 2017–2018 წელს დაიწყეს ბოთლებში ღვინის ჩამოსხმა. წლევანდელ რთველს ამ მცირე მარნისთვის მფლობელიც მეტად პოზიტიურად აფასებს.

ილია მალაყმაძე, მევენახე-მემარნე, „ილიას მარნისმფლობელი: "წლევანდელი წელი “ილიას მარნისთვის“ საუკეთესო მოსავლის წელი იყო. ამინდებიც ყურძნისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. არც ძალიან დიდი სიცხეები იყო. გვახარებს, რომ ყურძნის შაქრიანობაც დამაკმაყოფილებელია. მთლიანობაში რთველი აჭარაში გასულ რამოდენიმე წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. ავადსახსენებელი ფაროსანას ზეგავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი და იმედი გვაქვს, რომ  მომავალი წელი უკეთესი იქნება.

- წლევანდელი მოსავლის ღვინოზე რას გვეტყვით? იმედიანად ხართ?

- ჩვენ მხოლოდ ნატურალურ ღვინოს ვაყენებთ. ნატურალური ღვინო მასობრივი ღვინისგან იმით განსხვავდება, რომ ნატურალური ღვინო არის სუფთა და თავისუფალი სხვადასხვა დანამატებისგან. ჩვენი ღვინო მხოლოდ ყურძნისგან დგება და არანაირი დანამატი არაა მასში. ამასთანავე, ყურძნის შეწამვლის პროცესში არც წელს და ზოგადადაც არ გამოიყენება სხვადასხვა შხამ-ქიმიკატები, რომლებიც ყურძენზე დიდ ზეგავლენას ახდენენ. რათქმაუნდა ნეგატიურ გავლენას ვგულისხმობ. ჩვენ მხოლოდ კირსა და შაბიამანს ვიყენებთ ყურძნის შესაწამლად და ეს წამლობა არ ცვლის ყურძნის ბუნებრივ თვისებებს. ამიტომ, ღვინის კუთხითაც იმედიანად ვარ.

დღესდღეობით ჩვენ ვაწარმოებთ ხუთი სახის ღვინოს მცირე რაოდენობით. ეს ღვინოებია: ცოლიკოური, ჩხავერი, ცხენის ძუძუ და ორი უცნობი ღვინო, რომლის ყურძნის ჯიშის სახელი სამწუხაროდ არ ვიცით და რომლებიც შესაძლებელია იყოს უძველესი აჭარული ჯიშები. ჩვენს მიერ მოწვეულმა რამოდენიმე ექსპერტმა ზედაპირული შემოწმებით ვერაფერი გაიგო და ეს ყურძენი მათთვის სრულიად უცნობი აღმოჩნდა“.

როგორც ცნობილია, აჭარაში თურქების შემოსევის შედეგად მევენახეობა მიწასთან გასწორდა და ღვინო თითქმის აღარ იწარმოებოდა. 50-60 წლის წინ სულ რამდენიმე ადამიანმა დაიწყო ღვინის დაყენება და მათ შემდეგ ახალმა თაობამაც თანდათან  გააგრძელა ეს საქმე. ბევრი მცირე მევენახე ახლა უკვე აფართოებენ ვენახებს და ამბიციებიც შესაბამისად ეზრდებათ.

დღეს მთიან აჭარაში უკვე საკმაოდ მრავლადაა ვენახები და თითქმის ყველა ოჯახშია მინიმუმ ორი-სამი სახის ვაზი, რომლითაც ღვინოს ამზადებენ. როგორც ისტორიიდან ჩანს, აჭარა  ძალიან კარგი ადგილია მევენახეობისათვის, რადგანაც განსაკუთრებულად მზიანი მხარეა და აქ მეღვინეობის ტრადიციები როგორც უკვე ვთქვით, სულ არსებობდა. ასევე თითქმის ყველა სოფელში მრავლადაა უძველესი ისტორიული ძეგლები თავისი ძველი მარნებით, რომლებსაც დღეს სულ სხვა დანიშნულებით იყენებენ ან საერთოდ უფუნქციოა. ამ ყველაფერის გაცოცხლება მომავალში შესაძლებელია აჭარაში ღვინის ტურიზმის განვითარებას ძალიან წაადგეს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული