Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ხვანჭკარა" - ხარისხიანი, მაგრამ არატიპური

ალეკო ცქიტიშვილი

29 იანვარს "ღვინის კლუბმა" მოაწყო ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის - "ხვანჭკარას" დეგუსტაცია, რომელსაც თამარაშვილის 17-ში ახალგახსნილმა რესტორანმა "კალიფსომ" უმასპინძლა. "ღვინის კლუბის" წევრების გარდა დეგუსტაციაში მონაწილეობდნენ სტუმრები - "ქინძმარაულის მარნის" მთავარი ტექნოლოგი თემურ გონჯილაშვილი და ენოლოგი დავით მაისურაძე. დაგემოვნების პროცესი ანონიმურად მიმდინარეობდა - ბოთლები დაინომრა, შეიფუთა და მხოლოდ შედეგების დაჯამების შემდეგ გამოცხადდა, რომელი ნომერი რომელ "ხვანჭკარას" წარმოადგენდა.

სულ გაისინჯა 13 კომპანიის "ხვანჭკარა" შემდეგი თანმიმდევრობით: კომპანია "კახური" (2003 წ. მოსავალი), "ჯი ვი ესი - თამადა" (ეტიკეტზე მოსავლის წელი არ ეწერა, ჩამოსხმის თარიღი - 2008 წ.), "ბინეხი" (2008 წ.), Gold Niad(2009 წ.), "მილდიანი" (2006 წ.), "ბუგეული" (2007 წ.), "თელავის მარანი" (2008 წ.), "ბადაგონი" (2008 წ.), "კორპორაცია ქინძმარაული" (2006 წ.), "თელიანი ველი" (2008 წ.), "შატო მუხრანი" (2007 წ.), "რაჭული ღვინო" (ეტიკეტზე არც მოსავლის წელი ეწერა და არც ჩამოსხმის თარიღი), "თბილღვინო" (2009 წ.).

როგორც ყოველთვის, კლუბმა გასასინჯი ნიმუშები ამჯერადაც სარეალიზაციო ქსელში შეიძინა, რათა დაედგინა, როგორი ხარისხით აწვდიან კომპანიები მომხმარებელს თავიანთ პროდუქციას. სიმართლე ითქვას, კლუბის წევრებიც და სტუმრებიც საკმაოდ მძიმე შედეგებს ელოდნენ, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფალსიფიკატორებმა "ხვანჭკარას" რეპუტაცია ძალიან შეარყიეს. დეგუსტაციამ აჩვენა, რომ ვითარება გაუმჯობესებულია და "ხვანჭკარა" ძველ დიდებას იბრუნებს.

თუმცა, "ხვანჭკარას" პრობლემები ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ღვინის გურმანები განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ ჯიშური სიწმინდის დარღვევას, როცა ამ ღვინისთვის აუცილებელი ყურძნის ჯიშების - ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის ნაცვლად კუპაჟში დამატებით შერეულია დიდი რაოდენობით საფერავი, ძელშავი, კაბერნე, მერლო... ზოგჯერ კი ალექსანდრეული და მუჯურეთული საერთოდ არ არის და "ხვანჭკარა" მხოლოდ საფერავით არის დამზადებული. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა მომხმარებლის მოტყუება. დეგუსტაციაზე ასეთი ნიმუშებიც შეგხვდა, მაგრამ მათი დასახელებისაგან ამჯერად თავს ვიკავებთ, რაკი ფალსიფიკაცია ლაბორატორიულად არ არის დამტკიცებული. კარგი იქნება, ამ პრობლემას მეტი ყურადღება მიაქციოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიამ, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ხარისხს აკონტროლებს. დროა, კომისიამ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ჯიშური სიწმინდე ლაბორატორიულადაც შეამოწმოს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული ვაზის წითელი ჯიშების იდენტიფიკაციის ახალი მეთოდი, რომელიც ცდომილებას პრაქტიკულად გამორიცხავს.

"ძალიან კარგი საფერავია", "ეს საუკეთესო ქინძმარაულია", "მუკუზანს უფრო ჰგავს", - ასეთი რეპლიკებით ჩაიარა დეგუსტაციამ რესტორან "კალიფსოში". მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ღვინოები ხარისხიანი იყო, ჯიშური სიწმინდის დარღვევის გამო, შეფასებისას მათ ქულები დააკლდა. ნიმუშები, კვლავ ოცბალიანი სისტემით შეფასდა. წარმოგიდგენთ დეგუსტაციის შედეგად გამოვლენილ ხუთ საუკეთესო "ხვანჭკარას":  

 

  1. "ბადაგონი" - "ხვანჭკარა" (2008 წ.) – 18,52 ქულა;
  2. "თელიანი ველი" - "ხვანჭკარა" (2008 წ.) – 16,89 ქულა;
  3. თელავის მარანი" - "ხვანჭკარა" (2008 წ.) - 16,29 ქულა;
  4. "ჯი ვი ესი - თამადა" - "ხვანჭკარა" (ჩამოისხა 2008 წ.) - 15,21 ქულა;   
  5. "ბუგეული" - "ხვანჭკარა" (2007 წ.) - 14,98 ქულა.

 

კიდევ ერთი პრობლემა, რაც დეგუსტაციისას გამოიკვეთა, ხარისხისა და ფასის არალოგიკური შეხამებაა. მსგავსი პრობლემები სხვა დასახელების ღვინოების დეგუსტაციის დროსაც არაერთხელ გამოიკვეთა და "ღვინის კლუბმა" კომპანიებს ამის შესახებ რამდენჯერმე მიუთითა კიდეც. ამჯერად, დეგუსტაციისთვის შერჩეული "ხვანჭკარების" საბაზრო ფასი 20-26 ლარის ფარგლებში მერყეობდა, თუ არ ჩავთვლით "თელიანი ველის" 31-ლარიან და Gold Niad-ის59-ლარიანღვინოებს. თუკი "თელიანი ველის" "ხვანჭკარას" ოდნავ მაღალი ფასი მის ხარისხს შეესაბამება, იგივეს ვერ ვიტყვით Gold Niad-ის პროდუქტზე. მაღალი ფასიდან გამომდინარე, მომხმარებელი მისგან განსაკუთრებულ გემოს ელის. რეალურად კი, ეს ღვინო საშუალო საფასო სეგმენტის ღვინოებისგან არ განსხვავდება. დეგუსტაციაზე მან მე-10 ადგილი დაიკავა.

"ხვანჭკარისთვის" და ზოგადად რაჭული მევენახეობა-მეღვინეობისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა ამ რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიებით გამართული ღვინის საწარმოების არარსებობა, ასევე - მეტისმეტად კუსტარული მცირე და საშუალო მარნები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ორიოდე ღვინის საწარმოს ვითარების შეცვლა არ ძალუძს. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ გამარჯვებულ ხუთეულში მხოლოდ ერთ კომპანიას აქვს საწარმო რაჭის რეგიონში - "ბუგეულს". დეგუსტაციაზე წარმოდგენილი კიდევ ერთი რაჭული კომპანიის - შპს "რაჭული ღვინის" "ხვანჭკარამ" მე-11 ადგილი დაიკავა. სხვა კომპანიები რაჭაში ან ყურძენს ყიდულობენ ან იქაურ საწარმოებში დაწურული დურდო მოაქვთ და დაღვინების პროცესს სხვა რეგიონებში არსებულ თავიანთ საწარმოებში აგრძელებენ.

"სანამ ყურძნისა და დურდოს აქეთ-იქით ტარება არ მორჩება და რაჭაში მოწესრიგებული მცირე მარნები და ტექნოლოგიურად გამართული საწარმოები არ იქნება, ამაზე მაღალი ხარისხის "ხვანჭკარას" ჩვენ ვერ დავლევთ. ერთი პერიოდი კანონით უნდოდათ, აეკრძალათ "ხვანჭკარას" ჩამოსხმა რაჭის ფარგლებს გარეთ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ასეთი კანონი ამ ეტაპზე არ იმუშავებდა. მიზეზი მარტივია - არც ერთ მეტ-ნაკლებად ცნობილ ღვინის კომპანიას რაჭაში საწარმო არა აქვს", - ამბობს ენოლოგი დავით მაისურაძე.

ბოლო დროს ბევრი რამ გაკეთდა ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასაცავად. სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისია მკაცრად აკონტროლებს ასეთი ღვინოების ხარისხს, რაც ამ დეგუსტაციამაც აჩვენა. ევროკავშირთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ "ხვანჭკარას", "ქინძმარაულს", "ტვიშსა" და სხვა ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებს ბულგარეთის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებში ვეღარ ჩამოასხამენ. ამ დროს საქართველოს კანონმდებლობით ჯერ კიდევ ნებადართულია "ხვანჭკარას" ჩამოსხმა ამ მიკროზონის ფარგლებს გარეთ – სენაკში, ჩხოროწყუში, დედოფლისწყაროში, თელავში და ყველგან, სადაც ქართული ღვინის კომპანიები ამას ინებებენ.

საინტერესოა კიდევ ერთი პრობლემა: მომხმარებელშიAარსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ "ხვანჭკარა" მხოლოდ სოფელ ხვანჭკარაში და მიმდებარე ორ-სამ სოფელში დაკრეფილი ყურძნისგან უნდა მზადდებოდეს. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. „საქპატენტის" რეგლამენტაციით, "ხვანჭკარა" ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან. მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში "ხვანჭკარას" ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში - ალპანასა და ორბელში.  

 სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს რეგლამენტი მოძველებულია და ასახავს საბჭოთა მეღვინეობის ინტერესებს, როცა ღვინის ხარისხზე უფრო მნიშვნელოვანი იყო რაოდენობა. შესაბამისად ხელოვნურად გაზარდეს იმ სოფლების რიცხვი, სადაც "ხვანჭკარისთვის" ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის დაკრეფა იყო ნებადართული. ამავე დროს, სპეციალისტებს ისიც კარგად ესმით, რომ ამ რეგლამენტის შეცვლაზე ფიქრი ისევე ნაადრევია, როგორც "ხვანჭკარას" რაჭის ფარგლებს გარეთ წარმოების აკრძალვაზე.

დავით მაისურაძე, ენოლოგი:"დღევანდელმა დეგუსტაციამ აჩვენა, რომ მეღვინეობა ვითარდება და ვხედავთ, რომ არის წინგადადგმული ნაბიჯები. თუმცა, ტიპურობით მხოლოდ ორი "ხვანჭკარა" გამოვარჩიე - "თელიანი ველისა" და "ჯი ვი ესის". დანარჩენებს მეტ-ნაკლებად აქვს არატიპიური ჯიშური არომატები. ძველად "ხვანჭკარა" ალექსანდრეულის (49%) და მუჯურეთულის (49%) გარდა ორი პროცენტით მესამე ჯიშს – შავ კაბისტონს შეიცავდა. ახლა კი კანონი კომპანიებს ავალდებულებს მარტო ორი ჯიშის – ალექსანდრეულისა და მუჯურეთულის გამოყენებას. "ხვანჭკარაში" სხვა ჯიშების შერევა ან მისი დამზადება მთლიანად საფერავისგან, როგორც ეს დღეს ზოგეირთ ნიმუშში აღმოვაჩინეთ, კანონის უხეში დარღვევაა. იმისათვის, რომ არსებული პრობლემები გამოსწორდეს და მომხმარებელმა უმაღლესი ხარისხის "ხვანჭკარა" მიიღოს, აუცილებელია, რაჭაში განვითარდეს მცირე მარნები, დაიხვეწოს არსებული საწარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ამაღლდეს მეღვინეთა კვალიფიკაცია. მცირე მარნების ხელშეწყობა რეგიონში მიგრაციასაც შეამცირებს. ამავე დროს, რაჭაშიც და მთლიანად საქართველოში მეღვინეობის მთავარი პრობლემა არის მოუვლელი ვენახები. საწარმოებში შეიმჩნევა ტექნიკური გადაიარაღებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი, მაგრამ ამას კვალში ვერ მიჰყვება მევენახეობა. ხშირად გლეხების ვენახებში შერეულია უცხო ჯიშები, რაც შემდეგ ღვინოში იჩენს თავს არატიპური გემოს სახით. ზოგადად, ქვეყანაში ხარისხიანი ყურძნის დეფიციტია, განსაკუთრებით კი - იმ ყურძნისა, რისგანაც "ხვანჭკარა" და მსგავსი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები მზადდება".

თემურ გონჯილაშვილი, ენოლოგი, "ქინძმარაულს მარნის" მთავარი ტექნოლოგი:"დღევანდელ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა დაავადება. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი "ხვანჭკარა" ხარისხიანი ღვინოებია, მაგრამ არსებული ნიმუშების უმეტესობა არატიპურია. ჩემი აზრით, მხოლოდ სამი ღვინო იყო ნამდვილი "ხვანჭკარა" - "ბადაგონის", "ჯი ვი ესისა" და "თელიანი ველის". სხვა ნიმუშები დიდწილად კარგია, მაგრამ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ დაკუპაჟებულია სხვა ყურძნისგან დამზადებულ ღვინოებთან. ამიტომ არატიპურობის გამო მათ ნაკლები ქულები დავუწერე. სამომავლოდ "ხვანჭკარა" კიდევ უფრო უკეთესი ღვინო რომ გახდეს, მეც მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ რაჭაში ხელი უნდა შეუწყოს მცირე მარნების განვითარებას. მევენახე გლეხებს შეიძლება გამოეყოს უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი კრედიტები, ან ისარგებლონ სპეციალური სახელმწიფო პროგრამებით".

გასულ წელს "ახალი ღვინის ფესტივალზე" "ღვინის კლუბის" შერჩევით რაჭის მცირე მარნებიდან ორი საუკეთესო "ხვანჭკარა" იყო წარმოდგენილი. მხცოვან რაჭველ მევენახეებს – კოწია რატიანს და რუბენ ტყეშელაშვილს სპეციალისტებიც იცნობენ და მათ ღვაწლს აფასებენ. თუმცა, ორი ადამიანი რაჭაში ვითარების შეცვლას ვერ შეძლებს. ასეთ ინიციატივიან მევენახეებს მეტი მხარდაჭერა და სტიმული სჭირდება. "ხვანჭკარას" მომავალი დიდწილად სწორედ მათზეა დამოკიდებული.   

© ღვინის კლუბი/Weekend



ძალიან მიხარია, რომ თელიანი ველის ხვანჭკარა დამსახურებულად მოხვდა ხუთელუში და საპატიო ადგილიც დაიკავვა :) ხშირად ვათვალიერებ თქვენს გვერდს და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიუკერძოებლობისა და სამართლიანი შეფასებებისათვის.


ჩვენც მადლობლები ვართ, როდესაც სწორად გესმით და აფასებთ ჩვენს საქმიანობას.


ღვინის კლუბი მართლაც დიდ საქმეს აკეთებს. თურმე 13 კომპანიიდან ნამდვილ ხვანჭკარას მხოლოდ 3 კომპანია ამზადებს!აკი ფალსიფიცირებული ღვინოები საქართველოში აღარ გვხვდებაო? მაგრამ ხომ გაგიგიათ, არ გათეთრდების ყორანი... მოდი და გაამტყუნე ამის შემდეგ ავადსახსენებელი ონიშჩენკო. ხომ არ აჯობებს დეგუსტაციებზე მოიწვიოთ სახელმწიფოს წარმომადგენელი (ვთქვათ, სტუმრის სტატუსით), რომ თავისი თვალით ნახოს დეგუსტაციის შედეგები და მერე მაინც მიიღონ საჭირო ღონისძიებები? ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფალსიფიცირებულმა ღვინოებმა არ გააღწიონ საზღვარგარეთ. მომავალში მომხმარებელთა დაცვის მიზნით ალბათ უფრო მეტი პირუთვნელობაა საჭირო, თუნდაც ღვინის კლუბის მხრიდანაც. ერთის მხრივ, ფალსიფიკატორებს გასაქანი არ უნდა მიეცეს, მეორეს მხრივ პატიოსანი კომპანიები უნდა წახალისდნენ და კიდევ უფრო უნდა წარმოჩინდნენ.


"ბადაგონს" ვულოცავ მორიგ და დამსახურებულ წარმატებას! როგორც ამბობენ და მიჩნეულია, პირველ რიგში, ღვინომ წარმატებას და პოპულარობას სწორედ საქართველოში უნდა მიაღწიოს, რომ მერე ჰქონდეს საფუძველი სახელის მოხვეჭისთვის საზღვრებს გარეთ. ბადაგონში, რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრს მუშაობენ ამისათვის და ამაზე ახალგაზრდა კომპანიისთვის მინიჭებული ბევრი ჯილდოც მეტყველებს. ეს ერთი და სხვა მრავალი! :)))


ნუ ვიქნებით კატეგორიულები. მე მგონი მთლად ასე არ ყოფილა აღნიშნული, რომ მხოლოდ 3 კომპანიას აქვს ხვანჭკარა და დანარჩენი ფალსიფიცირებულია.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული