Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი სამანიშვილი - თუ ოდნავ გავზრდით ღვინის მოხმარებას, ჭარბი ყურძენი საქართველოში არ გვექნება

მევენახეები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უკმაყოფილებას გამოხატავენ 2015 წლის მოსავლის ყურძენზე არსებული ფასების გამო. ამის გამო მათ 7 სექტემბერს სიღნაღის რ-ნის სოფ. ვაქირში მათ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფასების რეგულირება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ღვინის საინფორმაციო ცენტრი ესაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი სამანიშვილს.

 

მევენახეები უკმაყოფილონი არიან სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, არ ჩაერიოს ფასების რეგულირებაში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

დიახ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა ფასების საკითხში ჩაურევლობა. სწორედ ამიტომ გაიყო სახელმწიფო სუბსიდია და კომპანიების მიერ დაწესებული თანხა. სუბსიდიას სახელმწიფო აძლევს პირდაპირ გლეხს. დანარჩენზე ყურძნის მყიდველი და გამყიდველი თავად შეთანხმდებიან - ფასზე, ხარისხზე და გადახდის პირობებზე. მხოლოდ მათ იციან, რა ხარისხის ყურძენში რა ფასია მისაღები.  ზოგადად, ბაზარმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა ღირდეს ყურძენი. გამომდინარე იქიდან, შემდეგ რა უნდა ღირდეს ღვინო. აქ ხელოვნური ჩარევა მხოლოდ აზარალებს საქმეს. 

სახელწიფოს აქვს ასეთი მიდგომა - ყურძნის ფასი მის თვითღირებულებაზე დაბალი არ იქნება, ყურძნის მწარმოებელი არ უნდა დაზარალდეს. ამისთვის არის სუბსიდია და სახელმწიფოს მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ყურძნის ჩაბარება. როცა ვამბობთ, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, ჩაიბაროს ჭარბი ყურძენი, ეს იქნება საბაზრო ფასიდან გამომდინარე, საბაზრო ფასზე ოდნავ ნაკლები.

თუ შენარჩუნდება ის ფასი, რაც კომპანიებმა დააფიქსირეს, ეს იქნება თვითღირებულებაზე, დაახლოებით, ორჯერ მეტი. თუმცა ეჭვი მეპარება ეს ფასი შენარჩუნდეს. მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია. 

როგორც ვიცით, სახელმწიფოს განზრახული აქვს მის საკუთრებაში მყოფი კომპანია გრუზვინპრომის გაყიდვა. ასეთ შემთხვევაში როგორ ჩაიბარებს სახელმწიფო ჭარბ ყურძენს?

სახელმწიფოს საკუთრებაში ორი კომპანიაა - გრუზვინპრომი და აკურა. თუ გრუზვინპრომი გაიყიდება, საჭიროების შემთხვევაში, ჭარბ ყურძენს ჩაიბარებს აკურა. თუმცა, დიდი ალბათობით, რთვლის დასრულებამდე სახელმწიფო გრუზვინპრომს არ გაყიდის.  

სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ღვინის მარანი ყურძენს თავად არ გადაამუშავებს, არამედ ის ქირაობს სხვა კომპანიებს. შარშან 26 მარანთან გვქონდა ხელშეკრულება დადებული და ამ საწარმოებში პარალელურად მუშავდებოდა სახელმწიფოს მიერ შესყიდული ყურძენი. 

რა რეკომენდაციას მისცემდით მევენახეებს, ვინც უკმაყოფილოა ყურძნის ამჟამინდელი ფასით?

ვისაც კარგი ყურძენი აქვს, ის უფრო შეძლებს გაყიდვას. ვისაც საშუალო ხარისხის ყურძენი აქვს და ვერ ახერხებს რეალიზაციას, შეუძლია ბაზარში გაყიდოს, კერძო პირებს მიჰყიდოს, სახლში დაწუროს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მევენახე დაუბრუნდეს ღვინის სახლში დაყენების ტრადიციას და საკუთარ ქვევრებს, რომლებიც მიტოვებულია. ყურძენზე არსებული მაღალი ფასის გამო მევენახე სახლში ყურძენს არ იტოვებდა, უმეტესად ყურძნად აბარებდა. ანუ, თუ ისინი დაუბრუნდებიან სახლში მეწარმეობას, ეს წაადგება როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ღვინოს. მევენახესაც უფრო კარგი შემოსავალი ექნება. 

რამდენად რეალურია, რომ საქართველოში არსებული ყურძნის რესურსები ადგილზევე მოიხმარებოდეს, ადგილობრივების, ასევე, უცხოელი ტურისტების მიერ? ხომ არ არსებობს ამაზე რაიმე კვლევა?

ეს, დაახლოებით, დაანგარიშებული გვაქვს. საქართველოდან ექსპორტზე 70 % წითელი და 30 % თეთრი ღვინო გადის. ბოლო დროს წითლების ხვედრითმა წილმა ექსპორტზე მოიმატა მას შემდეგ, რაც ჩინეთში გაყიდვების რიცხვი გაიზარდა. 

დაახლოებით, ასეთი სურათი გვაქვს ექსპორტზე - ¾ წითელი და ¼ თეთრი. ის წითელი ყურძენი, რაც საქართველოში იწარმოება, სულ მცირედით აღემატება დღეს ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას. წითელ ყურძნენზე, თითქმის, არ უნდა იყოს ჭარბი წარმოება. რაც შეეხება, თეთრ ღვინოს, ის საკმაოდ დიდი რაოდენობით იწარმოება, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენი წარმოებული ღვინის 2/3-ს ჩვენვე მოვიხმართ. 

ბოლო 3 წელია, რაც თეთრი ყურძენი ჭარბი გახდა. 2012 წელს სახელმწიფომ თეთრ ყურძენზე 1 ლარი დააწესა. ანუ, ფასი ხელოვნურად გაიზარდა, რის შემდეგაც ხალხმა მოსავალი გააორმაგა, ხშირად, ხარისხის ხარჯზეც. ხარისხიანი და უხარისხო ყურძენი ერთ ფასად ბარდებოდა. კომპანიებიც - უნდოდათ, თუ არა - იხდიდნენ ამ მაღალ ფასს. ფასი ხელოვნურად რომ არ ყოფილიყო გაზრდილი, ამ ყურძნის ნაწილი სახლში დაიწურებოდა, ნაწილი - გადანაწილდებოდა საქართველოს მასშტაბით - თბილისში, გორში, ზუგდიდში, ზესტაფონში და ა.შ.  რომ არა ბოლო წლებში მთლიანად სახელმწიფოს მიერ ჩაბარებული ყურძენი, არასდროს თეთრი ყურძენი პრობლემა არ გამხდარა.  

ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყურძნის არსებული რესურსები მოთხოვნას მნიშვნელოვნად ჭარბობს?

ჩვენ გვჭირდება ის ყურძენი, რაც გვაქვს. თუ ოდნავ გავზრდით ღვინის მოხმარებას, ჭარბი ყურძენი საქართველოში არ გვექნება. პერსპექტივაში, ჩვენი ვენახი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. შემცირებაზე არ არის საუბარი. ჩვენ რეალური პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ შევიქმენით პრობლემა სუბსიდიებით და უხეში ჩარევით ბაზარზე.

წელს ცოტა რთული იქნება იმის გადალახვა, რომ მოლოდინი მაღალ ფასზეა, რეალურ ფასთან შეგუება კი ყველას უჭირს. ნელ-ნელა ესეც თავისით დალაგდება. ძალიან მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ჩვენი დარგი ზედმეტ ჩარევას არ საჭიროებს.

ესაუბრა ქეთო ნინიძე

06.09.2015

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული