Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"წინანდლისგან" მეტს ველით და მოვითხოვთ

"ღვინის კლუბმა" საუკეთესო "წინანდლები" გამოავლინა

ალეკო ცქიტიშვილი

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო "წინანდალი" დღესდღეობით ყველაზე პოპულარული თეთრი მშრალი ქართული ღვინოა როგორც სამამულო ბაზარზე, ისე უცხოეთში. თეთრი ღვინოებიდან ექსპორტზე კომპანიებს ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ "წინანდალი" გააქვთ. პოპულარობის მიუხედავად, ამ ღვინოს პრობლემები აქვს, რაც 18 ივნისს ღვინის კლუბის მორიგ დეგუსტაციაზეც გამოიკვეთა.

"წინანდლების" დეგუსტაციას რესტორანმა "დაინინგ რუმმა" უმასპინძლა. რესტორნის მაცივარში წინა დღით ჩაციებული "წინანდალი" ზაფხულის სიცხეში სასიამოვნო დასალევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 16 ნიმუშიდან ასეთი მხოლოდ 4-5 ღვინო აღმოჩნდა. სხვა ღვინოებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ დატოვა. დეგუსტაციის რამდენიმე მონაწილე ზოგიერთი ნიმუშის უცნაურმა მწარე გემომ შეაწუხა. ეს გემო ზოგმა ციტრუსის, უფრო კი – ცედრის მომწარო არომატებს დაუკავშირა, ზოგმა კი მას "ფარმაცევტული სიმწარე" უწოდა და ზედმეტი ჩარევით ახსნა.

"საქპატენტის" რეგლამენტით, "წინანდალი" ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე მწვანე კახურის ყურძნის გამოყენება. ღვინო "წინანდლის" მიკროზონა მოიცავს თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეთი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი.

"წინანდალი" ევროპული ტიპის ღვინოა და კომპანიები მას ძირითადად ცისტერნებში აყენებენ. საბჭოთა პერიოდში აუცილებელი იყო მუხის კასრებში დავარგებაც. მართალია, ორი ათეული წელია, ეს აუცილებლობა აღარ არსებობს, მაგრამ მუხის ტონები "წინანდლის" ზოგიერთ ნიმუშში ისევ გვხვდება, რაც ან მუხის ე.წ. ჩიპსებს ან ღვინის მუხის კასრში დავარგებას უნდა მივაწეროთ. ზოგიერთი ნიმუშისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიმწარე, შესაძლოა, მუხის მეტისმეტი ზეგავლენის ბრალიც იყოს.

ღვინის კლუბის წევრის, ენოლოგ გიორგი სამანიშვილის თქმით, საბჭოთა პერიოდში "წინანდალს" სრულიად სხვა ხასიათი ჰქონდა - გამოირჩეოდა მომატებული სიმჟავით და დაჟანგვის ტონებით, რაც მას ინერციით 2005 წლამდე მოჰყვა. ღვინის მრეწველობაში უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, 2005 წლიდან ბაზარზე სრულიად სხვა ხასიათის "წინანდლები" გამოჩნდა, რაც თავდაპირველად ატიპურად ითვლებოდა და მეღვინეთა ძველ თაობას არ მოსწონდა. დღესდღეობით ძველი სტილის "წინანდალი" ბაზარზე იშვიათად გვხდება და ახლა უკვე ასეთი ღვინოები ითვლება სტილიდან გადახვევად. თუმცა, გიორგი სამანიშვილის აზრით, "წინანდლის" სტილი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და ამ თემაზე ენოლოგთა წრეებში ბოლო დროს ხშირად საუბრობენ.   

ღვინის კლუბის დეგუსტაციაში 16 "წინანდალი" მონაწილეობდა: 1) "ჯი ვი ესი" – "თამადა, წინანდალი", (2005 წ.); 2) "ტიფლისის მარანი" - "წინანდალი" (2005 წ.); 3) "ბადაგონი" - "წინანდალი" (2008 წ); 4) "მილდიანი" - "წინანდალი" (2005 წ.); 5) "თბილღვინო" - "წინანდალი" (2009 წ); 6) "თბილღვინო" "წინანდალი – სპეციალური რეზერვი" (2007 წ.); 7) "კახური" - "წინანდალი" (2007 წ.); 8) "თელიანი ველი" - "წინანდალი" (2008 წ); 9) "შუმი" - "წინანდალი" (2007 წ.); 10) "თელავის მარანი" - "წინანდალი" (2008 წ.); 11) "თბილღვინო" - "წინანდალი -სპეციალური რეზერვი" (2008 წ.); 12) "ქინძმარაულის მარანი" - "წინანდალი" (2005 წ.); 13) "კონჭო და კომპანია" "წინანდალი" (2003 წ.); 14) "შუხმანის ღვინოები" - "წინანდალი" (2007 წ.); 15) "თელიანი ველი" "წინანდალი – მუხაში დავარგებული" (2008 წ.); 16) "ბესინი" - "წინანდალი" (2006 წ.);

როგორც ხედავთ, სადეგუსტაციო ნიმუშების დიდი ნაწილი დავარგებული ღვინოებია – საშუალოდ 4-5 წლის ასაკის. მხოლოდ ერთი ნიმუში იყო ყველაზე ახალი - 2009 წლის მოსავლის "წინანდალი". მიუხედავად ამისა, დეგუსტაციაში მონაწილეთა აზრით, დავარგებულ და შედარებით ახალ - 2008-2009 წლის ღვინოებს შორის განსხვავება არ იგრძნობოდა. გასათვალისწინებელია, რომ ადგილწარმოშობის ღვინოების ჩამოსხმა, ქართული კანონმდებლობით, მოსავლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ არის ნებადართული, რის გამოც 2010 წლის "წინანდალს" ღვინის მაღაზიებში ჯერ ვერ ნახავთ. ქართულ ბაზარზე ძალიან იშვიათია 7-8 წლის დაძველების ღვინოები. ამიტომ ყველა ინტერესით ელოდა, როგორი იქნებოდა და რა პოზიციას დაიკავებდა ქულების დაჯამებისას "კონჭო და კომპანიის" 2003 წლის მოსავლის "წინანდალი".

დეგუსტაცია ოცბალიანი შკალით (3 – ფერი, 7 - სურნელი, 10 - გემო) ფარულად ჩატარდა, ცხადდებოდა მხოლოდ მოსავლის წლები, რათა კლუბის წევრებს გაეთვალისწინებინათ ახალი და დავარგებული ღვინოებისთვის დამახასიათებელი თვისებები. "კონჭო და კომპანიის" 2003 წლის მოსავლის "წინანდალმა" მე-10 ადგილი დაიკავა. საუკეთესო ხუთეულში უფრო მეტად ახალი ღვინოები მოხვდნენ, თუ არ ჩავთვლით, "ჯი ვი ესის" "თამადა – წინანდალს", რომელმაც დეგუსტაციის მონაწილეთა საერთო შეფასებით, ყველაზე მეტად გამოავლინა ინდივიდუალური ხასიათი. ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა "ბესინის" ხუთწლიანი დაძველების "წინანდალმა".

ღვინის კლუბის პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას თქმით, რესტორანმა "დაინინგ რუმმა" ღვინოებს ყველა პირობა შეუქმნა, რომ ზაფხულის სიცხეში არ გამთბარიყო: "მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშები დეგუსტაციაზე ცივად მოვიდა, საერთო შთაბეჭდილება დამაკმაყოფილებელი არ არის. ეს ღვინოები რომ ჩაციებული არ გაგვესინჯა, უარესი შედეგი იქნებოდა. "წინანდალს" ქართული ღვინის ფლაგმანად მიიჩნევენ და ასეთად შეიძლება მართლა იქცეს, თუკი კომპანიები მის ხარისხს სერიოზულ ყურადღებას მიაქცევენ. დღეს კი ასეთი მხოლოდ 4-5 ნიმუში გავსინჯეთ 16-დან. რამდენიმე დაავადებული ნიმუშიც შეგვხვდა, დანარჩენები თითქოს სტანდარტს შეესაბამებოდა, მაგრამ "წინანდლისგან" მეტს ველით და მეტს მოვითხოვთ. ზოგადად, "წინანდალი" ნაზი ღვინოა, მევენახისა და მეღვინის პროფესიონალიზმის გარდა, მის ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს შენახვის პირობები - როგორც თავად კომპანიების საწყობებში, ისე მაღაზიებში. როგორც ჩანს, "წინანდალი" დღეს არც თუ ისე კარგ პირობებში ინახება. ამიტომ მომხმარებელმა ეტიკეტზე ყურადღება უნდა მიაქციოს არა იმდენად მოსავლის წელს, არამედ ჩამოსხმის თარიღს (რომელიც კონტრეტიკეტზე აწერია, წვრილი შრიფტით). 2009 წელზე ადრე ჩამოსხმული "წინანდლის" შეძენა, ჩემი აზრით, სარისკოა. ეს სამწუხარო რეალობაა".

ღვინის კლუბის წევრის, თეა მელანაშვილის თქმით, "საფერავიც" ისეთივე პოპულარულია, როგორც "წინანდალი", მაგრამ "საფერავის" ხარისხი ბევრად მაღალ დონეზეა: "ეს განპირობებულია ვაზის ჯიშის - საფერავის ძლიერი მხარეებით. ძალიან უნდა "მოინდომო", რომ საფერავისგანც უხარისხო ღვინო დააყენო. "წინანდალი" კი ნაზი ღვინოა და მეღვინის დახმარება სჭირდება. როგორც ჩანს, მწარმოებლები ცოტა ზერელედ უყურებენ მის მომავალს – რაკი პოპულარული ღვინოა და იყიდება, ხარისხზე მუშაობას საჭიროდ აღარ თვლიან, რაც დიდი შეცდომაა".

"ჩემი აზრით, "წინანდალს" დღეს ყველაზე მეტი პრობლემა აქვს ქართულ ღვინოებს შორის. ეს ამ დეგუსტაციამაც აჩვენა", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა დეგუსტაციის შედეგების შეჯამებისას, - "ამ თემაზე სპეციალისტებსაც გვქონდა საუბარი და ვთქვით, რომ რაღაც არის მოსაფიქრებელი. გასათვალისწინებელია, რომ "წინანდლის" სტილისტიკა ბევრჯერ შეიცვალა და ახლაც არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული მისი სახე. მე-20 საუკუნის შუახანებში იგი იყო მუხაში დავარგებული ღვინო. ამ დროს ცალკე წითელი "წინანდალიც" კი არსებობდა, რომელსაც საფერავისგან აყენებდნენ. ახლა მეღვინეთა ნაწილი მუხის კასრებს იყენებს ამ დასახელების ღვინის დასავარგებლად, ნაწილს კი მიაჩნია, რომ უმჯობესია, თუკი მას მსუბუქი სახით მიაწვდის მომხმარებელს. ერთი მიდგომაც გამართლებულია და მეორეც, მაგრამ მომხმარებელი იბნევა, როცა ხედავს, რომ სტილისტურად ეს ღვინოები ერთმანეთს აღარ შეესაბამება. უმჯობესი იქნებოდა, "წინანდალს" ჰქონდეს თავის სტილი, რაც მას სხვა ღვინოებისგან გამოარჩევდა".

გიორგი სამანიშვილის თქმით, "წინანდალზე" რაკი დიდი მოთხოვნაა, კომპანიები ხარისხს მაღალ დონეზე ვეღარ იცავენ, რადგან ზოგადად, ქვეყანაში ხარისხიანი თეთრი ყურძნის დეფიციტია. ესა თუ ის პროდუქტი როცა კარგად იყიდება, მსგავსი პრობლემა ხშირად ჩნდება - ხარისხი ეცემა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს კომპანია "ჯაყელების ღვინოების" დამფუძნებელი, ღვინის კლუბის წევრი, მალხაზ ჯაყელი: "ხარისხიანი თეთრი ყურძნის დეფიციტი ქართულ მეღვინეობაში შესაძლოა, მართლაც იყოს, მაგრამ არ მესმის, "წინანდლის“ პრობლემები ამას რატომ უნდა დავუკავშიროთ? მე ვფიქრობ, ეს პრობლემები ყურძენს კი არა, იმ ტექნოლოგიებს უკავშირდება, რასაც კომპანიები იყენებენ. დეგუსტაციაზე გამოიკვეთა, რომ ყველა "წინანდალი" ერთფეროვანია. მე მარტო ერთი ღვინო გამოვარჩიე - "ჯი ვი ესის" "წინანდალი", რომელმაც თავი ინდივიდუალური ხასიათით დამამახსოვრა. უმეტესობას გადამეტებულად ჰქონდა არაბუნებრივი სიმწარე, რამაც გამიჩინა ეჭვი, რომ "წინანდლის" წარმოებაში შესაძლოა, იყენებდნენ ლიმონმჟავას. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან გარდა იმისა, რომ ლიმონმჟავა არაყურძნისეული დანამატია, ამავე დროს კარცეროგენულიცაა. მე პირადად სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ღვინისადმი და არ მომწონს ეს ქარხნული მიდგომები. ისიც გასაკვირია, ყველა კომპანია რომ მარტო დაბალ საფასო სეგმენტზე მუშაობს და საშუალო და მაღალფასიანი "წინანდალი" არ არსებობს. თუ ეს ღვინო ქართული მეღვინეობის ფლაგმანია, მარტო მასობრივი მოხმარების სეგმენტზე რატომ უნდა იყოს გათვლილი?!"

დაბოლოს, მიუხედავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებისა, ღვინის კლუბის დეგუსტაციამ ბაზარზე არსებული "წინანდლებიდან" საუკეთესოები მაინც გამოავლინა. წარმოგიდგენთ "შესანიშნავ შვიდეულს", მიღებული ქულების მიხედვით:

1)     "ბადაგონი" "წინანდალი" (2008 წ) - 16,23 ქულა;

2)     "ჯი ვი ესი – "თამადა, წინანდალი", (2005 წ.) – 15,77 ქულა;

3)     "ბესინი" - "წინანდალი" (2006 წ.) – 15,04 ქულა;

4)     "თელიანი ველი" - "წინანდალი" (2008 წ) – 14,96 ქულა;

5)     "თელავის მარანი" - "წინადალი" (2008 წ.) – 14,77 ქულა;

6)     "თელიანი ველი" "წინანდალი – მუხაში დავარგებული" (2008 წ.) – 14,58 ქულა;

7)     "ქინძმარაულის მარანი" - "წინანდალი" (2005 წ.) – 14,5 ქულა;

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული