ნუკრი ქურდაძე
ამ დღეებში ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ავტორი გვამცნობს სასიხარულო ამბავს; ქართულმა ღვინო „ბადაგონმა“ (წინანდალი, 2011წ) აიღო ვერცხლის მედალი პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე "Южная Россия 2013". ერთი შეხედვით თითქოს უნდა გაგიხარდეს ეს ახალი ამბავი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ერთი შეხედვით. რა მაქვს მხედველობაში: უპირველეს ყოვლისა ის, რომ „ბადაგონი - წინანდალი“ იმსახურებს უფრო მეტ და მაღალი ხარისხის ჯილდოს, ვიდრე ის ღვინის ბრენდები, რომლების წარდგენილნი იყვნენ იმავე კონკურსზე და უამრავი ოქრო, ვერცხლი და გრან პრი მოიპოვეს. თვით ამ კონკურსის ხარისხის თემაც განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს.
რა იგულისხმება სიტყვა „საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში“?- ალბათ ის, რომ ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ რუსეთის, მოლდოვას და უკრაინის ღვინოები. რუსეთში სულ რამოდენიმე კონკურსია, სადაც საფრანგეთის, იტალიის ესპანეთის და სხვა ქვეყნების ღვინის ბრენდები იღებენ მონაწილეობას და ისიც არც თუ დიდი ენთუზიაზმით. თვით მოსკოვის Prodexpo-ც კი, რომელიც ითვლება ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსად, ბოლო წლებში ნაკლებად აქტუალურია. რაც შეეხება კრასნოდარის, სოჭის და ა.შ. მსგავს კონკურსებს - მათი ერთადერთი დანიშნულება და ღირსება არის რუსული ღვინის პროპაგანდა.
მიუხედავად ყველა სხვა პირობისა, ნებისმიერი ღვინის კონკურსის „პრესტიჟულ“ ხასიათს განსაზღვრავს პირველ რიგში წარდგენილი ნიმუშების ხარისხის დონე. ეს კონკურსი რომ მართლაც პრესტიჟული ყოფილიყო, ქართველი მეღვინეები ნამდვილად ვერ დაასწრებდნენ ფრანგ, ესპანელ და სხვა ქვეყნის მწარმოებლებს.
აპრილის დასაწყისში, მოსკოვში ორგანიზება გავუკეთეთ ქართული ღვინის პროფესიონალურ დეგუსტაციას. ამ თემას „მარანში“ საკმაოდ ვრცელი პუბლიკაციაც დაეთმო. იმ საღამოს მოხდა ერთი, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც არ შევიტანე ხსენებულ ნაშრომში. არ ვიცი რის გამო, შეიძლება ქვეცნობიერმა მიკარნახა, რომ მისი ადგილი სხვა სტატიაში უფრო იყო. დეგუსტაციის დროს იგორ სერდიუკმა „შემოაგდო“ ინტრიგა - წარმოგვიდგინა ორი ნიმუში სადეგუსტაციო ტომრებით შეფუთული, რომ არ გაგვეგო მათი ვინაობა და „ბრმად“ შეგვეფასებინა მათი ხარისხი.
პირველი ნიმუში შევაფასეთ როგორც საერთაშორისო კლასის ღვინო, საშუალოზე მაღალი კლასით. ეს ღვინო აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკული პრემიუმ კლასის “La motte – Shiraz”, ერთსულოვნად იქნა დასმული დიაგნოზი - ეს ღვინო ენოლოგიურად საგრძნობლად ჩამორჩებოდა წარმოდგენილ ქართულ ნიმუშებიდან ბოლო 3-ს („ჯაყელი“, „ნიკოლაიშვილი“ და „სატრაპეზო“). მისი ფასი „ვინოტეკა“-ს თაროზე- 3500რუბლი (დაახლოებით 115$).
მეორე ნიმუშის შეფასება: გაურკვეველი სითხე, უხარისხო ღვინო,ზოგიერთს ეჭვიც შეეპარა საერთოდ ღვინოს თუ სინჯავდა. ქართულ ღვინოებთან მისი შედარება აზრად არავის მოსვლია. როდესაც ბოთლს მოვაცილეთ საფარი, დარბაზში რამოდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა. ეს იყო კრასნოდარის მეღვინეობის ფლაგმანი -„ Фанагория «Cru Lermont Saperavi». მისი ფასი „ვინოტეკა“-ს თაროზე- 800რუბლი (დაახლოებით 26$). ინტერნეტ მაღაზიაში – 550რუბლი (17$). უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა, როდესაც ამ ღვინის მწარმოებელი აღმოვაჩინე ხსენებული კონკურსის შემაჯამებელ ოფიციალურ რელიზში:"Саперави Фанагории. Номерной резерв" - ოქრო; "Каберне-Саперави Фанагории" - ვერცხლი; "Винодельня Гостагай. Саперави"- ოქრო; "Резерв Ркацители" (цимлянские вина) - ოქრო; Крестьянское фермерское хозяйство Гусев Д.Э. "Ркацители“ - ვერცხლი. და: БАДАГОНИ ООО „Цинандали белое сухое“ - ვერცხლი.
ემბარგოს დაწესებამდე ქართული ღვინო კონკურირებდა საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და ა.შ. წამყვანი ქვეყნების ღვინოებთან. მე ვგულისხმობ ნამდვილი, ხარისხიანი ქართული ღვინის ბრენდებს. რაც შეეხება რუსეთის, მოლდოვას და უკრაინის ღვინოებს-მათთან შეხების წერტილები ქონდა მარტო დაბალ საფასო სეგმენტში, და ისიც გაყალბებული „ქართული ღვინის“ სახით. ბაზრის ლიდერი ქართული ღვინის ბრენდები „თამადა“, ”ძველი თბილისი“, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინი“, „ასკანელები“ და ა.შ., მონაწილეობას იღებდნენ Prodexpo-ს კონკურსზე და როგორც წესი, წარმატებას აღწევდნენ უამრავი ოქრო, ვერცხლის და გრან პრის სახით.
ამავე წერილში მოყვანილია რუსეთის მევენახეობა - მეღვინეობის კავშირის პრეზიდენტის ლეონიდ პოპოვიჩის სიტყვები, რომელსაც ორიგინალში გთავაზობთ: "Если давать оценку по тем пяти видам грузинских вин, которые были представлены на дегустационном конкурсе, то ничего выдающегося грузинские коллеги не показали. Нормальное вино. Поэтому из пяти образцов только один получил медаль"
ეს ბოდვა კომენტარის ღირსიც არ არის.მოვიშველიებ მხოლოდ ავტორიტეტული კვლევის დასკვნას: „რუსული ღვინის 25% იწარმოება ადგილობრივი ყურძნის ბაზაზე, 25% უცხოეთიდან შემოტანილ ღვინის მასალით და დანარჩენი 50%(!) გაურკვეველი წარმოშობის სითხით“ (წყარო: “International Wine and Spirit Research”.ალკოჰოლის ინდუსტრიისა და მოხმარების საერთაშორისო კვლევის ცენტრი, რომელიც 45 წლის მანძილზე 135 ქვეყანაში მუშაობს. მის დასკვნებს ითვალისწინებენ დასავლეთის მსხვილი მწარმოებლები).
ამ ღვინის კატეგორიას რუსეთში ძირითადად დაბალი სოციალური ფენის, და ღვინის არ მცოდნე მომხმარებლის ღვინოს უწოდებენ. თავად განსაჯეთ- რუსული ღვინის სეგმენტში მოცულობით ლიდერობენ შემდეგი ბრენდები: “Исповедьгрешницы”, „Южное танго”, “Арбатское” და ა.შ. რუსული ღვინის წილი წყნარი ღვინოების სეგმენტში, ექსპორტირებულ ღვინოებთან შედარებით 2005წლიდან 2012წლამდე, 68,9% დან 53,6% მდე შემცირდა, ხოლო მოხმარების მოცულობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 10%-ითდაეცა, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან. მართალია, გამოჩნდა ბაზარზე პრემიუმ კლასის რუსული ღვინოები, მაგრამ მათი წილი საკმაოდ მცირეა, თან საინტერესოა შემდეგი- მათი უმეტესობა შექმნილია ფრანგული ან ქართული ყურძნის ჯიშების ბაზაზე., რაც ბოთლის ეტიკეტზე როგორც წესი, მსხვილი შრიფტით არის აღნიშნული.
გულწრფელად თანავუგრძნობ "ბადაგონ"-სამ გაუგებრობაში მოხვედრის გამო და ვთვლი, რომ ეს მწარმოებელი არის ერთ-ერთი ნოვატორი ქართულ მერვინეობაში, რომელიც აწარმოებს მაღალი საერთაშორისო კლასისი ღვინოს. „ბადაგონი“-ს პოტენციური მომხმარებელი რუსეთში ალბათ იქნება საშუალო და მაღალი ფენის განათლებული აუდიტორია, რომელთა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის თუ რა ღვინის კონკურსი ტარდება კრასნოდარში და არც აინტერესებს რომელმა ღვინომ აიღო იქ ოქრო, ვერცხლი თუ მთავარი პრიზი. დარწმუნებული ვარ, რუსეთშიც,არც თუ ისე ბევრი მომხმარებელი გაიგებს ამ „დიდი წარმატების“ ამბავს. თუ რა თქმა უნდა, ბატონი პოპოვიჩის სიტყვები მედიაში არ გაჟღერდა. ამ შემთხვევაში კი არა მარტო „ბადაგონი“-ს ბრენდი, არამედ მთლიანად ქართული ღვინის კატეგორიამაც შეიძლება იზარალოს.
დღეს ქართულ ღვინოს ისე, როგორც არასდროს, შანსი აქვს დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი რუსეთის ღვინის ბაზრის პრემიუმ სეგმენტში. სამწუხარო და ტრაგიკულიც იქნება, თუ მწარმოებლები ამ შანსს ხელიდან გაუშვებენ. არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ საქართველოს იმ ოფიციალურ სტრუქტურებს, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ბაზრის მიმართულებით. სამწუხაროდ, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების მარკეტინგ-სტრატეგია, თუნდაც მონახაზის დონეზეც კი,ფართო საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია, და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მსგავსი „დიდი გამარჯვებები“ ქართულ ღვინოს ჯერ კიდევ წინ ელოდება. ღმერთმა ნუ ქნას ეს ეჭვები გამართლდეს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი