Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სახელმწიფოს მიერ შემოწმებული ჩამოსასხმელი ღვინიდან ფალსიფიცირებული მხოლოდ 17 % აღმოჩნდა

ფოტო: ქეთევან ადეიშვილი

მევენახეების აზრით, ოჯახური მეღვინეობების განვითარებას საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ხელს უშლის ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული ღვინის სიჭარბე. 

საქართველოში ჩამოსასხმელი ღვინის ხარისხის მონიტორინგი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში შედის. ორგანიზაციის დებულების მეორე მუხლში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს უფლებამოსილება და ფუნქციაა სურსათისა და საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა, აგრეთვე, მისი სხვადასხვა ასპექტით კონტროლირება. 

ყურძნის ღვინისათვის დადგენილი სტანდარტები რომელთა საფუძველზეც დღეს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ეწევა ყურძნის ღვინის ხარისხის მონიტორინგს, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 3 იანვრის # 3 დადგენილებით შეიმუშავა. ოფიციალური დოკუმენტის სახელწოდებაა „ტექნიკური რეგლამენტი - ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესების შესახებ“. 

დოკუმენტში განსაზღვრულია ყურძნის ღვინოში სპირტშემცველობის, შაქრიანობისა და მჟავიანობის დასაშვები ზღვრები, აქროლადი მჟავიანობის, გოგირდოვანი და სპილენძის მასის საერთო კონცენტრაციის, ტოქსიური ელემენტების შემცველობის და სხვადასხვა ფიზიკო-ქიმიური ნორმები. 

რეგლამენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ  „ყურძნის ღვინოები უნდა იყოს უზადო, მდგრადი, მიკრობიოლოგიურად ჯანსაღი, უნალექო, მექანიკური მინარევების გარეშე, ყურძნის ჯიშითა და წარმოების ტექნოლოგიით განპირობებული ფერითა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით.“ 

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის მართვის მექანიზმები გაამკაცრა და კონტროლის მასშტაბები გააფართოვა. 

საინტერესოა, რა შედეგები აქვს დღეისათვის სააგენტოს ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა 14 სექტემბერს, ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა, დღესდღეობით საქართველოში ფალსიფიკაციაზე რამდენადმე გაზვიადებული წარმოდგენა არსებობს, თითქოს, კვების ნებისმიერ ობიექტში ჩამოსასხმელი ღვინო ფალსიფიცირებულია.  

სსიპ სურსათის სეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, რომელიც მან ღვინის საინფორმაციო ცენტრს 2015 წლის 11 სექტემბერს მიაწოდა, 2015 წლის აინვარი-აგვისტოს თვეებში სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა მიერ სათანადო წესით ამოიღეს და ლაბორატორიულად გამოიკვლიეს ალკოჰოლური სასმელების 329 ნიმუში. 

ზემოხსენებული სტანდარტების მიმართ შეუსაბამობა გამოვლინდა მხოლოდ 56 შემთხვევაში.

აქედან

-    39 შემთხვევაში აიკრძალა ღვინის რეალიზაცია;

-    18 შემთხვევაში ბიზნესოპერატორს დაევალა ბაზრიდან ღვინის გამოთხოვა; 

-    14 საქმე გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. 

როგორც ვხედავთ, დღესდღეობით, სახელმწიფოს ოფიციალური მონახემებით, საქართველოში კვებით ობიექტებსა და სარეალიზაციო წერტილებში წარმოდგენილ ჩამოსასხმელ ღვინოებში ფალსიფიცირებულის წილი 17 %-ს არ აღემატება. 

ფალსიფიცირებული ღვინისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება ყოველთვის იყო და იქნება საზოგადოებრივი დაინტერესების საგანი. ამიტომ ფალსიფიკაციის კვლევის მეთოდებს და ექსპერტულ მოსაზრებებს ჩვენს სხვა პუბლიკაციებში შემოგთავაზებთ. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

 



აქ ნიმუშების 17 პროცენტზეა საუბარი და არა მოცულობის! 329 ნიმუშიდან 59, ანუ ნიმუშების 17 პროცენტი რაც ფალსიფიცირებული ღვინო აღმოჩნდა, შეიძლება წარმოებული ღვინის მთლიანი მოცულობის 71-ზე პროცენტი იყოს! ნიმუშების დაბალ პროცენტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარი გაყალბებული ღვინის მოცულობაა მთლიან წარმოებულ ღვინოსთან შეფარდებაში. გამოიკვლიონ (თუ ჯერ ეს არ იციან) ან გაგვიმხილონ (თუ იციან და არ ამხელენ) რა მოცულობას წარმოადგენდა ეს 59 ნიმუში და მერე ვისაუბროთ ფალსიფიცირებულ ღვინოსთან ბრძოლის მეთოდებზე.


მთავარი მართლაც რომ გაყალბებული ღვინის მოცულობაა მთლიან წარმოებულ ღვინოსთან შეფარდებაში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მაინტერესებს - ფალსიფიკაციის 17% რა მოცემულობასთან შედარებით არის ისეთი ცოტა რომ „მხოლოდ 17%“-ს ვწერთ თითქოს სასიხარულოა რამე ამ ციფრში. შეიძლება მართლაც ცოტაა, მაგრამ მაინც რას ვადარებთ სხვა ქვეყნებში ფალსიფიკაციის მაჩვენებელს? ჩვენი წინა წლისას/წლებისას თუ რას?


ფალსიფიკაცია დღეს ქართული მეღვინეობის ნომერი პირველი პრობლემაა!!!


დავუშვათ რომ ნიმუშები იყო ისე შერჩეული რომ მისი შედეგები გარკვეული ცდომილების დაშვებით (კარგი სტატისტიკური ანალიზის დროს 2-3%) პირდაპირ გადატანადი იყოს მთლიანად საქართველოში წარმოებულ ღვინოზე. მაშინ შედეგი 17% ჩემი აზრით სავალალოა. ყველაზე ბევრი 5 %ზე რომ იყოს ლაპარაკი კიდევ მესმის. აქ სტიყვა "მხოლოდ" ნამდვილად არ უნდა გამოიყენოს კრიტიკუალდ მოაზროვნე ჟურნალისტმა.


თუ წინა წლებში უარესი შედეგი იყო და ეს 17% უნდა გვიხაროდეს მაშინ შეიძლება დაიწეროს რომ მიმართულება სწორია და პრობლემა მაინც რჩება.


რაც შეეხება, ჩემი კრიტიკულად აზროვნების ხარისხს)) გეტყვით, რომ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს ძალიან ბევრ წარმომადგენელთან გვისაუბრია ამ საკითხებზე და ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის წილის გაცილებით მაღალი მაჩვენებლის მოლოდინი იყო მათ შორის. სტატია, მოგეხსენებათ, ანალიტიკური არ არის, შესაბამისად, კარგია თუ ცუდი ეს მაჩვენებელი, სხვა დროს ვისაუბროთ. სხვა მხრივ ძალიან მიხარია, რომ ამ თემებზე მსჯელობთ;)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.