Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველო ნატურალური ღვინის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა” - ინტერვიუ ბრიტანელ მოგზაურ ტომ უილიამსთან

ესაუბრა ელენე ცინცაძე

ტომი და მეგსი მოგზაურები არიან, თანდათან მათი ჰობი საქმიანობად იქცა, შექმნეს თავიანთ ვებ.გვერდი Food Fun Travel, სადაც ყველა ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებას მკითხველს უზიარებენ. 2018 წელს საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტეს, აქვე დაქორწინდენ კიდეც, ცოტა ხნის წინ Food & Wine ტურ. კომპანიაც გახსნეს საქართველოში. ტომი ღვინის ენთუზიასტი და მოყვარულია, ამ წლების განმავლობაში უკვე 200-ზე მეტ ღვინის მარანს ესტუმრა. ჩვენს ინტერვიუში ტომი მისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების, ღვინისა და ქართული კულინარიის შესახებ გვიამბობს.

როდის დაიწყეთ მოგზაურობა და როდიდან გახდა ის თქვენი საქმიანობა?

- ინგლისი 2008 წელს დავტოვე, საკრუიზო გემებზე ვმუშაობდი მთელი მსოფლიოს გარშემო. შემდეგ ავსტრალიაში ვიყავი 2013 წლამდე, სანამ სრულად ციფრულ რეჟიმზე არ გადავედი და მომაბარე არ გავხდი. საერთო ჯამში, მე და ჩემი მეუღლე 95-ზე მეტ ქვეყანას ვესტუმრეთ ერთად. 2014 წელს გადავწყვიტეთ კულინარიულ ტურიზმზე გაგვეკეთებინა აქცენტი, Food & Wine მოგზაურობები ჩვენი საქმიანობა გახდა. შემდეგ უკვე ქვეყნებს მხოლოდ იმიტომ ვსტუმრობდით, რომ მათი გასტრონომია, ღვინის ისტორია და კულტურა გაგვეცნო, საბოლოოდ კი მათ შესახებ დაგვეწერა.

- პირველად როდის და როგორ მოხვდით საქართველოში? მოგვიყვევით თქვენი საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ აქ დარჩენა?

- ბევრი ჩვენი მეგობარი მოგზაური გვირჩევდა, რომ საქართველო სწორედ ის ადგილი იყო, სადაც კულინარია და ღვინის კულტურა განსაკუთრებით მოგვხიბლავდა. შემდეგ ჩვენც მცირე კვლევა ჩავატარეთ და მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო იყო პირველი, უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა დედამიწაზე, ვიფიქრეთ, რომ შესანიშნავი იქნებოდა იქ ჩასვლა და მასზე დაწერა. 

2016 წლის ზაფხულში პირველად ვესტუმრეთ საქართველოს, მაშინ ჩვენი მისია ქართული სამზარეულოს “დოკუმენტირება” იყო. პირველ 6 კვირაში მოვახერხეთ და 40 სხვადასხვა კერძი გადავიღეთ. ღვინის სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, მაშინვე ვთქვით, რომ უკან აუცილებლად დავბრუნდებოდით. ეს დღე იმაზე ადრე დადგა, ვიდრე ჩვენ წარმოდგვედგინა. საქართველოში 2018 წელს კიდევ ერთხელ ჩამოვედით, აქცენტი მეტად გავაკეთეთ ღვინოზე და აქვე დავქორწინდით კიდეც. 

კულინარია და ღვინის ტურიზმი საქართველოში უფრო და უფრო იკაფავდა გზას და 2019 წელს, როდესაც ვბჭობდით სად დავფუძნებულიყავით, სწორედ საქართველოში გადავწყვიტეთ დარჩენა. 2019 წლის პირველ ნახევარში ჩამოვედით და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. ჩამოსვლისთანავე გავაგრძელე ქართული ღვინისა და ღვინის საწარმოების უფრო დეტალური დაკვირვება, შესწავლა და დღემდე ძალიან ბევრ მარანს ვსტუმრობ.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად საქართველოში?

- ღვინო, ცხადია! ვფიქრობ, საქართველოში რთულია ასე რაიმე კონკრეტულის გამორჩევა, თუმცა ღვინო სიაში ნამდვილად ერთ-ერთი პირველია. ძალიან მიყვარს ქართული სტუმართმოყვარეობა და სუფრის კულტურა, რომელიც ყველას, ვინც იქაა, ერთმანეთთან აკავშირებს. იქ ღვინითა და კერძებით ზეიმობენ სიცოცხლეს, სიყვარულს და იმ არსს, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. სუფრის ერთობა და, ვიტყოდი, ძალა, სამწუხაროდ, აღარ არის, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ინდივიდუალიზმი და არა ერთობა ნორმად იქცა. ძალიან მომწონს, რომ ქართველები დღესაც ასე უკავშირდებიან ერთმანეთს, განსაკუთრებით კი სტუმრებს. 

- როგორც ვიცი, თქვენ ღვინის მცოდნე ხართ, ტომ, რას ფიქრობთ ქართულ ღვინოზე და რომელია თქვენი ფავორიტი ღვინო, ღვინის სტილი/კატეგორია?

- მიუხედავად იმისა,რომ ღვინის ყველა კატეგორიასა და სახეობას ვაფასებ, საქართველოში ქვევრის ღვინოების შესწავლამდე საუკეთესი ღვინოდ წითელი მიმაჩნდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში გადმოვედი, ჩემი პირველი არჩევანი ტიპური ქარვისფერი ღვინო გახდა. ძნელია ასე კონკრეტული ღვინის არჩევა, უფრო მეტად კი საწარმოს ან მარნის გამორჩევა გამიჭირდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიმოგზაურე, თუმცა ვიტყოდი, რომ კახური ტანინიანი ღვინოები ძალიან მომწონს. წარაფი კი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტილია. რეგიონებიდან ღვინოების ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ აქაურობა ნატურალური ღვინის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ამდენი ტერუარისა და ენდემური ვაზის ჯიშების დაგემოვნება ფაქტობრივად ყველგან, სადაც წახვალ, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია. კიდევ უფრო ამაღელვებელია ხოლმე ისეთი ღვინოების გასინჯვა, რომლებიც ძალიან ცოტა რაოდენობითაა და იშვიათი ყურძნისგანაა დაწურული. ზოგადად, მგონია, რომ ახლა ქართული ღვინო რენესანსის დასაწყისშია, ყოველთვიურად უფრო მეტი მწარმოებელი ჩნდება, ყველას ვერ ვსტუმრობ, სამწუხაროდ! რაც მთავარია,  ღვინის დაყენებასთან ერთად უბრალო ტრადიციებით, თაობებს გადაცემული ცნოდნით ტექნიკური ცოდნისა და ქვევრის ტექნოლოგიის მეცნიერული ოსტატობით გააზრება ხდება. ეს ქართული ღვინოების ხარისხს ძალიან სწრაფად ზრდის და 2016 წლიდან დღემდე განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. 

- რას გვეტყვით ქართულ კვების კულტურასა და გასტრონომიაზე? კერძებსა და ტრადიციებზე რას ფიქრობთ?

- ქართული სამზარეულო ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებს აერთიანებს -გულიანად მომზადებული კერძები, თითქოს, გაზიარებისთვის და გამასპინძლებისთვისაა შექმნილი. საქართველოს ნაყოფიერი ბუნება იმასაც ნიშნავს, რომ ახალ, ცინცხალ პროდუქტებზე კეთდება აქცენტი, ეს კი საოცარ არომატს ანიჭებს ნებისმიერ კერძს. ამას დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მასობრივი წარმოების ინგრედიენტების გამო ვერ ნახავთ. საუკეთესო კულინარიული გამოცდილება სახლებში, ოჯახებთან სტუმრობისას მიიღება და მეც სწორედ ამას ვცდილობ. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი შეფ-მზარეულები არიან, რომლებიც ძალიან გემრიელ, კლასიკური კერძების თანამედროვე ვერსიებს ქმნიან, სახლში ვახშმობა მაინც ყველაზე კარგია. ეს კი ისევ სუფრასთან გვაბრუნებს. ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მოგზაურობისთვის, არის ტურისტული მენიუს მიღმა ქართული სამზარეულოს შესწავლა. თბილისში ძალიან ბევრი ტურისტული რესტორანია, რომლებიც ფოკუსირებულია ყველაზე ტიპურ კერძებზე, ხინკალზე, ხაჭაპურსა და მწვადზე. მე ყველა ეს კერძი ძალიან მიყვარს, თუმცა სტუმარმა შეიძლება იფიქროს, რომ ქართული სამზარეულო პურით, ყველით, ქართული სალათითა და “გრილზე” შემწვარი ხორცით შემოიფარგლება. ამ დროს კი ადგილობრივი კულინარია ნამდვილად გაცილებით მრავალფეროვანია - მე ჯერ კიდევ ახალ-ახალი კერძების აღმოჩენის პროცესში ვარ. არ გამოგრჩეთ ღანძილი, წიწილა იმერულად მაყვლის სოუსში, მეგრული ხარჩო, შემწვარი კომბოსტო ბაჟეში და ხბოს ჩაშუშული, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის.

- როგორც ვიცი, ქართული ღვინის სომელიეობასაც აპირებთ, 200-ზე მეტ მარანს ესტუმრეთ კიდეც, რა არის გამორჩეული და საინტერესო თქვენთვის ქართულ მარნებში?

- ღვინის მრავლფეროვნება. რაც შეეხება წარმოებას, არა მხოლოდ ყველა ღვინის საწარმოს შეუძლია განსხვავებული ღვინის შექმნა, არამედ რთველიც კი ყველა მარანში განსხვავებულია. მასობრივი წარმოების ღვინოების შემთხვევაში ხშირად ცდილობენ რთველებს შორის თანმიმდევრულობის შენარჩუნებას, თუმცა ბუნებრივი მეთოდი, რომლის გამოც ღვინო ყოველწლიურად გამოხატავს საკუთარ თავს, საშუალებას გვაძლევს ღვინის უსასრულო მრავალფეროვნება აღმოვაჩნოთ. სწორედ ღვინის უსაზღვრო განსხვავებულობა ხდის მას მომხიბვლელსა და გამორჩეულს. ღვინის გლობალურ ბაზარზე ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო მისი სტანდარტიზაციის მცდელობაში. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება გარკვეული დოზით აუცილებელია, ქართული ბაზრის დიდი ნაწილი ბუნებას აძლევს მისი მართვის საშუალებას ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი თავად გააკონკტროლონ. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ქვეყანაზე, სადაც ბუნებრივი მეღვინეობა ტენდენციად იქცა. აქ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბუნებრივი ღვინის კულტურა 8000 წელზე მეტია გრძელდება. თქვენ არა მხოლოდ ღვინოს აგემოვნებთ, არამედ ყოველი ჭიქის დაჭაშნიკებისას ეცნობით ერის საუკუნეების გამოვლილ სულსა და გულს. ყველა ქართული ღვინო, თითქოს საქართველოს ცოცხალი ისტორიის ნაწილია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული