Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საკუთრების სულ სხვა სახე, საკუთარი ღვინო - ლაშა გურულის ბლოგი

საკუთრების განცდა ინდივიდუალურია, საკუთრების მასშტაბიც. სიღრმეებში ვერ შეჰყვები, ისეთი ამოუწურავი და ფართო საკითხია. ამიტომ, აქედანვე ერთზე ვკონცენტრირდები, ერთზე და ჩემეულზე. იმაზე რაც, სხვანაირად ჩემია, რომლის შექმნაც მე მიკავშირდება და მომავალსაც მასთან ერთად წარმოვიდგენ.

ყველაფერი სწრაფად მოხდა. იმ წელს, როცა ჩემი უფროსი ვაჟი დემეტრე დაიბადა, დაიბადა ღვინო „ენკენიც“. სახელზე დიდხანს არ მიფიქრია, ვისაც გავუზიარე, თითქმის არავის არ მოსწონდა, მაინც ესე დავარქვი. პირველი დამოუკიდებლად დაყენებული ქვევრის ციცქა ახლაც ცოცხლად მახსოვს. ყველა ეტაპი მახსოვს იმ ღვინის დაყენების, ყველა საფეხური. ის, თუ ქვევრს 3 დღე როგორ ვრეცხავდი, როგორ მოვიტანე სარცხი ზესტაფონის ბაზრიდან, ჩემსავე ეზოში თაგვისარა როგორ შევაგროვე. კირი და ნაცარი სარეცხ საშუალებებად როგორ მოვიმარაგე, მათი წყალში შეზავების დოზებს რეცხვისას როგორ ვადგენდი. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, პირველ საკუთარ ღვინოს ვაყენებდი, შეცდომა და ფიასკო გამორიცხული იყო. მაშინ, ღია მარანი გვქონდა, ალიზით უნდა დამელუქა ქვევრი. ხელის ურიკით სამი კილომეტრით დაშორებული ადგილიდან ორი ტომრით აყალო მიწა ჩამოვიტანე. ცაცხვის ახალი სარქვლები ახლობელმა რომ დამიმზადა, იმათი ცეცხლის ალზე გამოწვის პროცესიც კი ნათლად მახსოვს. გაამართლა იმ ღვინომ. ციცქა 2015 იყო, 10% ჭაჭა-კლერტზე. რამდენიმე დეგუსტაციაზე და გამოფენაზე მასახელა. ის ღვინო იყო, პირველად რომ ახალი ღვინის ფესტივალზე, მთაწმინდაზე, მოხვდა. იქიდან გაგრძელდა ყველაფერი. იმ ღვინოსთან ერთად ვიზრდებოდი და ვიზრდები.

 დღემდე დაახლოებით ხუთი პროფესია გამოვიცვალე, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სულ სხვა სფეროში ვარ დასაქმებული, ნაცნობ-მეგობრები როგორც მეღვინეს აღმიქვამენ. მოკითხვისას აუცილებლად შემეკითხებიან, „ენკენის“ საქმეები როგორ მიდის. რომ ვფიქრობ, მეც ხომ ეს მინდოდა, მე ვქმნიდი ბრენდს, პირველივე ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოსთან ერთად. მეღვინის პრეტენზია მე არ მაქვს, რადგანაც არც პროფესიონალი, არც სერტიფიცირებული მეღვინე არ ვარ. მხოლოდ ღვინის მწარმოებელი ვარ და ღვინოს წინა თაობების მიერ დადგენილი მეთოდებით ვამზადებ, ოღონდ თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს აუცილებლად ვითვალისწინებ. მაგალითად, იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჰიგიენა მარანში.

ჩემი ღვინის ყველა წარმატება, გულის სიმებს არხევს, ემოციურად ისევე მოქმედებს, როგორც ჩემი პირადი წარმატება. ღვინის შესახებ ნებისმიერი კრიტიკული შენიშვნა  შეუძლებელია გულისტკივილის გარეშე გავატარო, მიუხედავად იმისა რომ, ვიცი ჯანსაღი კრიტიკა ამ სფეროში აუცილებელია და ხშირად სასარგებლოც აღმოჩენილა.

ვხედავ, შექმნის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ღვინის მიმართ როგორ რადიკალურად შეიცვალა „ენკენის“, ღვინის მოხმარების, ღვინის როლის მიმართ ჩვენს ცხოვრებაში. რაც უფრო მეტად ვეცნობი ამ სფეროს, მით უფრო მეტად ვხვდები, თუ რამდენად ვრცელი და უკიდეგანოა. იმის ნაცვლად, რომ ამ სივრცეში დავიკარგო, პირიქით, სიამოვნებით ვფიქრობ იმაზე, ჯერ კიდევ წინ რამდენი დრო მაქვს - ამ სივრცის სიღრმეების შესაცნობად და ასათვისებლად. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბუნებრივ მეღვინეობას მივდევ, მსოფლმხედველობრივად არ ვარ რადიკალურად გამიჯნული სხვა მიმართულებებისაგან, რაც თუნდაც ინდუსტრიული ხაზის მაღალი ხარისხის ღვინოებს უკავშირდება და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ამ კუთხითაც ავიმაღლო კვალიფიკაცია. მინდა ამ სითხეს არა მხოლოდ აღქმისა და ემოციის დონეზე, არამედ ენოქიმიურადაც კარგად ვიცნობდე.

 სახელთან ერთად, ეტიკეტზე ფიქრსაც დიდი დრო დასჭირდა. მხოლოდ მეხუთე წელს მივეცი სრულყოფილი სახე, რომლის ინსპირაციაც ფიროსმანის ცნობილი ტილო  „ქალი კოკით“ გახდა - ტილო, რომელზეც კოკებით წყაროდან მომავალი ქალია ქალ-ვაჟთან ერთადაა გამოსახული.  ეს ფოტო ჩემი დიდი ბებიის, ბაბილინა კობახიძის სახეს მოვარგე, ორი ობლით, ბაბუაჩემითა და მისი დით. მათ, ამ შემადგენლობით,  პარასკევობით ჩხარის ბაზრობაზე ხშირად ხედავდნენ, ალექსანდროულის ღვინით სავსე ზუსტად ასეთივე თიხის ჩარექებით ხელში.

 დღეს ალექსანდროული აღარ გვაქვს. სამაგიეროდ ციცქა „ენკენის“ ღვინის სავიზიტო ბარათია. ციცქა, რომელიც სულ იქნება მარნის ასორტიმენტში. ყოფილა დღეები, როცა მარნიდან გასულს, შემთხვევითობის პრინციპით წამომივლია ხელი თაროზე წამოწოლილი ბოთლებიდან ერთ-ერთისთვის და ესე, ბოთლით ხელში გავსულვარ ქუჩაში. წინასწარ რომ არ ვიცი, თუ ვის შეხვდება ეს ღვინო. როგორც წესი, პირველივე შემხვედრი ნაცნობის საკუთრება ხდება ხოლმე. ესეც სხვა განცდაა, საჩუქრის გაცემა რომ მეტად გაბედნიერებს, ვიდრე მიღება, აი იმ გრძნობის მსგავსი. საკუთარი ღვინის ჩუქების განცდა, საჩუქრის მიმღებისგან გაცემული სიხარულისა და საკუთარი შემოქმედების სხვისთვის გაზიარების განცდების სინთეზი, საკუთრების განცდის სულ სხვა სახე, საკუთარი ღვინო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული