საინტერესოა, რა მოქმედებს ღვინის მოხმარებაზე ისე, რომ მთელს მსოფლიოში ძალიან ხშირად და ხანდახან მკვეთრადაც იცვლება მისი ყიდვა-გაყიდვის მაჩვენებლები.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ ისევ ლიდერობს ამ თვალსაზრისით. ღვინის მოხმარება შეერთებულ შტატებში 2022 წელს კოვიდამდელ დონეს დაუბრუნდა, 2021 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 34 მილიონ ჰექტოლიტრს (3,4 მლრდ ლიტრს) მიაღწია. ღვინის მსოფლიო მოხმარება 2022 წელს 1%-ით შემცირდა და 232 მლნ. ჰექტოლიტრს გაუტოლდა: “უკრაინის ომთან დაკავშირებულმა ენერგიის მაღალმა ხარჯებმა, ისევე, როგორც გლობალური ჯაჭვის შეფერხებამ გამოიწვია ღვინის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მომხმარებლებისთვის. ღვინის წარმოებაც 1%-ით შემცირდა გასულ წელს და 258 მლნ. ჰექტოლიტრი შეადგინა. მე-4 წელია, რაც 20-წლიან საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.” - ნათქვამია OIV-ის მოხსენებაში.
ღვინის გლობალურმა ექსპორტმა გასულ წელს რეკორდულ 37,6 მლრდ ევროს მიაღწია, რაც 9%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. საფრანგეთმა ექსპორტის ერთი მესამედი შეადგინა ღირებულების თვალსაზრისით, და საზღვარგარეთ 12,3 მლრდ. ევროს ღირებულების ღვინო გაიტანა.
ტოპ 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ღვინოს მოიხმარს:
აშშ: 34 მლნ. ჰექტოლიტრი. 2,8%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით
საფრანგეთი: 25,3 მლნ. ჰექტოლიტრი. (1,5%-ით მეტი)
იტალია: 23 მლნ. ჰექტოლიტრი. (5%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წელს)
გერმანია: 19,5 მლნ. ჰექტოლიტრი (კლება 2,5%-ით)
დიდი ბრიტანეთი: 12,8 მლნ. ჰექტოლიტრი (2,2%-იანი კლევა)
რუსეთი: 10,8 მლნ. ჰექტოლიტრი (3,3% ზრდა)
ესპანეთი: 10,3 მლნ. ჰექტოლიტრი (0,1% კლება)
ჩინეთი: 8,8 მლნ. ჰექტოლიტრი (კლება 16%-ით)
არგენტინა: 8,3 მლნ. ჰექტოლიტრი (1,3%-იანი კლება)
პორტუგალია: 6 მლნ. ჰექტოლიგრი (14,3%-ით მეტი)
ზემოთ მოყვანილი მონაცემებით ჩანს, რომ აშშ ღვინის მთლიანი მოხმარების 15%-ს შეადგენს. საფრანგეთი იტალიის წინ აღმოჩნდა, პორტუგალია ათეულში ავსტრალიის ხარჯზეა, სადაც მოხმარება შემცირდა და სიაში მე-11 ადგილი დაიკავა.
ერთ სულ მოსახლეზე დაყრდნობით ლიდერთა სია საკმაოდ განსხვავებულად გამოიყურება. პორტუგალია სიაში საფრანგეთსა და იტალიას წინ უსწრებს, მეოთხე ადგილას კი შვეიცარიაა. შეერთებულ შტატებში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება 12,6 ლიტრს შეადგენს. აშშ-სთან ერთად დიდი ბრიტანეთიც არ შედის ათეულში და 23,2 ლიტრით მე-11 ადგილს იკავებს.
პორტუგალია : 67,5 ლიტრი ერთ სულ მოსახლეზე
საფრანგეთი : 47,4 ლიტრი
იტალია : 44,4 ლიტრი
შვეიცარია : 35,5 ლიტრი
ავსტრია : 30,8 ლიტრი
გერმანია : 27 ლიტრი
ავსტრალია : 26,1 ლიტრი
ჩეხეთი: 25,3 ლიტრი
ესპანეთი : 25,3 ლიტრი
ნიდერლანდები : 24,5 ლიტრი
არგენტინა : 23,8 ლიტრი
როგორც Decanter-ში ვკითხულობთ, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა. 2022 წლის დეკემბრისთვის საფრანგეთში განგაში ატეხეს ღვინის მოხმარების მკვეთრი შემცირების გამო განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში: “60 წლის განმავლობაში საფრანგეთის ღვინის მოხმარება 70%-ით შემცირდა” - აცხადებენ Vin & Société და CNIV-დან ( Le Comité National des Interprofessions des Vins à appellation d'origine et à indication geographique ), რომლებმაც მოუწოდეს შესაბამის უწყებებს უფრო დიდი ძალისხმევის ჩადებისკენ, რათა ღვინის მოხმარება თავის ადგილას დაბრუნებულიყო . 2021 წელს “ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის” მიერ გაზიარებულმა დიაგრამამ აჩვენა, თუ როგორ შემცირდა ღვინის მოხმარება ოთხ დიდ ღვინის მწარმოებელ ქვეყანაში.
ეს სქემა არის „ღვინის გლობალური ბაზრების ყოველწლიური მონაცემთა ბაზიდან“, რომელიც ადელაიდის უნივერსიტეტის ღვინის ეკონომიკის კვლევით ცენტრში პროფესორი კიმ ანდერსონისა და ეკონომიკური ისტორიის პროფესორის ვისენტე პინილას მიერ, ეიჯ ჰოლმსის დახმარებითაა შექმნილი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი