Home
ქართული | English
აგვისტო 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

მულტიმედია

კომენტარები

პანდემია ქართული ღვინის ტურიზმის წინააღმდეგ

გამოსავალი ღვინის შიდა ტურიზმის განვითარებაა

ლევან სეფისკვერაძე

პანდემიის შემდეგ უცხოელი ტურისტების საქართველოში შემოსვლა ფაქტობრივად შეჩერდა. ეკონომისტები უკვე ანგარიშობენ ამ მდგომარეობამ ტურიზმისა და კონკრეტულად ღვინის სექტორი რამდენად დააზარალა. არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე, გაჩნდა მოსაზრება, რომ ახლა ის დროა, როდესაც ე.წ. შიდა ტურიზმით შეიძლება მოხერხდეს ღვინის ტურიზმის გადარჩენა. რამდენად რეალურია ეს, ამ საკითხზე მეღვინეებისა და ტურიზმის ექსპერტების გარდა მეღვინეებიც გამოვკითხეთ.

ჩვენ ასევე გვაინტერესებდა კონკრეტული მარნებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმი და პანდემიის შემდეგ თუ გეგმავენ ამ კუთხით რაიმე სიახლის შეთავაზებას ღვინის მოყვარულებისთვის.

ამას გარდა, დავინტერესდით რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ღვინის შიდა ტურიზმი პანდემიის შემდეგ. პანდემიის შემდეგაც უნდა განვავითაროთ ეს სეგმენტი თუ კვლავ უცხოელ ვიზიტორებზე გაკეთდეს აქცენტი?...

ნატურალური ღვინის მაღაზია-ბარ “ჯი.ვინოს“ დამფუძნებელი მამუკა მაისურაძე მემარნეებს ურჩევს, რომ ეცადონ ფრთხილად, მაგრამ მაინც მოახდინონ გაყიდვების დივერსიფიცირება. სხვადასხვა არხი მოძებნონ. მხოლოდ ისე, რომ არ დაზარალდნენ არაკეთილსინდისიერი გადამხდელებისგან.

მამუკა მაისურაძე, ღვინის ბარ ჯი-ვინოს მფლობელი: “პანდემიამდე ჯი.ვინო ყიდდა დაახლოებით 8000-9000 ბოთლს წელიწადში. აქედან ტურიზმზე მოდიოდა თითქმის 90%. ანუ წელს მხოლოდ ერთი ბარი ვერ გაყიდის 7500-8000 ბოთლს, რაც ნიშნავს 5-6 მცირე მარნის მარაგებს. სხვა ბარებში და რესტორნებში, რომელიც არატურისტულ ადგილებზე არიან, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნებიან. მაგრამ იქაც მინიმუმ 50% უცხოელებზე მოდიოდა. ასე ვიტყოდი: მცირე მარნებმა წელს რომ მიაღწიონ შარშანდელი ადგილობრივი გაყიდვების 60% ძალიან კარგი შედეგი იქნება. სამწუხაროდ ექსპორტიც შემცირდება, რადგან მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის ნათელი როდის აღდგება ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება.

- როგორ ფიქრობთ, შიდატურიზმის განვითარება არის გამოსავალი?

- ეს საკითხი რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული. ერთი საკითხია როგორ მოახერხებენ ტურისტული ობიექტები გადაწყობას ადგილობრივ მომხმარებელზე, რამდენად აქვთ ამის უნარჩვევები. მეორეა რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული მთავრობის, სხვადასხვა ასოციაციების და ღვინის ტურიზმით დაკავებული ორგანიზაციების მიერ. თვითდინებით ვეჭვობ რაიმე ხელშესახები შედეგები მივიღოთ. დღეს მე არ ვიცი პლატფორმა (რეგიონალური თუ ქვეყნის მასშტაბით) სადაც შეიძლება განახლებული ინფორმაცია მიიღო ღვინის ტურიზმის ობიექტების შესახებ და კონკრეტულად რატომ არის ეს საინტერესო ესა თუ ის მარანი. ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ მოძებნო შენთვის სასურველი ადგილი.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი არის ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და ხარჯვის ქცევა. სამწუხაროდ აქ კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე. ერთის მხრივ ღვინის ტურიზმის ხელმისწვდომობა ძალიან ცოტას აქვს. მეორეს მხრივ ხშირად, ვისაც აქვს გადახდის უნარი, ვერ აცნობიერებს ღვინის ტურიზმის სიკეთეებს. რატომ უნდა გადაიხადოს ადამიანზე ვთქვათ 60 ლარი რამოდენიმე ჭიქა ღვინოში და არა გადახუნძლულ სუფრაში, ბევრისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია. ამაზე ბევრია სამუშაო. ყველაზე კარგი შედეგი მომავალი ერთი წლის განმავლობაში იქნება ის, რომ ღვინის ტურიზმის ობიექტებმა შეძლონ საოპერაციო ხარჯების გასტუმრება.

- გამოდის, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი შიდა ტურიზმია...

- ჯი-ვინო ბოლო ხუთი წელია იზრდება გაყიდვებით და ეს ზრდა ძირითადად ტურიზმის გამო მოხდა. ჩვენ წლის ბოლოს დავიწყეთ თბილისის სხვა უბნებში ფართების ძიება, რადგან ვფიქრობთ, რომ დივერსიფიცირება არის ერთადერთი სწორი გზა. COVID19-მა უბრალოდ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. მხოლოდ ტურიზმზე სწორება საბოლოო ჯამში არასწორია. არავინ არ არის დაზღვეული ახალი ვირუსისგან. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ შიდა ტურიზმის განვითარება ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე. ასევე ვფიქრობ, რომ თუ რაიმეს აკეთებ, აუცილებლად ადგილობრივ ბაზარზე უნდა გათვალო, რადგან ის არის უფრო საინტერესო თავად “კარგი“ ტურისტებისთვის, ვისაც აინტერესებს აუთენტური გამოცდილება. მათ ურჩევნიათ იქ იარონ, სადაც ადგილობრივებიც ბევრი არიან.

- რას ურჩევდით მარნებს, რომლებიც პანდემიის შემდეგ ძალიან დაზარალდნენ?

- გააჩნია რომელი მარანი რა ეტაპზეა და როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვს. სამწუხაროდ ბევრი მცირე მარნისთვის ღვინის რეალიზაციიდან შემოსავალი ერთადერთი წყაროა და ის მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ვენახს მოუარონ, არამედ ოჯახის ხარჯებიც გაისტუმრონ. ვიცი ბევრს სესხი აქვს აღებული განვითარებისთვის. აქ გამოსავალი რამოდენიმე მიმართულებით არის:

1. ეცადონ ფრთხილად, მაგრამ მაინც მოახდინონ გაყიდვების დივერსიფიცირება. სხვადასხვა არხი მოძებნონ. მხოლოდ , რომ არ დაზარალდნენ არაკეთილსინდისიერი გადამხდელებისგან.

2. შეეცადონ ბანკების სესხების რესტრუქტურიზაცია ისე გააკეთონ, რომ მინიმუმ ერთი წელი არ ქონდეთ გადასახადი (ამის უამრავი არგუმენტი აქვთ). თუ ვინმე ახალ სესხს აიღებს, გადახდა მომავალი წლიდან დაიწყოს.

3. შემოსავლის წყაროს დივერსიფიკაციაზე იფიქრონ. მათ, ვისაც აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შეიძლება მინიმალური დანახარჯებით მცირე სადეგუსტაციო და სადილის სივრცის მოწყობა. არ არის სავალდებული რაიმე განსაკუთრებული კერძები შექმნან. ადამიანები ასეთ სივრცეებში არ ელიან ბევრს. უფრო ელიან ცოტას და ხარისხიანს.

- როგორი უყურებთ ქართული ღვინის მომავალს?

- ძალიან სუბიექტური ვარ ამ საკითხში. ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება და ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის ორი დიდი კონკურენტული უპირატესობა და ამას რომ სათანადო ყურადღება მიექცეს, მაშინ სულ სხვა განზომილებაში გადავა ქართული ღვინო. მე არ მესმის რატომ არ არის ცალკე ფაკულტეტი უნივერსიტეტში, რომელიც მხოლოდ ამ საკითხს შეასწავლიდა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ისწავლება პროფესიონალურ დონეზე ქვევრის გაკეთება.

იმისთვის, რომ განვითარდეს ქართული ტრადიციული მეღვინეობა, საჭიროა ძალიან დიდი რაოდენობით მცირე მარნები შეიქმნას მეღვინეობის ყველა კუთხეში. ამას სჭირდება საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები, ინფრასტრუქტურის განვითარება (ხარისხიანი ქვევრების დასამზადებლად, მეღვინეობისთვის საჭირო ინვენტარის ხელმისწვდომობისთვის) და მეღვინეებზე მორგებული გრძელვადიანი ფინანსირების პროგრამა. სახელმწიფომ ეს მიმართულება სტრატეგიულად უნდა მიიღოს, რადგან ეს არა მხოლოდ ღვინის პოპულარიზაციაა. ძალიან ბევრი სექტორის განვითარება მოყვება ასეთ სტრატეგიას. სხვა შემთხვევაში მაინც განვითარდება, მაგრამ გაცილებით ნელი ტემპით“.

მეღვინეობის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ არსებული სიტუაცია შესაძლებელია ღვინის ხარისხზე დადებითად აისახოს ორი მიზეზის გამო: 1 რადგან გაყიდვები არ იქნება დიდი, მოუწევთ მინიმუმ ერთი წლით ღვინის დაძველება. განსაკუთრებით ჭაჭაზე დაყენებული ღვინოების, რომლებსაც ისედაც უხდება სიძველე. 2. ჭურჭლის სიმცირის გამო შეეცდებიან მიღებული მოსავლიდან საუკეთესო შეინახონ. შედარებით ნაკლებხარისხიან ყურძენს კი სხვა გზას მოუძებნიან. თუმცა, პუბლიცისტ ნუგზარ ზაზანაშვილის აზრით პანდემიური სიტუაცია ღვინის ხარისხზე განსაკუთრებულ გავლენას არ მოახდენს.

ნუგზარ ზაზანაშვილი, ეკოლოგი, მწერალი: “პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორი ვფიქრობ, მნიშვნელოვნად დააზარალა, მაგრამ ძნელი სათქმელია - ზუსტად რამდენად. სტატისტიკოსები იანგარიშებენ ამას. თუმცა, ჩემი აზრით, საქართველოს შიგნით მოხმარების შემცირებაზე მეტად, კოვიდის პანდემიის ზოგადმა საერთაშორისო ზემოქმედებამ შეიძლება მეტად დააზარალოს სექტორი - თუკი ღვინოზე და კერძოდ ქართულ ღვინოზე შემცირდება მოთხოვნა უცხოეთშიც.

 

შიდა ტურიზმი საერთაშორისოს საპირწონე ვერ იქნება, მაგრამ მაინც სექტორისთვის გარკვეულ შეღავათს მოიტანს უთუოდ - ოღონდ ამას პროდუქტის შემთავაზებლების მხრიდან შიდა ბაზარზე გადაწყობა დასჭირდება - ვგულისხმობ რეკლამას, ფასებს და სხვა. ქართველები ისტორიულად ღვინის მსმელი ხალხია და მხოლოდ უცხოელებზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული. იყოს ორი სეგმენტი - რა უშავს? როგორც უკვე ვთქვი, საშინაო სეგმენტი პარალელურად უთუოდ უნდა არსებობდეს და ისიც შეიძლება კიდევ დაიყოს სერვისების მიხედვით - მაგალითად, მაღალი და საშუალო შეძლების ვიზიტორების ქვესეგმენტებად და ა.შ.

- ამ მდგომარეობით მარნები ძალიან დაზარალდნენ...

- დაზარალდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ხუმრობით თუ ვიტყვით, გაცილებით უფრო ნაკლებად ვიდრე ჩვენი წინაპრები თემურლენგის და აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების დროს. რიტორიკული კითხვა: რა არის საქართველო ვაზისა და ღვინის გარეშე?! მოვა უკეთესი დრო, მანამდე კი - ჩემი შეხედულებით - სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბიზნესს - ადეკვატურად; საბანკო სექტორის უმთავრესი ფუნქციაც ესაა - ბიზნესის დახმარება-ხელშეწყობა.

არ მგონია, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს ღვინის ხარისხის მიმართულებით: დღევანდელი ქართული ღვინო უმეტესად მაღალი ხარისხისაა და ცოტათი უფრო მეტად თუ დაძველდა მარნებში - უარესი არ გახდება“.

უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ მარანი მის მშობლიურ იმერეთში (ზესტაფონი, სოფელი ცხენთარო) ცოტა ხნის წინ მოაწყო და დიდი სამომავლო გეგმებიც აქვთ. მშვენიერაძეების მარანი ვიზიტორებს არ იღებს და ღვინის ტურიზმზეც არასოდეს ყოფილა დამოკიდებული. თუმცა პანდემიამ ცხადია ასეთი ადამიანებიც დააზარალა.

გიორგი მშვენიერაძე, “მშვენიერაძეების მარანი“: “სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, ის მეღვინეები და ღვინის ბარები, რომლებიც ბუნებრივი ღვინის დაყენებითა და რეალიზებით არიან დაკავებულები, ძირითადად სწორედ უცხოელ ტურისტებზე იყვნენ ორიენტირებულნი. შექმნილმა მდგომარეობამ ბუნებრივია მათი საქმიანობა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. მართალია, მეღვინეებს შეუძლიათ ღვინო შეინახონ და ამით მისი ხარისხი გააუმჯობესონ კიდეც, მაგრამ სამეურნეო ციკლის შესანარჩუნებლად სხვა გზებით მოუწევთ ფინანსური რესურსის მოძიება. განსაკუთრებული პრობლემების წინაშე ის მეღვინეები აღმოჩნდნენ, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ახდენდნენ და მათი ღვინის მომხმარებელი მარნის უცხოელი ვიზიტორები იყვნენ. მათი შემოსავალი არ იყო მხოლოდ ღვინის რეალიზებით მიღებული თანხა, არამედ ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თანდართული სერვისის ღირებულებაც.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ ახლა ის დროა, როდესაც შიდა ტურიზმით შეიძლება მოხერხდეს ზოგადად სექტორის და კონკრეტულად ღვინის ტურიზმის გადარჩენა. რამდენად რეალურად გესახებათ ეს?

- ბუნებრივია, ნებისმიერი პრობლემა შესაძლოა თავად იქცეს შესაძლებლობად. ამ სფეროში ჩართულ სუბიექტებს, ან საკუთარი საქმიანობის გაყინვა მოუწევთ, ან გამოსავლის მოძებნა. გამოსავალი კი ბუნებრივია იმ ახალი მომხმარებლის მოზიდვაა, რომლისკენაც მანამდე ძალისხმევას ნაკლებად მიმართავდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვა ალტერნატივა, თუ არა ადგილობრივი მომხმარებლის დაინტერესება ან ღვინის ექსპორტზე გატანა, ამ ეტაპზე არ ჩანს. პირველი არ არის მარტივი პროცესი და მგონი ცოტა დავაგვიანეთ კიდეც, ხოლო მეორე გაცილებით ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, როგორც ბაზრის მოძიების, ისე ლოჯისტიკური თვალსაზრისით.

- თქვენთვის (თქვენი მარნისთვის) რამდენად მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმი და პანდემიის შემდეგ თუ გეგმავთ ამ კუთხით რაიმე სიახლეს ან შეთავაზებებს?

- ჩვენი მარანი შედარებით ახალია და ვიზიტორებს არც კოვიდ19-ის გამოჩენამდე ვიღებდით, ამიტომ ეს პერიოდი აქტიურად გამოვიყენეთ მარნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის და მის გაგრძელებას მთელი სეზონის მანძილზე ვაპირებთ. რაც შეეხება ჩვენს ღვინის ბარს - “საფერეს“, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, ის ჯერ კიდევ დაკეტილია, რადგან პანდემიამ ხელი შეგვიშალა გაზაფხულზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოების დროულად წარმართვაში და მისი გადმოტანა ზაფხულისთვის მოგვიწია. შესაბამისად, ღვინის ბარი ივლისიდან აქტიურად გადაერთვება ადგილობრივი მომხმარებლის მოსაზიდად. ვფიქრობთ, რომ ამის რესურსი არსებობს და თუ ამ ამოცანას თავს წარმატებით გავართმევთ, მართალია ეკონომიკურად იმავე შედეგებს ვერ მივიღებთ, რაც უცხოელი ტურისტების შემთხვევაში გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ თავის გადარჩენას იოლად შევძლებთ.

- რას ურჩევდით თქვენს კოლეგა მემარნეებს, რომლებიც პანდემიის შემდეგ ძალიან დაზარალდნენ?

- ვფიქრობ, პირველ რიგში თავი უნდა დავაღწიოთ ფუჭ იმედებს და თვალი გავუსწოროთ რეალობას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ რთული წელი გველის და მინიმუმ შემოდგომის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ უცხოელი ტურისტული ნაკადების მხრივ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს დაგვეხმარება უფრო რეალისტური გავხადოთ სამომავლო გათვლები და ნაკლები გვექნება როგორც იმედგაცრუება, ისე ეკონომიკური ზარალი.

ასევე, აუცილებელია, როგორც მეღვინეებმა, ისე ბუნებრივი ღვინის ბარებმა, ძალისხმევა ბუნებრივი ღვინის ფენომენის მიმართ ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესის გასაზრდელად მიმართონ“.

ღვინის ენთუზიასტი გიორგი მელაძე ამბობს, რომ ღვინის სექტორი ძალიან მრავალფეროვანია. პანდემიით დაზარალდნენ მცირე მწარმოებლები, რადგან ტურიზმზე ჰქონდათ ძირითადად გათვლები გაკეთებული. მსხვილი მწარმოებლები კი სხვანაირად გათვლიან. შესაბამისად, ყველაზე რთული ეს პერიოდი სწორედ მცირე მარნებისთვის იქნება.

გიორგი მელაძე, ღვინის ენთუზიასტი: “სექტორის ერთი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზარალდება. შიდა ტურიზმზე გათვლა გულისხმობს 40-45 ათას ოჯახს, ვისი შემოსავალიც 40 000 ლარს აღემატება წლიურად. ამ ოჯახების უდიდესი ნაწილი ჯერ არ ჩართულა ღვინის ტურიზმში, შორსაა ნატურალური და ბიო ღვინის მოხმარები კულტურისგან და არ მგონია სწრაფად შეძლონ გადაწყობა კრიზისულ დროს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილიც დაზარალდება ეკონომიკური კრიზისის დროს და ესეც გასათვალისწინებელია.

ჩვენ ძალიან ვიწრო სეგმენტზე ვთვლით ჩვენ პროდუქტს და იმდენად მცირე წარმოება გვაქვს, რომ კრიზისი ნაკლებად შეგვეხება. მთლიანად შიდა ტურიზმზე ვართ აწყობილები, თუმცა ღვინო არ არის ჩვენთვის მთავარი პროდუქტი, - ერთ-ერთი პროდუქტია და ვფიქრობთ, ორ წელს შევძლებთ წარმოების შენარჩუნებას იმ პირობებშიც, თუ საერთოდ არ გვექნება გაყიდვები.

- თქვენი აზრით რა უნდა რთული გაკეთდეს მდგომარეობის თუნდაც მცირედით გაუმჯობესებისათვის?

- მნიშნელოვანია ბაზრის სწორად იდენტიფიცირება, პირდაპირი მარკეტინგი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი, მაქსიმალური კომფორტი, რადგან ღვინო ჯერ კიდევ არ არის სამომხმარებლო კალათის აუცილებელი ნაწილი. ღვინო გაყიდვებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ლუდს, სპირტიან სასმელებს და კონკურენციის გაწევა ძალიან ძნელი იქნება“.

დავით მოსულიშვილი, მეღვინეობა „დანო“: “პანდემიამ ღვინის სექტორი, განსაკუთრებით კი პატარა მარნები ძალიან დააზარალა. წარმოებული ყურძნის პრობლემა გვაქვს ეხლა და ისიც ვიცით, რომ ყურძენი გასაყიდად დასანანია. შარშანდელი ღვინო კი დაგვრჩა გაუყიდავი. გაყიდვები შემცირდა 90-95 %-ით. საბრუნავი თანხა ფაქტობრივად აღარ გვაქვს. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

როგორც ყველა, ჩვენც ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ. დიდი ალბათობით წელს ღვინის ტურიზმი საბოლოოდ ჩავარდება. სამწუხარო რეალობაა კი ისაა, რომ ბევრი ქართველი ოცნებობს ტოსკანაში ღვინის ტურში წასვლაზე და ზოგი მათგანი კახეთშიც არ არის ნამყოფი.

- თქვენი აზრით რა არის ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი?

- უნდა შეიქმნას მცირე მარნების მძლავრი გაერთიანება, არა ე.წ სამეგობრო კრებული. შევთავაზოთ ექსპორტიორებს თუ სხვა მომხმარებლებს გაერთიანება, სადაც იქნება დაცული ხარისხი და რაც მთავარია იქნება რაოდენობა, რომლითაც შეიძლება ვინმე დაინტერესდეს. არ უნდა დავნებდეთ და უნდა შევძლოთ გადარჩენა!“.

ქეთევან ბერიშვილი, “ GOGOwineგოგო“: “პანდემიამ ფინანსურად რათქმაუნდა დააზარალა ის მარნები, რომლებიც ტურისტებზე აქტიურად მუშაობდნენ და ზოგადად ის ადამიანებიც, ვისთვისაც ეს მთავარი შემოსავლის წყარო იყო. ცხადია სასურველია ღვინის შიდა ტურიზმის განვითარება, მაგრამ მეეჭვება შიდა ტურიზმმა ჩაანაცვლოს გარედან შემოსული ტურისტების ნაკადი. განსხვავებით სხვა მარნებისგან, ჩვენი მარანი აქტიურად არ იყო დაკავებული ტურისტების მიღებით და შესაბამისად განსაკუთრებული ზარალი პანდემიისგან არ მიგვიღია. ჩვენ ყველაზე მეტად საქართველოში ღვინის “ვერ“ გაყიდვამ დაგვაზარალა“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.