Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იმერეთის მოსავლის წლების მიმოხილვა – 2011–2022

მიმოხილვა მომზადებულია მალხაზ ხარბედიას და ლევან სეფისკვერაძის მიერ. ეს მონაცემები წლების მანძილზე 50–მდე ქართველი მევენახის, მეღვინისა და ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მზადდებოდა. გარდა ამისა ვსარგებლობდით ოფიციალური მონაცემებითაც (გარემოს ეროვნული სააგენტოს აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი და სხვ.).

2011

ამ წლით იმერლები ძალიან კმაყოფილები უნდა ყოფილიყვნენ. წინა, რამდენიმე პრობლემური წლის შემდეგ იდეალური მოსავალი მოვიდა იმერეთში. ზამთარი ზომიერად ცივი იყო, უხვი ნალექებით. გაზაფხულის დასაწყისიც ცივი და ნალექიანი იყო, აპრილ–მაისში კარგად დათბა და ვეგეტაციამაც შესანიშნავად ჩაიარა, ზაფხულიც მშრალი იყო, დაავადებები არ გავრცელებულა, ცხელმა აგვისტომ და ზომიერმა სექტემბერმა კი საბოლოო კონდიციამდე მიიყვანა ყურძენი. ოქტომბრის შუა რიცხვებში იმერეთში უკვე აქტიური რთველი მიმდინარეობდა.

მაღალი შაქრიანობის გამო ბევრგან (მაგ. სვირში, ობჩაში და სხვ.) უჩვეულოდ ძლიერი თეთრი ღვინოები დადგა (13,5%), ხოლო მათ, ვინაც ოცხანური საფერე პირველ თოვლამდე არ დაკრიფეს, ძალზე ღრმა და ძლიერი წითელი ღვინოები გამოუვიდათ. 

2012 

ხანგრძლივი ზამთრისა და ცივი გაზაფხულის გამო ვეგეტაცია გვიან დაიწყო, თუმცა ძალიან სწრაფად განვითარდა, ზაფხულის პირველი ნახევარი გრილი იყო, აგვისტო კი ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ცხელი გამოდგა, რის გამოც იმერეთშიც ერთიორი კვირით ადრე დაიწყო რთველი.

2013

ზამთარმა თოვლის გარეშე ჩაიარა, გაზაფხულზე ერთიანად დათბა და ვაზი ჩვეულებრივთან შედარებით ორი კვირით ადრე გამოვიდა. კარგად ჩაიარა ყვავილობის წინა, ყვავილობის და ყვავილობის შემდგომმა პერიოდებმა. ამ დროს წვიმა საერთოდ არ ყოფილა. ივნის-ივლისში კარგად განვითარდა ყლორტიც და ნაყოფიც. უჩვეულოდ წვიმიანმა აგვისტომ საკმაოდ დიდი საფრთხე შეუქმნა ვენახს, მაგრამ როგორც ჩანს, წინა თვეების სიჯანსაღემ თავისი ქნა და ყურძენი ძლიერ არ დაზიანდა, მხოლოდ აქაიქ, წვიმებისაგან წვენით გადავსებული მარცვალი დაიწვა მზისგან. რთველი 2-3 კვირით ადრე დაიწყეს იმერეთში, რაც ნაწილობრივ შარშანდელმა ნაადრევმა რთველმაც გამოიწვია. სექტემბრის 20 რიცხვისთვის ზესტაფონის და ბაღდათის რაიონის სოფლებში შაქრიანობამ კრახუნაზე 23-ს, ციცქა-ცოლიკოურზე კი 22-ს მიაღწია. წლევანდელი წელი იმერეთში შარშანდელზე უხვმოსავლიანი იყო და ხარისხითაც უკეთესი. ოცხანური საფერე ტრადიციულად, გაცილებით გვიან, ოქტომბრის ბოლოს-ნოემბერში დაიკრიფა.

2014

თბილი ზამთარი იყო, გაზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო დათბა, რის გამოც კვირტი ადრე გამოვიდა. სამწუხაროდ, მარტის ბოლოს ერთი ღამე მოყინა (–3°C) და ბევრგან კვირტიც დააზიანა. ზოგიერთ სოფელში მოსავალი მთლიანად დაკარგეს ამის გამო, თუმცა ბევრგან ხელახალი კვირტი გამოვიდა და მოგვიანებით შედარებით ნორმალურადაც დაისხა ვაზმა. სამწუხაროდ, მოსალოდნელი რაოდენობა არსად მოსულა. მოსავალი თითქმის ყველგან განახევრდა. მარცვლის გამონასკვის პერიოდს გადაუღებელი წვიმები დაერთო, რამაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შექმნა. მევენახეები შეწამვლასაც კი ვერ ახერხებდნენ ამინდის გამო. შესაბამისად, ძალიან დაზარალდა ციცქა და ოცხანური საფერე, განვითარდა ჭრაქი, რომელსაც მხოლოდ ცოლიკოურმა გაუძლო. გვალვამ იმერეთის კლიმატური და ნიადაგური პირობებიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინა ვენახზე, თუმცა ამ დროისთვის მოსავალი უკვე საკმაოდ იყო შემცირებული. რთველი 2014 წელსაც, ისევე, როგორც 2012–2013 წლებში, ადრე დაიწყო, დაახლოებით, 15–20 სექტემბერს.

2015

ზამთარი თბილი იყო, უთოვლო. ვეგეტაციაც, შესაბამისად, ადრე დაიწყო. გაზაფხული ნალექიანი, ზაფხული კი ზომიერად ნალექიანი და ცხელი იყო. ივლისის დასაწყისში ზოგგან ახალი მტევანიც დაზიანდა სიცხისგან. სხვა მხრივ, მტევანი კარგად ყალიბდებოდა, თუმცა შემოდგომა გამოდგა უჩვეულოდ ცხელი და მწიფობაში ადრე შევიდა თეთრი ჯიშები (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა). ადრე დამწიფდა ოცხანური საფერეც. ზოგიერთის აზრით, არათანაბარი მოსავალი იყო უცნაური ზაფხულითა და კიდევ უფრო უცნაური შემოდგომით, თუმცა ერთ რამეზე ყველა თანხმდება, წელს იმერეთში ძალზე საინტერესო ღვინოები დადგა და დუღილის პროცესიც შესანიშნავად წარიმართა.

2016

შეიძლება ითქვას, რთულად ჩაიარა ამ წელმა. ზამთარი თბილი და მცირენალექიანი იყო. სამაგიეროდ გაზაფხულზე წამოთოვა. წვიმიანი ამინდისა და დაბალი ტემპერატურის გამო ვენახი გვიან გამოვიდა. თერჯოლის რაიონში მაისის მეორე ნახევარში, ტემპერატურის მატებასთან ერთად და მაღალი ტენიანობის ფონზე, ჭრაქი გავრცელდა. ზოგმა მოახერხა დაავადების ლოკალიზება, ზოგან კი საგრძნობლად დააზიანა ჯერ კიდევ ყვავილობაში მყოფი ვენახები. ყველა ჯიში დაზიანდა. ტრადიციულად, უკეთ გაუმკლავდა გავრცელებულ დაავადებებს ცოლიკოური. შედარებით ნალექიანი გამოდგა ზაფხულიც, რამაც ჭრაქთან ერთად ანთრაქნოზის გავრცელებაც გამოიწვია. შემოდგომაზე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო, ამან კი ხელი შეუწყო ყურძნის ადრე დამწიფებას. გრილი იყო სექტემბრის მეორე ნახევარი, თუმცა ოქტომბრის დასაწყისში წვიმები დაიწყო და საგრძნობლად გააჭიანურა რთველი. ჭრაქი, ნაცარი და ყურძნის ჭია გაჩნდა ზესტაფონის და ბაღდათის რაიონებეშიც, ზოგიერთმა მევენახემ მარცვალ–მარცვალ გადაარჩია მოსავალი.

2017

ზომიერი, საკმაოდ ცივი ზამთარი იყო, თოვლიანი. გაზაფხულზე რამდენიმეგან მოყინა ვენახები, ძირითადად მდინარეებისა და ღელის პირებზე. ამას დაერთო ტრადიციული ხშირი წვიმები, თუმცა კვირტი მაინც კარგად გამოვიდა, განსაკუთრებით ცოლიკოურზე. ყვავილობის ეტაპზე ცოტათი გაუჭირდა ციცქას. ყვავილობის შემდგომ სოკოვან დაავადებებს საგრძნობლად არ დაუზარალებია ვაზი. ზაფხულის პირველი ნახევარი ზომიერი იყო, რბილი, თუმცა აგვისტო გვალვიანი გამოდგა და ის ვენახები, სადაც შედარებით მსუბუქი ნიადაგებია, სიცხემ შეაწუხა. მძიმე, თიხნარ ნიადაგებზე უკეთესი მდგომარეობა იყო. სიმწიფის პერიოდში პერიოდულმა წვიმებმა ცოტათი დააბალანსა სიცხის კვალი. საბოლოო ჯამში იმერეთში სასურველი შაქრიანობა და მჟავიანობა მიიღეს თეთრი ვაზის ჯიშებისთვის. სექტემბრის ბოლოს კრახუნა უკვე დამწიფებული იყო ზესტაფონის და ბაღდათის ზოგიერთ სოფელში. ცოტათი მოგვიანებით დამწიფდა ცოლიკოური, შემდეგ კი ციცქა. ოცხანური საფერეც საკმაოდ ადრე შევიდა სიმწიფეში. ოცხანურის რთველი ნოემბრამდე დაიწყეს მევენახეებმა, ოქტომბრის ბოლოსკენ. მთლიანობაში იმერეთში კარგი მოსავალი იყო, მართალია დუღილი ცოტათი გაჭიანურდა (1-2 თვე, ზოგან იანვრის შუა რიცხვებამდეც), თუმცა საბოლოო ჯამში მევენახეები კმაყოფილები იყვნენ შედეგით.

2018

თბილი ზამთარი იყო იმერეთშიც, ზოგგან დასავლეთ საქართველოში 19–23°–საც კი მიაღწია  ტემპერატურამ (იანვარ–თებერვალში). წვიმიანი წელი გამოდგა, ძალზე ნალექიანი იყო მარტი, ქროდა ძლიერი ქარები. აპრილში ყინვებიც იყო ზემო იმერეთში (საჩხერეში). დაავადებები და მავნებლები ადრე გააქტიურდნენ (ტკიპები და კვირტის ჭიები), წამლობის პერიოდს ნალექიანი დღეებიც დაემთხვა და ამან კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. მაისის დასაწყისში საკმაოდ მაღალი ტემპერატურა იყო იმერეთში, განსაკუთრებით ზესტაფონის რაიონში. გარდა ამისა, ყვავილობის პერიოდში ნალექიც მოვიდა, განვითარდა ჭრაქი. ზაფხული უნალექო იყო, რამაც ბევრგან ადრეული რთველი გამოიწვია და აგვისტოში მტევნებიც დაზიანდა მზისგან. სექტემბრის დასაწყისში ზოგიერთ ვენახში შაქრიანობა 24–ს აღწევდა, შესაბამისად, რთველიც ძალიან ადრე დაიწყო. მცირე ნალექებს ხელი არ შეუშლია რთველის მიმდინარეობისთვის. დუღილმა კარგად, აქტიურად ჩაიარა, იმდენად, რომ ზოგმა მეღვინემ ქვევრები საკმაოდ ადრე, ოქტომბრის ბოლოსკენ დაგოზა. 

2019

2019 წელი იმერელი მევენახეებისთვის ნამდვილად არ ყოფილა ცუდი. ეს განსაკუთრებით იმ ფონზე ჩანს, როდესაც მევენახეები 2017 და 2018 წლებს საკმაოდ ცუდად იხსენებენ. იმერლებმა იმაზე გაცილებით მეტი მოსავალი მიიღეს, ვიდრე მოელოდნენ. ეს ითქმის განსაკუთრებით სამ მთავარ რაიონზე - თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი.

გასულ წელს იმერეთში ვეგეტაციის პერიოდი აპრილის ბოლოს დაიწყო. ზესტაფონში ნაადრევმა ყინვებმა ბევრ მევენახე-მეღვინეს გაუფუჭა მოსავალი, ზაფხულში კი მავნებელმა დაავადებებმა დიდი კვალი დაატყო მთელი წლის მოსავალს. ხსენებულ ზესტაფონში 2019 წელს შაქრიანობის დაგროვება მოასწრო ყურძენმა და 21-22 პროცენტამდე ავიდა. ოცხანური საფერეც დაახლოებით 22% შაქრიანობაზე დაიკრიფა. ზესტაფონში გვალვა 2019 წელს არ ყოფილა, მეტწილად წვიმიანი ამინდი იყო, თუმცა არც ისეთი, რომ პრობლემები შეექმნა.

თერჯოლის სოფლებში წვიმები კი იყო რთველამდე ერთი თვით ადრე, თუმცა არსებითი გავლენა ყურძნის ხარისხზე ამას არ მოუხდენია.

ბაღდათში რთველი იყო ბარაქიანი და უხვმოსავლიანი. ამ მხარეში ამინდი მეტწილად ნალექიანი იყო, მაგრამ მოსავლის აღების პერიოდი რთველისთვის იდეალური გახლდათ. ზაფხულში ზოგიერთი სოფელი დაისეტყვა, თუმცა ამას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია ყურძნის ხარისხზე. 2013 წლის მოსავლის იმერული ღვინო კარგად დადუღდა და დაღვინდა.

2020

იმერეთში წვიმიანი შემოდგომა არავის უკვირს. მთავარია, რთვლის დროს ერთი-ორი კვირით მაინც მზე გამოვიდეს და მევენახეები ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ – მოსავლის აღებას ჩქარობენ ხოლმე. ჭირვეული ამინდებიდან გამომდინარე, 2020 წელს მათ მეტი რისკი ჰქონდათ და ყოველ წელს ბეწვის ხიდზე გასვლა უწევთ. ზოგი სიჩქარეში ყურძენს ზედმეტად ადრე კრეფს, შედეგად კი სასურველზე მაღალმჟავიან ღვინოს იღებს. ზოგს სწორედ ასეთი ღვინო მოსწონს.

იმერეთის უმთავრეს მიკროზონებში - სვირში, ობჩაში, დიმში, თერჯოლაში და სხვა ზაფხული ზომიერად ცხელი იყო. რომ არა შემოდგომას მოხშირებული წვიმები, შეიძლება ითქვას, რომ იდეალური წელი იყო. მაის-ივნისში იმერლები სეტყვას არ შეუწუხებია და არც დიდი ღვარცოფი ყოფილა. მაგრამ დადგა სექტემბრის მეორე ნახევარი და დაიწყო გადაუღებელი წვიმები. ამან ყურძენს შაქრიანობის დაგროვების (უფრო ზუსტად შაქრიანობის შენარჩუნების) კუთხით გარკვეული პრობლემები შეუქმნა, თუმცა საშუალო შაქრიანობა, როგორც თეთრ, ასევე წითელ ყურძენში, 22% იყო, რაც იმერეთისთვის ნორმალური მაჩვენებელია.

იმერლებს, განსაკუთრებით კი ზესტაფონელებს, ზაფხულში ყველაზე მეტად ჭრაქი და მტევნის სიდამპლე აწუხებდათ, რასაც გლეხები, როგორც წესი, ხალხური ტრადიციული ბალახის ნაყენებით ებრძვიან. თერჯოლაშიც, ბაღდათშიც და ზესტაფონშიც რთველმა და ღვინის დუღილის პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. ვანში ყურძენი ნოემბრის დასაწყისში მოკრიფეს, თუმცა გვიანი მოსავლის მიუხედავად, დუღილისას პრობლემები არ ყოფილა.

2021

იმერეთს მევენახეობა-მეღვინეობისთვის 2021 საინტერესო წელი იყო, თუმცა, გამოწვევებით სავსე. ვეგეტაცია იმერეთის ბარში (კოლხეთის დაბლობის მომიჯნავედ) აპრილის ბოლოს დაიწყო, შედარებით ზემოთ კი მაისის დასაწყისში. ზესტაფონში და თერჯოლაში იყო ზედმეტად წვიმიანი ზაფხული და სექტემბერშივე ძალიან აცივდა. სუსხიანი ზამთრის შემდეგ გრილი გაზაფხული იყო.

თერჯოლაში და ბაღდათში მოსავალი დაგეგმილზე ცოტა იყო, მაგრამ ხარისხიანი. ცოლიკოურს შაქრიანობა ბაღდათის ერთ სოფელში თუ 20% ჰქონდა, მეორეში შეიძლება 24% ყოფილიყო.

ვანში და ხონში თეთრ ყურძენს შაქრიანობა შედარებით დაბალი ჰქონდა (20-21%), ოცხანური საფერეს შაქრიანობა კი მთელს იმერეთში 23-24%-ზე ზემოთ არ ყოფილა.

Მიუხედავად უცნაური წლისა და ჭირვეული ამინდებისა, ყურძნის მოსავალი გამოცდილმა მევენახეებმა მაინც კარგად მიიყვანეს რთველამდე და ღვინის დუღილმაც კარგად ჩაიარა. ამ წლის იმერული ღვინოები განსაკუთრებით მსუბუქი და ხალისიანი იყო.

2022

იმერლებს ზედმეტად გრძელი ზამთარი და ცუდი გაზაფხული ჰქონდათ. ვენახებში ვეგეტაცია თერჯოლასა და ბაღდათში მაისის პირველ ნახევარში დაიწყო. ზესტაფონში, მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე, ყვავილობის პერიოდში იყო მოულოდნელი სიცივე და ნალექი. თერჯოლისა და ბაღდათის, მეღვინეობით სახელგანთქმულ მოსაზღვრე სოფლებში ზაფხულის დასაწყისში უკვე ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა გვალვა. გვალვა იყო ვანის მეღვინეობით ცნობილ გორა-ზეინდრის მიკროზონასა და მიმდებარე სოფლებშიც.

თითქმის მთელს იმერეთში აგვისტოს ბოლოდან დაიწყო ხანგრძლივი წვიმები. განსაკუთრებით მწიფობის და შესაბამისად რთველის თვეში შეინიშნებოდა არამდმგრადი ამინდი და ტემპერატურის ვარდნა. მთლიანობაში იმერეთში (ისევე როგორც თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში) იყო ჭარბნალექიანი წელი, რაც აისახა ყურძნის მოსავალზე და ხარისხზე.

ბაღდათის ბევრ სოფელში 22% შაქრიანობაზე 11-15 ოქტომბერს დაიკრიფა ცოლიკოური და ციცქა. ზესტაფონში რთველი ძირითადად 10-17 ოქტომბერს ჩატარდა. თერჯოლაში თეთრები ოქტომბრის პირველ რიცხვებში, წითელი ჯიშების ნაწილი კი ოქტომბრის ბოლოსკენ დაკრიფეს.

© ქართული ღვინის გზამკვლევი, საქართველოს ღვინის კლუბი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული