Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი - ღვინო და ხალხმრავლობა

ლევან სეფისკვერაძე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კახეთში არაერთხელ ყოფილა ღვინის დიდი ფესტივალის მოწყობის მცდელობა. ინიციატივას ხან საკუთრივ ღვინის მარნები იჩენდნენ და ხან სახელმწიფო სტრუქტურები, მაგრამ ამ მცდელობებს მუდამ ერთი დიდი პრობლემა ახლა თან. ამ პრობლემას ფესტივალზე მიმსვლელი ხალხის სიმცირე ჰქვია. რატომღაც ვერა და ვერ ხერხდებოდა ისე, რომ კახეთში ჩატარებულიყო ისეთივე მასშტაბური და სახალხო დღესასწაული, როგორიც მაგალითად თბილისის „ახალი ღვინის ფესტივალია“.

22 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში უკვე მეოთხედ გამართულმა „გურჯაანის ღვინის ფესტივალმა“ როგორც ჩანს ხალხის სიმცირის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა, რაც იძლევა იმის იმედს, რომ გურჯაანის ცენტრში გამართული ღვინის ფესტივალი მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და საქართველოში ღვინის რუკაზე ერთხელ და სამუდამოდ დაიკავებს თავის მნიშვნელოვან ადგილს.

ვის არ ნახავდით ახტალის პარკში - დიდ კომპანიებს და მცირე მარნებს, დამწყებ მეღვინეებს, რომლებიც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამენ და უკვე ცნობილი და მრავალგზის აღიარებული ღვინის ავტორებს. განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ფესტივალზე კახელი მეღვინეების გარდა მონაწილეობდნენ გურულები, იმერლები და ქართლელები. პროექტ „ღვინის სოფლის“ წარმომადგენელი, ჩოხატაურელი მეღვინე თეიმურაზ შარაშიძე გურჯაანიის ღვინის ფესტივალში უკვე მეორედ იღებდა მონაწილეობას. შეგახსენებთ, „ღვინის სოფელი“ USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით „ღვინის კლუბის“ მიერ განხორციელებული  პროექტია, რომელიც სამეგრელოსა და გურიის ღვინის მცირე მარნებისთვის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

თეიმურაზ შარაშიძე, მევენახე-მეღვინე: „გურჯაანში ფესტივალზე უკვე მეორე წელია ჩამოვდივარ და ასე ვთქვათ ვამაგრებ „გურიის ფლანგს“. მონაწილე მეღვინეების რაოდენობის ზრდა სახეზეა. ასევე ძალიან მოიმატა სტუმრების რიცხვმაც. ჩემს მიერ წარმოდგენილი ჩხავერისადმი დიდი ინტერესია. დიდ კომპანიებსაც აქვთ ჩხავერი, მაგრამ ოჯახური მარნებიდან მხოლოდ მე მაქვს ეს ჯიში გამოტანილი. როგორც იცით ჩოხატაურშიც დავიწყეთ ღვინის ფესტივალის მოწყობა, აგერ გურჯაანშიც მშვენიერ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და საქართველოში კიდევ ბევრგან უნდა იქცეს ტრადიციად ასეთი ღონისძიებები“.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი საქათველოში „ღვინის დღეების ეგიდით“ გაიმართა. როგორც იცით, „ღვინის დღეების“ ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მთავარ რაიონულ ცენტრში მოეწყო ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებები, თუმცა, გურჯაანიის ღვინის ფესტივალისადმი ინტერესი მაინც ყველაზე დიდი იყო. ამასთან ერთად, ისიც ნათელი ხდება, რომ ახტალის პარკში გამართული ღონისძიება უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა.

ეკა ადამაშვილი, გურჯაანის მკვიდრი, ფესტივალის სტუმარი: „ამდენი ხალხი თბილისში არაა ბევრ ღონისძიებაზე. მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება. როგორც ამბობენ, 30 ათასი ადამიანია ჩამოსული, მაგრამ ჩემი აზრით მინიმუმ 50 ათასი მაინც იქნება. ჩემს მეგობრებს პატარა საოჯახო სასტუმროები აქვთ და უკვე ორი კვირის წინ ყველა ოთახი დაიჯავშნა. გურჯაანისთანა პატარა ქალაქისთვის ღვინის დიდი ფესტივალი გამოცოცხლებას ნიშნავს, რაც აქაურებს ყველას ძალიან გვახარებს“.
ფესტივალში თითქმის მთელი კახეთი იყო წარმოდგენილი. თელაველები ხუმრობდნენ, ეს რა დრო დაგვიდგა, გურჯაანში ჩვენ ღვინოს სინჯავენ და მოწონებას ხმამაღლა იძახიანო. წარმოდგენილი ღვინის ნახევარზე მეტი სახელოვანი რქაწითელისგან იყო დამზადებული, გარეკახელები კი განსაკუთრებით ხაშმის საფერავით იწონებდნენ თავს.

ვაჟა ნახუცრიშვილი, მარანი „ორილო“: „გარეკახეთში, სოფელ ხაშმში მაქვს ცნობილი ხაშმის საფერავის ვენახები. გურჯაანის ფესტივალი საერთო კახური ღვინის ზეიმია და დარწმუნებული ვარ კიდევ წავა წინ. ჩვენი ღვინისადმი ინტერესი სულ იყო, მაგრამ მას მერე, რაც ხაშმს მიკროზონის სტატუსი მიანიჭეს, ინტერესმა და ყურადღებამ კიდევ უფრო მოიმატა. მკვიდრი ხაშმელი ვარ. ჩემი ვენახი ხაშმის შესასვლელში მდებარეობს და მარანიც იქ გავმართე. საფერავს ვაყენებ როგორც მცირე ჭაჭით, ასევე სრულიად უჭაჭოდ“.

მარანი და ვენახების დიდი ნაწილი კარეკახეთში აქვს ლადო რობაქიძესაც, რომელმაც ქვევრში დაყენებული კახური ტიპის თეთრი მშრალი ღვინის მრავალფეროვანი კუპაჟები წარმოადგინა. ლადო რობაქიძე, მარანი „ეთნო“: „ჯერ კიდევ მარნის მშენებლობის და განვითარების პროცესში ვართ, მაგრამ პარალელურად სულ მინდა ჩემი ღვინის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღო. საამისოდ ფესტივალები საუკეთესო რამაა. თბილისში ღვინის სხვადასხვა ფესტივალში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა. მიხარია, რომ კახეთშიც არის ამის შესაძლებლობა“.

ზემოთ გურჯაანის ფესტივალის თელაველი მონაწილეები ვახსენეთ. ერთ-ერთი იყო ცნობილი თელავური ღვინის მარნის, „ზურაბ კვირიაშვილის მარნის“ მფლობელი, მევენახე-მეღვინე ზურაბ კვირიაშვილი. ზურას ვენახები ძირითადად სოფელ ართანაში და კურდღელაურში აქვს. მის მწვანე კახურს ფესტივალზე განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად.
ზურაბ კვირიაშვილი, მევენახე-მეღვინე: „განსაკუთრებული დღეა. ძალიან ბევრი ხალხია. ყველას აინტერესებს ქვევრის ღვინო. ეს იმას, ნიშნავს, რომ საქართველოში ქვევრის ღვინისადმი ინტერესი ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. როგორც იცით, ქვევრის ფორმის ეტიკეტი ჩვენი მარნის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს“.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდა სულ ცოტა ხნის წინ შექმნილი მარანი „ეიფორია“, რომლის წარმომადგენელ ბესიკ საბაშვილს ქართული მცირე მარნების ღვინის მოყვარულები პაპისეული ქართლის ძველი მარნიდან, „ზორბას მარნიდან“ იცნობენ. ბესიკ საბაშვილი, მარანი „ეიფორია“: „ეს ფესტივალი იყო კარგი საშუალება წარმოგეჩინა საკუთარი თავი და გენახა სხვა მარნების ნამუშევარი. იყო შესაძლებლობა, ოფიციოზთან - სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ღვინის სააგენტოსთან კონტაქტის. გარდა ამისა, შეგვეძლო პირდაპირი კონტაქტი როგორც ღვინის მომხმარებლებთან, ასევე რესტორნებთან და კაფეებთან, რომლებიც ფესტივალზე საკმაოდ მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი“.

გურჯაანის ღვინის ფესტივალს ცხადია არ ჩაუვლია ქიზიყელებისა და ქიზიყური ღვინის გარეშე. ფესტივალზე საკუთარი ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი მეგობრების მიერ სულ ცოტა ხნის წინ შექმნილ „გზირიანის მარანს“, რომელიც ქისს, საფერავს და რქაწითელს ძირითადად ქვევრში, ტრადიციული კახური მეთოდით ამზადებს. „გურჯაანის ფესტივალის შექმნა ძალიან კარგი იდეაა, განსაკუთრებით დამწყები მარნებისთვის, ჩვენი მარნისთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა რომ ახლები ვართ, უკვე მოვახერხეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს აღება: ქართული ღვინის შეჯიბრი - ქისი ვერცხლი, ვაინჰანტერი - ტიბაანი ბრინჯაო, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი - ტიბაანი ვერცხლი. ასეთი დიდი კონკურენციის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია გიცნობდეს ხალხი. ზუსტად ამისთვისაა მნიშვნელოვანი გურჯაანის ღვინის ფესტივალი და მსგავსი ღონისძიებები“ - გვეუბნება „გზირიანის მარნის“ წარმომადგენელი, ბერდია ბერიძე.

ღვინის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი კულინარიაც. ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში ცნობილი შეფ მზარეულები, რომლებმაც სხვადასხვა სახის მასტერკლასები შესთავაზეს გემრიელად ჭამის მოყვარულებს. მუშაობდა ძველი თუ ახალი საბავშვო ატრაქციონები და ეს ყველაფერი ხდებოდა ცოცხალი მუსიკის ფონზე. აღსანიშნავია ისიც, რომ კარგად იყო მოგვარებული საპირფარეშოების პრობლემა, რაც მსგავსი დიდი ღონისძიებებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

თუმცა იყო მცირედი პრობლემური საკითხები, რაც აქვე უნდა იქვას და რასაც ფესტივალის ორგანიზატორები იმედია მომავალში გაითვალისწინებენ და მოაგვარებენ. ამხელა ღონისძიებაზე არსად იყიდებოდა მინის სადეგუსტაციო ჭიქები. ღვინის მოყვარულები და მსგავსი ფესტივალების ხშირი სტუმრები დაგვერწმუნებიან, რომ ძალიან დიდი დისკომფორტია და ხშირად შეუძლებელიც კია პლასტმასის ჭიქებით ღვინის კარგად გასინჯვა. მეღვინეებს კი ჰქონდათ რამდენიმე ჭიქა, მაგრამ ეს სიტუაციას ვერ ცვლიდა. ფესტივალზე არ იყო საკმარისი მაგიდები და სკამები. სველი მიწა და კახური გვიანი შემოდგომის სიცივე კი ბალახზე ჩამოჯდომის საშუალებას ნაკლებად იძლეოდა. ამის გამო, ხშირად ნახავდით ადამიანებს, რომლებსაც ერთ ხელში მწვადის ნაჭერი ეჭირათ, მეორეში კი პური და ცხიმით დასვრილი პლასტმასის ჭიქა და ასე მიიკვლევდნენ გზას ხალხის უზარმაზარ მასაში. დაბოლოს, მარნების დასახელებები ძალიან პატარა აბრებზე ეწერა, რომლებიც მაგიდების დაბლა იყო დამაგრებული. სასურველია მარნების სახელები დატანილი იყოს კარვების სახურავებზე, რათა სტუმრებმა შორიდანვე დაინახონ მარნის დასახელება და არ იყოს მუდმივად იმის გარკვევა, სად ვინ დგას და ვინ რომელ კომპანიას წარმოადგენს.

წელს ისე მოხდა, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი თბილისში „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით მთაწმინდის პარკში გამართულ ფესტივალს, „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2022“ - დაემთხვა. ამან ცხადია ბევრი ღვინის მოყვარული დააზარალა, რომლებმაც ორივე ფესტივალზე დასწრება ვერ მოახერხეს. ბევრ მცირე მარანსაც გაუჩინა დილემა, სად უნდა მიეღო მონაწილეობა. ამის მუხედავად, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022“ ნამდვილად იყო გამორჩეულად ხალხმრავალი, საინტერესო და ღონისძიებებით დატვირთული.

ვერ ნახავდით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელიც იტყოდა, რომ გურჯაანის ფესტივალზე ჩასვლით დრო ტყუილად დაკარგეს და ფესტივალმა არ გაამართლა. ეს ღონისძიება უკვე მყარ ტრადიციად იქცა და იმედია ყოველ წელს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესის და წინსვლის მხილველნი გავხდებით!

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.