Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი გიორგაძე, მეღვინეობა საზანო - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (22)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მდინარე ძუსას ხეობა, სადაც ჩვენი მარანი და ვენახები მდებარეობს, ერთ-ერთ გამორჩეულ საღვინე ზონად ითვლება, სადაც ოდითგანვე მევენახეობა-მეღვინეობა სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი იყო, მაგრამ 90-იანი წლების მოვლენები და ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადასვლა, განსაკუთრებით მძიმედ, იმერულ მეღვინეობაზე აისახა: გაიჩეხა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა საქარის უნიკალური საკოლექციო ნაკვეთი, დაინგრა და ჯართად გაიყიდა ღვინის ქარხნების უმრავლესობა. ბავშვობიდან, ვაზთან შეზრდილი ადამიანებისთვის სასიამოვნო საყურებელი არ იყო იმერული მეღვინეობის მდგომარეობა. მე და ჩემ მეგობრებს, 90-იანი წლების ბოლოს გაგვიჩნდა საკუთარი მცირე მარნების დაარსების იდეა, მაგრამ გავიდა წლები და ვერცერთმა განვახორციელეთ, ფინანსური პრობლემების გამო. საბედნიეროდ, ბოლო წლებში, ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა მცირე მარნების და საოჯახო მეღვინეობისთვის. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მეღვინე ელოდება, „ღვინის კლუბის“ ინიციატივით დაარსებულ „ ახალი ღვინის ფესტივალს“ და ღვინის სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებს. ამ ფონზე, ჩვენც გაგვიახლდა საკუთარი მარნის დაარსების სურვილი და საბედნიეროდ, სულზე მოგვისწრო 2012 წლის ზაფხულზე, ევროკავშირის „ენპარდის“ პროექტით დაფინანსებულმა და ჩეხური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის პატრონაჟით განხორციელებულმა საგრანტო კონკურსმა. მეგობრებთან, გივი ჩუბინიძესთან და გელა გამეზარდაშვილთან ერთად, დავაფუძნეთ კოოპერატივ „მეღვინეობა საზანოს“ საინიციატივო ჯგუფი და დავწერეთ ბიზნეს–გეგმა. კონკურსში გამარჯვების შედეგად, გრანტის სახით გადმოგვეცა ღვინის საწარმოო ინვენტარი, ღვინის შესანახი რეზერვუარები და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. ჩვენი მხრიდან ავაშენეთ და გავარემონტეთ მარნისთვის საჭირო შენობები. შევიძინეთ ქვევრები და 2015 წელს, პირველი ღვინოც ჩამოვასხით.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
ამ ეტაპზე, ძირითადი საწარმოო ჯიში არის ციცქა, მცირე რაოდენობით გვაქვს ცოლიკოური და ოცხანური საფერე. წელს გავაშენეთ კრახუნას, ოცხანური საფერეს და ციცქას ვენახები, მთლიანობაში 3000 ძირამდე. ასევე წელს გამოვიყვანეთ ერთ-ერთი იშვიათი და მაღალხარისხოვანი იმერული საღვინე ვაზის ჯიშის, თეთრი კაპისტონის ნერგი, რომელიც მომავალ წელს გაშენდება, დაახლოებით 500-600 ძირამდე. მომავალი წლების გეგმაში გვაქვს, ცოლიკოურის და კრახუნას ვენახების გაშენება. აგრეთვე ვაპირებთ, რაჭა-ლეჩხუმის გამორჩეული ჯიშების: მუჯურეთული და უსახელოურის გაშენებას, რომლებიც თავის დროზე გამოცდილი იყო იმერეთში მდებარე საქარის საცდელ სადგურზე, სადაც ძალიან მაღალი მაღალი პოტენციალი გამოავლინეს, სუფრის წითელი მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინის წარმოებისთვის.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
ამ ეტაპზე, ბიოსერთიფიკატი არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ბიოწარმოების სტანდარტებს: არ ვიყენებთ სისტემურ პრეპარატებს და ქიმიურ, სინთეზურ სასუქებს. გვაქვს ციცქას, ცოლიკოურის და ოცხანური საფერეს ღვინოები. თეთრ ღვინოებს ძირითადად ევროპული წესით ვაყენებთ. ასევე ვცდილობთ, ტრადიციული, იმერული წესით (ქვევრში, მცირე მოცულობის, კლერტგაცლილ ჭაჭაზე) ღვინის დაყენების ტექნოლოგიის აღდგენას. პირველი მცდელობა, სამწუხაროდ, ქვევრის ხარვეზის გამო, ცუდი შედეგით დასრულდა. „ოცხანური საფერე“- ს ქვევრში ვადუღებთ, სრულ ჭაჭაზე, 5-10 დღის განმავლობაში. წელს დიდი სიუპრიზი იყო და ძალიან გაგვეხარდა, სპეციალურმა ჟიურიმ რომ ჩვენი ოცხანური საფერე შეარჩია „ახალი ღვინის ფესტივალის“ გახსნის ცერემონიისთვის.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველი პარტია, რამდენიმე ათეული ბოთლი ოცხანური საფერე გავყიდეთ - დაწურვისთანავე შეგვიკვეთა, ჩვენმა გულშემატკივარმა და აწ უკვე ჩვენმა ახლო მეგობარმა, მალხაზ ნეფარიძემ. იგი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში დაგვიდგა გვერდით, სრულიად უანგაროდ, თითქმის უცნობ ადამიანებს. ამჟამად ღვინო იყიდება, თბილისში, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანას“ მაღაზიაში. გვაქვს ურთიერთობა თბილისში ღვინის მაღაზია „იორვაინთან“, ღვინის სარდაფ „ვინოგრაუნდთან“. „ვინომანიას“ მაღაზიების ქსელთან, თბილისსა და ბათუმში. ასევე ქუთაისში, რამდენიმე პრესტიჟულ სასტუმროში შესაძლებელია ჩვენი ღვინის შეძენა. ადგილზეც, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში მდებარე მარანში, ხშირად გვაკითხავენ ტურისტული ჯგუფები და ღვინის მოყვარულები ღვინის შესაძენად, სადაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, ღვინის საკუთარი ხელით ჩამოსხმა, დაბეჭდვა და ეტიკეტირება.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ ჩეხურ კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია, საქართველოდან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების იმპორტირებით.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ძირითადი სირთულე, ჩვენს მაგალითზე, სავენახე მიწების შეძენას უკავშირდება. მცირემიწიან იმერეთში, ძალიან რთული და ძვირი სიამოვნებაა, სასურველ ადგილზე სავენახედ ვარგისი მიწის შეძენა. დიდი პრობლემებია მევენახეობა-მეღვინეობაში განათლების კუთხით - წელს იმერეთში  მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა სოკოვანი დაავადებებისგან, ძირითადად ჭრაქისგან, რაც არასწორი და არადროული წამლობების გამო მოხდა.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
ერთი შეხედვით, ვაზისა და ღვინის სამშობლოში, ამ ღვთაებრივ სითხეს განსაკუთრებული პოპულარიზაცია არ უნდა ჭირდებოდეს, მაგრამ ისტორიულმა ძნელბედობამ მძიმე დაღი დაასვა ქართული ღვინის განვითარების და მოხმარების კულტურას. სამწუხაროდ, დღეს ქართულ სოფელში, მევენახე-მეღვინეებშიც კი იშვიათად შეხვდებით ღვინის სათანადოდ დამფასებელ ადამიანებს. დღემდე აქტუალურია შუასაუკუნეების ირანიდად შემოსული ლოთობა-ღრეობის კულტი, რამაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაში. ჩემი აზრით, აუცილებელია რეგიონებში სათანადო განათლების შეტანა, ვიცი, რომ ღვინის კლუბი ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ კლუბები და სკოლა-სტუდიები, მთავრობის თანადგომის გარეშე ვერ გაწვდება ამ საქმეს. ალბათ საჭიროა მეტი ფესტივალები და გამოფენები მეღვინეობის რეგიონების მიხედვით. დღევანდელი მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში შეუძლებელია, ღვინომცოდნეობის ანბანის ათვისება, თბილისში ჩამოსვლა და სპეციალური კურსების გავლა კი, ძვირი სიამოვნებაა მსურველებისთვის.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
თუ ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობა სულიერ სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ ეს საქმე თქვენთვისაა და შედეგებიც შესაბამისი გექნებათ. კარგი შედეგები კი კარგი ბიზნესის დასაწყისია - წარმატებებს ვუსურვებ ყველა დამწყებ მეღვინეს!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ერთი სიტყვით, თუ ამ საკითხში პრობლემა გაქვთ, შემეხმიანეთ და მე დაგიფინანსებთ თბილისში ჩამოყვანას და კურსების გავლას. ეს საახალწლო საჩუქარი ჩემგან კოოპერატივს


ვმუშაობ ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში. კოლექციონერმა მოგვიტანა ძალიან ძველი ღვინის ბოთლი „Сакаро“(შიგ ჩარჩენილი ღვინით და საცობით), რომელიც ჩვენი კომპანიის ინტერესებში არ შედის. თუ თქვენ დაგაინტერესებთ, დამიკავშირდით: kakogelashvili@yahoo.com 599 33 41 57

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული