Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გელოდებით ხვალ, 13 მაისს “ახალი ღვინის ფესტივალი 2023”-ზე

ხვალ, მთაწმინდის პარკში “ახალი ღვინის ფესტივალი” ღვინის მოყვარულებს უმასპინძლებს და საინტერესო ღვინოებით, სასიამოვნო მუსიკითა და კერძებით გაუმასპინძლდება. 11 საათიდან დაგხვდებათ 256 მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო ღვინო, რომლებიც რეგიონებისა და ადგილწარმოშობების მდიდარ მემკვიდრეობას წარმოაჩენენ. 

მეღვინეები სტუმრებს თავიანთი გამოცდილებისა და ისტორიების შესახებ მოუთხრობენ, ყოველი გასინჯული ღვინო კი ახალ თავგადასავლად გადაიქცევა, ახალ გამოცდილებად, რაც ყველას საშუალებას  მისცემს უკეთ აღმოაჩინონ ღვინის სტრუქტურა, გემური თვისებები, არომატები და ა.შ.

“ახალი ღვინის ფესტივალი 2023”-ზე მონაწილეებსა და სტუმრებს გასული წლის, (2022 წ.) ღვინოები დახვდებათ. ფესტივალზე ძირითად სახეობებსა და კატეგორიებს შეგიძლიათ უფრო დეტალურადაც გაეცნოთ. ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების აღმოჩენა და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. 

საინტერესოა მეღვინეების შთაბეჭდილებები, რომლებიც ადრე ფესტივალზე სტუმრის როლში იყვნენ, ახლა კი თავად უმასპინძლდებიან ღვინის ენთუზიასტებს, ექსპერტებსა და მოყვარულებს: “ყველაზე სასიამოვნო არის ის, რომ წლიდან წლამდე იზრდება მცირე მემარნეთა როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლები. რაც შეეხება სტენდთან დგომას, ძალიან მაგარი განცდაა, როდესაც შენი შრომის შედეგს ფართო აუდიტორიას უზიარებ” - ამბობს ირაკლი გვაზავა, “გვაზის” დამფუძნებელი. 

ზოგისთვის კი პირველად ამდენი ხალხის მასპინძლობა ცოტა რთული და ამაღელვებელია, თუმცა მთავარი ისაა, რომ იქ ყველას, სტუმრებსაც და ღვინის მწარმოებლებსაც ღვინის სიყვარული გვაერთიანებს: “ამდენი ბედნიერი ადამიანი ერთად თავმოყრილი, მომღიმარი სახეები, ცოცხალი მუსიკა, ქართული ღვინო, ტურისტები.. ახლა, როდესაც თავად უნდა გავუმასპინძლდე სტუმრებს, გაჩნდა პასუხიმგებლობის გრძნობა. უნდა წარვადგინო საკუთარი მარანი და ღვინო, დებიუტი კი ყოველთვის რთული და სანერვიულოა” - შალვა ალელიშვილი. 

ახალი ღვინის ფესტივალი 2023 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა, ისიამოვნებთ კარგი მუსიკით - „ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზ ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი „ჯეო ფოლკი“. ფესტივალის სტუმრებისთვის იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა.

“ახალი ღვინის ფესტივალზე” მონაწილე საოჯახო მარნებსა და კომპანიებს შეგიძლიათ ვრცლად გაეცნოთ, თან ჩვენს სადეგუსტაციო რჩევებს და მთაწმინდაზე ამოსასვლელ ტრანსპორტს გადახედოთ. ხვალ კი ადრიანად ამოდით და თან მეგობრებიც წამოიყოლეთ!

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასოციაცია ,,ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI). საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვებგვერდი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლეპერტი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული