Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ფესტივალზე რაც უფრო მეტი სტუმარია, ჩვენი სტიმულიც მით უფრო დიდია” - ინტერვიუ უჩა მაჭარაშვილთან

უჩას ღვინო” წელს ფესტივალზე მეორედ მონაწილეობს. ციცქას, ძელშავისა და ცოლიკოურის პეტ-ნატები იმერეთის სიცქრიალეს მოიტანს. უჩამ მეღვინეობა 2018 წელს დააარსა, პეტ-ნატების წარმოებაში კი სწორედ შარშანდელმა “ცქრიალა ღვინის ფესტივალმა” დაარწმუნა, სადაც ღვინის მოყვარულების განსაკუთრებული ინტერესი აღმოაჩინა ამ სტილის მიმართ. 

- რა ჯიშებისგან აწარმოებთ, რა მეთოდით და რითი გამოირჩევა თქვენი ცქრიალა ღვინო?

- ჩემს ცქრიალებს ზემო იმერული ჯიშებისგან ვაწარმოებ,  ესენია: საჩხერის ციცქა, საჩეხერის ძელშავი, ცოლიკოური. ეს ის ჯიშებია, რომლებიც ამ რეგიონისთვის არის განკუთვნილი და ამ რეგიონს ეკუთვნის. 750 მეტრზე ვარ ზღვის დონიდან, რაც კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის ღვინოს, მისი ტიტრული მჟავიანობა მეტად მაღალია სხვა რეგიონებთან შედარებით, რაც ცქრიალა ღვინოს ძალიან უხდება და მეტად გემრიელს ხდის. ამის დიდი დასტური ისაა, რომ მეტი მომხმარებელი ჰყავს ჩემს ცქრიალა ღვინოებს, რომელთა გემოებიც და არომატებიც განსხვავებულია.

- რა სირთულე შეგქმნიათ ცქრიალა ღვინის დაყენების პროცესში?

- სირთულე ის არის, რომ დიდი ყურადღება უნდა, ზოგადად, ცქრიალას წარმოებას. ეს არის ჯანსაღი ყურძენი და სუფთა წვენი, ანუ ტკბილი, შემდეგ სწორი დუღილი, ჰიგიენა და სწორი ტემპერატურის შერჩევაა საჭირო. რაც შეეხება ჩამოსხმის პროცედურას, ღამის 2 საათზეც კი დამიწყია, რადგან ასე მოუწია მაშინ. თუ არ ჩამოვასხამდი, მაშინ გაზებზე იმოქმედებდა, აქედან გამომდინარე ხშირად მიწევდა ღამის თენება.

- აღგვიწერეთ თქვენი ღვინოები.. როგორი არომატებით და გემოებით გამოირჩევა?

- ჩემი ღვინოები გამოირჩება ცინცხალი არომატებით, ზადებისა და მოგუდული ტონების გარეშე, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ღვინოს. თეთრებზე ვიტყოდი, რომ მწვანე ვაშლისა და ტყემლის არომატები აქვს, რომელიც მისი მირთმევის სურვილს კიდევ უფრო ზრდის. წითელებში კი მაყვალს, კენკრას და ჟოლოს იგრძნობთ.  

- რატომ გადაწყვიტეთ პეტ-ნატის დაყენება? ცოტა თქვენი ღვინის ეტიკეტის დიზაინზეც გვესაუბრეთ..

- პეტ-ნატის დაყენება გადავწყვიტე პირველ რიგში იმიტომ, რომ ახალი იყო შიდა ბაზრისთვის და მომხმარებელიც, ასე თუ ისე, ჰყავდა. ეს განსაკუთრებით გასულ წელს “ცქრიალა ღვინის” პირველი ფესტივალის ჩატარების შემდეგ დავინახე, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ხალხი ძალიანაა დაინტერესებული ცქრიალა ღვინის ამ კატეგორიით. აქედან გამომდინარე, წელს გავზადე წარმოებაც, რაოდენობაც და ხარისხიც,  მით უმეტეს, გასულ ზაფხულს ძალიან კარგად გაიყიდა პეტნატები. ეტიკეტიც უფრო განსხვავებული შევქმენი, რომელზეც ჩემი შვილის ფოტოა: “თეკლას პეტ-ნატი” - ეს ეტიკეტი არის დახვეწილი, მიზიდველი, თანამედროვე და ღირებული. სადაც არ უნდა იდოს ბოთლი, ყველგან იცნობთ ჩემს პეტ-ნატს, იმდენად განსხვავებული და გამორჩეულია.

- როდის ამჯობინებთ ხოლმე ცქრიალა ღვინოს ვიდრე კლასიკურ წითელს ან თეთრს?

- პეტ-ნატი არის ხალისიანი, შუშხუნა ღვინო, რომელსაც დღესასწაულებზე და ზაფხულის ცხელ დღებში უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე კლასიკურ თეთრ და წითელ ღვინოებს, ასევე აქვს თავისი მოხმარების, ანუ მირთმევის, წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას ყველამ. პირველ რიგში, უნდა ინახებოდეს გრილ ადგილას, მირთმევის დროს კი აუცილებელია მიირთვათ 7-8 გრადუსის ტემპერატურით ეს კი იმიტომ, რომ მეტად არომატული იყოს და მომხმარებელმა მისი გემოები და ხასიათი ბოლომდე იგრძნოს. თუ მას თბილს მივირთმევთ, არასასიამოვნო გემური თვისებები ექნება და გახსნის დროსაც დავისვრებით, მეტი ქაფიანობის გამო.  

- რაიმე განსაკუთრებული ტექნოლოგია ხომ არ გაქვთ, რითიც თქვენი ღვინო სხვებისგან გამოირჩევა?

- განსაკუთრებული ტექნოლოგია მაქვსთქო ვერ ვიტყვი. იმას გავიმეორებ, რომ ტიტრული მჟავიანობა დიდ როლს თამაშობს პეტ-ნატში. თუ დაბალია ტიტრული, კარგი არ გამოვა, რადგან შაქრიანობა და მჟავიანობა ღვინოში ვერ დაბალანსდება. როგორც უკვე ვახსენე, ზემო იმერეთის ყურძნის ჯიშებს ამ სტილის ღვინოებში ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალი აქვთ.

- რა მნიშვნელობა აქვს ცქრიალა ღვინის ფესტივალს თქვენთვის?

- ფესტივალი საშუალებას გვაძლევს ჩვენი წარმოებული პეტნატების და ზოგადად ამ სტილის ღვინოების შესახებ ცნობადობა ავამაღლოთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაგვიცნოს, დაგვიგემოვნოს პროდუქტი და შემდეგ თუ მოეწონათ ჩვენი მომხმარებელიც გახდეს. მე პირადად ძალიან მიხარია ყველა ფესტივალზე გასვლა, რადგან ყოველი გასვლისას უამრავ ახალ მომხმარებელს და იმპორტიორს ვიცნობ, რაც ძალიან მეხმარება ღვინოების გაყიდვებში. ყველას, ვინც ღვინოს აწარმოებს, ვურჩევდი არ გამოტოვს არცერთი ფესტივალი, რადგან სწორედ ეს არის განვითარებისთვის აუცილებელი. 

- რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ცქრიალა ღვინის ფესტივალს სტუმრობს?

- სტუმრებს, პირველ რიგში, დიდ მადლობას ვეტყოდი იმისთვის, რომ აქ ამოსვლა გადაწყვიტეს. ეს ჩვენთვის, მეღვინეებისთვის, ძალიან დიდი სტიმულია. სწორედ ეს ადამინები გვამხნევებენ და გვაძლევენ მოტივაციას, რომ ჩვენ ხარისხი რაოდენობასთან ერთად გავაუმჯობესოთ. რაც შეხება დეგუსტაციას, წელს გაცილებით ბევრნი ვართ, ვიდრე შარშან. სწორად ამიტომ, სტუმრებს ვურჩევდი, ხარისხიანად შეარჩიონ ესა თუ ის ღვინო და ისე შეიძინონ, ამის ძალიან დიდი არჩევანი და საშუალება ექნებათ ფესტივალზე.

- რასთან შეახამებდით თქვენს რჩეულ საფესტივალო ღვინოებს?

- რადგან ჩემი საფესტივალო ღვინოები მაღალმჟავიანი, დაბალანსებული და გამორჩეულია,მალე ახალი წელიც მოდის, პეტნატები კი ძალიან მოუხდება სუფრას, ზღვის პროდუქტებსა და სახალწლო კერძებს თავისი ცქრიალითა და ხალისით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებენ ცქრიალა ღვინოებით, რომლებიც ახალ წელს განსაკუთრებულს გახდის.

- რა რჩევას მისცემდით იმ მეღვინეებს, რომლებიც პეტ-ნატებისა და ცქრიალა ღვინოების დაყენებას ახლა იწყებენ

- ვინც იწყებს სამომავლოდ ცქრიალა ღვინისა და პეტ-ნატების წარმოებას,  პირველ რიგში, ვეტყოდი იმას, რომ კარგი, ხარისხინი ყურძენი უპირველესია. შემდეგ პეტ-ნატისთვის დამახასიტებელ კონდიციაზე დაკრიფონ და რა თქმა უნდა, დაიცვან ჰიგიენა. სწორი დუღილი, სწორი ჩამოსხმა, ამ ყველაფერს თუ დაიცავენ, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ კარგ, განსაკუთრებულ პეტ-ნატს მიიღებენ, ხოლო რაც შეეხება ცქრიალა ღვინოებს, პირველ ჯერზე არ აწარმოონ ბევრი, რადგან მისი ტესტი აუცილებელია. ამიტომ მცირე რაოდენობით დაიწყონ დაიწყონ და ნელ-ნელა გაზარდონ ხარისხიც და წარმოებაც.

- როგორი გამოცდილება იყო გასული წლის “ცქრიალა ღვინის ფესტივალი”? 

- გასულ წელს მოულოდნელად გავიგე პეტ-ნატისა და ცქრიალა ღვინის ფესტივალის შესახებ, რამაც ძალიან გამახარა გამოიწვია და მონაწილეობაც დაუფიქრებლად გადავწყვიტე. როგორც მონაწილე, ვიტყოდი, რომ იყო ძალიან ხალისიანი, ძალიან სწორად და კარგად დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული. ასევე იყვნენ საინტერესო ადამინები და გაყიდვებიც საკმაოდ დიდი იყო, ვფიქრობ, ესეთი ფესტივალები წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩატარდეს. წელს რაც ტარდება ეს ძალიან კარგია, კიდევ და კიდევ მეტი მარანი გამოჩნდება, მათთან ერთად კი მეტი მომხარებელი. მეღვინეები ერთმანეთს ხარისხსი შეეჯიბრებიან, რაც დიდ სტიმულს მოგვცემს ვაწარმოოთ უფრო ხარისხიანი და გამორჩეული პროდუქცია. ამ შესაძლებლობებისთვის დიდი მადლობა ფესტივალის  ორგანიზატორებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული