Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ერთმანეთს თუ არ ვუწილადეთ ცოდნა, წარმატება და გამოცდილება, ისე არაფერი გამოვა"- ინტერვიუ შალვა ალელიშვილთან

შალვა ალელიშვილი, მარანი "ღვინიას" დამფუძნებელია და  "ახალი ღვინის ფესტივალი 2023"-ზე პირველად გაუმასპინძლდება სტუმრებს. დებიუტი კი, როგორც გვიამბობს, ყოველთვის ამაღელვებელი და საპასუხისმგებლოა. ინტერვიუში გაეცნობით მისი ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, Gvinia Distillery-ის სამომავლო გეგმებსა და ექსპერიმენტებს, თუ როგორ ავარგებენ ვარდისფერ ღვინოს კასრებში. მეღვინე ფესტივალთან დაკავშირებული დასამახსოვრებელი ისტორიებისა და საინტერესო გამოცდილებების შესახებაც გვესაუბრება:   

- თუ ყოფილხართ ფესტივალის სტუმარი აქამდე, ყველაზე მეტად რა იყო თქვენთვის სასიამოვნო იქ ყოფნისას? რა შეგრძნებაა, როდესაც ახლა დახლის მეორე მხარეს იქნებით და თავად გაუმასპინძლდებით სტუმრებს?

- დიახ, ვყოფილვარ. ბოლო რამდენიმე წელია ახალი ღვინის ფესტივალის მუდმივი სტუმარი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს დღე და ეს ფესტივალი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ვიზიტორზე, ჩემზეც ასე იმოქმედა პირველად. ამდენი ბედნიერი ადამიანი ერთად თავმოყრილი, მომღიმარი სახეები, ცოცხალი მუსიკა, ქართული ღვინო, ტურისტები... ახლა, როდესაც თავად უნდა გავუმასპინძლდე სტუმრებს, გაჩნდა პასუხისმგებლობის გრძნობა. უნდა წარვადგინო საკუთარი მარანი და ღვინო. დებიუტი ყოველთვის რთულია და სანერვიულო.

- შეგიძლიათ გაგვაცნოთ თქვენი წარსადგენი ღვინოები, მათი არომატები და გემური პროფილი? თქვენი რჩეული ღვინო რომელია?

- ვინაიდან აღნიშნული ფესტივალი გახლავთ „ახალი ღვინის ფესტივალი“, ჩვენი მარანი სადეგუსტაციოდ წარმოადგენს ახალ, გასული წლის ღვინოებს. ესენი გახლავთ: რქაწითელი ქვევრი, ქისი ქვევრი და თავკვერი ვარდისფერი. რქაწითელი და ქისი შევიძინეთ ახმეტაში, ჩვენთვის კარგად ნაცნობი და გამოცდილი მევენახეებისგან. გახლავთ ქვევრის ქარვისფერი ღვინოები, სრულ ჭაჭაზე ფერმენტირებული კლერტის გარეშე. ორივე მაღალ ექსტრაქტული ღვინოა, ახალგაზრდა, მაგრამ დაბალანსებული მჟავიანობითა და სავსე სხეულით, არომატების ამოცნობა სტუმრებისთვის მიგვინდია. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ნაწილი ჩამოვასხათ ბოთლებში და გამოვიტანოთ სარეალიზაციოდ ახლო მომავალში, ხოლო ნაწილი კი დავაძველოთ სპეციალურ მუხის კასრებში. კასრებისთვის და ზოგადად ღვინის დაძველებისათვის მარანში გვაქვს ენოთეკა 4მ მიწის სიღრმეში, სადაც კონტროლდება ფარდობითი ტენიანობა. სასურველ ტემპერატურას ბუნებრივად ვინარჩუნებთ, რადგან ჩვენი მარანი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს. თავკვერი გახლავთ ვარდისფერი ღვინო, კლასიკური წარმოება, 12 პროცენტიანი ბლენდი საფერავთან კო-ფერმენტაციით. ღია ვარდისფერი ღვინოა, გამოხატული მჟავიანობითა და ცინცხალი გემოებით. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თავკვერი 13 მაისის გაზაფხულის დღეს ძალიან უნდა მოუხდეს და სტუმარსაც მოეწონოს. გასულ წელს მცირე რაოდენობით ვაწარმოეთ თავკვერის ღვინომასალა ცქრიალა ღვინისათვის. მალე გვექნება ტირაჟი და ღვინო შამპანის ტრადიციული ტექნოლოგიით გადაინაცვლებს ბოთლებში მეორადი დუღილისათვის. 

- შეგიძლიათ გაგვიაზიაროთ მხიარული ან დასამახსოვრებელი ამბავი თქვენს ღვინოსთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით?

- შუქის წასვლა, პირველი ეს გამახსენდა. რამდენად მხიარულია არ ვიცი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, მარანში ღვინის რომელიმე ტექნოლოგიური პროცესი რომ გაქვთ გაჩაღებული და მოულოდნელად ქვრება დენი. სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს. 

- როგორ ვითარდებოდა თქვენი ღვინოსთან ურთიერთობა, რაიმე ახალ, განსხვავებულ ტექნიკას ან მეთოდს ხომ არ იყენებთ?

- შარშან ქარვისფერ ღვინოზე ვცადეთ დელესტაჟის მსგავსი ტექნიკა. ეს არის წითელი ღვინის ვინიფიკაციის ერთ-ერთი მეთოდი, რა დროსაც ჭურჭლის ძირში არსებული მადუღარი წვენი ზემოდან ესხმება ჭაჭის მშრალ ქუდს, რა დროს ხდება მარცვლის კანიდან ფერის, ტანინებისა და ფენოლური ნაერთების ექსტრაქციის ზრდა. დაწყებული გვაქვს ჩვენი პირველი მოსავლის - 2021 წლის ქარვისფერი რქაწითელის სპეციალურ მუხის კასრებში დამწიფება. ხანგრძლივობას თავად ღვინის გზა გვიჩვენებს. კასრებთან ვატარებთ რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტს, მათ შორის გვსურს ვარდისფერი ღვინის დავარგება და ეს პროცესიც დაწყებულია, 90-120 დღის შემდეგ მივიღებთ ძალიან საინტერესო და უცხო პროდუქტს. სანამ ჩვენი მესხური მეურნეობა და ვაზი დაგვეწევა, მომავალ წლებში შევეცდებით უფრო მეტი და მეტი ასორტიმენტით ვიყოთ წარმოდგენილები, საინტერესო ბლენდებითა და მუხაში დაძველების ტექნიკით.

უდაბნოში რომ იყოთ და მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინის ნატვრა ან წაღება შეგეძლოთ,თქვენს რომელ ღვინოს წაიღებდით?

- წლის ბოლოს რომ იქნება მზად - თავკვერის ცქრიალა ღვინო. ვინც ამ სურვილს შემისრულებდა, ვთხოვდი, აუცილებლად ჩაციებული მოეტანა.

- როგორ წარმოგიდგენიათ საუკეთესო სცენარი ფესტივალის დღეს, 13 მაისს?

- მიუხედავად ამდენი ღვინისა და ალკოჰოლისა, მე არ მახსოვს არცერთი თუნდაც მცირე "ექსცესი" ამ დღეს. ეს კარგი ტრადიცია არ მინდა დაირღვეს, დანარჩენი ყველაფერი იდეალურადაა ორგანიზებული, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს.

- მსოფლიოში რომელ ცნობილ ადამიანს, თუნდაც მეღვინეს, მწერალს, ან მსახიობს ისურვებდით, დაეჭაშნიკებინა თქვენი ღვინო?

- შარშან მეგობრებთან ერთად გახლდით იტალიაში სტუმრად იოშკო გრავნერთან. ჩვენი მეგობარი გიორგი ბარისაშვილი იყო მიწვეული ოჯახურ ვახშამზე და მას გავყევით. ბატონო იოშკო აწარმოებს ქარვისფერ რიბოლას ქართულ ქვევრებში, რასაც შემდგომ 7 წლით აძველებს სპეციალურ მუხის ჩანებში და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამს ბოთლებში და ყიდის. მინდა, გითხრათ, საოცარი ღვინოა, ქარვისფერი ღვინისა და მუხის ტონების საოცარი ინტეგრაციით. ამ დღეს იოშკომ გვითხრა, თუ რომელი მუხით უნდა გვესარგებლა ქარვისფერ ღვინოსთან და კონკრეტულად ვისი წარმოების. მის რეკომენდაციას მივყვევით მე და ჩემი მეგობრები და ვისურვებდი, როცა ჩემი ღვინო მზად იქნებოდა, მას გაესინჯა. არ არის გამორიცხული ეს სურვილი ავიხდინო კიდეც, რადგან იოშკოს შვილიშვილთან - გრეგორთან დავმეგობრდი და ხშირი მიმოწერა მაქვს, მალე საქართველოშიც აპირებს ჩამოსვლას.

- გაიხსენეთ თქვენის აყვარელი ან სასიამოვნო მოგონება ფესტივალზე წარსული გამოცდილებიდან, როდესაც მხოლოდ ფესტივალის სტუმარი იყავით.

- გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე, როდესაც ყველა ჩვენი მეგობარი მეღვინე ვინახულეთ და ღვინოც საკმაოდ დავაჭაშნიკეთ, დავჯავშნეთ პატარა მაგიდა, შევუკვეთეთ მწვადი და გავხსენით რამდენიმე ბოთლი ღვინო. უცებ შორიახლოდან მესმის სიმღერის ხმა, კარგი და გამართული ხმებით. ჩემს ძმაკაცებს ვეუბნები, ხომ არსად გავსულვარ, ვინ მღერის არ ვიცი, არ მინახავს, სანაძლეოს ჩამოვდივარ, თუ ერთ-ერთი მომღერალი ჩემი ბავშვობის მეგობარი არ იყოს-მეთქი. რა თქმა უნდა, არ დამიჯერეს. მართალი აღმოვჩნდი, მისი ხმა ვიცანი. გიორგი ცერცვაძე, სამების გუნდის წევრი და უნიჭიერესი ლოტბარი. ბიჭები გადმოვიპატიჟეთ სუფრაზე, ვიმღერეთ და კარგად მოვილხინეთ. ნამდვილად კარგ მოგონებად დამრჩა.

- რას ფიქრობთ სხვა მეღვინეებზე, რომლებიც თქვენთან ერთად იქნებიან ფესტივალზე, მათ კონკურენტებად უფრო აღიქვამთ, თუ თანამებრძოლებად?

- თანამებრძოლებად! ერთმანეთს თუ არ ვუწილადეთ ცოდნა, გამოცდილება, პრაქტიკა, შეცდომები, წარმატება, ისე არაფერი გამოვა. ეს არის ურთულესი სფერო უკიდეგანო სივრცეებითა და გამოწვევებით. პატარა მარნები უნდა ვეცადოთ, ჩამოვაყალიბოთ მცირე კოოპერატივები და გაერთიანებები, შევიძინოთ საერთო ძვირადღირებული, მაგრამ საჭირო დანადგარები, რაც დღეს, თანამედროვე მარანში სჭირდება მეღვინეს. ერთ ასეთ მომავალ გაერთიანებას, სადაც შედიან მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სათავეში უდგას ჩვენი მეგობარი და ყველასთვის კარგად ნაცნობი მეღვინე ლევან ბანძელაძე. ამ კოოპერატივს უკვე აქვს საინტერესო სახელი და მისი გეგმების შესახებ მალე გაიგებს საზოგადოება. 

- შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რჩევები ან რაიმე საიდუმლო თქვენი ღვინის დეგუსტაციისას? 

- არაფერი განსაკუთრებული, ყველაფერი ისე, როგორც სერვირების ეტიკეტითაა გათვალისწინებული. ქვევრის ქარვისფერ ღვინოებს სჭირდება აერაცია და ამის შემდეგ უნდა მიირთვათ. ძალიან მოუხდება შემწვარ ხორცსა და ჩაქაფულს. ხოლო ვარდისფერი ღვინო კარგად უნდა ჩააციოთ და ისე მიირთვათ სალათებთან ან შემწვარ თევზთან.

-რაიმე ახალი კატეგორიის ღვინის დაყენებას ხომ არ ფიქრობთ მომავალში, რა სამომავლო გეგმები გაქვთ და თქვენი აზრით, რამდენად დაგეხმარებათ ფესტივალი ამ სამომავლო გეგმების განხორციელებაში?

- ფესტივალი ძალიან ეხმარება ცნობადობის გაზრდაში ჩვენნაირ დამწყებ მარნებს. ახალი ღვინის ფესტივალი, ჩემი აზრით, საუკეთესო ფესტივალია საქართველოში, ეს ყველამ იცის. ამიტომ აქ იკრიბება ღვინის მოყვარულ ადამიანთა ყველა კატეგორია, მეღვინეები, ენოლოგები, სომელიეები, დეგუსტატორები, ნეგოციანტები, იმპორტიორები, ღვინის მწერლები და ა.შ. საინტერესო იქნება მათთან შეხვედრა და ამ გამოცდილების მიღება. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, მარან ღვინიას ბაზაზე ფუნქციონირებს კრაფტ დისტილერია, რომელსაც დავარქვით Gvinia Distillery. ეს არის ხელნაკეთი არყების პატარა სამჭედლო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე „ფოთ სთილ“ და რეფლუქსური ტიპის სახდელი ინვენტარით. მალე გამოვჩნდებით ბაზარზე ქართული ჭაჭის რამდენიმე სერიით, ასევე მესხური ხილის არყებით, როგორიცაა ჭანჭური და თუთა. დიდი ნაწილი ჩვენი სასმელებისა უკვე მწიფდება მუხისა და ალუბლის კასრებში, რომლებიც წელს შევიძინეთ აწარმოე საქართველოს მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო კონკურსის ფარგლებში. მაღალალკოჰოლური სასმელი მოითხოვს თანამედროვე გამოსახდელი აპარატების, მათ შორის ფრაქციული დისტილაციის, ზედმიწევნით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ამ ნაწილში ძალიან მაღალ ხარისხზე გვაქვს პრეტენზია, რასაც ცხადყოფს წინასწარი დეგუსტაციის შედეგები პროფესიონალი ადამიანებისაგან.

- და ბოლოს, რა არის ის, რასაც იმედოვნებთ, რომ სტუმრებს თქვენი ღვინის დაჭაშნიკების შემდეგ დღის ბოლომდე გაჰყვებათ ან დაამახსოვრდებათ? 

- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დებიუტი არ არის მარტივი. ჩვენს ღვინოებს მე და ჩემი მეუღლე წარვადგენთ 45-ე კარავში. ყველაზე მეტად რაც მსურს, რომ მოსულ სტუმარს დაამახსოვრდეს, პირველ რიგში, ეს არის პირადი ადამიანური ურთიერთობები, ჯერ ჩვენ უნდა გაგვიცნონ და შემდეგ - ჩვენი ღვინო. მინდა, რომ ღვინიასგან ბევრი ღიმილი და სითბო წაიღონ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული