Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დასავლეთ საქართველოს მეღვინეობა - ბოლო წლების ტენდენციები

ალეკო ცქიტიშვილი 
 
დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებაზე საუბარი ოთხი-ხუთი წლის წინ ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ცოტა ხანში ბაზარზე გამოჩნდებოდა ისეთი ღვინოები, როგორიცაა: „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“,  „ჩხავერი“, „ალადასტური“, „უსახელაური“. ახლა ეს ღვინოებიც გამოჩნდა და რაც მთავარია, დასავლეთ საქართველოში ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშებისგან - ცოლიკოურისგან და ციცქასგან დაყენებული ღვინოებიც აღარ ასოცირდება მხოლოდ თერჯოლის საბჭოთა საკოლმეურნეო ქარხნებში დაყენებულ ცრუ „შამპანურებთან“. 
დასავლეთ საქართველოს მეღვინეობაში ვაზის უსამართლოდ მივიწყებული ქართული ჯიშების დაბრუნება კვლავ გრძელდება და ორ-სამ წელიწადში ღვინის მაღაზიებში ისეთი დასახელების ღვინოებიც გამოჩნდება, რომლებიც აქამდე ბევრს არც გაუსინჯავს: „ჯანი“, „საკმიელა“, „კუნძა“, „სხილათუბანი“, „ძელშავი“, „ხარისთვალა“ და ა.შ. ამავე დროს უკვე არსებული დასახელებებიც აღარ იქნება სანთლით საძებნი. მცირე მარნები, რომლებმაც მეღვინეობაში პირველი ნაბიჯები გადადგეს, ვენახების ფართობებს ზრდიან, ინფასტრუქტურის მოწყობაზეც ზრუნავენ და რაც მთავარია - აუმჯობესებენ ღვინის ხარისხს, რათა ბაზარზე დამკვიდრდნენ. 
„დამატებით 2 ჰექტარი მიწა მაქვს ნაყიდი და ნაწილი უკვე გავამზადე ახალი ვენახის გასაშენებლად. დეკემბერში დავრგავ ცოლიკოურს, ჩხავერს, კრახუნას და ალადასტურს“, - ამბობს ბაღდათელი მცირე მარნის მფლობელი გაიოზ სოფრომაძე, რომლის „ჩხავერი“ და „ცოლიკოური“ ექსპორტზეც გადის და თბილისის ღვინის მაღაზიებშიც იყიდება. გარდა იმისა, რომ ახალ ვენახს აშენებს, გაიოზ სოფრომაძემ წელს დამატებით ერთტონიანი ჭურიც იყიდა მარნისთვის და ღვინის ტურიზმშიც აქტიურად ჩაერთო. იგი მონაწილეობს ტურიზმის დეპარტამენტის პროექტში „საქართველოს ღვინის გზა“, რამაც დამატებითი შემოსავალი მოუტანა და ასევე - მატერიალური სახსარიც, რათა თავისი მეურნეობის განვითარებაზე იზრუნოს.
უფრო გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმა აქვს თერჯოლელ გიორგი მაკარიძეს, რომლის „ოცხანური საფერე“  ღვინის კლუბის წევრებისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ამ იშვიათი ვაზის ჯიშის მსხმოიარე ვენახი იმდენად მცირე ფართობზე აქვს გაშენებული, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფ ღვინოს აყენებს. „სულ რაღაც 120 ლიტრი ღვინო გამოდის 9 წლის წინ გაშენებული ოცხანური საფერესგან. ეს ჯიში 15 წლისა უნდა იყოს, რომ სრულფასოვნად დაისხას. ოლიხნარზე გაშენებული ერთი ძირი ოცხანური საფერესგან 7 კგ ყურძენი მაინც უნდა დაკრიფო. ჩემი ვენახი კი ჯერ 9 წლისაა და ამიტომ ერთი ძირიდან საშუალოდ მხოლოდ 2-3 კგ ყურძენს ვკრეფთ. დამატებით კიდევ 3000 ძირი ოცხანური საფერე მაქვს გაშენებული და პირველ მოსავალს გაისად მომცემს. წელს უცხოელებმა მითხრეს - შენი ღვინო მოგვყიდე, რომში წავიღებთ მაგარ მაღაზიაშიო. არ მივყიდე, რადგან სულ 50 ლიტრი დამრჩა და ვწრუპავთ მე და მამაჩემი. რამდენიმე წლის მერე, როცა 3000 ძირი ოცხანური საფერე ამუშავდება, ვიფიქრებ ღვინის გაყიდვაზე და ექსპორტზე. მანამდე მინდა, გამოფენებსა და ფესტივალებში მივიღო მონაწილეობა, რათა გავიგო, რას ფიქრობენ ადამიანები ოცხანურ საფერეზე“, - გვითხრა გიორგი მაკარიძემ, რომელსაც თბილისში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2012-ზე ვესაუბრეთ.
3 წლის წინ, როცა ღვინის კლუბი ახალი დაარსებული იყო და ერთ-ერთი დეგუსტაციისთვის იმერული ღვინოების გასინჯვა გადავწყვიტეთ, აღმოჩნდა, რომ ბაზარზე იმერული ღვინოები მხოლოდ ერთ-ორ კომპანიას ჰქონდა. ამის გამო მაშინ დეგუსტაცია ვერ შედგა. დღეისათვის სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს. ღვინო „ცოლიკოური“, რომელიც იმერეთის, ფაქტობრივად კი - მთელი დასავლეთ საქართველოს წამყვანი ვაზის ჯიშის ყურძნისგან მზადდება, ბაზარზე თითქმის ყველა მსხვილ კომპანიას აქვს გამოტანილი. „თელიანი ველი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ბადაგონი“ და რამდენიმე მსხვილი ღვინის კომპანია, მომხმარებელს, ძირითადად, თანამედროვე ტექნოლოგიით და ევროპული წესით დაყენებულ ღვინოებს სთავაზობს. კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ აქვს როგორც თანამედროვე, ევროპული წესით, ისე ტრადიციული იმერული ტექნოლოგიით ჭურში დაყენებული ღვინოები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „ცოლიკოური“ ბაზარზე იშვიათობას აღარ წარმოადგენს, დიდი წარმადობის მქონე კომპანიებიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ „ხარებას“ და „იმერული ღვინის კომპანის“ აქვს საკუთარი ვენახები იმერეთში, კერძოდ - ადგილწარმოშობის დასახელების ერთადერთ იმერულ მიკროზონაში, სვირში. 
„ხარება“ და „იმერული ღვინის კომპანია“ ვაზის ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე აკეთებენ აქცენტს. „იმერული ღვინის კომპანია“ ექსპერიმენტებსაც მიმართავს და სვირში არა მარტო იმერეთის, არამედ რაჭა-ლეჩხუმის (ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელოური), კახეთის (საფერავი), სამეგრელოს (ოჯალეში), ჯიშებიც აქვს გაშენებული. ამ კომპანიების ღვინის საცავებში დღესდღეობით ქართული ვაზის 10-ზე მეტი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები ინახება, რომელთა დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშებია. „იმერულმა ღვინის კომპანიამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა იმერეთში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, ოცხანური საფერეს მეღვინეობაში დასაბრუნებლად. ასევე შეიძლება ითქვას „ხარებაზე“, რომელმაც იმერეთის თეთრყურნიან ჯიშს - კრახუნას ძველი დიდება დაუბრუნა. „ხარებას“ სხვადასხვა მოსავლის „კრახუნამ“ უკვე რამდენჯერმე მიიღო ოქროს მედალი საერთაშორისო კონკურსებზე. მაგალითად, „კრახუნა 2011“-მა წელს ოქროს მედალი მიიღო ბორდოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე - Les Citadelles du vin 2012. 
ბოლო ორი წელია, სტაბილურად მაღალი ხარისხის ღვინო აქვს ნიკოლაძეების მცირე მარანს. ამ მარნის მეღვინეს, რამაზ ნიკოლაძეს ეკუთვნის ბოლო წლების ყველაზე თამამი ექსპერიმენტი. „ეს ღვინო შესაძლოა, ყველაზე უცნაური და ეკზოტიკურიც კი იყოს ბოლო წლების მანძილზე წარმოებულ ყველა ქართულ ღვინოს შორის. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ერთეულებს გექნებათ გასინჯული ჭაჭაზე და მესამედ კლერტზე ჭურში დადუღებული და 6 თვის მანძილზე ჭურშივე დავარგებული ცოლიკოური. ზოგიერთი იმერული ღვინის მოყვარული შეიძლება, შოკშიც ჩააგდოს ამ ღვინომ, სხვები კი სასიამოვნოდ განაცვიფროს... ღვინო სასიამოვნო მჟავიანობით, ასევე ძლიერი ტანინებით გამოირჩევა და ხანგრძლივი დაბოლოების გარდა მის მთავარ ღირსებას სიახლის ეფექტიც წარმოადგენს“, - ასე ახასიათებს „ნიკოლაძეების მარნის“ 2011 წლის მოსავლის „ცოლიკოურს“ ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია. 
რამაზ ნიკოლაძე საქართველოში „სლოუ ფუდის“ წარმომადგენელია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მარტო თავისი, არამედ რამდენიმე სხვა ოჯახური მარნის განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასოციაცია „ქვევრის ღვინის“ პროექტი, რომლის თანახმად, იმერეთში უნდა მოძებნილიყო ისეთი მეღვინეები, რომლებიც ღვინოს ტრადიციული წესით ჭურში აყენებენ. სამი წლის წინ ეს არც ისე იოლი საქმე იყო. თუმცა, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ასოციაცია „ქვევრის ღვინოს“ რამდენიმე ოჯახური მარანი შემორჩა, რომლებიც სტაბილურად ყოველწლიურად მაღალი ხარისხის ღვინოებს აყენებენ და ამ ღვინოების დიდი პარტია ევროპაში, ექსპორტზე მიდის. ამ მარნებიდან აღსანიშნავია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მცხოვრები მევენახისა და მეღვინის, დიდიმ მაღლაკელიძის ოჯახური მარანი. ამ მარნის 2011 წლის მოსავლის „ცოლიკოური“ თითქმის მთლიანად იტალიელი დამკვეთებისთვის ჩამოისხა. საქართველოში დარჩენილი რამდენიმე ათეული ბოთლი კი მალევე გაქრა დახლებიდან. 
ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ ახალი ღვინის ფესტივალზე წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ოჯახური მარანი მონაწილეობს დასავლეთ საქართველოდან. მომდევნო წლისთვის მათი დიდი ნაწილი უკვე შპს-ს სახით რეგისტრირდება და სხვადასხვა ფესტივალებშიც უკვე შპს-ს სახით მონაწილეობს, თანაც - უკვე ბოთლში ჩამოსხმული ღვინოებით. 
2012 წელს ღვინის კლუბის პროექტი ამუშავდა, რომელსაც „ღვინის კერა“ (Kera Wine) ჰქვია და რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პერსპექტიული ოჯახური მარნების აღმოჩენა, მათი ღვინოების ჩამოსხმა  და საზოგადოებამდე შესაბამისი მარკეტინგული სახით მიტანა. 2012 წელს „ღვინის კერამ“ ობჩელი მევენახის, ზურაბ ღვალაძის ორი სახის ღვინო - „ცოლიკოური“ და „ცოლიკოური/ციცქა“ შესთავაზა ღვინის გურმანებს. 
დასავლეთ საქართველოს ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებიდან რაჭა და ლეჩხუმი დაახლოებით ერთი პრობლემატიკის რეგიონებია. რაჭა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინით - „ხვანჭკარით“ ამაყობს, ლეჩხუმი კი - „ტვიშით“ და „უსახელოურით“, რომელიც ამავე სახელწოდების ვაზის ჯიშის ყურძნისგან მზადდება ოყურეში-ზუბის მიკროზონაში. ღვინის მსხვილ კომპანიებს ამ რეგიონებში საკუთარი ვენახების გაშენება ჯერჯერობით არ დაუწყიათ. ისინი ძველი პრაქტიკით მუშაობენ - ყურძენს ადგილობრივი მევენახეებისგან ყიდულობენ, შემდეგ თავიანთ ქარხნებში ჩამოაქვთ და ღვინომასალად აქცევენ. მცირე გამონაკლისთა შორის შეგვიძლია ისევ „ხარება“ დავასახელოთ, რომელსაც ოყურეშში უსახელოურის ვენახი აქვს. ბაზარზე ამჟამად სწორედ „ხარებას“ და კიდევ კომპანია „უსახელაურის ვენახების“ „უსახელაურია“ წარმოდგენილი - ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოები, რომლებიც ოყურეშში დაკრეფილი უსახელაურისგან არის დაყენებული. ცნობისათვის - „თელავის ღვინის მარანი“ მომხმარებელს კახეთში დაკრეფილი უსახელაურისგან დაყენებულ „უსახელაურს“ სთავაზობს.
აჭარაში მეღვინეობის აღორძინების სათავეში უნდა დავასახელოთ „აჭარული ღვინის სახლი“, რომელმაც აჭარელ მევენახეებს ამ რეგიონში გავრცელებული ძველი ქართული ჯიშის - ჩხავერის გაშენების სურვილი აღუძრა. ეს კომპანია უკვე ორი წელია, აწარმოებს ჩხავერის ღვინოს სახელწოდებით - „პორტო ფრანკო“, რომლისთვისაც ყურძენს გლეხებისგან იბარებს. 
სამეგრელოში მეღვინეობის აღორძინების პიონერი „სალხინოს დადიანების მარანია“. სალხინოს დადიანების ისტორიული მარანი ამჟამად სალხინოს მამათა მონასტრის განკარგულებაშია. მარანი ჭყონდიდის ეპარქიამ აღადგინა და ააღორძინა სამეგრელოს უნიკალური ვაზის ჯიშის – ოჯალეშის ღვინის ჭურებში დაყენების ტრადიცია. სოფელი სალხინო იდეალური მიკროზონაა მეგრული ოჯალეშისთვის.  
ოდნავ უკეთესი ვითარებაა გურიაში, სადაც მეღვინეობაში გურიის ვაზის ჯიშების დაბრუნებას რამდენიმე ენთუზიასტი ცდილობს. მათ შორის უნდა აღინიშნოს ვაზის ჯიშების დიდი მოყვარულის, ანდრო ვაშალომიძის საქმიანობა, რომელიც უკვე ორ ათეულზე მეტი წელია, სოფელ-სოფელ აგროვებს უსამართლოდ მივიწყებულ ვაზის ჯიშებს. ასევე ბოლო წლებში გამოჩნდა რამდენიმე მცირე მარანი, რომელთაგან აღსანიშნავია თეიმურაზ შარაშიძისა და ზურაბ თოფურიძის მარნები. წელს ზურაბ თოფურიძის ღვინომ „ჩხავერი 2010“ ოქროს მედალი მიიღო ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსზე - „საქართველო ღვინის სამშობლო“.  
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული