Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"დათაგვული ღვინოები ფეისბუკზე დავთაგოთ!"

ღვინის კლუბის დეგუსტაციები საჯარო და ინტერაქტიული გახდა

ალეკო ცქიტიშვილი

საზაფხულო შესვენების შემდეგ ღვინის კლუბის ტრადიციული დეგუსტაციები ახალი ფორმატით განახლდა. დეგუსტაციაზე დასასწრებად აღარ არის აუცილებელი ღვინის კლუბის წევრობა. ღვინოების გასინჯვა და შეფასება ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პირველ დეგუსტაციას, რომელიც 10-დან 30 ლარამდე ღირებულების "საფერავებს" მიეძღვნა, საზეიმო ელფერი დაჰკრავდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ღვინომ უცებ გააერთიანა და დააახლოვა.

ახალი პროექტი - "ღვინის კლუბის საჯარო დეგუსტაციები" მაჩაბლის ქუჩაზე, 16 ნომერში მდებარე ღვინის ბარში "ღვინის კლუბი - schall" განხორციელდება. დეგუსტაციის საფასური, ტრადიციულად, კონკრეტული თემატიკით განისაზღვრება და უცვლელი დარჩება მთავარი პრინციპიც - სადეგუსტაციო ნიმუშებს ღვინის კლუბი ისევ შეიძენს, რათა დეგუსტაციაზე არა მარტო ღვინის ხასიათი, არამედ უშუალოდ გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის ხარისხიც შეფასდეს. საჯარო დეგუსტაციები იმ ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება, რომლებსაც აინტერესებთ სიახლები ქართულ მეღვინეობაში და ინფორმაცია კონკრეტულ ღვინოებზე.

30 სექტემბერს ღვინის კლუბის პირველ საჯარო დეგუსტაციაზე 10-დან 30 ლარამდე ღირებულების "საფერავის" 11 ნიმუში იყო წარმოდგენილი. ამ საფასო სეგმენტზე გათვლილი "საფერავი" თითქმის ყველა ღვინის კომპანიას აქვს. დეგუსტაციაზე კი შემდეგი კომპანიების "საფერავები" გაისინჯა (რიგითობის მიხედვით): 1) თელავის ღვინის მარანი, 2009. 2) კომპანია "კახური", 2010. 3) "შუმი", 2007. 4) ინდ/მეწარმე გიორგი მირიანაშვილის "გუნაშაური", 2009. 5) შპს "იბერია", 2009. 6) "დურუჯის ველი", 2009. 7) "ჯაყელების ღვინოები" - "ხაშმის საფერავი", 2008. 8) "ხარება" - "პრემიუმი", 2009. 9) თბილღვინო, 2010. 10) ქინძმარაულის მარანი, 2010. 11) "ბადაგონი", 2007. 

დეგუსტაციის დაწყებამდე ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ენოლოგმა გიორგი სამანიშვილმა ღვინის დაგემოვნების ხერხებზე ისაუბრეს. დეგუსტაციის მსვლელობისას კი, ყველა მონაწილეს ჰქონდა საშუალება, ორიოდე სიტყვით დაეხასიათებინა გასინჯული ნიმუშები. ეს დეგუსტაციის ახალბედა მონაწილეებს არც თუ ურიგოდ გამოსდიოდათ. კრიტიკული შეფასებებით გამოირჩეოდა ალეკო მოწერელია, პროფესიით ინჟინერი, რომელმაც დეგუსტაციაზე წარმოდგენილ "საფერავებში" ხან "ბროწეულის ქერქის სიმწარე" აღმოაჩინა, ხან კი "სარეველა ბალახის მცენარეული ტონები". ერთ-ერთი ნიმუში მან ასე დაახასიათა: "აი, მთაში რომ მიდიხარ, რაღაც ბალახს ფეხს რომ აბიჯებ - ამბროზიას ბიძაშვილს და ეგრევე სუნს რომ გრძნობ, ასეთი მძაფრი სუნი ჰქონდა ამ ღვინოს".

"საფერავების" საჯარო დეგუსტაცია აზრთა სხვადასხვაობით გამოირჩეოდა. ჩემი დაკვირვებით, ახალბედა დეგუსტატორები ღვინოებს უფრო მკაცრად აფასებდნენ, ვიდრე ღვინის კლუბის სტაჟიანი წევრები. ხანდახან ცალი თვალით გავყურებდი ჩემს გვერდით მსხდომი მედიკოსი ცოლ-ქმარის სადეგუსტაციო ფურცლებს. ჩანდა, რომ ისინი ჩემზე სამი-ოთხი ქულით დაბალ შეფასებებს აძლევდნენ გასინჯულ ღვინოებს. ალბათ, ამას ჰქვია მომხმარებლის პირდაპირობა, როცა მიუკიბ-მოუკიბავად, ათასი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორის გაუთვალისწინებლად აფასებ პროდუქტს.

საერთო შეფასებით, 10-დან 30 ლარამდე ღირებულების "საფერავები" საშუალო ხარისხისაა. უკეთესი იქნებოდა, ასეთი ღვინოების ფასი ბაზარზე 15 ლარს არ სცილდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, მათი გაყიდვები საგრძნობლად მოიმატებდა.

დეგუსტაცია ფარული წესით, ოცბალიანი შკალით ჩატარდა (3 - ფერი, 7 – სურნელი, 10 - გემო). ცხადდებოდა მხოლოდ მოსავლის წელი. ქულების საბოლოო შეჯამებით, საუკეთესო ხუთეულიც გამოვლინდა: "ხარება" - პრემიუმი" (2009 წ.), "თელავის ღვინის მარანი" - "საფერავი" (2009 წ.), "ჯაყელების ღვინოები" - "ხაშმის საფერავი" (2008 წ.), "შუმი" - "საფერავი" (2007 წ.), "ბადაგონი" - "საფერავი" (2007 წ.).

11 ნიმუშიდან მხოლოდ ერთი იყო დაავადებული, ხოლო ორ-სამ ნიმუშს მცირე ზადი ჰქონდა. ზოგადი სურათისთვის ეს ცუდი შედეგი არ არის. თუმცა, მომხმარებელი მკაცრად აფასებს დაავადებულ ღვინოს, რომელშიც მისგან 10 ლარზე მეტის გადახდას მოითხოვენ. ამიტომ დაავადებული "საფერავის" ნიმუში სარკასტული რეპლიკებით შეფასდა: "ეს ღვინო, ალბათ, პლასტმასის "კანისტრაშია" დაყენებული. თაგვის გემოც აქვს"... "დათაგვული ღვინოები ფეისბუკზე დავთაგოთ!.." "სუნი - გადაჟანგული, ფერი – გადაჟანგული, თითქოს დაძველებული ღვინოა, მაგრამ სინამდვილეში ისეთივე ძველია, როგორც ბათუმის თეატრის "ქეთო და კოტე"... მოყვარულთა ასეთ შეფასებებს ბეჭედი დაასვა გიორგი სამანიშვილის ენოლოგიურმა დასკვნამ: "ეს ღვინო მახსენებს ჩემს ღრმა ბავშვობას, თბილისში რომ ომი იყო და მეღვინეს ღვინისთვის არ ეცალა. ამ ნიმუშში ცოტ-ცოტა იყო ყველაფერი, რაც კი ღვინოს შეიძლება დაემართოს უყურადღებობისგან და მოუვლელობისგან".

"საფერავის" ზოგიერთი ნიმუში ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა. ამიტომაც მათ შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გამოითქვა. ასეთ არასტანდარტულ ღვინოებს ზოგმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა, ზოგმა კი პირიქით - დაბალი. ყველაზე ინდივიდუალურ, არასტანდარტულ ღვინოდ დასახელდა ინდ/მეწარმე გიორგი მირიანაშვილის "გუნაშაური" - სოფელ შილდაში დაკრეფილი საფერავის ღვინო, რომელმაც თებერვალში ღვინის კლუბის პრემიუმ-კლასის "საფერავების" დეგუსტაციაზე მეექვსე პოზიცია დაიკავა. "თავიდან თითქოს მუხის ტონები უფრო მკვეთრი იყო, მაგრამ მერე ღვინო გაიხსნა და წინ საფერავის ტრადიციული არომატი წამოვიდა. ამ ნიმუშს უთუოდ ჰქონდა ინტრიგა და თავი დამამახსოვრა", - აღნიშნა მალხაზ ხარბედიამ "გუნაშაურის" დახასიათებისას. გიორგი სამანიშვილის თქმით კი, ეს იყო ყველაზე არასტანდარტული "საფერავი" წარმოდგენილ ნიმუშებს შორის, თუთის კვერისა და ალუბლის მურაბის გამოხატული არომატებით. 

ღვინის კლუბის წევრებს არ გაკვირვებიათ "ხარებას", თელავის მარნისა და "ბადაგონის" "საფერავების" ხუთეულში მოხვედრა. ამ კომპანიების პროდუქცია, პირველ რიგში, სტაბილურობით გამოირჩევა. ძნელი წარმოსადგენია, ერთ წელიწადს ეს ღვინოები კარგი იყოს და მეორე წელიწადს - ცუდი. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ზუსტად ამ კომპანიების "საფერავები" გასული წლის თებერვალშიც მოხვდა ღვინის კლუბის რჩეულ ხუთეულში ანალოგიური საფასო სეგმენტის ღვინოების დეგუსტაციაზე. ამჟამინდელ ხუთეულში სიახლეა "ჯაყელების ღვინოების" "ხაშმის საფერავი", რომელიც სერტიფიცირებული ბიოღვინოა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ჯაყელების "საფერავმა" პრემიუმ-კლასის (20 ლარზე მეტი ღირებულების) "საფერავების" დეგუსტაციაზე მეხუთე პოზიცია დაიკავა.

როგორც უკვე ვთქვით, ღვინის კლუბის პირველმა საჯარო დეგუსტაციამ სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანებს მოუყარა თავი. მათ შორის იყო მხატვარი მამუკა ჯაფარიძე - ქართული ალტერნატიული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. იგი დეგუსტაციაზე ფუნჯით და ფურცლებით გამოცხადდა და ფაქტობრივად საკუთარი, ალტერნატიული დეგუსტაცია ჩაატარა... ფერებით. ორგანოლეპტიკური გასინჯვის შემდეგ მამუკა ჯაფარიძე "საფერავში" ფუნჯს აწობდა და ქაღალდზე მართკუთხა ფიგურებს ხატავდა. ბოლოს, როცა ფიგურებზე ღვინო გაშრა, აღმოაჩინა, რომ "თბილღვინოსა" და "ბადაგონის" "საფერავები" სხვა კომპანიების ნიმუშებისგან იისფერით გამოირჩეოდნენ. დანარჩენი 9 ნიმუში კი მეტ-ნაკლებად ერთი ფერის (მოვარდისფრო) იყო.

"ჯერ არ ვიცი, რა დასკვნებს გავაკეთებ, მაგრამ ეს არის ჩემი კვლევა. მაინტერესებს რა ფერი აქვს ღვინოს და რატომ. აქ იმიტომ მოვედი, რომ დიდი ხანია მსურდა, ეს ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. სახელწოდებიდან გამომდინარე, "საფერავი" მხატვრობასთან ყველაზე ახლოსაა. აი, ნახეთ, ქაღალდზე გადატანილი როგორი ლაკმუსივითაა. ისიც ხომ საინტერესოა, რატომ არის ეს ორი ნიმუში იისფერი, დანარჩენები კი ვარდისფერი? ახლა ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ შევაგროვებ ამ კოლექციას და დასკვნებს მერე გავაკეთებ", - გვითხრა მხატვარმა.

რით არის მნიშვნელოვანი ქართული კომპანიებისთვის ღვინის კლუბის საჯარო დეგუსტაციები? გიორგი სამანიშვილის შეფასებით, მართალია, "საფერავების" დეგუსტაცია ფარულად ჩატარდა, მაგრამ ასეთი საჯარო დეგუსტაციების მიზანი არ არის ქართული ღვინოების საკონკურსო წესით შეფასება: "საკონკურსო დეგუსტაციები უფრო მკაცრად ტარდება, სადაც ჟიურის წევრებს არათუ გადალაპარაკება, თვალის ჩაკვრა და ჩახველებაც კი ეკრძალებათ. აქ კი მაგიდასთან გვერდიგვერდ მსხდომი ადამიანები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, ზოგჯერ კამათობენ კიდეც და შეფასებისას ერთმანეთზე გარკვეულ გავლენას ახდენენ. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ შეჯამებისას, სადეგუსტაციო ფურცლებს როცა გადავხედე, აღმოვაჩინე, რომ მოყვარულებისა და პროფესიონალების შეფასებები ერთმანეთს დიდწილად დაემთხვა. ეს კი ნიშნავს, რომ ღვინის კლუბის დეგუსტაციების შედეგები კომპანიებისთვის ანგარიშგასაწევია და მას ყურადღება უნდა მიაქციონ. მით უფრო, ღვინის კლუბის დეგუსტაციებში, ძირითადად, მომხმარებელთა ის კატეგორია მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ღვინოს ჯერ სინჯავს და მერე ყიდულობს. ამდენად, კომპანიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს მათი აზრი".

მალხაზ ხარბედიას თქმით, ღვინის კლუბის დეგუსტაციების ახალი ფორმატი გაცილებით დემოკრატიული და ინტერაქტიულია. საზოგადოების მეტი ჩართულობა კლუბის დეგუსტაციებში კიდევ უფრო აამაღლებს ქართული ღვინის ცნობადობას და გაზრდის ხარისხიან ღვინოებზე მოთხოვნილებას: "ჩვენი კლუბის აქტიურობის შედეგად უკვე რამდენიმე სივრცე არსებობს, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ღვინის შესახებ: ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ www.vinoge.com, ამავე ბლოგის ფორუმი, გაზეთი "მარანი", ღვინის კლუბის გვერდები ფეისბუკზე და რაღა თქმა უნდა - კლუბის საჯარო ლექცია-სემინარები და დეგუსტაციები".

 ღვინის ბარი "ღვინის კლუბი schall" საუკეთესო ადგილია საჯარო დეგუსტაციების ჩასატარებლად. მით უფრო, რომ აქ მთელ თბილისში ღვინოები ყველაზე ნაკლები ფასნამატით იყიდება, რაც დეგუსტაციებისთვის უფრო მეტი ნიმუშების შეძენის საშუალებას იძლევა. ღვინის კლუბი მოუწოდებს გურმანებს, იპოვონ "ფეისბუკში" პირველი საჯარო დეგუსტაციის ფოტოსურათები (დათაგული თუ დაუთაგავი), ჩაერთონ ინტერაქტიულ დისკუსიაში და შეიძინონ ბილეთი მომავალი დეგუსტაციისათვის.  

© ღვინის კლუბი/Weekend



biznesi ro wamoiwyo inglisuri rusuli maTematika sachiroa


sachiroa tu ara

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული