Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტივენ სპურიე - ღვინის კომუნიკატორი

სახელგანთქმული "პარიზული დეგუსტაციის” ორგანიზატორი და ჟურნალ Decanter-ის სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, სტივენ სპურიე ოდესღაც პარიზში ღვინის პატარა მაღაზიის მფლობელი იყო, სადაც თავადვე საქმიანობდა. იმ პერიოდში ძნელად ვინმე წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ინგლისიდან ჩამოსული მოკრძალებული ახალგაზრდა მამაკაცი ღვინის სამყაროს ცოცხალ ლეგენდად იქცეოდა.

სპურიე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მეღვინეობის ისტორია მნიშვნელოვნად შეცვალა. 1976 წელს მის მიერ ორგანიზებულმა ფრანგული და ამერიკული ღვინოების შედარებითმა დეგუსტაციამ, რომლის გამარჯვებული მანამდე უცნობი კალიფორნიული Stag’s Leap Cellars დაChateau Montelena  გახდა,ფრანგული ღვინის უდაო უპირატესობის თეორია საფუძვლიანად შეარყია და გზა ოლიმპისკენ ახალი სამყაროს წარმომადგენლებსაც გაუხსნა. მანვე დააფუძნა პირველი ღვინის სკოლა, რითაც ფრანგებს დაუმტკიცა, რომ მსოფლიოს ღვინის დედაქალაქსაც შეიძლება შესთავაზო სიახლეები.

მინი-დოსიე: დაიბადა 1941 წელს ლონდონში. 1964 – დაამთავრა ლონდონის ეკონომიკის სკოლა და მუშაობა დაიწყო კომპანია Christopher & Co-ში. 1971 – შეიძინა ღვინის ბუტიკი პარიზში. 1976 – ჩაატარა კალიფორნიულ და ფრანგულ ღვინოთა შედარებითი დეგუსტაცია. 1988 – გაყიდა ბიზნესი პარიზში და გადავიდა ლონდონში, სადაც დღემდე მუშაობს ღვინის ჟურნალისტიკისა და კონსტალტინგის სფეროში.

პირველად ღვინო 14 წლისამ გასინჯა. შობის წინაღამეს ბაბუა სტუმრებს პორტვეინით გაუმასპინძლდა და ცოტაოდენი მასაც დაუსხა. Cockburn’s 1908იყო საუკეთესო ღვინო, რომლის მსგავსიც შემდეგ იშვიათად დაულევია.გატაცებად ეს საქმე მოგვიანებით ექცა. ისევე, როგორც ბევრი მისი თანატოლი, აგროვებდა მარკებს, აინტერესებდა ისტორია და ბევრს კითხულობდა. სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინა, რომ ბრიტანეთის ისტორიაში ღვინო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ნელ-ნელა ჩაუღრმავდა ამ თემას. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. ოჯახში უყვარდათ ღვინო და თავადაც მოსწონდა ატმოსფერო, რომელსაც ეს სასმელი ქმნიდა. ასაკის მატებასთან ერთად უმტკიცდებოდა აზრი, რომ ღვინო მისი პროფესია უნდა გამხდარიყო.

22 წლისამ სტაჟორად დაიწყო მუშაობა ინგლისის ერთ-ერთ უძველეს კომპანია Christopher & Co-ში, რომელიც 1650 წელს დაარსდა და ღვინით ვაჭრობას მისდევდა. ისწავლა ყველაფერი, რისი სწავლაც შეიძლებოდა: ასხამდა ღვინოს ბოთლებში, დადიოდა რეგიონებში, თუმცა ლონდონში საკუთარი ბიზნესის შექმნის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1968 წელს, მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად საფრანგეთის სამხრეთში დასახლდა, გადაწყვიტა ბედი ამ ქვეყანაში ეცადა. პარიზში აღმოაჩინა, რომ ღვინის დედაქალაქში ღვინით არ ვაჭრობდნენ. უფრო სწორად, არ ვაჭრობდნენ ამ სიტყვის ინგლისური გაგებით. სერიოზული სანეგოციანტო კომპანიების ნაცვლად ყოველ კუთხეში იყო პატარა მაღაზია, რომელიც ღვინოსთან დაკავშირებულ წვრილმანებს ყიდდა. სპურიემ ღვინის ბუტიკის შეძენა დაისახა მიზნად და ცოტა ხანში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე წააყდა კიდეც თავისი ოცნების მაღაზიას.

მის გაოცებას იწვევდა ისიც, რომ პარიზში ღვინის სფეროში განათლების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ღვინო ბევრს უყვარდა და მეტის გაგების სურვილიც ჰქონდათ. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, ამერიკელ ჟურნალისტ იონ უინროტთან ერთად პირველი პარიზული ღვინის სკოლა - Academie du Vin დააარსა. ეს იყო 1972 წელს. აკადემიამ მალე მოიპოვა პოპულარობა. აქ გამოსვლა უამრავ მეღვინეს სურდა. შორეული ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოწონებული სასმელთა ნიმუშები ჩამოჰქონდათ. ასე გაეცნო იგი კალიფორნიულ ღვინოებს. მათი რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს მოეწყოთ შედარებითი დეგუსტაცია. იდეა 1975 წელს გაჩნდა. მიზნად ექვს-ექვსი საუკეთესო კაბერნესა და შარდონეს გამოვლენა დაისახეს. დეგუსტაცია 1976 წლის 24 მაისს დაინიშნა. მაგრამ მზადების პროცესში საწყისი გეგმა შეიცვალა.

თავდაპირველად კალიფორნიული ღვინის ფრანგულთან შედარება არ იყო ნავარაუდევი, მაგრამ გაირკვა, რომ კალიფორნიულ ღვინოს ჟიურის არცერთი წევრი არ იცნობდა. მაშინ სპურიემ ფრანგულ ღვინოთა შესაბამისი მილეზიმების დამატება შესთავაზა – თეთრი ბურგუნდიულები და წითელი ღვინოები - ბორდოდან. ამაზე უარი არავის უთქვამს. შედეგები გამაოგნებელი იყო. "ბრმა” დეგუსტაციის დროს წამყვანმა ფრანგმა ექსპერტებმა კალიფორნიულ ღვინოებს გაცილებით მაღალი შეფასება მისცეს, ვიდრე მშობლიურ ფრანგულს. წითლების ნომინაციაში გაიმარჯვა Stag’s Leap Wine Cellars 1973-მ,  გაუსწრო რა Ch. Mouton Rothschild 1970 დაCh. Haut-Brion 1970-ს, თეთრებში გამარჯვებული - Ch.Montelena 1973 გახდა. ამ ფაქტმა ადგილობრივ მეღვინეთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სპურიე ბევრგან იქცა არასასურველ სტუმრად. ბორდოში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, ბურგუნდიის ერთ-ერთი საწარმოდან კი კინწისკვრით გამოაგდეს. მიზეზი - ფრანგული ღვინის შეურაცხყოფა იყო. სტივენმა ეს ყველაფერი მძიმედ გადაიტანა, მაგრამ საბოლოოდ ფრანგების შემოტევას ღირსეულად გაუძლო.

30 წლის შემდეგ, 2006 წლის მაისში, სპურიემ განმეორებითი დეგუსტაცია მოაწყო. მიზეზი - დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ პირველი დეგუსტაციის შედეგები შემთხვევითი არ იყო. შედეგი ისევ გამაოგნებელი აღმოჩნდა. პირველ ხუთეულში კვლავ კალიფორნიული ღვინოები გავიდა. პირველი დეგუსტაციის შედეგებს ფრანგები იმ საბაბით აპროტესტებდნენ, რომ არ იყო სწორი ახალგაზრდა კალიფორნიული ღვინოების შედარება ფრანგულთან, მაგრამ დაძველებულმა კალიფორნიულებმაც იგივე შედეგი უჩვენა. სპურიეს აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი ამ სფეროში ლიდერობას კარგავს. "საფრანგეთი ყოველთვის იქნება ერთგვარი ათვლის წერტილი, ეტალონი. ნებისმიერი, ვისაც კარგი ღვინის გასინჯვა სურს, თავდაპირველად ფრანგულ ღვინოს სვამს, იმიტომ რომ ეს აბსოლუტური სტანდარტია. შემდეგ მოდის იტალიური, ესპანური და ა.შ. საფრანგეთი დღემდე ლიდერია. ლიდერია იმის გამო, რომ მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ჯიშები ფრანგული წარმოშობისაა” - მიიჩნევს ღვინის კრიტიკოსი.

კარგი ღვინო მისთვისგემოსა და არომატის სრულ ჰარმონიას უკავშირდება. ეს არის ის, რაც სასმელს გამორჩეულ ხიბლს ანიჭებს. "ყოველთვის მინდოდა დამენახა ღვინოში ორიგინალობა, განუმეორებლობა, ამიტომაც მიზიდავდა ახალი სასმელების აღმოჩენა” - ამბობს სპურიე. მან პირველმა დაიწყო სახელგანთქმულ ბურგუნდიულ და რონულ ღვინოთა გაყიდვა. "იმ პერიოდში ფრანგულიღვინოებიჩემიმაღაზიისთვისიდეალურიიყო. 70-80-იანწლებშიფრანგულიღვინოდიდცვლილებებსგანიცდიდა. მევიყავიპირველი, ვინცდაიწყოDomaine de Beaucastel-ისშესყიდვა; პირველი, ვინცყიდულობდაჟერარშავას, მარსელგიგალს. იმდროსესსიახლეიყოდაბედნიერივიყავითითოეულიახალიფრანგულიღვინისაღმოჩენით. დღესარვისურვებდიღვინითვაჭრობას, რადგანარჩევანი ძალიან დიდია. კრიტიკოსებისა და დეგუსტატორთათვის ეს მშვენიერია, მე კი ამხელა ოკეანეში კარგი ღვინის შერჩევა გამირთულდებოდა.”

1988 წლამდე, ვიდრე თავის მაღაზიას შეელეოდა, სპურიე ღვინით ვაჭრობდა, შემდეგ ღვინოზე წერას შეუდგა. გახდა ღვინის კრიტიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი. არჩევანის შემთხვევაში ისევ მაღაზიას შეელეოდა. ღვინოზე წერა მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. მოსწონს ადამიანთა განსწავლა, კომპანიების კონსულტაცია, ურთიერთობები. "არასოდეს ვიტყვი უარს იმაზე, რაც ურთიერთობასთანაა დაკავშირებული. ღვინო ამ ყველაფერთან ძალიან ახლოსაა. ღვინის კომუნიკატორი – აი, რა იქნებოდა ჩემთვის ყველაზე მისაღები.”

ღვინის კრიტიკოსსა და მომხმარებელ სპურიეს შორის დიდი სხვაობა არ არის. "მე შემიძლია ვწერო ისეთ ღვინოებზე, რომელთა შეძენაც სიძვირის გამო არ შემიძლია. მაგალითად, ძალზე ვაფასებ ლაფიტს, მაგრამ ვერ ვყიდულობ. ღვინით ვაჭრობისას მხოლოდ იმ სასმელს ვიძენდი, რომელთა დალევასაც თავად ვისურვებდი. ღვინო, რომელზეც ვწერ ან ვაკრიტიკებ, ისევ ჩემი გემოვნებით არის შერჩეული. არ შეიძლება ცალ-ცალკე განიხილო გემოვნება და კრიტიკა”.

სულ ბოლოს შესანიშნავმა ქართულმა ვარდისფერმა ღვინომ აღაფრთოვანა. "უბრალოდ, მშვენიერია!” – ასეთი იყო რეაქცია ამ სასმელის გასინჯვის შემდეგ. "ღვინო ჩემთვის სიამოვნებაა, ინტელექტუალური სიამოვნება, სწორედ ეს განცდა გამიჩინა ქართულმა ღვინომ” - ამბობს სპურიე.

არსებობს მოსაზრება, რომ გემოვნება იცვლება. თანამედროვე მომხმარებელი უპირატესობას გაცილებით სადა ღვინოს ანიჭებს ხილის არომატით. სპურიეს აზრით, ამას მუხასა და ძლიერ ალკოჰოლზე უარის თქმა განაპირობებს. სწორედ მათი სიმცირე იწვევს ხილის არომატის მქონე ცოცხალი გემოს მიღებას. რაც შეეხება საკუთარ გემოვნებას, მიიჩნევს, რომ გემოვნება კი არ შეეცვალა, არამედ თვალსაწიერი გაუფართოვდა. "ახლა გაცილებით ახალგაზრდა ღვინოებს ვსვამ, თუმცა 20-წლიანი დაძველების სასმელსაც გეახლებით ჩემივე სარდაფიდან. გამოდის, რომ ორი ცხოვრებით ვცხოვრობ: ლონდონურით, სადაც ახალგაზრდა ღვინოებს მივირთმევ და ჰემპშირულით, სადაც საკუთარი მარნის ძველ ღვინოს შევექცევი. მინდა ვთქვა, რომ ჩემიგემოვნებაარიცვლება, უფრო ევოლუციას განიცდის” - ამბობს სპურიე.

Uუნდა იყოს თუ არა გარკვეული ზღვარი ღვინის კრიტიკოსისა და მეღვინის ურთიერთობაში? შეუძლია თუ არა კრიტიკოსს იყოს ამ უკანასკნელის მრჩეველი? სერიოზული ინგლისელი კრიტიკოსები, როგორებიც ჯენსის რობინსონი და ჰიუ ჯონსონი არიან, ამ მხრივ არ აქტიურობენ; არც ამერიკელი რობერტ პარკერი და სტივენ ტანზერი და ეს სწორია. ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად რჩევის მიცემა და კრიტიკა. თავად რჩევებს მხოლოდ საკუთარ მეურნეობაში იძლევა, იმასაც – მცირე დოზით. აქვს ვენახი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ რეგიონში, დორსეტში, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ეს არის 5 ჰა მიწა კლასიკური ჯიშებით - შარდონეთი, პინო ნუარითა და პინო მენიეთი. საკუთარი ხელით ღვინის დაყენებას არ აპირებს, თუმცა სურვილი აქვს, რომ ჩამოასხან მისი სახელობის ღვინო. ამისთვის მეღვინე დაიქირავა და მისი დახმარებით სურს ოცნების განორციელება. ეს იქნება ტრადიციული მეთოდით დაყენებული ცქრიალა ღვინო, რომლის გასინჯვა მომხმარებელს 2013 წლის ოქტომბერში შეეძლება. შეაფასებს თუ არა ღვინის ცნობილი კრიტიკოსი საკუთარ სასმელს და რამდენ ქულას დაუწერს მას, ამის გასაგებად, სულ ცოტა, ერთი წელი მოგვიწევს მოცდა.  

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული