Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2023 - შეჯამება

ელენე ცინცაძე

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 246-მა მარანმა და ღვინის კომპანიამ მიიღო. წვიმის მიუხედავად საკმაოდ ბევრი სტუმარი იყო ღონისძიებაზე, სადაც ღვინის მრავალნაირი კატეგორია და სახეობა იყო წარმოდგენილი.  ფესტივალზე ასოციაციიდან “ქალები ღვინის ინდუსტრიაში” 24 ქალი მეღვინის მარანსა და მათ ღვინოებს შეხვდებოდით სხვადასხვა რეგიონებიდან. როგორც სოფია მუჩიაური “სოფოს მცირე მარნიდან” გვიამბობს, ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და მარნების ცნობადობის გაზრდის კუთხით: “ფესტივალს მოაქვს სიხარული, სიყვარული, ბედნიერება. ვიცნობთ უამრავ ახალ ადამიანს, ვაჭაშნიკებთ ერთმანეთის ღვინოებს. ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის აქ ყოფნა. ძალიან გვიხარია,რომ გვაქვს შესაძლებლობა ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი ღვინოები და გავიტანოთ ქვეყნის გარეთაც. სირთულეები ყოველთვის არსებობს, ხანდახან უცნაურია ბევრისთვის ქალის, ღვინისა და ქვევრის ერთად მოხსენიება, თუმცა აქ, ფესტივალზე ვინც ვართ, ვამტკიცებთ სწორედ იმას, რომ შესაძლებელია ქალებმაც ძალიან კარგი და საინტერესო ღვინოები აწარმოონ”. 

ასოციაციის - “ქალები ღვინის ინდუსტრიაში”- ხელმძღვანელი მარინა კურტანიძე აღნიშნავს, რომ მათი ძირითადი მიმართულება დამწყები და ახალგაზრდა მეღვინე ქალბატონების დახმარება: “ჩვენთან გააწევრიანებულ ქალ მეღვინეებს აქვთ პატარა საოჯახო ან მცირე წარმოების მარნები, რომელთა ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ასოციაცია მეღვინეებს ფესტივალებზე მონაწილეობის მიღებისა და ამ სფეროში ცოდნის ამაღლების კუთხით ეხმარება. ძალიან აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამ მიმართულებით  GIZ (German Agency for International Cooperation). ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეს ფესტივალი, ასევე სხვა გამოფენები. ასოციაციიდან 20 ქალი მეღვინე გვყავდა წაყვანილი პოლონეთში გამოფენაზე, რაც მათ პოპულარიზაციასა და ცნობადობას ზრდის, ახლო მომავალში ლონდონშიც მივემგზავრებით. თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ქალების მარანში მუშაობას, თუმცა როცა ამდენს იხარჯებიან, მნიშვნელოვანია, რომ მათი წვლილიც გამოჩნდეს.

ფესტივალზე ღვინის მოყვარულებთან ერთად მეღვინეებსა და ღვინის ექსპერტებსაც შეხვდებოდით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე ფართოვდება, მასში უფრო და უფრო მეტი მარანი და ღვინის კომპანია იღებს მონაწილეობას მთელი საქართველოდან, რაც ფესტივალის მნიშვნელობასაც ზრდის.

განსაკუთრებით ამაღელვებელი, საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ მეღვინეებისთვის არის, რომლებიც მასში პირველად იღებენ მონაწილეობას. ბაჩანა მამალაძე დამწყები მეღვინეა, წელს პირველად ჩამოასხა ბოთლებში ღვინო და ფესტივალზეც პირველად გამოვიდა: “აქ უამრავი ხალხი სინჯავს ჩვენს ღვინოს, ხალხი გვიცნობს. ფესტივალზე სულ დავდივარ, ჩემთვის ნაცნობია მისი სიტუაცია, გარემო. მეტი პასუხისმგებლობაა, როდესაც ჩემს ღვინოებს სინჯავენ სტუმრები და მე დახლს აქეთ ვდგავარ, უფრო მობილიზებულიც ვარ. წარმოდგენილი მაქვს ცოლიკოური და ჩხავერი, რომლებიც 1 კვირის განმავლობაში იყო ჭაჭაზე. სიმართლე გითხრათ, დაინტერესება ცოლიკოურზე უფრო დიდია.” - გვესაუბრება ბაჩანა მამალაძე.

ღვინის შეძენასთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ მეღვინეებთან ესაუბრათ, უფრო მეტი გაეგოთ და აღმოეჩინათ კონკრეტული ჯიშებისა და ღვინოების შესახებ. ფესტივალის განსაკუთრებულობაც სწორედ ამაშია, რომ ღვინის მოყვარულები ბევრად ახლოს იცნობენ ღვინოს, აქვთ საშუალება ერთმანეთს შეადარონ ქართული სხვადასხვა რეგიონის ღვინოები. საინტერესოა, რომ ახალგაზრდები უფრო გააქტიურდნენ ამ სფეროში, ბევრს კი უკვე საკუთარი მეღვინეობა აქვს და წელს თავიანთ ღვინოებს უამრავ ხალხს აცნობენ. ალბერტო და გიორგი ლალუაშვილები აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, “ლალუას” ტყუპები 2018 წლიდან უძღვებიან: “ორივეს გვსურდა ჩვენთვის საინტერესო და ხარისხიანი ღვინოები ჩვენვე დაგვემზადებინა, თანდათან ჩვენი ინტერესი გაიზარდა და ამიტომ მე ბიზნესზე ჩავაბარე, ჩემმა ძმამ კი მეღვინეობაზე. ხშირად ვინაწილებთ როლებსაც და საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო სინთეზი გამოდის, რაც ჩვენს ღვინოსა და მის ხარისხზეც აისახება. ფესტივალზე 4 ღვინო გვაქვს გამოტანილი, ჩხავერი, იმერული-კრახუნა, ოცხანური და გორული მწვანე. ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია მარნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, აქ ჩვენს ღვინოს როგორც ქართველი, ისე უცხოელ სტუმრები აჭაშნიკებენ. ვცდილობთ, ჩვენი მეღვინეობა ბევრისთვის შთაგონების წყარო გახდეს. აქ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი რამდენად დიდი ცოდნა გაქვს ღვინის სფეროში, მთავარია კითხვები დასვათ, მეტის ცოდნის სურვილი გქონდეთ. ფესტივალის ხშირი სტუმარი ვარ და მეც ნამდვილად ძალიან დამეხმარა უფრო მეტი აღმომეჩნა ღვინის შესახებ.” - გვიამბობს გიორგი ლალუაშვილი, “ლალუას” დამაარსებელი. 

წვიმის გამო ფესტივალს ხიბლი ნამდვილად არ დაუკარგავს, პირიქით, მას უფრო მხიარული და საინტერესო იერიც კი შესძინა. როგორც ლევან ხმელიძე გვესაუბრება, უკვე რამდენიმე წელიწადია ღვინის ფესტივალში მონაწილეობას ღებულობს: “ჩვენზეა ნათქვამი: “ისინი ჩამოვიდნენ მთიდანო”. ჩვენ ლეჩხუმიდან ვართ, სოფელი ქორენიშიდან და ფესტივალის უკვე მრავალი წლის მონაწილე ვართ. ზუსტად ეს არის ის ადგილი, სადაც მცირე მარნები ვითარდებიან კიდეც და მათ შესახებ ცნობადობაც იზრდება. ამდენი წლის განმავლობაში წვიმა ფესტივალზე პირველადაა, თუმცა მიუხედავად ამისა, აქტივობა ისევ ისეთი დიდია, როგორიც აქამდე. ნამდვილად ღირდა მთიდან ჩამოსვლა ღვინის ფესტივალის გამო უამინდობის მიუხედავადაც კი”. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დამწყები ღვინის მოყვარულთათვის ძალიან ბევრს “ახალი ნიშნავს ფესტივალი”, საიდანაც უფრო მეტი ცოდნითა და სიახლით ბრუნდებიან შინ. ლინუკა ლომთათიძე, ღვინის მოყვარული გვიამბობს, რომ სწორედ ფესტივალია ის ადგილი, სადაც განსაკუთრებით საინტერესო ღვინოების აღმოჩენის საშუალება აქვს: “ამ ღონისძიებაზე დასწრება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. გარდა იმისა, რომ ვვითარდები და მეტ ცოდნას ვიძენ მეღვინეებთან საუბრისგან, ძალიან სასიამოვნო დროს ვატარებ. ყოველ წელს ერთ განსაკუთრებულ მარანს და ღვინოს ამოვარჩევ ხოლმე და სამომავლოდ აუცილებლად ვიმახსოვრებ”.  

ახალი ღვინის ფესტივალი 2023 დაიწყო ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინოა ხოლმე, რომელიც წელს "ფერსვის" 2022 წლის ცოლიკოური იყო. ფესტივალზე ისიამოვნებდით კარგი მუსიკით - „ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზ ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი „ჯეო ფოლკი“. ფესტივალის სტუმრებისთვის იყო სახალისო პროგრამა, გათამაშდა 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა. “ახალი ღვინის ფესტივალი 2023”-მა წელსაც შეკრიბა ყველა ენთუზიასტი, ექსპერტი და მეღვინე, რომელთაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ღვინო აერთიანებთ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასოციაცია ,,ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI). საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვებგვერდი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლეპერტი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული