Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინისა და ხალისის შესანიშნავი შვიდეული - „ახალი ღვინის ფესტივალი“ მეშვიდედ!

ლევან სეფისკვერაძე

უკვე შვიდი წელია, რაც „ახალი ღვინის ფესტივალი“ ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი სახალხო დღესასწაულია და როდესაც ფესტივალი ახლოვდება, ამ დღის მოლოდინი ყველგან იგრძნობა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოში სამწუხაროდ ზოგადად ფესტივალების ტრადიცია ძალზედ მწირია.  ღვინის ფესტივალის ტრადიცია კი ჩვენს ქვეყანაში სწორედ “ახალი ღვინის ფესტივალმა“ ჩამოაყალიბა.

წლევანდელი ფესტივალი საზოგადოებას მრავალი სიახლით წარუდგა. შეცვლილი იყო ფესტივალის ჩატარების ადგილი და ეს გრანდიოზული ღონისძიება მისი შვიდწლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდ და მასშტაბურ სივრცეში –  მთაწმინდის პარკში გაიმართა. ხოლო ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების, კომპანიებისა და საოჯახო მარნების სიმრავლე და მატება უკვე აღარავის უკვირს, რადგან ახალი ღვინის ფესტივალის წლიდან–წლამდე გაზრდა და გაფართოვება ამ ღონისძიების ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

წლევანდელ ფესტივალში სხვადასხვა გათვლებით, დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ფესტივალის ძველი სტუმრები ერთმანეთს ძველი ნაცნობებივით ხვდებოდნენ. როგორც 22 წლის სტუდენტი გიორგი ხვიჩია ამბობს, ფესტივალის სტუმრებს ის და მისი მეგობრები უკვე სახეზე ცნობენ და ადრე სრულიად უცნობი ადამიანები ახალი ღვინის ფესტივალზე ძველი ნაცნობებივით ესალმებოდნენ ერთმანეთს.

ტრადიციულად საგრძნობი და თვალშისაცემი იყო ფესტივალზე ბავშვების სიმრავლე. ბავშვებისათვის ეს დღე გამორჩეულად ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო, რადგან მთაწმინდის პარკი ის ადგილია, სადაც მშობლები ღვინოს აგემოვნებდნენ, ბავშვები კი გართობის გარდა ბევრ სიახლესაც იგებდნენ.

ნელი გოჩაშვილი, დიასახლისი: „ისევე როგორც შარშან, წელსაც ბავშვებთან ერთად მოვედით და დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ფესტივალის ორგანიზატორებს იმის გამო, რომ საფესტივალოდ ეს ადგილი შეარჩიეს. ბავშვებს რა თქმა უნდა რამდენიმე კარგ ღვინოს ვასინჯებთ, მაგრამ პატარების ამბავი თქვენც კარგად იცით. ასეთი ღონისძიებები შეიძლება მოსწყინდეთ და სახლში წასვლა მალევე მოითხოვონ. ახლა კი, როდესაც გარშემო ამდენი კარუსელია, ბავშვებს სახლში წასვლას ვერც კი ვუხსენებთ. ჩემი ქმარი კი იძახდა – ბავშვების წამოყვანა არ გვინდაო, მაგრამ ახლა ყველა კმაყოფილი ვართ“. 

ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო  როგორც დიდი კომპანიების, ასევე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში ჩამოსული ე.წ. ოჯახური მეღვინეების კარვებთან და დახლებთან. იმის გამო, რომ იმერელი მეღვინეების უმეტესობა ფესტივალში პირველად მონაწილეობდა, მათთვის დიდი სიურპრიზი იყო ამდენი ადამიანის მათი ღვინისადმი ინტერესი. იმერელი მეღვინეები ასევე ძალიან გაახარა იმ ფაქტმაც, რომ საფესტივალო ტერიტორიაზე ტრადიციულად ჩარგულ პატარა ჭურში წელს სწორედ იმერელი მეღვინის, გიორგი გიორგაძის ოცხანური საფერე ესხა.

გიორგი გიორგაძე, მეღვინე თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან: „ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა სწორედ ჩემი ღვინო გამოარჩიეს ჭურში ჩასასხმელად. ამაზე მეტი სტიმული რა უნდა იყოს მეღვინისათვის? ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი მაქვს ქვევრში დაყენებული ციცქა და ამ ღვინითაც ბევრი ადამიანი დაინტერესდა. აგერ ვუყურებ ჩემი კუთხის ხალხს – იმერელ მეღვინეებს და ვრწმუნდები, რომ ჩვენს ღვინოს მართლაც დიდი მომავალი აქვს!“.

წლევანდელი ფესტივალი კვალავ არ დარჩენილა „ახალი ღვინის ფესტივალების“ ტრადიციულ „ჰიტად“ ქცეული ღვინის – ლეჩხუმური უსახელაურის გარეშე. წელს ეს ღვინო სოფელ ოყურეშის მკვიდრმა, გიორგი მელიქაძემ წარმოადგინა. უსახელაურის დახლთან ტრადიციულად ფესტივალის სტუმარი ქალბატონების დიდი სიმრავლე იყო, რაც ღონისძიების სტაჟიან სტუმრებსა და მონაწილეებს ნამდვილად არ გაკვირვებიათ. თავად მეღვინე კი პირველ ყოვლისა იმით იყო გაკვირვებული, რომ მას ვერ წარმოედგინა უსახელაურის არსებობა მთელმა თბილისმა თუ იცოდა.

გიორგი მელიქაძე, მეღვინე ლეჩხუმიდან: „უსახელაური მართლაც ძვირფასი ღვინოა და ლეჩხუმსა და რაჭაში ძალიან არის დაფასებული, მაგრამ თბილისში თუ ყველამ ასე კარგად იცოდა მისი არსებობა, – ნამდვილად არ მეგონა. ჯერ სულ ორი საათის დაწყებულია ფესტივალი და უკვე მითავდება გასასინჯად გამოტანილი ღვინო. ყველას ღმერთმა შეარგოს ჩემი დაყენებული უსახელაური და უფალს ვთხოვ, რომ საქართველოში დამდგარიყოს ის დრო, როდესაც ღვინო და პური ყველას თავზე საყრელად გვექნება“.

წლევანდელ ფესტივალზე 103 საოჯახო მარანი იყო წარმოდგენილო, რაც სარეკორდო რაოდენობაა. ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ღვინის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობამაც. მათი რიცხვი წელს 80–მდე იყო. ფესტივალის სტუმრები მუდამ აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ საქართველოში ღვინის კომპანიების რაოდენობა წლიდან–წლამდე იმატებს და ასევე იმატებს იმ ოჯახური მარნების რიცხვი, რომლებიც საოჯახო (შიდა მოხმარების) ღვინის წარმოებიდან, ანუ ღვინის მომხმარებლებიდან, უკვე ღვინის მწარმოებლები ხდებიან.

„სწორედ ასე იბადება ქვეყანაში მცირე ბიზნესის მწარმოებელი ე.წ. საშუალო ფენა. ეს ადამიანები შემდეგში დამოკიდებული აღარასოდეს იქნებიან არც პოლიტიკურ გარემოზე და არც მავანთა კეთილგანწყობაზე. მე ვიტყოდი, სწორედ ახლა და სწორედ ასეთ გარემოში იქმნება მომავალი“ – გვითხრა გვარიანად შეზარხოშებულმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა, რომელსაც ხელში კორპორაცია „ქინძმარაულის“ მიერ წარმოებული საფერავით სავსე ჭიქა, თვალი სხვა ღვინოებისაკენ ეჭირა. 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მთაწმინდის პარკის სივრცე საფესტივალოდ ბევრი კუთხითაა გამორჩეული. ეს ყველაფერთან ერთად სატრანსპორტო მომსახურებასაც ეხება, რადგან მთაწმინდის პარკში ასასვლელად საავტომობილო გზის გარდა, ფუნიკულორის ტრამვაიც ადიოდა. თუმცა, უკვე შუადღისათვის, ფესტივალზე მისვლის ათასობით მსურველს ვერც ტრამვაი აუდიოდა და ვერც მისასვლელი საავტომობილო გზა. ამის მიუხედავად, საფესტივალო განწყობა ადამიანებში მაინც არ დაკარგულა და როგორც რამდენიმე სტუმარმა  მოსწრებულად შენიშნა, ვერ ნახავდით გზებზე საცობების თანმდევ გინებას, წყევლა–კრულვას და შემდეგ ხელების შლას და მუშტებზე ყურებას. ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა – სწორედ ეს აერთიანებთ ფესტივალის სტუმრებს წლების მანძილზე.

უკვე შვიდი წლის ისტორიის მქონე „ახალი ღვინის ფესტივალის“ ადგილი სამჯერ შეიცვალა. პირველი ხუთი წელი ეს ღონისძიება კუს ტბის გზაზე მდებარე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართებოდა, შარშან ფესტივალის ადგილად მტკვრის პირას მდებარე დედაენის პარკი შეირჩა, წელს კი, როგორც იცით, მთაწმინდის პარკს მიენიჭა უპირატესობა. ცვლილებები და სიახლეები ამ ღონისძიებისათვის დამახასიათებელი და ბუნებრივია. უცვლელი მხოლოდ ფესტივალის დირექტორი, მეღვინე იაგო ბიტარიშვილია, რომელიც ფესტივალის ორგანიზების დიდ პასუხისმგებლობას ტრადიციულად ეჭიდება და შედეგიც სახეზეა!

იაგო ბიტარიშვილი მოხარულია იმით, რომ საქართველოში ბოლო დროს ღვინის მოყვარულებმა მრავალი საინტერესო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს.  თუმცა, თავისი არსით ფესტივალი მხოლოდ ღვინის კლუბის მიერ ჩატარებული “ახალი ღვინის ფესტივალია“ და სწორედ ეს ღონისძიება იქცა ბოლო წლებში სახალხო ზეიმად.

იაგო ბიტარიშვილი, „ახალი ღვინის ფესტივალის“ დირექტორი: “რა თქმა უნდა მარტო ფესტივალებზე არაა დამოკიდებული ქართული მეღვინეობის განვითარება, მაგრამ მთლიანობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ამ დარგისთვის. ჩვენმა ფესტივალმა დაამტკიცა, რომ საქართველოში ღვინისადმი მართლაც დიდი ინტერესი არსებობს. ამაზე მასშტაბური ღვინის ღონისძიება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. წლევანდელ ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ როგორც დიდი კომპანიები და მცირე მარნები, ასევე ოჯახური მარნები და ისეთი ადამიანებიც კი, რომლებმაც ღვინო ქალაქის პირობებში დააყენეს. მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ერთია! ღვინო ხარისხიანი უნდა იყოს! ჩვენ მხოლოდ ხარისხიანი ღვინის პროპაგანდას ვეწევით!“.

წლევანდელი, ისევე როგორც გასული ექვსი ფესტივალი, ღვინის კლუბმა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის პატრონაჟით დაგეგმა და განახორციელა. ფესტივალის ორგანიზატორებს ასევე გვერდში ედგნენ, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია. მაგრამ, ფესტივალის მთავარი მონაპოვარი მაინც ის ათასობით ადამიანია, რომელიც მთაწმინდის პარკიდან თბილისში და საქართველოს მრავალ სოფლებსა და ქალაქებში კმაყოფილი დაბრუნდა. ეს დღე სწორედ მათ ეკუთვნით! 

ფოტოები:სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

                 ქეთი ადეიშვილი;

                მთაწმინდის პარკი;

               სოფო ჭინჭარაული.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2016.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული