Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სმა ,,ქართულად’’ - ლაშა გურულის ბლოგი

არ დაჯდეთ უჩემოდ! საჯარიმო განსხვავებული მაგას! ამ პატარა ჭიქით როგორ დაგლოცო! დალევა ბოლომდე!... კიდევ რამდენი ასეთი ფრაზის გახსენება შეიძლება. გვესმის ეს ფრაზები ახლაც, მესმოდა მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. თუმცა ამავე დროს მესმოდა სხვა ფრაზებიც: ღვინის ქვეყანა, ღვინის გზა, მტერი პირველად ვაზს გვიჩეხდა, ღვინის კულტურა და ა.შ. მაგრამ, რომელია ამათგან კულტურის ნაწილი, ან რომელ კულტურას ვგულისხმობთ, როგორ ჩამოყალიბდა იმ სახით, როგორც მოვიდა ჩვენამდე, ან როდის გადაგვარდა, ახლა სად ვართ, გეზი საით გვაქვს? ამ კითხვებზე ვეცდებით პასუხის გაცემას.

თეორია, რომ რუსმა იდეოლოგებმა ხელი შეუწყვეს იმას, რომ საქართველო ქეიფის და ტაშ-ფანდურის ქვეყნად ქცეულიყო საბჭოთა რეალობაში, სულაც არაა სიმართლეს მოკლებული. ჭამა-სმა და ალკოჰოლის მიღება მართლაც გადამეტებული იყო აქ. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც, პატივისცემის ნიშნად სხვა პირისადმი გამოხატული ყურადღება, რომელიც აუცილებლად რესტორანში დაპატიჟებით და კარგად გამოთრობით უნდა დამთავრებულიყო. სხვა საკითხია რა ხარისხის ღვინო ისმებოდა. 60-80-იან წლებში რა ღვინო იყო მასიური მოხმარების, ამაზე მხოლოდ გადმოცემით შემიძლია ვიმსჯელო, მაგრამ რა ღვინო ისმებოდა 90-იანი წლების საქართველოში, ამაზე კი ნათელი წარმოდგენა მაქვს მე თავად, რადგან სწორედ ამ წლებს უკავშირდება ჩემი ყმაწვილობის პერიოდი.

მოკლედ, თუკი სუფრაზე ჩამოდგმულ ღვინოზე მასპინძელი ამბობდა რომ ,,ნახევარი-ნახევარზეა’’დაყენებული, რაც ნაწილ ყურძნის წვენს და ნაწილ შაქარ-წყალს გულისხმობდა, პატივად უნდა მიეჩნია სტუმარს. სრულად ნატურალური ღვინო იშვიათად შემორჩა ჩემს მეხსიერებას იმ პერიოდიდან, რადგან ან არ აყენებდნენ ასეთს მაშინ, ან მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ,,იწარმოებოდა’’ ისეთი სითხეები, რომელსაც მართალია ღვინოს უწოდებდნენ, მაგრამ მიიღებოდა წყლისა და გარკვეული (თუ გაურკვეველი) ფხვნილის ურთიერთქმედებით. ვაღიარებ და გამისინჯავს მეც ესეთი ღვინო 2004 წელს. დალევისას ვერ გავარკვიე, თუ რას ვსვამდი, თუმცა გამოწვეული შედეგი და შემდეგ იმ სამ ლიტრიან მინის ქილაში მითავსებულ სითხეზე მოპოვებული ინფორმაციით დავასკვენი, რომ ის მომწვანო-მოჭაობისფრო სითხე სწორედ იმ ფხვნილისა და წყლის ურთიერთქმედებით იყო მიღებული. არადა ის ქილა პატივისცემის ნიშნად შემოიტანა ბლოკის საამქროში შესვენებაზე იმ დღეს პირველად მოსულმა ერთ-ერთმა მუშამ, მას შემდეგ რაც შედარებით ნორმალური ღვინო შემოგველია სადილობისას. კიდევ კარგი 3 ჭიქაზე მეტის დალევა რომ არ მომიხდა. საზიზღარი გემო რომ ჰქონდა, მხოლოდ ეს მახსოვს, თანაც ფერი უცნაური და არაბუნებრივი. რაც შეეხება შედეგს: სწორედ იმ სამუშაო დღის დასრულებისას, ჯერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კარადასთან მოხვდა რატომღაც ჩემი ფეხი, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია და გადავურჩი დენის დარტყმას. ბოლო ბლოკის მოჭრისას კი, საჭირო დროზე ადრე ჩამოვკარი ბლოკის ყალიბის სახელურს და კოლეგას, რომელსაც ბლოკის მასალის დანადგარში ჩაყრა არ დაესრულებინა, მარცხენა ხელის შუათითის რბილობი დაუზიანდა, რაც სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდა. სწორედ იმ ,,ღვინის’’ გამო მახსოვს ასე კარგად ეს დეტალები.

კაცმა არ იცის, როდის დამკვიდრდა თამადად ისეთი ადამიანის არჩევის წესი, ვინც აღნაგობით და მუცლის გარშემოწერილობით გამოირჩევა და ბევრი ღვინის სმა შეუძლია. ხოლო სუფრის ის წევრი, რომელიც ბევრი ღვინის დალევას და ჭიქების ბოლომდე დაცლას ერიდება, საყოველთაო ქილიკის ობიექტად იქცევა, როგორც თამადის, ასევე სუფრის წევრების მხრიდან. რა თქმა უნდა, თამადამ კარგად უნდა შეისწავლოს მთელი სერვიზი, რაც იმ სივრცეშია განთავსებული და დანიშნულებისდა მიუხედავად გამოიყენოს განსხვავებულ სასმისებად, შესაბამისი (თუ შეუსაბამო) სადღეგრძელოებით. ნათლად მახსოვს ისიც, თუ რა შეგრძნება მოდის მეცხრე-მეათე სასმისის დაცლის შემდეგ, რაც დარწმუნებული ვარ, ყველა ღვინის მსმელს განუცდია, თუმცა სხვადასხვა დროითი ინტერვალით. გაბრუებული თავი, ყელში მობჯენილი ზიზღი ცხვირწინ მდებარე პირამდე ღვინით სავსე სასმისის მიმართ, ზიღრი კერძებისადმი, ერთი სიტყვით, ნაყროვანების აგრესია.

ცდილობ სუფრის წევრებს უსმინო ყურადღების გადასატანად, მაგრამ უკვე იმდენად მთვრალია ყველა, რომ ყაყანში ვერაფერს ისმენ. თამადა სადღეგრძელოს ამბობს, უკვე ცოტა დაულაგებელი სიტყვებით, სუფრის წევრები აღარ უსმენენ, თამადა გინებასაც კი ურთავს სადღეგრძელოებში, მაგრამ არა, შენს თავს უწყრები, ამას როგორ იკადრებდა თამადა, მოგეჩვენა ალბათ. მოდის ვიღაც, სუფრის კუთხეში რომ იჯდა, მოსვლისას მოკრძალებით რომ მოგესალმა და მორცხვად ჩამოგართვა ხელი. ახლა სასწაულ ენერგიაზეა, იმავე ხელს ახლა უკვე იმდენად ძლიერად გართმევს, რომ ფიქრობ, მკლავჭიდში ხომ არ გიპირებს გამოწვევას. ბოლომდე აწეულ მუსიკის ხმაზე ესეც ბოლო ხმაზე ყვირის, მაგრამ მხოლოდ ცალკეული ფრაზები გესმის, აზრის გარეშე. მერე გადმოიწევა, გულში გიკრავს. გრძნობ როგორ გეღვრება ზურგზე მის ხელში მოქანავე ჭიქიდან ღვინო, თუმცა არ იმჩნევ. მერე გადაკრავს ჭიქაში დარჩენილ ღვინოს, კიდევ ერთხელ გადაგკოცნის და მიდის, უკვე სხვა სუფრის წევრისკენ. ნეტავ იცოდე ვინ იყო, რა უნდოდა, ხვალ ქუჩაში რომ შეგხვდეს, საერთოდ თუ გიცნობს.

 ახლაც ხშირად გავიგონებთ ფრაზებს - ევროპელივით ხო არ დივიწყებთ ღვინის წრუპვას ჭიქებით. ჰო, იყო დრო ალბათ, როცა მეც მიჭირდა ღვინის ესე მირთმევის აღქმა, მაგრამ ღვინის ფესტივალებმა, მცირე მარნების ზრდამ, ღვინის ბარებმა და მაღაზიებმა, დეგუსტაციებმა - მოგვცა ის, რომ ბევრმა ჩვენთაგანმა აღმოვაჩინეთ სხვა ღვინო და ღვინის სხვაგვარად მირთმევის, დაგემოვნების და შეფასების ფორმა, და ამით სულ სხვა ღვინის სამყარო გაიშალა წინ. სულ სხვა ხიბლი შეიძინა ღვინომ, სულ სხვა რიტუალს მოიცავს ღვინის ბოთლი, ზედ დატანილი ეტიკეტით, ისტორიით, ჯიშური თავისებურებით, რაც ბოთლის გახსნამდეც კი გვიქმნის შთაბეჭდილებას. შემდეგ ბოთლის გახსნა, ჯერ საცობის შეფასება, ბოკალში მცირე დოზით ჩამოსხმა და სწორედ აქედან იწყება ურთიერთობა ღვინოსთან. ჯერ ფერის შეფასება, ჰაერთან ურთიერთქმედებისას ღვინის გახსნა და შემდეგ არომატების და ტონების განსაზღვრა და შეგრძნება. რამდენ რამეზე შეიძლება საუბარი თუნდაც ამ დროს, ღვინის გასინჯვამდე: ხილისა თუ სხვაგვარ ტონებზე, რასაც სურნელით შევიგრძნობთ, ღვინის ვიზუალურ მხარეზე, სხეულზე და ა.შ. და ბოლო ეტაპიც, ჭაშნიკი. აქ უკვე გემოური რეცეპტორები ერთვება და სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის ღვინოზე. როგორ ვცდილობთ, რომ დავიჭიროთ და დავიმახსოვროთ ჯიშური არომატები , აღმოვაჩინოთ მცენარეული, ხილის თუ სხვა ტონები. ჩემი აზრით, პირველი სიტყვა, რაც კარგი ღვინის გასინჯვისას შეიძლება გაგვახსენდეს, არის - გემრიელი. ზუსტად ისევე უნდა გვეგემრიელოს ღვინო, როგორც ამას განვიცდით მაგალითად იდეალურად მომზადებული კერძის გასინჯვისას.

 სწორედ ამგვარი მცირე დოზებით მირთმეული ღვინო, განსაზღვრული ტემპერატურით და შესაბამის კერძთან შეხამებული, გვიქმნის სრულყოფილ და დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებას კონკრეტულ ღვინოზე, რომელიც სამუდამოდ იბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში, მთლიან პროცესთან ერთად, დაწყებული მარნის და ეტიკეტის ისტორიით და გაგრძელებული ღვინის ვიზუალური და გემური აღწერილობით დამთავრებული. შეუძლებელია ამ ფორმით ღვინის შეგრძნების შემდეგ ადამიანმა ღვინის მირთმევის სხვა ფორმას არათუ უპირატესობა მიანიჭოს, არამედ საერთოდ განხილვის საგნად მიიჩნიოს. ამ მიმართულებით იმედისმომცემი ტენდენციაა ქართულ სინამდვილეში, რაც ძირითადად დედაქალაქიდან იწყება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენკენ, რეგიონებშიც გადმოინაცვლებს. ამაში კი მთავარი როლი ვფიქრობ მცირე მარნებმა უნდა შეასრულონ, რომლებიც დაინტერესებულნი უნდა იყვნენ საკუთარი ღვინის არა მხოლოდ გარე ბაზარზე რეალიზებით, არამედ შიდა სივრცეში ღვინის სწორად მომხმარებელთა რიცხვის ზრდაზე ორიენტირებით და ღვინის მართებულად მირთმევის, დაგემოვნების და შეფასების კულტურის დანერგვით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული