Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. ქეთი ჯურხაძე. სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ დამფუძნებელი

ფოტო: LEON TOGGO'S PHOTOGRAPHY

2 ნოემბერი, ორშაბათი 

ორშაბათი, ყოველთვის ყველასთვის მძიმე დღეა (ნუ ასე ეძახიან), თუმცა ჩემთვის ისეთივეა როგორც ყველა დანარჩენი...

დილის 6 საათია, ლექსო გორში გავაცილე... ლექსო 22 წლისაა და ეთა-ში (ეროვნული თავდაცვის აკადემია) სწავლობს, ძალიან უყვარს თავის პროფესია, ვერც კი აღვწერ როგორ უნდოდა, იქ რომ ესწავლა, რამდენი რამ გადაიტანა და გააკეთა ამისთვის... მე კი შიშით დავიწყე ცხოვრება და დილა-საღამოს მხოლოდ მშვიდობას ვნატრობ...

ლექსოს გაცილების მერე კი ჩვეული ტემპით იწყება დღე... სახლში ბევრნი ვართ, რაც ოჯახს ერთგვარ სიხალისეს ჰმატებს. ხშირად იტალიურ სახლს ჰგავს, თავისი ხმაურითა და მხიარული აურზაურით. ერთად ვცხოვრობთ, სულ რაღაც, შვიდს პლუს ბენო - ჩვენი თუთიყუში. ბენო საოცრად საუბრობს, ყვება ლექსებს და გაუთავებლად გვიმტკიცებს, რომ ვაკელი ბიჭია. ერთად ვართ უკვე 21 წელიწადია მე, ალეკო, მანჩო - ალეკოს დედა, თეო - ძმისშვილებზე უზომოდ შეყვარებული მამიდა  (არ მიყვარს „დედამთილი“ და „მული“, ეს რაღაც ამკაცრებს და აუცხოებს ურთიერთობას, ჩვენში კი ეს ნამდვილად არ არის), ლუკა, ბარბარე და ლექსო, რომელიც სულ მენატრება, ეთა-დან მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებს ჩამოსვლას. 

დილით მანჩო ფუსფუსებს,  ლუკას ამზადებს სკოლისთვის, ყველა ვფუსფუსებთ და მივიჩქარით სამსახურისკენ, მათ შორის, ბარბარეც. მისთვის ბაღი სამსახურია და საქმიანად, თუმცა ცოტა უხალისოდ ემზადება. მე და ალემ ბაღში მივიყვანეთ და ტრადიციადქცეული დამშვიდობებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ბაბალე ამ დამშვიდობებას „ოთხები“-ს ეძახის, არადა ეს ოთხები ერთი დიდი ჩახუტებაა და ერთი ტკბილი კოცნა. ამ თბილი დამშვიდობების მერე მეც სამსახურისკენ მივიჩქარი. კოლეჯისკენ, სადაც სომელიეს კურსის სტუდენტები მელოდებიან, გული მწყდება ახალი ჯგუფი აღარ მეყოლება, სხვა სამსახურში გადავდივარ და იქ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და საინტერესო საქმეები მელოდება. კოლეჯზეც გული მწყდება, 8 წელი ცოტა არ არის, თან პირველი სომელიეს კურსიც აქ შევქმენით, მაგრამ... ალბათ დრო მოვიდა და უფრო უნდა გავიზარდო : ) გული მწყდება, რომ ამ პროფესიას ბევრი ვერ აფასებს სათანადოდ, და სხვა პროფესიებთან აიგივებს. ხანდახან მეჩვენება რომ ამ სპეციალობას განვითარება არ უწერია... ძირშივე კლავენ, არადა ახლა იწყებს ფეხის ადგმას, ახლა ყალიბდება და უკვე როგორც ყველგან ისე ამ სფეროშიც ყველაფერი არეულია... სომელიეს განმარტებაც კი არ იცის ბევრმა სწორად...

კოლეჯიდან ილიაუნიში, საოცარი სტუდენტები, რაღაც საოცარი მუხტით და ენერგიით. მიყვარს მათთან ყოფნა. ხადახან ვფიქრობ, ნეტა მე ვასწავლი მათ, თუ მე ვსწავლობ მათგან... ალბათ ორივე მხარე, თორემ ასეთი შეთანხმებული მუშაობა ვერ შედგებოდა.

ლექციები გვიან დამთავრდა, უკვე საღამოს 8 საათია. სახლში მელოდებიან, განსაკუთრებით - ბარბარე. კარებზე ზარს ვრეკავ და მისი კისკისი ყველა დაღლას მავიწყებს. ისევ თავიდან ვივსები ენერგიით, თავისი ტიტინით მიყვება ბაღის ამბებს, თან ძილისთვის ვემზადებით. ბაბალეც დავაწვინე და ხვალინდელი დღისთვის მასალის მომზადებაც დავიწყე... ხვალ ღვინის კომპანია „მილდიანთან“ ტრენინგის ბოლო დღეა..... სულ ბოლოს კი ზარი ჩემს დედუსთან. რომელიც სულ მელოდება...

 

3 ნოემბერი, სამშაბათი 

ჩვეული რიტმით დაიწყო დილა. მანჩო ისევ ამზადებს ლუკას სკოლისთვის. საოცარი ბებიაა, მისთვის არავინ იზრდება, ყველანი პატარები ვართ. მე სულ 18 წლის ვარ მისთვის და ისევ ისე მარიგებს როგორც ადრე... ენერგიით სავსე ადამიანია, ერთდროულად თბილიც და მკაცრიც.

ბარბარე მე და ალემ წავიყვანეთ ბაღში. რა თქმა უნდა, გზაში მთავარი თემა ბაღის ამბებია... მერე ტრადიციული დამშვიდობება სახელად „ოთხები“... ბაღთან ალე მელოდება ღვინის კომპანიაში მისაყვანად... მილდიანების სტაფი, საოცარი თბილი და კომფორტული ხალხია. მეამაყება, რომ ვიყავი მათი ტრენერი, მეამამაყება მათი ნდობის ფაქტორიც, ჩემი ჯერ პატარა ღვინის სკოლისადმი. გული მწყდება, ტრენინგი რომ მთავრდება, თუმცა წინ კიდევ ერთი შეხვედრა და მათი მარნის მონახულება გველის. 

ტრენინგის მერე ისევ ალეკო მეხმარება, საერთოდ ალე რომ არ მყავდეს არ ვიცი რას მივაღწევდი, სულ გვერდით მყავს, სულ მეხმარება... ხანდახან ზღვარს ვკარგავთ ისე ვცხოვრობთ ერთმანეთის ცხოვრებით. ბევრია მისი დამსახურება ჩემს ცხოვრებაში, უზომოდ ბევრი. ამიტომაც დღესაც ისე მიყვარს და გვიყვარს ერთმანეთი როგორც 21 წლის წინათ. თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს დრო გაჩერდა ჩვენთვის, მხოლოდ შვილები გვახსენებენ წლებს, თუმცა ბარბარე ისევ გვავიწყებს და ყოველი დღე უფრო ტკბილი და თბილია... სულ მეუბნება შენი ბრალია ღვინო რომ ვიცი და ღვინის სფეროში გავერკვიეო. ჩემგან განსხვავებით, ალე  საოცარად მშვიდი ადამიანია. 

ახლა ახალ სამსახურში მივდივარ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აქ კანცლერის მოადგილე ვარ, ისე მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, რომ დღესაც ვერ ვიჯერებ... და ზუსტად ვიცი, რომც მოვყვე, მაინც არავინ დაიჯერებს, რაოდენ მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი... უნის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი აქვს, მაგისტრატურის განხრით. ახლა იწყებენ და თავისთავად დიდი გეგმები გვაქვს. უნის ბაზაზე საოცარი მარანი აქვს, ქვევრებით სავსე, სადაც უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები ელოდებიან თავიანთ დროს. მალე სამეცნიერო კვლევებსაც დავიწყებთ და კიდევ ბევრი ახალი იდეებიც გაჩნდება. უნის კარი ყველასთვის ღიაა, ყველას მოსაზრება და იდეა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ხომ ვიზრდებით, ასე რომ... 

უკვე პირველი დღის გეგმაც გავწერე, დავგეგმე შეხვედრებიც და დროც გავიდა. ახლა ჩემს სკოლაში „კაბისტონში“ ჩემი თბილი, მხიარული მსმენელები მელოდებიან. აქ ყველა თანატოლია, ასაკი ყველას ავიწყდება და, თითქოს, სახელიდან გამომდინარე, მართლა სკოლის ბავშვებს ემსგავსებიან... რომ იტყვიან, ლიმონივით მწურავენ, კითხვები არ უმთავრდებათ. დრო ისე გარბის, ვერ ვიგებთ. დავგეგმეთ გასვლითი ლექციაც. ალემაც მომაკითხა და სახლში მივდივარ, უკვე ათი დაიწყო, ბარბარე კი მელოდება...

 

ახლა ვწერ და ვხვდები, რამდენი ვინმე მელოდება ყოველდღე. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა. ეს ის არის, რისთვისაც ღირს, რომ იცხოვრო. და რაც მთავარია იცხოვრო და არ იარსებო.

მანჩო და თეო ბავშვებთან არიან. ისინი ჩემზე მეტად არიან ბავშვებთან. ისინი ჩემი იმედის ნაწილია. მათ გამო სულ მშვიდად ვარ და არასდროს ვფიქრობ, ნეტა რამე ხომ არ უჭირთ ბავშვებს. ეს კი - კიდევ ერთი ბედნიერებაა. 

ისევ კარებს იქითა ბაბალეს კისკისი და ჩვეული რიტმი, ძილისთვის მომზადება, ბაღის ამბებით... ბაბალეს ვაწვენ და თან მარიგებს. დაწოლის დროა  და თავის ლოგინში მთხოვს დაწოლას. მეც ვწვები და ეს ერთი ციდა ლოგინი ყველაზე თბილი და მშვიდი ადგილია დედამიწაზე.  სახლში ყველა დაგვცინის, როცა ამ პაწაწინა ლოგინში ორის ადგილს ვპოულობთ, თუმცა მის ბედნიერ თვალებს რომ შეხედავ, მიხვდები რამდენად დიდია მისი სურვილი, რომლის შესრულებაზეც უარს ვერავინ იტყოდა. ბაბალე იძინებს და მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ნოუთბუკის დამტენი სამსახურში დამრჩა, მეც ვისვენებ.

 

4 ნოემბერი, ოთხშაბათი

დილის 7 საათი. დიდი ხანია, ასე არ გამიღვიძია, გამოძინებულს. ისევ ჩვეული რიტმი.... ლუკა და მანჩო, ბარბარე ბაღში, ჩვენ - სამსახურებში. მე ბაბალეს ტკბილი „ოთხები“ მიმყვება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დღეს პირველი საქმიანი შეხვედრა მაქვს დეკანთან, ფაკულტეტის პროგრამა და სამომავლო გეგმები უნდა გავიაროთ.

შეხვედრა საინეტრესო იყო, ვფიქრობ, შედეგიანიც. საინტერესო და ძლიერი გუნდი დამხვდა. ვფიქრობ,  ერთად ბევრს შევძლებთ და ბევრ საინტერესოს გავაკეთებთ. ახლაც ვწერ და ვხვდები რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია, თუმცა არც შიშის და არც ნერვიულობის დრო არ მაქვს : ) მთელი დღე დატვირთული იყო. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ: ღვინო და ღვინის ირგვლივ ყველაფერი. ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ, მიყვარს ჩემი პროფესიაც. ძალიან საინტერესო და მუდმივად განვითარებადია. მეღვინეობა და თვითონ ღვინო ეს ხომ ამოუწურავი მასალაა.

სახლშიც მიმეჩქარება, ხვალ პირვლი საერთაშორისო კონფერენციაა კოლეჯში და მოხსენებით უნდა წარვდგე. ცოტას ვღელავ...

სადეგუსტაციოდან თათია მირეკავს, მთელი თვეა, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე მისვლა, არადა, როგორ მენატრებიან. ახლაც ვერ ვიცლი, ხვალ ხომ კონფერენციაა.... ერთი დიდი სიამოვნებაა სადეგუსტაციოში მისვლა. კარგია, როცა სამსახური სიამოვნებას განიჭებს. ჩემი ფანჯრიდან ლამაზი ხედია, საღამოს ლამაზად ჩანს, როგორ ჩადის მზე და წითელი ცაც ჩნდება. ხვალინდელი დღეც დავგეგმე და სახლისკენ წავედი. გზაში გამახსენდა, ჩემი ნოუთბუკის დამტენი ისევ დამრჩა და საქმეც ერთად მიგროვდება. დედუს ზარი, რომელიც ერთიანად მამშვიდებს, „ჰოდა კიდევ ერთ საღამოს დაისვენებ“, - მესმის ტელეფონში : )

გზად ალეკო შემხვდა,  მერე თეოს გავუარეთ და ყველა ერთად წამოვედით სახლში. ოჯახის ეს სითბო, მამშვიდებს და ხვალინდელი დღის საქმეებზე ფიქრს მავიწყებს.

კარებთან ბარბარე დაგვხვდა ბაღის ამბებით. ბაბალეც დაწვა... ლუკა ავტობიოგრაფიას წერს, სკოლაში სამხედრო სამსახურისთვს მოსთხოვეს, თან განვლილი კვირის ამბებს მიყვება. წლები რომ გარბის, მხოლოდ ასეთ დროს მახსენდება. ლუკაც უცბად გაიზარდა. ასაკი აქვს ე.წ. თინეიჯერული, თავისებური საფიქრალით და პრობლემებით, მაგრამ მაინც ბავშვური სითბოთი და გამოხედვით. ყველა დაწვა. სახლში სიჩუმეა და თითქოს ყველას სუნთქვა მესმის, მე კი ეს მამშვიდებს. უკვე ღამის სამი საათია.

 

5 ნოემბერი, ხუთშაბათი

დილის 7 საათი და... ყველაფერი თავიდან დაიწყო.

ბაბალემ ტირილით გაიღვიძა, ცუდი სიზმარი ნახა და მოყვა, ბაღში როგორ გააბრაზეს. არადა, ისევ ბაღი! თუმცა „ოთხები“ ორივეს გვამშვიდებს და სიტყვები - „დედიკო, მეც მიყვარხარ!“ ლუკა სკოლაში მიდის, მასაც უბრაზდება და არ მოსწონს. ძალიან უყვარს ლუკასთან თამაში.

ჩვენც სამსახურებში წავედით. კოლეჯში კონფერენციაზე მივედი. საინტერესო იყო  -მოხსენებით წარვდექი, სათაურით - საქართველოს თხევადი ოქრო და მისი მნიშვნელობა ტურიზმში. ასეთ დროს არასდროს არ მახსოვს, რას ვსაუბრობ. შეგრძნება მახსოვს, თითქოს დამშვიდობებას ჰგავდა. არადა ასეც გამოვიდა...

კონფერენციიდან ილიაში წავედი, სტუდენტებმა სემინარზე დავალება დაწერეს, თემაზე ღვინის განათლება და მისი მნიშვნელობა ტურიზმში. გული დამწყდა როცა ამდენი სტუდენტი ერთად წერს რომ ქვეყანაში ღვინის განათლების ნაკლებობაა, რომ ინფორმაციული ვაკუუმია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნება, ვისგანაც რამე შეიძლება გაიგო. მტკივნეული რეალობა... განათლება მარტო ტექნოლოგიის ცოდნა არაა, ღვინის განათლება ხომ ფართო ცნებაა, განათლების ნაწილია, როცა ღვინის გემოც სწორად გესმის და ღვინის კულტურაც იცი, რას ნიშნავს. ბოლო 15 წელია სულ ღვინის ირგვლივ ვცხოვრობ. არა, უფრო ღვინოში ვცხოვრობ. მანჩო დამცინის, შვილებზე მეტად ღვინოსთან ხარ ახლოსო. არადა, ასეც გამოვიდა, ჩემი სკოლაც ხომ მეოთხე შვილივით მყავს, ისიც უნდა გაიზარდოს და გზაზე დადგეს. 

სკოლის სახელს ბევრი აღიქვამს სხვაგვარად. არადა, საერთოდ არ მიფიქრია ასე. მე მხოლოდ მისი ისტორიის გამო დავარქვი „კაბისტონი“, ლამის მივიწყებული ყურძნის ჯიშის სახელი.  რამოდენიმემ კი ისე წაიკითხა როგორც „კაბის ტონი“  და კაბასთან და ფერთან გააიგივა. აი კიდევ იმის დასტური, რასაც ვამბობ - ღვინის არასათანადო განათლება...

სკოლაში მივედი. დღეს წითელი ღვინის დეგუსტაცია გვაქვს. მსმენელების ხასიათზე იმოქმედა ღვინომაც და ღვინის ხარისხმაც. ყველა მხიარულ განწყობაზეა და უფრო მეტი კითხვები დაებადათ. ერთგვარი, სითამამე ეწვიათ. ისე გაირბინა, თითქმის, ორმა თვემ, რომ დრო ვერ ვიგრძენით. მალე პრეტესტიც ელოდებათ და ცოტას ნერვიულობენ. მე ეს ნერვიულობა მომწონს - ესე იგი, პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლებას,  რაც სიამოვნებას მგვრის.

უკვე ცხრა საათია. ლექციაც დამთავრდა. ალეკოც მოდის და სახლში მივდივართ. საღამოს ჩვეულებრივ  რიტმს ვუბრუნდები. ხვალ უკვე ლექსოც ჩამოდის და თავისებურ სითბოს შემოიტანს. ხვალ მანჩოც სხვანაირი იქნება. ეს ის დროა, როცა ყველა იცვლება სახლში, ყველა სხვადასხვანაირად, სასიამოვნოდ ვფორიაქობთ. დედუც კი ყოველ პარასკევს მირეკავს და მეკითხება, „დღეს ხომ ლექსო ჩამოდის?“

 

6 ნოემბერი, პარასკევი 

დილის 7 საათი და... ყველაფერი ჩვეული რიტმით...

უნიში  მივედი. ახალი ტრენინგები დავგეგმეთ, დეკემბერის დასაწყისში გვინდა ჩავატაროთ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება. ახალი იდეებიც გაჩნდა - ახალი სემესტრიდან ტურიზმის ფაკულტეტეს ახალი საგანი დავუმატეთ: ღვინის კულტურა და ისტორია. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო არჩევით საგნად, ღვინოთმცოდნეობა დავამატეთ. ვფიქრობ, სტუდენტებს მოეწონებათ, ცოტას კიდევ წინ წავიწევთ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მეტს მივაღწევთ. თან ვნერვიულობ, უცებ ბევრის შეცვლა ხომ არ მოვინდომე-მეთქი. არადა, ასეთი დუნე რეჟიმი ამ სფეროში ძალიან მაბრაზებს. 

ხანდახან ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრს არ აქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს, იყო ღვინის და ვაზის სამშობლო, არადა პრეტენზია და მოთხოვნა სხვების მიმართ ბევრი გვაქვს. მაგრამ ჩვენ, ჩვენ რას ვაკეთებთ ამისთვის? ფაქტობრივად, არაფერს. ყველა თავისთვის ფუსფუსებს, იმის მაგივრად რომ ყველა ერთად დავდგეთ და ერთად ვაკეთოთ საქმე. ამ ფიქრებში სომხეთიდან ზარი... ნუნე მირეკავს - არენის ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი და ახალ გეგმებზე მესაუბრება. გამახსენდა მათი ღვინის ბარები, მათი ღვინის სერვისი, კონკურსი და ფესტივალი,  და... გული დამწყდა... ასე ერთმანეთის გატანა, საქმისადმი ასეთი  ერთგულება... ნეტა, ამის ნახევარს ჩვენ ვაკეთებდეთ. ჩვენ ერთმანეთს, თითქოს, ვჭამთ. თითქოს, ერთად ვართ და ამ დროს, ოღონდ საშუალება მიეცი და... 

ქართული ღვინის დღის გარშემო ქილიკი ბევრისგან მოვისმინე. რა ერქვა 4 ოქტომბერს? ეს იყო „ქართული ღვინის დღე“ თუ „ქართული ღვინის საათები“? ვეღარ გავიგე. ან ჩვენს ე.წ. ღვინის ბარებში სერვისს სერვისი ჰქვია? აღარაფერს ვამბობ, რომ ღვინის ტურიზმიც არ გვაქვს დალაგებული, ან გვაქვს კი? არც ღვინის გიდი გვყავს ბევრი... ვისაც უნდა - ექსპერტია, ვისაც უნდა - სომელიე და ა.შ. 

ზარი ტელეფონზე. ამ ფიქრებიდან, რეალობას ვუბრუნდები... 

ჩემს სკოლას სთხოვეს, მათი პარტნიორი გამხდარიყო. გამეცინა. ჯერ ხომ პატარები ვართ და უკევე... ალბათ კარგის ნიშანია... პარალელურად ქეთოს ჩემი სკოლის პროგრამას ვუმზადებ კრებულისთვის „მეღვინეობის პროფესიული უნარები საქართველოში“, რომელიც GIZ-ის მხარდაჭერით გამოიცემა. ქეთოს ბრალია, ამ დღიურებსაც რომ ვწერ, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ამ რეჟიმში... ძალიან თბილად შემოვიდა ჩემთან. ალბათ მაინც, ზაზას ღვინის ბრალია. ჯერ ხომ ღვინო ვიცოდი მათი : )

დრო უცბად გავიდა და სახლში წავედი... დერეფანში უნის კანცლერი შემხვდა, თბილი და საინტერესო ადამიანია. ცოტა გავისაუბრეთ, თუმცა ოფიციალური შეხვედრის დანიშნვაც არ დაგვვიწყებია. მართლაც, ბევრი საქმე გვაქვს წინ.

სახლში ლექსოც დამხვდა, ძალიან მომნატრებია.  ცოტა გაბრაზებულია, ლექციების წაკითხვა დაავალეს ეთა-ში. მეცინება და თან მსიამოვნებს. ეს ხომ მისი წარმატებების კიდევ ერთი ეტაპია.

მიყვარს როცა ყველანი ერთად ვართ. სხვანაირი სითბოთი ივსება სახლი. სახლში ჟურნალი დამახვედრეს „და ქალი“. ჩემზეა სტატია, თუ ინტერვიუ. რაღაც სხვა სტილში წერია, თუმცა საინტერესოდ. იქაც ისევ ღვინის განათლების და ღვინის ტურიზმის პრობლემებზე ვსაუბრობ. მგონის საინტერესო გამოვიდა, არ ვიცი. ძნელია, ილაპარაკო, როცა რამე შენ გეხება. 

ალე ბაბალეს ამბავს მიყვება. ბაღში წყალი მიუწოდებიათ, ჯერ ჭიქა დაატრიალა, მერე დასუნა და დალიაო, მასწავლებელი ეკითხება რას აკეთებო და დედიკოს სამსახურიაო, ასე უპასუხა. გემრიელად გამეცინა, და მთელი გულით ჩავკოცნე. ღამის რეჟიმი და ჩვეულებრივი რიტმი. მე ისევ ნოუთბუქთან და ისევ საქმე... მანჩო ჩხუბობს, გვიანობამდე ზიხარ, ასე არ შეიძლებაო. მომწონს და თან არ იცის, რომ მომწონს... სულ ვამბობ, მე უკვე ორი დედა მყავს - დედუ და მანჩო. ორივე ამაყობს ჩემით, ორივე ნერვიულობს, ორივეს უხარია, ორივე ჩემი ცხოვრების ნაწილია და ხანდახან ასე მგონია, ვეღარც კი მიყოფენ. არც მიკვირს, დედუსთან 18 წელი ვიცხოვრე, მანჩოსთან - 21, ამით კი ყველაფერია ნათქვამია...

 

7 ნოემბერი, შაბათი 

როგორ მიყვარს შაბათი. ოღონდ მაშინ, როცა სახლში ვარ და მთელ დღეს ოჯახთან ვატარებ. ალბათ, ვერ გადმოვცემ, რა ბედნიერებაა შაბათის დილის აურზაური. დილით მანჩო ეკლესიაში წავიდა. მე, თეო და ბარბარეც მალე მივედით ეკლესიაში. ბარბარე უზომოდ კმაყოფილია. ლუკა მასწავლებელთან წავიდა, ლექსო - ჩემი დედუს სანახავად, ალე - ისევ სამსახურში...

ეკლესიიდან სახლში რომ დავბრუნდით, ისევ ზარი და ისევ საქმე. ისევ ნოუთბუქი და ისევ მანჩოს დარიგება. თითქოს, არაფერი იცვლება და როგორ მინდა, რომ დიდხანს არაფერი შეიცვალოს, ძალიან დიდხანს.

დედუ მირეკავს და ძალიან ბედნიერია, უზომოდ ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ლექსო ნახა, ახლა ლუკა ენატრება, მერე ბარბარე და ასე უსასრულოდ. შაბათი, თუნდაც, იმიტომ მიყვარს, რომ ყველასთვის მინდა მოვიცალო, ყველასთვის მინდა ვიყო, მაგრამ დრო ისე გარბის, ბევრს ვერაფერს ვასწრებ...

უკვე გვიანია. მე, ალე, ლუკა და ლექსო ვართ ოთახში. დანარჩენებს ყველას სძინავთ. მე დღიურებს ვწერ და თან მათ ვაკვირდები. მიყვარს, როცა მათ ვუყურებ, როცა მათი ხმა მესმის. როცა მათი ცხოვრებით ვცხოვრობ, როცა მათ ვუსმენ, უბრალოდ ვუსმენ. ამ დროს ალეს ხმა მესმის:
„ვინ არ ყოფილა კანცლერის მოადგილე?“

მე არ ვიმჩნევ. 

მერე ისევ: „ვის არ სცოდნია ღვინო?“ 
ისევ არ ვიმჩნევ და ბოლოს: 

„ვის  არ უწერია დღიურები? გვითხარი რამე“ 

თან იცინის. მერე ლექსოც აჰყვა. ლექსოს ლუკა და ისევ სიცილი და ჟრიამული. სულ დაგვავიწყდა, რომ სხვებს უკვე სძინავთ. სახლში ვერავინ ეგუება ჩემს სიჩუმეს, ან  როგორც ისინი ეძახიან - „საეჭვო დუმილს“. სახლში ყველა  შევაჩვიეთ ჩვენს ასეთ ხმაურს.

ხვალ უკვე კვირაა და კიდევ ერთი, მთელი დღე - ყველანი ერთად!

 

8 ნოემბერი, კვირა 

დილას ბარბარეს ხმა გვაღვიძებს: „დედა, მიყვარხარ! შენთან მინდა!“ 

მანჩო ეკლესიაში წასულა. სახლში სიჩუმეა. ოთახში ჯერ ლექსო შემოდის, მერე ლუკა, მერე ისევ ყველა ვხმაურობთ. კვირას მართლა იტალიურ სახლს ვემსგავსებით - ხმაური, სასიამოვნო აურზაური... ვცდილობ, ცოტათი დიასახლისიც ვიყო. ერთი სიტყვით, ყველაფერს მინდა მოვედო, მაგრამ დრო სწრაფად გადის. თან სამსახურის საქმეებიც თავს მახსენებს. ილიაუნიში შუალედურის ტესტები მაქვს დასაწერი, ხვალ სტუდენტებისთვის ცოტა მძიმე დღეა. არავის უყვარს შუალედურების წერა, არც მე მიყვარდა : )

დღე მაინც კსუ-ს საქმეებს დავუთმე, მეილები, გეგმები... ახალ სამსახურს ყოველთვის აქვს ერთი ყველაზე დადებითი მხარე - აუცილებლად იძენ ახალ მეგობრებს, საიდანაც ერთი ყოველთვის ყველაზე ახლოსაა. ასეთი ნონა მყავს, ყველაფერში მეხმარება. დღესაც მას ვესაუბრე სამსახურზე. საღამოს ბაბალე Wendy’s-ში წავიყვანეთ, დილას გვითხრა, მე გოგოს ფულების ხეფასი მაქვს და ციხვიში უნდა წავიდეთო. „გოგოს ფულები“ - ეს ვენდის მონეტებია. ლექსო და ლუკა თავ-თავიანთი ცხოვრებით არიან დაკავებულები. ლექსო მონატრებული მეგობრებით, ლუკა - დილიდან კინგსის კონკურსით, მერე სკოლის გაკვეთილებით და მეგობრებით. 

რაღაც, სხვანაირად მალე დაღამდა, კვირას ყოველთვის მალე ღამდება, ალბათ იმიტომ რომ კვირაა. მე კიდევ, არ მეყო არც ეს კვირადღე. დედუს დავურეკე. ძალიან მომნატრებია. უზომოდ მომინდა მასთან. ისევ მამშვიდებს: „კარგი, დედა, დალაგდება ყველაფერი და მერე მოხვალ.“ არა, კვირას ვეღარ დავუცდი, მანამდე ვნახავ - ეს უკვე ვიცი!

ხვალ უკვე ორშაბათია და ისევ ჩვეული რიტმით დაიწყება დილა. დილას 6 საათზე, ლექსოს გორში გავაცილებ და უნის დაუბრუნდება. ახალი კვირა კი ახალ სურპრიზებს მიმზადებს ალბათ. : )

© ქეთი ჯურხაძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.



კარგია როცა ამ ბოლოსიტყვაობას წერთ "......არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას."


ცნობილი შეხედულებაა რომ, იმ შემთხევევაშიც კი თუ ქალი წარმატებულია ბიზნესში და სოციუმში, მას არა აქვს პირადი ცხოვრება და ბედნიერება, ან უბრალოდ ილუზიურია ის. ამ დღიურის ამონარიდები, წამში ანადგურებს ამ შეხედულებას და ამასთან თითქოს თავად გხდის მონაწილედ ერთი ოჯახის ბედნიერების ლამაზ ყოფაში, რომელშიც შეყავხარ შენდა უნებურად ავტორს. ჯანმრთელი ამბიცია, დამოუკიდებელი ქმედება , ჩანაფიქრის რეალიზება, პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, ოჯახის წევრების, საკუთარი თავის და სხვების პატივისცემა. თითქმის იდეალური ქალის პორტრეტია. ჩვენი რთული საზოგადოების წიაღში ასეთ მიზანსწრაფულ, ენერგიით სავსე ინდივიდ ინ-ებს , მოშურნე და მტერიც ბევრი უჩნდება , ძირითადად იან-ებში რატომღაც. ეტყობა ძლიერ სქესს უჭირს "კავკასიური ბალანსის" გარღვევა გენდერულ თემებში. წარმატებები ქეთის!


ცნობილი შეხედულებაა რომ, იმ შემთხევევაშიც კი თუ ქალი წარმატებულია ბიზნესში და სოციუმში, მას არა აქვს პირადი ცხოვრება და ბედნიერება, ან უბრალოდ ილუზიურია ის. ამ დღიურის ამონარიდები, წამში ანადგურებს ამ შეხედულებას და ამასთან თითქოს თავად გხდის მონაწილედ ერთი ოჯახის ბედნიერების ლამაზ ყოფაში, რომელშიც შეყავხარ შენდა უნებურად ავტორს. ჯანმრთელი ამბიცია, დამოუკიდებელი ქმედება , ჩანაფიქრის რეალიზება, პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, ოჯახის წევრების, საკუთარი თავის და სხვების პატივისცემა. თითქმის იდეალური ქალის პორტრეტია. ჩვენი რთული საზოგადოების წიაღში ასეთ მიზანსწრაფულ, ენერგიით სავსე ინდივიდ ინ-ებს , მოშურნე და მტერიც ბევრი უჩნდება , ძირითადად იან-ებში რატომღაც. ეტყობა ძლიერ სქესს უჭირს შეეგუოს "კავკასიური ბალანსის" გარღვევას გენდერულ თემებში. წარმატებები ქეთის!


zura tofuridzemartalia! da es bolo ori komentari ki savaraudod tviton avtorma dacera. koveli shemtxvevisatvis qalis dacerilia da ara kacis.


გეთანხმებით, ქალის პოჩერკია, ასიანი! :დ p.s. ზურა, ეს შაბლონი ყველა დღიურს ედება ბოლოში, არამხოლოდ ქეთისას.


ზურა თოფურიძესთან მაქვს კითხვა რა არ მოგწონთ, ის რომ ღვინის ტურიზმზე, სომელიეზე და ა.შ. ჩემი შეხედულება მაქვს? იცით ცუდი რა არის პირში რომ ვერ მეუბნებით და მხოლოდ აქ საუბრობთ. ვინმე გიორგის რაც შეეხება, მე ნამდვილად არ ვიცი ვინ არის და ნამდვილად არც ვაპირებ ჩაძიებას, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ეს იმას ჰგავს, საქართველოში ქალი კუხნაში ვიცი მეს თემა რომაა. და თუ წარმატებული ხარ უბედური რომ უნდა იყო... ყველას თავის წილ წარმატებას ვუსურვებ, და როგორ მიხარია ასეთი ჭრელი რომ არის კომენტარები. მადლობა ყველას... P.S. ეს იმას ნიშნავს რომ ჩემი პიროვნება გაინტერესებთ და რაღაც ვერც გასვენებთ...


ქალბატონი ქეთი არამარტო თავისი საქმის პროფესიონალია არამედ კარგი მწერალიც ყოფილა, დიდი სიამოვნებით, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს დღიურები, ძალიან საინტერესოდ წერთ!!!!


icit ras getyvit gaeshvit sxavze laparaks da tqvens tavebs mixedet kargad vicnob ketis da araferia satqmeli ketize unda gveamaebodes rom qartvelebs aseti qali kide shemorcha romelic gadamkvdaria qartulgvinoze tqveni salaparako ra schirs vigaceebi xart ro mogigiat piri da shurs da bogmas anchqrevt da anaxvebt kidev ertxel xalxs reebic xart

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული