Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტარხუნა 20 წლის შემდეგ

 

ბონდო კალანდაძე

1988 წელს ამერიკულ კომპანია "ევრო ტრეიდსა" და საკავშირო გაერთიანება "სოიუზპლოდიმპორტს" შორის გაფორმდა კონტრაქტი ქართული ნაციონალური ალკოჰოლური სასმელი "ტარხუნა"-ს ამერიკაში მიწოდების შესახებ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა სსრკ-ამერიკას შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რადგან მანამდე საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში არაფერი არ გაყიდულა. "ტარხუნის" ამერიკის ბაზარზე შესვლამდე 17 წლით ადრე ამერიკაში გაჩნდა რუსული არაყი "სტოლიჩნაია", მაგრამ იგი არ გაყიდულა, გაფორმებული იქნა სამთავრობო დონეზე შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკაში არაყ "სტოლიჩნაიას" შესვლას, სამაგიეროდ, სსრკ-ში უნდა აშენებულიყო ოთხი "პეპსი კოლას" ჩამომსხმელი ქარხანა. ამერიკაში საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი ელჩი "ვოლგითა" და "ჩაიკით" ვერ მოძრაობდა გამონაბოლქვი აირების გამო, ხოლო ამერიკის ვერც ერთი შტატის აეროპორტში საბჭოთა ТУ და ИЛ-ებს არ ღებულობდნენ დაჯდომის დროს ზედმეტი ხმაურის გამო. ასე რომ, გურული ცხენოსნების ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამერიკა "დავიპყარით".
ყველაფერი კი ასე დაიწყო.
ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ბატონმა კახი ასათიანმა თავისი გერმანიაში ვიზიტად ყოფნის დროს ერთი ბოთლი ქართული "ტარხუნა" აჩუქა გერმანიაში მცხოვრებ ქალბატონ ანიტა სიდენტოფს, რომელმაც იგი ახალგაზრდა ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად დააჭაშნიკა. ამერიკელებს მოეწონათ ეს მათთვის ეკზოტიკური სასმელი, დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს შეეტანათ იგი ამერიკაში. იმ დროისათვის საკავშირო გაერთიანება "სოიუზპლოდიმპორტს" ჰქონდა ნება ეწარმოებინა მოლაპარაკებები ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელების შესახებ დაინტერესებულ პირებთან და შემდეგ მათ მიერ დაშვებული განრიგებით პროდუქცია იგზავნებოდა დანიშნულების მიხედვით. გერმანიაში საქესპორტო გარიგებებს აწარმოებდა "სოიუზპლოდიმპორტის" შვილობილი კომპანია "პლოდიმპექსი", რომელსაც არაყი "მოსკოვური" შეჰქონდა გერმანიაში. ამერიკელებმა ჰამბურგში მიაკითხეს "პლოდიმპექსის" წარმომადგენლობას და იქიდან ამერიკელებს მიასწავლეს უმოკლესი გზა მოსკოვი, "სოიუზპლოდიმპორტი".
1988 წლის გაზაფხულზე საკავშირო გაერთიანება "სოიუზპლოდიმპორტიდან" მოვიდა ტელექსი საქართველოს აგროპრომში და იქიდან "სამტრესტში", რათა მოსკოვში მივლინებულ იქნეს წარმომადგენელი ამერიკაში "ტარხუნის" შესაძლო ექსპორტირების შესახებ. ალკოჰოლურ სასმელ "ტარხუნას" აწარმოებდა თბილისის სპირტისა და ლიქიორ-არყის საწარმოო გაერთიანება "კრისტალი". მე, როგორც ამ გაერთიანების თანამშრომელი და სასმელის ერთ-ერთი ავტორი მიმავლინეს მოსკოვში მოლაპარაკებებზე.
 
ცოტა რამ ისტორიიდან
 
ალკოჰოლური სასმელი "ტარხუნა" შეიქმნა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როგორც ნაციონალური სასმელი. იმ დროისათვის საქართველოში არყის ჩამოსხმის ნებართვა ჰქონდა მხოლოდ "სამტრესტის" დაქვემდებარებაში მყოფ ლიქიორ-არყის საწარმოო გაერთიანება "კრისტალს". გაერთიანების ასორტიმენტი შეადგენდა ერთ მილიონ დეკალიტრს, ანუ 20 მილიონ ბოთლ არაყსა და ლიქიორს. გაერთიანება აწარმოებდა 20-მდე დასახელების პროდუქციას, რომელიც დაშვებული იყო საკავშირო რეცეპტურით და ადგილზე ახალი პროდუქტის შექმნა და ჩამოსხმა მოსკოვთან შეთანხმების გამო გამორიცხული იყო. ქარხნის სპეციალისტებმა გადავწყვიტეთ დაგვემზადებინა ქართული ნაციონალური ალკოჰოლური სასმელები და წარგვედგინა ისინი მოსკოვში საკავშირო სადეგუსტაციო კომისიაზე, რომელიც იძლეოდა დამზადების და რეალიზაციის ნებართვას. ჩვენ ვიცოდით, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არსებობდნენ ძლიერი ლიქიორ-არყის სპეციალისტები თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, რომლებიც ქართულ ნატურალურ ხილზე, კენკრაზე, მცენარეულ ნედლეულზე ამზადებდნენ ალკოჰოლურ სასმელებსა და ლიქიორებს. გიორგი ბოლქვაძე, იაკობ ზუბალაშვილი, ბარბალე იმერლიშვილი, კაცია ადანაია, ტარიელ გაბუნია, ძმები კოსტავები, დავით სარაჯიშვილი და სხვები წარმატებით აწარმოებდნენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში, რუსეთში და საერთაშორისო გამოფენებზეც იმარჯვებდნენ. ჩვენ არ ვიცოდით ჩვენი წინაპრების ლიქიორ-არყის ნაწარმის რეცეპტურა, მაგრამ შემონახულმა ეტიკეტებმა და ძველმა საფირმო ბოთლებმა სტიმული მოგვცა, დაგვემზადებინა ალკოჰოლური სასმელები "ტარხუნა", "ფორთოხალი", ლიქიორები "ტარხუნა", "ფეიხოა" და სხვა. რადგან საკავშირო დეგუსტაციაზე თვითშემოქმედებითი პროდუქტების გატანა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ დაგვჭირდა მაღალ ეშელონებში ჩარევა და პროტექცია, რაშიც დაგვეხმარა კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე, ბატონი თენგიზ ჯაბადარი და მოსკოვში "გლავსპირტის" მთავარი სპეციალისტი, ქობულეთელი გიორგი ბარამიძე.
სამი წლის განმავლობაში მოსკოვში წინ და უკან სიარულის შემდგომ დაგვადგა საშველი და მოსკოვში ცენტრალურმა სადეგუსტაციო კომისიამ "გლავსპირტის" მმართველის ნიკოლოზ ტერნოვსკის ხელმძღვანელობით ნება დაგვრთო ჩამოგვესხა საქართველოში ჩვენს მიერ წარდგენილი პროდუქცია. სარაჯიშვილის "ტარხუნის" ალკოჰოლური სასმელის და ტარიელ გაბუნიას ლიქიორ "ტარხუნის" შემდეგ, 100 წლის მერე კვლავ აღდგა საქართველოში ამ სასმელების ჩამოსხმა.
მოსკოვიდან "სოიუზპლოდიმპორტის" თანამშრომლების, ამერიკელების ვიზიტის შემდეგ გადაწყდა, რომ 1999 წლის საშობაო და საახალწლო დღეებისათვის თითო კონტეინერი სასმელი "ტარხუნა" უნდა მიგვეწოდებინა ნიუ-იორკისა და ნიუ-ორლეანის პორტებში. დაიწყო ციებ-ცხელება და სამზადისი. მოსკოვის დახმარებით მოგვაწოდეს ყუთები ფინეთიდან, ბოთლები რუსეთიდან, თავსახურავები იტალიიდან, საღებავი და ეტიკეტები ამერიკიდან, რადგან საბჭოთა კავშირში ჩამოთვლილი დამხმარე მასალები იმდენად უხარისხო იყო, რომ მათზე ამერიკელებმა უარი განაცხადეს.
ნოემბრის შუა რიცხვებში ქარხანაში შემოგრიალდა კონტეინერი, რომელიც უნდა დაგვეტვირთა "ტარხუნით" და გაგვეგზავნა ამერიკაში. ეს იყო ქარხნის თანამშრომლების ზეიმი, მთელი ქარხანა დირექტორიდან დაწყებული - დაცვის მუშაკით დამთავრებული, ჩაბმული ვიყავით ამ კონტეინერის დატვირთვით. დღევანდელი დღესავით მახსოვს, როგორ დაიტვირთა კონტეინერი 768 ყუთი 12 ბოთლიანი სასმელი "ტარხუნით" და როგორ დალუქა იგი მებაჟემ. პირველ კონტეინერს მოჰყვა მეორე, მეორეს მესამე და ა.შ. ამერიკიდან მოგვივიდა ოფიციალური მოწვევა, 1990 წლის 3 მაის ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე არსებულ ცნობილ რესტორან "რუსული ჩაის სახლში" იმართებოდა "ტარხუნის" პრეზენტაცია და შემდეგ ერთთვიანი მოგზაურობა და პრეზენტაციები სხვადასხვა შტატებში და ქალაქებში. პირველი ვიზიტის მონაწილენი ამერიკაში გახლდით "ტარხუნის" რეცეპტურის ერთ-ერთი ავტორი ბონდო კალანდაძე, ქარხნის წარმოების უფროსი ჯემალ მესხი და "სამტრესტის" მმართველის მოადგილე თამაზ კანდელაკი.
დელეგაციამ წარმატებით მოვიარეთ ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, ნიუ-ორლეანი, ბატონ-რუჟი და სხვა ქალაქები, სადაც წარმატებით ჩატარდა პრეზენტაციები და ყველა ამერიკელი, რომელმაც დააჭაშნიკა "ტარხუნა", ვერ მალავდა აღტაცებას. შემდეგი ვიზიტი გაიმართა 1991 წელს, როდესაც ამერიკის ქალაქებში სიეტლი, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, ნიუ-ორლეანი, ჩიკაგო, ბოსტონი და სხვა ქალაქებში ხდებოდა სასმელის პრეზენტაციები და ოფიციალური შეხვედრები.
იგზავნებოდა "ტარხუნა" ამერიკაში, მოდიოდა უცხოური ვალუტა ქარხანაში, საფრანგეთში ამერიკელებთან ერთად გავემგზავრეთ ქალაქ ლიონში ფირმა "Stone"-ში, სადაც ახალი სამპოზიციიანი ეტიკეტის მანქანა შევიძინეთ. ამერიკაში გაიგზავნა 100 ათასი ბოთლი, შვეიცარიაში 20000 ბოთლი, ლენინგრადში გაიყიდა 100000 ბოთლი და ასე წარმატებით ხდებოდა ამერიკასა და ევროპაში "ტარხუნის" რეალიზაცია.
მაგრამ დადგა 1992 წელი, დაიწყო ცნობილი მოვლენები საქართველოში, შეწყდა დამხმარე მასალების მოწოდება საქართველოში, ხოლო შესაბამისად "ტარხუნის" მიწოდება ამერიკაში. ქვეყანა ჩადგა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში. კონტრაქტი გაწყდა და დამთავრდა "ტარხუნის" წარმოებაც და ექსპორტირებაც. აღსანიშნავია, რომ დღესაც კითხულობენ ამერიკაში "ტარხუნას", ვისაც იგი ერთხელაც კი დაუჭაშნიკებია, არ დავიწყებია მისი გემო.
ვინაიდან წელს სრულდება 20 წელი მას შემდეგ, რაც "ტარხუნა" ამერიკაში შევიდა, მინდა მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო ყველა ის პიროვნება, რომელაც წვლილი მიუძღოდა იმ დიდებულ საქმეში, დაწყებული კვების მრეწველობის სამინისტროს, "სამტრესტის" თანამშრომლებიდან, გაერთიანების დირექტორით და ყველა თანამშრომლით დამთავრებული. ბევრნი დღეს აღარ არიან ამქვეყნად და მინდა პატივი მივაგო მათ ნათელ ხსოვნას, ხოლო ვინც ჯანმრთელად არის, მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოებისთვის.
 
© "მარანი"
 


საინტერესო იყო:)რეცეპტს რა ბედი ეწია, დავიჯერო არ არის საშუალება დაუკავშირდეს ეს ხალხი რომელიც ჩართული იყო მაშინ ამ საქმეში რომელიმე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიას?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული