Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქებათაქება გველისა


ავთანდილ გურასაშვილი
ერთ დროს უცხოური ალკოჰოლური სასმელების კოლექციონირებით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ვინ გაცალა – დამადგებოდნენ მეგობრები თავზე, დავუდგამდი ჩემი ხელით დაყენებულ ღვინოს, ისინი კი ამ დალოცვილ რქაწითელს ალმაცერად დახედავდნენ, მერე იმ წვითა და დაგვით შეგროვებულ სასმელებს გახედავდნენ და, აბა, ახლა ეს გაგვასინჯე და ახლა ისო.
ახლა ჩემი კოლექცია, უკვე მრავალი წელია, რაც ერთი ბოთლით იწყება და იმითვე თავდება. არადა, ჩემს მეგობრებს, ბოლოს და ბოლოს, რქაწითელით დაყენებულ დალოცვილ ღვინოს რომ მივაჩვიე, ხელი მაინც იმ ბოთლისკენ გაურბით, თუმცა ეჭვის თვალით ათვალიერებენ, თავს აქეთ-იქით აქნევენ და ისევ ადგილზე დებენ. აბა, იმათ რა იციან, კატას კუდი სად აბია.
ამბობენ და რეკლამაც ირწმუნება, რომ ეს გველებით გამოტენილი სასმელი ფანტასტიკური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და რაღას არ არჩენსო... იმათ რომ ყური უგდოთ, რაღა ოლიმპიელი ღმერთების ნექტარი და ამბროზია, მათ რომ უკვდავებას ანიჭებს და რაღა კატმანდუში ნაყიდი ეს ჩემი ალკოჰოლური სასმელი.
ისე, თუ ამ სასმელის ჯადოსნური სამკურნალო თვისებების დაკონკრეტებაზე მიდგება საქმე, უამრავ დაავადებას სხაპასხუპით ჩამოგითვლიან: ეს სასმელი არეგულირებს წნევას, კურნავს ნევრასტენიას, რევმატიზმს, მხედველობასაც აუმჯობესებს, გამელოტებასაც ამუხრუჭებს და სექსუალურ პოტენციასაც ძალზე ამაღლებსო. ჩემი მეგობრების სექსუალური პოტენციისა, აბა, მე რა უნდა მოგახსენოთ, იმას კი ვხედავ, რომ უკვე კარგა ხანია, რაც სათვალეს ხმარობენ და თმაც მეტ-ნაკლებად შეთხელებიათ, მაგრამ, ეტყობა, ამას სხვებივით არ განიცდიან. ეგრე რომ იყოს, იმ ბოთლის გახსნას  ვინ დაასწრებდათ?
ჰო, ის სასმელი კატმანდუში ვიყიდე-მეთქი. რაღა დაგიმალოთ და, მსგავსი რამ მანამდე არც მენახა და არც გამეგონა, იქ კი, იმის მიუხედავად, რომ არაფერი მაწუხებდა, არც არაფერს ვუჩიოდი და თავს სტამბოლის კაჟივით ვგრძნობდი, რაღაც ეშმაკი შემიჩნდა, მაცდუნა და იმ სასმელის მოწრუპვა გამაბედინა. ეს 1982 წელს მოხდა, საბჭოთა კავშირის საელჩოს პირველ პირთან, ბატონ ვეზიროვის კაბინეტში.
მაშინ ნეპალში საბჭოთა კავშირის მთამსვლელებმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალი პირველად დალაშქრეს. იმ გუნდში თბილისელი აკაკი (ხუტა) ხერგიანიც იყო, თქვენი მონა-მორჩილი, ამ სტრიქონების ავტორი კი ნახევრად ალპინისტური, ნახევრად ჟურნალისტური გუნდის წევრი გახლდით. ექსპედიციის დასასრულს ვეზიროვმა, ეტყობა, თავისი დიდი მეგობრის, იმ ხანად საქართველოს ცეკას მდივან სოლიკო ხაბეიშვილის პატივისცემის ნიშნად ეს ორად ორი ქართველი გამოგვარჩია, მოსაწვევები გამოგვიგზავნა და საელჩოში "კოქტეილზე" მიგვიპატიჟა. ვეზიროვი საელჩოს ეზოში დაგვხვდა, ძველი მეგობარივით შეგვეგება და კაბინეტისკენ წაგვიძღვა, ბოლოს კი გვერდზე, მყუდრო ოთახში გვიხმო, სადაც ალბათ არაოფიციალური მიღებები იმართებოდა. სავარძლებში რომ მოვთავსდით, იქაურობას თვალი მოვავლე. მოვავლე და, ფუი ეშმაკს, კარადის თაროზე, სხვა სასმელებთან ერთად, სამი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბოთლიც იდო, ის კი, რაც მათში მოჩანდა, ერთნაირი იყო – სპირალივით კოხტად დახვეული, თავწამომართული და "კაპიუშონგაშლილი" კობრა, რომელსაც პირში მეორე, გაცილებით პატარა, წვრილთავა, მწვანე გველის კისერი ჩაედო ისევე, როგორც ქართულ სუფრაზე მორთმეულ შებრაწულ გოჭს – ბოლოკი.
იმ ბოთლებს თუ გველებს ცნობისმოყვარე მზერას ვერ ვაშორებდი. ეს რომ ვეზიროვმა შენიშნა, წამოდგა, ერთ-ერთი გველებიანი ბოთლი აიღო, გახსნა და ჭიქები შეავსო. მე და ხუტამ ერთმანეთს გამომცდელად გადავხედეთ, ვეზიროვმა კი, ყოყმანი რომ შეგვატყო, აიღო ჭიქა, გადახუხა და ახლა ჩვენ გადმოგვხედა გამომცდელად. ხუტამ, ალბათ, ჩემსავით იფიქრა, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნებაო. ალბათ ასევე ჩემსავით გუნებაში პირჯვარი გადაიწერა და ორივემ ერთად გადავკარით, ვეზიროვმა კი ამის მერე უფრო აქო და ადიდა ის სასმელი, ასეთია და ისეთიო, ამას შველის და იმასაო.
ვინ იცის, იქნებ მართალიც იყო კაცი. ყოველ შემთხვევაში, გველის სამკურნალო თვისებებზე ხომ ოდითგანვე ლეგენდები დადის და ის მედიცინის სიმბოლოა, ასეთად კი იგი პირველად ძველი წელთაღრიცხვის V-IV ათასწლეულებში გამოჩნდა. გველი ყველა, ან თითქმის ყველა ხალხს უკვდავების სიმბოლოდ მიუჩნევია. გველი მიუჩნევიათ დღეგრძელობისა და სექსუალური ენერგიის წყაროდ, გამრავლების დემონურ ძალად, სიბრძნისა და სინათლის წყაროდაც – სინათლე ხომ ცოდნის სიმბოლოა. და როცა გველმა ედემის ბაღში ევას აკრძალული ხილი აჭამა, ეს იყო ცოდნის ხის ნაყოფი, რამაც ქალს და მის ადამსაც თვალი აუხილა. ამიტომაც ამბობენ, "ბრძენი, ვითარცა გველი"-ო. და გავიხსენოთ, რომ ბაირონის კაენის ეპიგრაფია ძველი აღთქმის სიტყვები: "ხოლო გველი იყო უგონიერეს ყოველთა მხეცთა ქვეყანასა ზედა, რომელნი ქმნნა უფალმა ღმერთმან".
გველის ამგვარ წარმოდგენას იზიარებს ქართული მითოლოგიაც, სადაც იგი ასევე სიბრძნის სიმბოლოცაა და მკურნალობის ემბლემაც.
მითოლოგია მითოლოგიად, მაგრამ გველი, როგორც სამკურნალო საშუალება, მართლაც ძალზე პოპულარულია, განსაკუთრებით კი შხამიანი. გავიხსენოთ "ანჟელიკას თავგადასავალი", სადაც ქალბატონი დე სევინიე, პუატიესგან მარკიზის ტიტული რომ მიიღო, როგორ ურჩევს თავის ქალიშვილს, წელიწადში ერთი თვე გველის დიეტაზე იყავიო.
გველი, როგორც საკვები და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული არსება, განსაკუთრებით პოპულარულია აზიაში, მათ შორის ჩინეთში. ამ ქვეყანაში, სადაც ყოველივეს გეახლებიან, რაც წყალში დაცურავს, მიწაზე დადის, დახოხავს ან ცაში დაფრინავს და, გველზე უარს, აბა, როგორ იტყვიან. მით უმეტეს, რომ ლეგენდის თანახმად, გველს იმ ქვეყნად წასული ადამიანის დაბრუნება შეუძლია. ისინი გამოფატრულ გველს ტაფაზე აშიშხინებენ, რაღაც ბალახ-ბულახთან ერთად ხარშავენ, ამზადებენ ბულიონს, ფარშს, ზეთს... გველს იყენებენ ნაირგვარი სასმელების "გასაკეთილშობილებლად", მათ შორის ღვინის ან არყისთვის.
ასევე იქცევიან ვიეტნამში, კამბოჯაში, ლაოსში, მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში... აქაური მაღაზიების დახლებზე ნახავთ გველიანი ღვინის ორგვარ სახეობას. მაგალითად, შხამიან გველს, რომელიც ძირითადად კობრაა, ანაწევრებენ, მის სისხლს და გამოწურული ღვიძლის წვენს კი ბრინჯის ღვინოში ურევენ, ან სპირტში. მეორე შემთხვევაში გველს ცოცხლად ათავსებენ ღვინოში ან არაყში და ბნელ, მშრალ სარდაფში რამდენიმე თვიდან ხუთ წლამდე აძველებენ.
ჩვეულებრივ ბოთლში კობრასთან ერთად ერთ ან ორ სხვა პატარა გველსაც ათავსებენ და კიდევ რაღაც მცენარეულობებს...
აქ კი უნდა გავიხსენოთ კურიოზული შემთხვევებიც.
შარშანწინ, როგორც იტარ-ტასი იუწყებოდა, ჩინეთის პროვინცია ხუბეის ერთ-ერთ მოქალაქეს, რევმატიზმი რომ აწუხებდა, თავისი ქვეყნის ტრადიციული მედიცინის რეცეპტით სარგებლობა განუზრახავს. ჰოდა, ბაზარში უყიდია ცოცხალი შხამიანი გველი, სამკურნალო ბალახეულობა და ისინი არყიან ბოთლში მოუთავსებია. ორი თვის მერე კაცმა მკურნალობის დაწყება გადაწყვიტა, გახსნა ბოთლი და იქიდან უმალ ცოცხალი გველი ჯინივით ამოსრიალდა. ამოსრიალდა და თვალის დახამხამებაში ეცა თავის მტანჯველს და დაგესლა.
იმავე წყაროს ცნობით, მსგავსი რამ მოხდა რუსეთშიც, სადაც ჩინეთიდან ჩამოტანილი სასმელიდან ცოცხალი გველი ამოძვრა და თავისი "პატრონი" დაგესლა, ამ ორ შემთხვევას კი ერთნაირი ფინალი ჰქონდა – ჩინელიცა და რუსიც გადარჩნენ.
სპეციალისტები ამბობენ, გველების გადარჩენას მრავალი ახსნა შეიძლება ჰქონდესო, ყველაზე შესაძლო ვარიანტი კი ისაა, რომ ბოთლები ცუდად იყო მოხუფული და ბოთლში ჰაერი ჩადიოდაო.
ისიც საინტერესოა, რომ ბოთლში უჰაერობისგან მკვდარი გველის შხამი უხიფათო ხდება, რადგან მას ეთანოლი ანეიტრალებს, თუმცა გესლი თავის სამკურნალო თვისებებს ინარჩუნებს.
სხვისი არ ვიცი და, ამქვეყნად ყველაზე მეტად რაც მიკვირს, ისაა, თუ როგორ ახერხებენ ჩვეულებრივი ბოთლის ჩვეულებრივ თავსა და ყელში უფრო მსხვილი კობრის ჩატენას. ეს მით უფრო საკვირველია, რომ კობრას "ლაყუჩები" მარაოსავით გაუშლია მთელი ბოთლის სიგანეზე. უფრო დიდი გამოცანა ჩემთვის ისაა, თუ იმ კობრას პირში როგორღა უდებენ სხვა გველის კისერს. ამასთან, ეს გველები ისე კოხტად და მრავალფეროვნად არიან ჩახვეულ-ჩაწნულ-ჩახუჭუჭებულები, რომ იფიქრებთ, ბოთლი პირდაპირ მათზე ჩამოუსხამთო.
ასეა თუ ისე, გველიანი სასმელი მეტად მიმზიდველად და საამოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რაც იმ ეგზოტიკურ ქვეყნებში შეიძლება იხილოს კაცმა. მაგალითად, მორიელიანი სასმელი, ან... თაგვიანი, რაზეც კორეელები, როგორც იტყვიან, ჭკუას კარგავენ და მას ევროპელებისთვისაც ამზადებენ, აქაოდა სამკურნალოდ ესენიც უებარი საშუალებაა, მეტიც, არ არსებობს ავადმყოფობა, თაგვებიანმა სასმელმა რომ არ განკურნოსო.
კორეელი მეღვინეები, იმ გველებისა არ იყოს, თაგვებს ცოცხლად ყრიან ბრინჯის ღვინით სავსე ბოთლში. ოღონდ ის მღრღნელები სამდღიანი წრუწუნები უნდა იყვნენ, რადგან მერე ბეწვით შემოსვას იწყებენ.
ჰოდა, კორეელებსაც კარგი დახლი დადგომიათ. იყიდება და იყიდება მათი ბრინჯის ღვინით სავსე ბოთლები, რომელსაც კოხტად ჩაწყობილი შიშველ-ტიტველი, გასვლეპილ-გალოკილი წრუწუნები "ამშვენებენ", მაგრამ რამდენად სამკურნალოა ისინი, ამას საკუთარ თავზე გამოცდით თუ დაადგენს კაცი.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.