Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცვლილებები და დამატებები "ვაზისა და ღვინის შესახებ..." (2002)

  1. 2002-07-04

    „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში
    ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

     

    მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, ¹23-24, 30.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

    1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

    ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეურნეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის, მათ შორის ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების წარმოებას, რეალიზაციას, ექსპორტსა და იმპორტს.".

    2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3

    ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

    ა) ვენახი – ვაზის ნარგაობა;

    ბ) სამრეწველო ვენახი – მევენახეობის ამა თუ იმ ზონაში სამრეწველო გამოყენებისათვის ამ კანონით დადგენილი ვაზის ჯიშის ნარგაობა, რომლის ყურძენიც ძირითადად სარეალიზაციოდ ან სამრეწველო დანიშნულებით გამოიყენება;

    გ) სპეციალური დანიშნულების ვენახი – სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საკოლექციო, სასელექციო და ჯიშთა გამოცდის მიზნით გაშენებული ვაზის ნარგაობა;

    დ) მოყვარულთა ვენახი – საკარმიდამო ან საბაღე ნაკვეთზე გაშენებული ვაზის ნარგაობა, სადაც დასაშვებია ჯიშური მრავალფეროვნება. მოყვარულთა ვენახში მოწეული ყურძენი გამოიყენება უშუალო მოხმარებისათვის და მასზე არ ვრცელდება სამრეწველო ვენახებისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

    ე) ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტი (სტანდარტული სორტიმენტი) – საქართველოს ტერიტორიაზე აპრობირებული და სტანდარტიზებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი;

    ვ) ვაზის აბორიგენული ჯიში – ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიში;

    ზ) ვაზის ინტროდუცირებული ჯიში – საქართველოში შემოტანილი და აპრობირებული ვაზის ჯიში;

    თ) კლონი – ვაზის ერთი ჯიშის ნარგაობიდან განსხვავებული თვისობრივი ნიშნის (მოსავლიანობა) ან ნიშნების (მაღალი მოსავლიანობა, მაღალი შაქრიანობა, მავნე ორგანიზმისადმი გამძლეობა და სხვ.) მატარებელი მოდგმა;

    ი) ვიტის ვინიფერა – ვაზისებრთა ოჯახში შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროპული და აზიური ვაზის კულტურულ ჯიშებს;

    კ) ნერგი – ვეგეტაციური გამრავლების გზით მიღებული ერთ - ან ორწლიანი, დაფესვიანებული, დასარგავად განკუთვნილი მცენარე;

    ლ) სტანდარტული ნერგი – ვაზის სარგავი მასალა, ნამყენი ან საკუთარფესვიანი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;

    მ) სერტიფიცირებული ნერგი – უმაღლესი ხარისხის ფიტოსანიტარულად ჯანსაღი საკუთარფესვიანი ან ნამყენი ნერგი, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;

    ნ) საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის საწარმოებლად;

    ო) სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის საწარმოებლად;

    პ) ვაზის რქა – ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად;

    ჟ) საძირე – მყნობისათვის გამოსაყენებელი ფილოქსერაგამძლე ვაზის ერთწლიანი ლერწის კვირტდაბრმავებული ნაწილი;

    რ) აპრობაცია – ვენახის, სადედეს, სანერგეს გამოკვლევა ბიოლოგიურად ჯანსაღი, ჯიშობრივად ერთგვაროვანი (სუფთა) ნარგაობის მისაღებად და გასამრავლებლად;

    ს) საკუთარფესვიანი ნერგი – ერთწლიანი რქის ნაწილის ან კვირტის დაფესვიანების შედეგად მიღებული ნერგი;

    ტ) ნამყენი ნერგი – საძირეზე სანამყენე კვირტის მყნობის შედეგად მიღებული ნერგი, რომელიც ვენახის გასაშენებლად გამოიყენება;

    უ) მევენახეობის ზონა – ქვეყნის ვრცელი გეოგრაფიული ტერიტორია, სადაც ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია ვაზის კულტურის გასაშენებლად;

    ფ) მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონის ნაწილი, რომელიც ამავე ზონის სხვა ქვეზონებისაგან განსხვავდება აგროეკოლოგიური პირობებით;

    ქ) მევენახეობის სპეციფიკური ზონა (სპეციფიკური ზონა) – ქვეყნის მევენახეობის ზონა, ქვეზონა ან მათი ნაწილი, სადაც მოწეული ყურძნისა და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ ადგილის ბუნებრივი ფაქტორებით და ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ აგროეკოლოგიურ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით;

    ღ) ყურძენი – ვაზის ნაყოფი, მწიფე ან ოდნავ შემჭკნარი;

    ყ) დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა კლერტიანად ან უკლერტოდ;

    შ) ჭაჭა – გამოწნეხილი დურდო;

    ჩ) ყურძნის ტკბილი – თხევადი პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის მთლიანი მტევნების ან არამადუღარი დურდოს გამოწნეხვით;

    ც) მისტელი – დასპირტული ყურძნის ტკბილი, რომლის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 16%-ზე ნაკლები;

    ძ) კონცეტრირებული ყურძნის ტკბილი – არაკარამელიზებული შესქელებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც ექსტრაქტის შემცველობა გაზრდილია ნაწილობრივი დეჰიდრატაციის გზით. მასში შაქრის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკლები და ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს;

    წ) ყურძნის წვენი – თხევადი პროდუქტი, რომელიც მიღებულია მეღვინეობაში დადგენილი მეთოდების გამოყენებით და განკუთვნილია ადამიანის უშუალო მოხმარებისათვის, რომელშიც ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ პროცენტს;

    ჭ) მაჭარი – ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც ალკოჰოლური დუღილი ბოლომდე არ არის დამთავრებული;

    ხ) ღვინო – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად;

    ჯ) სუფრის ღვინო – ღვინო, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის „ა.ა", „ა.გ" და „ა.დ" ქვეპუნქტებში დასახელებული ღვინოებისადმი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 9%-ზე ნაკლები;

    ჰ) მევენახეობის მხარე – ქვეყნის მევენახეობის ზონა, ქვეზონა ან მათი გაერთიანებული ადგილი, სადაც იწარმოება მხარის ღვინო;

    ა.ა) მხარის ღვინო - ღვინო, რომელიც წარმოებულია ქვეყნის მევენახეობის რომელიმე მხარეში, რაც გულისხმობს ყურძნის დამზადებასა და გადამუშავებას ამ მხარეში და რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია მხარის ბუნებრივ კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან, მიკუთვნებული აქვს ამ მხარის გეოგრაფიული ან ისტორიული სახელი, რომელიც არ შეიძლება იმეორებდეს ადგილწარმოშობის დასახელებისა და ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინოების დასახელებას ან იძლეოდეს მათთან აღრევის საშუალებას;

    ა.ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები - სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის და სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინოები;

    ა.გ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში (ყურძნის დამზადება-გადამუშავება და ღვინის წარმოება). მისთვის დამახასიათებელია სტაბილური მაღალხარისხიანობა, სპეციფიკური თავისებურებები. მზადდება ტრადიციული, ან სპეციალური ტექნოლოგიით და მიკუთვნებული აქვს ამ სპეციფიკური ზონის თანამედროვე ან ისტორიულ-გეოგრაფიული სახელი;

    ა.დ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო – ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინისადმი დაწესებულ მოთხოვნებს და მისი ხარისხი გარანტირებულია ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის მიერ პროდუქციის წარმოებაზე განსაკუთრებული კონტროლით;

    ა.ე) მშრალი ღვინო – დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა არ აღემატება 4,0 გ/დმ3-ს;

    ა.ვ) ნახევრადმშრალი ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით (ნატურალური ნახევრადმშრალი ღვინო) ან ყურძნის ტკბილის ანდა კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით (სუფრის ნახევრადმშრალი ღვინო), რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა მერყეობს 4 გ/დმ3-დან 25 გ/დმ3-მდე;

    ა.ზ) ნახევრადტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით (ნატურალური ნახევრად ტკბილი ღვინო) ან ყურძნის ტკბილის ანდა კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით (სუფრის ნახევრადტკბილი ღვინო), რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა მერყეობს 30 გ/დმ3-დან 50 გ/დმ3-მდე;

    ა.თ) ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოებისადმი დაწესებულ მოთხოვნებს და რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა მერყეობს 51 გ/დმ3-დან 80 გ/დმ3-მდე;

    ა.ი) ცქრიალა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით გაჯერებული ღვინო, რომელიც მიიღება დახურულ ჭურჭელში ყურძნის ტკბილის პირველადი ან ღვინის მეორადი დუღილის შედეგად და რომელშიც ჭარბი წნევა 200 C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 3 ბარზე ნაკლები;

    ა.კ) შუშხუნა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 200C ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 2,5 ბარზე ნაკლები;

    ა.ლ) შემაგრებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე ეთილის რექტიფიცირებული სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა;

    ა.მ) არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება მშრალი ან შემაგრებული ღვინის, მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, ეთილის რექტიფიცირებული სპირტისა და შაქრის შერევით;

    ა.ნ) საბრენდე ღვინო – ახალგაზრდა, დაუმუშავებელი ღვინო, რომელიც განკუთვნილია საბრენდე სპირტის მისაღებად;

    ა.ო) საბრენდე სპირტი – ღვინის ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, რომელიც მიიღება საბრენდე ღვინის ორჯერადი ან ერთჯერადი გამოხდით;

    ა.პ) ღვინის ბრენდი – დავარგებული საბრენდე სპირტების კუპაჟითა და შემდგომი დამუშავებით მიღებული სპეციფიკური თვისებების მქონე პროდუქტი;

    ა.ჟ) დავარგება – საბრენდე სპირტების, ღვინის ბრენდისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესი;

    ა.რ) ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე;

    ა.ს) პოტენციური მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე, თუ პროდუქტში არსებული შაქარი მთლიანად დადუღდება;

    ა.ტ) საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – ფაქტობრივი და პოტენციური მოცულობითი სპიტშემცველობების ჯამი;

    ა.უ) ბუნებრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სპირტის საერთო მოცულობითი რაოდენობა გამდიდრებამდე (ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, საქაროზას ან ეთილის სპირტის დამატებამდე);

    ა.ფ) შაქრიანობა – რედუცირებული შაქრების მასის კონცენტრაცია გრ/დმ3;

    ა.ქ) ტიტრული მჟავიანობა – ყურძნის ტკბილსა და ღვინოში არსებული მჟავებისა და მათი მჟავა მარილების შემცველობა, რომელიც იტიტრება ტუტე ხსნარებით და გადაიანგარიშება ღვინის მჟავაზე;

    ა.ღ) აქროლადი მჟავიანობა – ღვინოში აქროლადი მჟავების შემცველობა ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით;

    ა.ყ) გაერთგვაროვნება (ეგალიზაცია) – ვაზის ჯიშის, ხარისხისა და წარმოშობის ადგილის მიხედვით ერთნაირი ღვინოების ურთიერთშერევა, ერთგვაროვანი შემადგენლობის ღვინის პარტიების მიღების მიზნით;

    ა.შ) კუპაჟი – ღვინოების ან საბრენდე სპირტებისა და მეღვინეობაში გამოსაყენებლად ამ კანონით ნებადართული სხვადასხვა კომპონენტების ნაზავი;

    ა.ჩ) ტირაჟი – ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას სატირაჟე ნაზავის ჩამოსხმის, დახუფვისა და საცობის დამაგრების ტექნოლოგიური ოპერაცია;

    ა.ც) ღვინის სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც მიღებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებისაგან (ღვინო, ლექი, ჭაჭა);

    ა.ძ) სპირტიანი სასმელი – პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ყურძნისეული წარმოშობის ნედლეულისაგან მიღებული ეთილის სპირტისა და ამ კანონის თანახმად მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებების დამატებით;

    ა.წ) კოლერი – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მაღალ ტემპერატურაზე საქაროზას გაცხელებით;

    ა.ჭ) არომატიზება – მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მცენარეული ნედლეულისაგან მიღებული ერთი ან მეტი არომატიზატორის გამოყენება ღვინისა და სპირტიანი სასმელების დამზადებისას;

    ა.ხ) აქროლადი ნივთიერებები – სპირტიანი სასმელების შემადგენლობაში შემავალი აქროლადი ნივთიერებები, გარდა ეთილისა და მეთილის სპირტებისა;

    ა.ჯ) ყუძნისეული წარმოშობის პროდუქტები – ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი და მეორადი პროდუქტები;

    ა.ჰ) შეტყობინება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მეწარმისაგან წარდგენილი შეტყობინება მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების განხორციელების შესახებ;

    3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

    „თავი II1. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში

    საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო

    მუხლი 31

    მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი (შემდგომში - სამტრესტი);

  2. სამტრესტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;

  3. სამტრესტის სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.".

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) I, II, III, IV და V ქვეპუნქტები გადაინომროს შესაბამისად „ა", „ბ", „გ", „დ", და „ე" ქვეპუნქტებად;

ბ) „ბ" ქვეპუნქტის ჩამონათვალს ბოლოში დაემატოს სიტყვები „მალბეკი", „მერლო";

გ) „გ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შევსება ახალი სელექციური და ინტროდუცირებული ჯიშებით, აგრეთვე გამოვლენილი კლონებით ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.".

6. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ნამყენი ნერგის წარმოების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ მეწარმეს, რომელსაც აქვს:

ა) საკუთარი საძირეთა და სანამყენეთა სადედეები ან ასეთი სადედეების მფლობელი მეწარმისაგან გადაცემული სამყნობი მასალები;

ბ) სანერგე და შესაბამისად აღჭურვილი სამყნობ-სასტრატიფიკაციო და ნერგის შესანახი სასაწყობო მეურნეობები;

გ) აუცილებელი მოწყობილობა და ინვენტარი.

6. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით სამტრესტის მიერ.".

7. მე-9 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვას „(სერტიფიკატის)" წინ დაემატოს „შესაბამისობის".

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების სერტიფიცირება ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

5. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.".

8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

ვენახი იყოფა მოყვარულთა, სპეციალური დანიშნულებისა და სამრეწველო ვენახებად. სამრეწველო ვენახის გაშენების უფლება წარმოიშობა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე სამტრესტის მიერ გაცემული ნებართვით.".

9. მე-11 მუხლში სიტყვა „განსაკუთრებულ" შეიცვალოს სიტყვით „სპეციფიკურ".

10. მე-13 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებში სიტყვა ,,სამარკო" შეიცვალოს სიტყვებით „ადგილწარმოშობის დასახელების".

11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

1. ამ კანონით დადგენილია საქართველოში წარმოებული ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია:

ა) ხარისხის მიხედვით:

ა.ა) სუფრის;

ა.ბ) მხარის;

ა.გ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ) უმაღლესი ხარისხის;

ა.დ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული (ა.დ.კ) უმაღლესი ხარისხის;

ბ) ტიპების მიხედვით:

ბ.ა) მშრალი;

ბ.ბ) ნახევრადმშრალი;

ბ.გ.) ნახევრადტკბილი;

ბ.დ.) ტკბილი;

ბ.ე.) ცქრიალა;

ბ.ვ.) შუშხუნა;

ბ.ზ.) შემაგრებული;

ბ.თ.) არომატიზებული;

გ) ფერის მიხედვით:

გ.ა) თეთრი;

გ.ბ) ვარდისფერი;

გ.გ) წითელი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ღვინოების წარმოების ზოგად წესებსა და რეგლამენტებს ადგენს ეს კანონი და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.".

12. მე-15 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ც" ქვეპუნქტი:

„ც) ფილტრაცია.";

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების ნებართვის საფუძველზე";

გ) მე-3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტში სიტყვა „სპეციალური" შეიცვალოს სიტყვით „შემაგრებული";

დ) მე-5 პუნქტის:

ა) „ზ" ქვეპუნქტში სიტყვა „სამარკო" შეიცვალოს სიტყვებით „ადგილწარმოშობის დასახელების,";

ბ) „ი" ქვეპუნქტში სიტყვა „ღვინოში" შეიცვალოს სიტყვებით „ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე".

13. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების

წარმოება და რეგისტრაცია"

14. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასა და მე-3 პუნქტში სიტყვა „სამარკო" შეიცვალოს სიტყვებით „ადგილწარმოშობის დასახელების", ხოლო მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტში სიტყვა „განსაკუთრებულ" შეიცვალოს სიტყვით „სპეციფიკურ".

15. მე-17 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „განსაკუთრებული" და „სამარკო" შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „სპეციფიკური" და „ადგილწარმოშობის დასახელების";

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციფიკურ ზონასა და მევენახეობის მხარეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, განსაზღვრავს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

3. სპეციფიკური ზონის დასახელების რეგისტრაციიდან 5 წლის განმავლობაში ამ ზონაში დასაშვებია ვაზის იმ ჯიშების არსებობაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ზონისთვის დამტკიცებულ ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში.";

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:

„5. თუ სპეციფიკური ზონის რეგისტრაციიდან 5 წლის შემდეგ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ ვენახებში არ იქნება დაცული ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, იკრძალება ასეთ ვენახებში მოწეული ყურძნისაგან დამზადებული ღვინისთვის ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება.".

16. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18

1. სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინოების წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის ან ღვინის გამოყენება, რომელიც მიღებულია იმავე ზონის სხვა სპეციფიკურ ზონაში ვაზის სტანდარტული ჯიშებიდან.

2. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.გ" და „ა.დ" ქვეპუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებისას, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, დასაშვებია ყურძნის გადამუშავება და ღვინის წარმოება სპეციფიკური ზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ მევენახეობის იმავე ზონის ფარგლებში, ხოლო ღვინის ჩამოსხმა – მევენახეობის მოცემული ზონის საზღვრებს გარეთაც საქართველოს ფარგლებში.".

17. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19

1. სპეციფიკურ ზონებში წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტი" „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.".

18. VIII თავის სათაურში სიტყვა „სამარკო" შეიცვალოს სიტყვებით „ადგილწარმოშობის დასახელების".

19. მე-20 მუხლის:

ა) პირველ–მე-4 პუნქტებში სიტყვები „სამარკო" და „განსაკუთრე-ბული" შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ადგილწარმოშობის დასახელების" და „სპეციფიკური";

ბ) მე-4 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება:

„ღვინის ხარისხის უფრო დაბალ კატეგორიაში გადაყვანის (ჩამოხარისხების) წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.".

20. 21-ე მუხლის:

ა) პირველ წინადადებასა და „ე" ქვეპუნქტში სიტყვა „სამარკო" შეიცვალოს სიტყვებით „ადგილწარმოშობის დასახელების";

ბ) „ა" ქვეპუნქტში სიტყვები „სპეციალური" და „დეკემბრამდე" შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შემაგრებული" და „აგვისტომდე";

გ) „გ.ა" ქვეპუნქტში სიტყვები „დავარგების ვადის გასვლამდე;" შეიცვალოს სიტყვებით: „ტირაჟიდან არანაკლებ 9 თვის გასვლამდე;";

დ) „გ.ბ" ქვეპუნქტში სიტყვები „დავარგების ვადის გასვლამდე" შეიცვალოს სიტყვებით „ალკოჰოლური დუღილის დაწყებიდან არანაკლებ 6 თვის გასვლამდე;";

ე) „ე" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ" ქვეპუნქტი:

„ვ") ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა – ჩამოსასხმელი სახით.".

21. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ცქრიალა ღვინოებისთვის ხარისხის მიხედვით დადგენილია შემდეგი კლასიფიკაცია:

ა) ცქრიალა ღვინო;

ბ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინო";

გ) სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინო.";

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა ღვინოებზე ვრცელდება ამ კანონის მე-17, მე-18 და მე-19 მუხლებით დადგენილი პირობები.".

22. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება „საკოლექციო ბრენდი მზადდება მუხის კასრებსა და ბუტებში სამარკო ბრენდის დავარგებით არანაკლებ 3 წლის განმავლობაში" და მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28

ყურძნის არყის დამზადებისას დასაშვებია მხოლოდ ღვინის სპირტის გამოყენება. ღვინის სპირტი შეიძლება იყოს რექტიფიცირებული ან გააქტივებული ნახშირის ფილტრში გაფილტრული ან სხვა ექვივალენტური დამუშავების გზით მიღებული, რაც უზრუნველყოფს იმ ზოგიერთი ორგანოლეპტიკური მახასიათებლების სელექციურ გაძლიერებას, რომლებიც დამახასიათებელია ამ სპირტის ყურძნისეული ნედლეულისათვის.".

24. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29

1. ღვინისაგან მიღებული მაგარი სასმელების დამზადება დასაშვებია მხოლოდ ღვინის გამოხდით ან ღვინის ნედლი სპირტის მეორადი გამოხდით მიღებული სპირტებისაგან.

2. ყურძნის ჭაჭიდან მიღებული მაგარი სასმელის დამზადება დასაშვებია დადუღებული ჭაჭის გამოხდით მიღებული სპირტებისაგან.".

25. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30

ყურძნისეული წარმოშობის ლიქიორების დასამზადებლად, ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ნივთიერებებისა და პროდუქტების გარდა, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს რძის ნაწარმი, ხილი, ღვინო, მათ შორის არომატიზებული ღვინო და მხოლოდ ღვინის სპირტი.".

26. 31-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ძირითად" შეიცვალოს სიტყვით „აუცილებელ";

ბ) პირველი პუნქტის „ა" - „ზ" ქვეპუნტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროდუქციის სახელწოდება;

ბ) ნომინალური მოცულობა;

გ) ფაქტობრივი სპირტშემცველობა;

დ) სუფრის ღვინის შემთხვევაში - „სუფრის ღვინო";

ე) მხარის ღვინის შემთხვევაში - „მხარის ღვინო";

ვ) ა.დ. და ა.დ.კ. ღვინოების შემთხვევაში – წარმოშობის ადგილის დასახელება და სახელმწიფო გამოცდის ნომერი;

ზ) ქართული ღვინო.";

გ) „ზ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის

„თ"-„კ" ქვეპუნქტები:

„თ) ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების შემთხვევაში სიტყვას „ღვინო" დაემატოს შესაბამისად სიტყვები „ცქრიალა", „შუშხუნა", „შემაგრებული", „არომატიზებული";

ი) მწარმოებლის დასახელება;

კ) ჩამომსხმელი პირის დასახელება, როდესაც პროდუქციის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია.".

27. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროდუქტის შაქრიანობა გრ/დმ3;";

ბ) „ზ" ქვეპუნქტში სიტყვა „სამარკო" შეიცვალოს სიტყვებით „ადგილწარმოშობის დასახელების";

გ) „ი.გ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

28. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ქართულთან ერთად ერთ-ერთ უცხო ენაზე.

2. იმპორტიორი პირის მოთხოვნით, ქართულთან ერთად ორი უცხო ენის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პროდუქციის სახელწოდების აღსანიშნავად.".

 

29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:

„მუხლი 331

ეტიკეტირების კონტროლის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.".

30. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII – XII4 თავები:

„თავი XIII. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაცია

მუხლი 332

ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების, როგორც ერთგვაროვანი პროდუქციის, სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზებასა და სერტიფიკაციის სისტემის შექმნას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, ხოლო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დეპარტამენტი ახორციელებს ამ სამუშაოთა კოორდინაციას.

თავი XII2. ექსპორტი და იმპორტი

მუხლი 333

1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სამტრესტი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.

2. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ექსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული სახით.

 

მუხლი 334

1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტის იმპორტირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ის არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს;

ბ) ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას და განკუთვნილია უშუალო მოხმარებისათვის;

გ) მისი დამზადების წესი და შემადგენლობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სავალდებულოა იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის თითოეული პარტიის სერტიფიცირება, გარდა იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, რომელთა სერტიფიკატები აღიარებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე.

თავი XII3. აღრიცხვა და შეტყობინება

მუხლი 335

1. მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისათვის სავალდებულოა სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შეტყობინება.

2. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა მოიცავს ინფორმაციას:

ა) მევენახეობაში – ვენახის საპასპორტო მონაცემების, ყურძნის კრეფის თარიღისა და საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის შესახებ;

ბ) მეღვინეობაში – გადასამუშავებლად შემოსული ყურძნის რაოდენობის, ჯიშის და წარმოების ადგილის შესახებ, აგრეთვე, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის დასახელების, რაოდენობის, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებისა და ბრუნვის შესახებ.

3. შეტყობინება მოიცავს ინფორმაციას:

ა) ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ;

ბ) ვენახის ადგილმდებარეობის, ფართობისა და ჯიშის შესახებ;

გ) ყურძნის გადამუშავების შესახებ;

დ) პროდუქციის წარმოებისა და ბრუნვის შესახებ.

4. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

5. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.". „თავი XII4. გარდამავალი დებულებები მუხლი 336 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ 2002 წლის 31 დეკემბრამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შევსების წესის შესახებ";

ბ) „ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის შესახებ";

გ) „ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების წესის შესახებ";

დ) დებულება „ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ";

ე) „მევენახეობის სპეციფიკური ზონისა და მევენახეობის მხარის დადგენის წესის შესახებ";

ვ) „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის შესახებ";

ზ) „ღვინის ჩამოხარისხების წესის შესახებ";

თ) „ეტიკეტირების კონტროლის წესის შესახებ";

ი) დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ";

კ) დებულება „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ";

ლ) „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის შესახებ";

მ) „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ";

ნ) დებულება „ტექნოლოგიური პროცესის აღრიცხვის შესახებ";

ო) დებულება „მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის სავალდებულო შეტყობინების წესის შესახებ";

პ) „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის შესახებ".

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი, 333 მუხლის პირველი პუნქტი და 335 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

3. ქართული ღვინოების: „წინანდალი", „თელიანი", „ნაფარეული", „ვაზისუბანი", „მუკუზანი", „ახაშენი", „გურჯაანი", „კარდენახი", „ტიბაანი", „ქინძმარაული", „მანავი", „ხვანჭკარა", „ტვიში", „ყვარელი", „ატენური", „სვირი", „კოტეხი" ადგილწარმოშობის დასახელებებთან, შესაბამისი სპეციფიკური ზონების საზღვრებთან და ამ სპეციფიკურ ზონებში დარაიონებულ ვაზის ჯიშებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები 2007 წლის 1 იანვრამდე დარეგულირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის ¹88 ბრძანებულებით „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე.".

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი, 2002 წლის 4 ივლისი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული