Home
ქართული | English
დეკემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

მულტიმედია

კომენტარები

ტრენტინო-ალტო-ადიჯეს ალპური ღვინოები

მიუხედავად იმისა, რომ იტალიას ეკუთვნის, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს ამ ქვეყნის შესახებ ზოგად წარმოდგენებთან საერთო თითქმის არაფერი აქვს. ადგილობრივი ბუნება უფრო ავსტრიის ან შვეიცარიის პეიზაჟებს ჩამოჰგავს. იგივე შეიძლება ითქვას აქაურ ღვინოთა ხასიათზე – ისინი სრულიად განსაკუთრებულია. გარკვეულწილად ელზასურ ღვინოებს ჩამოჰგავს, თუმცა ფრანგ კოლეგებს ხარისხით მცირედ ჩამოუვარდება. საინტერესოა ისიც, რომ ტრენტინო-ალტო-ადიჯეს ავტონომიური ოლქი ორი განსხვავებული რეგიონის – ტრენტინოსა და ალტო ადიჯესგან შედგება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ადგილობრივი სასმელის  თვითმყოფადობას.

ცოტა რამ ისტორიიდან
 
ტრენტინო-ალტო-ადიჯეში ცივილიზაციის ნიშნები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში კელტებითა და ეტრუსკებით დასახლებული მიწები რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. სწორედ მაშინ დაიწყო ქალაქებისა და გზების მშენებლობა. იმავე პერიოდში გააშენეს პირველი ვენახებიც. რომის დაცემის შემდეგ ადგილობრივებს მძიმე პერიოდი დაუდგათ. ერთ შემოსევას მეორე ცვლიდა, რაც რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო "მსუყე ლუკმა" დამპყრობელთათვის, რადგან მასზე გადიოდა იტალიისა და გერმანიის დამაკავშირებელი სავაჭრო გზა.
შუა საუკუნეებში ტრენტინო-ალტო-ადიჯე თანაბრად იყო დასახლებული გერმანელებითა და იტალიელებით. განსაკუთრებით ძლიერი გახლდათ ავსტრიული გავლენა, რომელიც დღესაც იგრძნობა. ეს ტერიტორია ექვსი საუკუნის განმავლობაში შედიოდა ავსტრიული პროვინციის, ტიროლის შემადგენლობაში. ალტო-ადიჯეს მეორენაირად დღემდე სამხრეთ ტიროლს ეძახიან; მეორე, "გერმანული" სახელწოდება აქვს აქ განლაგებულ ყველა DOC ზონასაც. ალტო-ადიჯეს მცხოვრებნი ბილინგვურნი არიან - ერთნაირად საუბრობენ როგორც იტალიურ, ასევე გერმანულ ენებზე.
ნაპოლეონის ომების დროს ტიროლი საფრანგეთის მოკავშირე ბავარიას შეუერთეს; მოგვიანებით, 1814-15 წლებში, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ისევ ავსტრიის იმპერიას დაუბრუნდა. 1815 წელსვე ტიროლის შემადგენლობაში შევიდა ტრენტინოს ტერიტორიაც. ტრენტინო და ალტო-ადიჯე იტალიას მხოლოდ I მსოფლიო ომის შემდეგ გადასცეს, 1948 წელს კი ამ რეგიონმა ავტონომიური ოლქის სტატუსი მოიპოვა.
 
დღევანდელობა
 
XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მიიღეს "ტრენტინო-ალტო-ადიჯესა და ბოლცანოს პროვინციის კონსტიტუცია," რომლითაც ავტონომიურმა ოლქმა განსაკუთრებული სტატუსი და სხვადასხვა სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების ფართო უფლებები მოიპოვა. საგადასახადო მოსაკრებლების დიდი ნაწილი ადგილობრივი საჭიროებისთვის გამოიყენებოდა. სწორედ ამან ითამაშა მთავარი როლი ტრენტინო-ალტო-ადიჯეს ეკონომიკურ ზრდაში. დღეს ოლქი იტალიის ერთ-ერთი წარმატებული რეგიონია კარგად განვითარებული სოფლის მეურნეობით, მაგრამ მის საფირმო ნიშნად ვაშლისა და ღვინის წარმოება ითვლება, რომელსაც ამ საქმის მცოდნენი მაღალ შეფასებას აძლევენ.
ბუნებრივი პირობები
ტრენტინოს განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს. იგი იტალიის ყველაზე პოპულარულ კურორტთა ხუთეულში შედის. ტერიტორიის დიდი ნაწილი აღმოსავლეთ ალპებსა და დოლომიტის მთიან რეგიონებზე მოდის და ულამაზესი პეიზაჟებითაა ცნობილი. ყინულიანი მწვერვალები, გამჭვირვალე ტბები, ხშირი ტყეები და ლამაზი მინდვრები აქაურობას განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს. კლიმატი ცენტრალური ევროპის ტიპს მიეკუთვნება: ზამთარი მკაცრია, ყინვითა და უხვი თოვლით, ზაფხული – თბილი, თუმცა ღამით მაინც გრილა.
 
მეღვინეობის თავისებურებები
 
ტრენტინო-ალტო-ადიჯესვენახებისსაერთოფართობი13 ათასჰექტარია. ესარცთუდიდიციფრია, თუმცაარცღვინისწარმოებისმაჩვენებელიამაღალი. აღსანიშნავია, რომაქაურღვინოთაუმეტესობა(80%-მდე) DOC კატეგორიას მიეკუთვნება. ამ მაჩვენებლით ტრენტინო-ალტო-ადიჯე იტალიაში ერთ-ერთი პირველთაგანია. თეთრი და წითელი ღვინო თითქმის თანაბარი რაოდენობით მზადდება და იმის მიუხედავად, რომ კრიტიკოსები აქაურ კლიმატს ყველაზე ხელსაყრელად თეთრი ღვინისთვის მიიჩნევენ, ადგილობრივი მეღვინეები უპირატესობას მაინც წითელს ანიჭებენ. აქ წარმოებული სასმელის ეტიკეტებზე რეგიონის სახელწოდებასთან ერთად ხშირად ყურძნის სახელსაც ამოიკითხავთ, რომლისგანაც ეს ღვინოა დამზადებული.
ღვინის გარდა ტრენტინო-ალტო-ადიჯეში გრაპასაც აწარმოებენ, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით - მთელი იტალიის 10%-ს. ღვინის წარმოება ორ ზონაშია კონცენტრირებული: ტრენტინოსა და ალტო ადიჯეში, რომელთა საზღვრები ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა. ალტო ადიჯეს ვენახები მთიან ტერასებზეა განლაგებული, ტრენტინოს - მდინარისპირა დაბლობზე. პირველში ღვინის წარმოების ძირითადი წილი პატარა ოჯახურ მარნებზე მოდის, მეორეში – მსხვილ კოოპერატივებზე.
 
ალტო ადიჯე
 
"იტალიის ყველაზე ჩრდილოეთი, მაგრამ ინტენსიურად განვითარებადი და საინტერესო მეღვინეობის რეგიონი" - ასე მოიხსენიებს ალტო ადიჯეს ჰიუ ჯონსონი. მთიანი რელიეფის გამო (რეგიონის ფართობის 64% 1500 მეტრს ზემოთაა განლაგებული) აქ მიწის სავარგულების დეფიციტია, რის გამოც უკვე არსებული ვენახების გაფართოება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ადგილობრივ მეღვინეები ძირითად აქცენტს ღვინის ხარისხზე აკეთებენ.   
ვაზი მეტწილად ისეთ ნაკვეთებზე იზრდება, რომელთაც სიცივისგან მთები იფარავს, ნიადაგის დრენაჟი კარგია და მზეც საკმაოდ აცხუნებს - ესეც უწყობს ხელს ხარისხიანი მოსავლის მიღებას. უფრო მეტად სახელგანთქმულია აქაური თეთრი ღვინოები, მაგრამ მწარმოებლები ბაზარზე დიდი რაოდენობით კარგ წითელსაც უშვებენ. ისინი განსაკუთრებით ამაყობენ ადგილობრივ ღვინოთა ნაირსახეობით და მართლაც, მსოფლიოში ცოტაა მეღვინეობის რეგიონი, სადაც ვაზის ამდენი ჯიში იზრდება. მათ შორის აღსანიშნავია სკიავა, ან როგორც სამხრეთში ეძახიან, ვერნაჩი. მისგან სასიამოვნო, მსუბუქ წითელ ღვინოს იღებენ, რომელიც სხეულიანობითა და სიღრმით არ გამოირჩევა; გაცილებით კეთილშობილ და სერიოზულ ღვინოებს იძლევა წითელი ჯიში ლაგრაინი; ფართოდ არის ცნობილი არომატული თეთრი გევურცტრამინერი, რომელსაც ვარდის ტონები დაჰყვება. წარმატებულია "ინტეგრაციული" ჯიშებიც: პინო ნერო, მერლო, კაბერნე სოვინიონი, კაბერნე ფრანი, პინო ბიანკო, შარდონე, პინო გრი, სოვინიონ ბლანი და გერმანიისთვის ტრადიციული სილვანერი, რისლინგი, კერნერი, მიულერ ტურგაუ. ხშირია მუსკატის ჯიშებიც.
ძირითადი  DOC   ზონა აქ ალტო ადიჯეს სახელს ატარებს, მაგრამ ღვინოთა იდენტიფიცირება შესაძლებელია ფერით, ყურძნის ჯიშით ან წარმოების მეთოდითაც, რაც ეტიკეტზეცაა აღნიშნული. აღსანიშნავია, რომ ღვინო, რომლის სახელწოდებაში ყურძნის კონკრეტული ჯიშია მითითებული, ამ ყურძნის 85-100%-სგან უნდა შედგებოდეს. დარჩენილი წილი შესაძლოა სხვა ადგილობრივი ჯიშებით შეივსოს. წითელი ღვინის შემთხვევაში ეტიკეტზე ორ სახელწოდებას აწერენ, მაგალითად, კაბერნე-მერლო.
რეგიონის ორენოვნების გამო ღვინო შეიძლება მოიხსენიებოდეს როგორც იტალიური, ასევე გერმანული სახელწოდებით. მაგალითად, ალტო ადიჯე ბიანკო (Bianco, გერმანულად  - Weiss) – თეთრი ღვინოა დამზადებული შარდონეს, პინო ბიანკოს ან პინო გრიჯიოს საფუძველზე; ამ ჯიშებს შეიძლება მცირე რაოდენობით დაემატოს მიულერ ტურგაუ, სოვინიონი, რისლინგი და ა.შ; ცქრიალა Spumante (თეთრი ან ვარდისფერი) კლასიკური ტექნოლოგიით მზადდება (ორმაგი ფერმენტაციით) პინო ბიანკოს, შარდონეს ან პინო ნეროს საფუძველზე. გარდა ამისა, აქ გამოიყოფა ექვსი სუბზონა: კოლი დი ბოლცანო, (Colli di Bolzano), მერანე ზე დი კოლინა (Meraneze di Collina), სანტა მადდალენა (Santa Maddalena), ტერლანო (Terlano), ვალლე იზარკო (Valle Isarko), ვალლე ვერნოსტა (ValleVenosta). ამ სახელწოდების ღვინოები ძალზე ძვირად ფასობს, განსაკუთრებით, თუ ადგილობრივი ლაგრაინისა და სკიავასგანაა დამზადებული.
 
ტრენტინო
 
ამ რეგიონში კლიმატი გაცილებით თბილია, ვიდრე ალტო ადიჯეში, ვენახები კი ძირითადად ველებზეა გაშენებული. ტრენტინოში ნაზ და არომატულ ღვინოებს ამზადებენ. ადგილობრივ "ვარსკვლავურ" ჯიშთაგან აღსანიშნავია წითელი მარცემინო, რომელიც საშუალო სხეულიანობის ღვინოს იძლევა, ხილის მკვეთრი და ცოცხალი არომატით; წითელი ტეროლდიეგოსგან ჰარმონიული ბუკეტის მქონე ელეგანტურ წითელ და მსუბუქ ვარდისფერ ღვინოებს აყენებენ; და ბოლოს, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა – თეთრი ნოზიოლა, რომელიც დელიკატურ, კარგად დაბალანსებულ მშრალ თეთრ ღვინოს იძლევა. სამივე ჯიშისგან დამზადებული სასმელი ტრენტინოს სახელწოდებით იყიდება, რომლის ეგიდით ღვინოთა მთელი გამა იწარმოება. ეს არის ბიანკოც, წითელი  როსსოც და ვარდისფერი როზატოც; ასევე გვიანი მოსავლის Vendemmia Tardiva.
        ამ ტერიტორიაზე გამოიყოფა სორნის (Sorni) სუბზონა, სადაც ამზადებენ სორნი ბიანკოსა (ნოზიოლას, მიულერ ტურგაუსა და სხვათაგან) და სორნი როსსოს (ტეროლდიეგოს, ლაგრაინის, სკიავასგან). ამ რეგიონში ტრენტოს (Trento) სახელწოდებით მზადდება შესანიშნავი მშრალი თეთრი და ვარდისფერი ცქრიალა ღვინოები.
        რეგიონის საუკეთესო ღვინოებზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ტრენტინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კალდაროს (Caldaro), რომელსაც ულამაზესი კალდაროს ტბის გარშემო მდებარე ვენახებიდან წურავენ. უფრო მაღალი კლასიდან აღსანიშნავია ტერლანოს (Terlano)და ვალე დ'იზარკოს (Valle d'Isarco) დახვეწილი ღვინოები, რომელთაც ალტო ადიჯეს ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში ამზადებენ.
        ტრენტოს ჩრდილოეთით როტალიანოს დაბლობზე იზრდება წითელი ტეროლდიეგო. მისგან დამზადებული ღვინო თანაბრად საინტერესო და გამორჩეულია როგორც ახალგაზრდა, ასევე სიმწიფის ასაკში. ამ ჯიშს აქ განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან, რაც შემთხვევითი არ არის: ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტეროლდიეგო წარმოშობით ამ ზონიდანაა და სწორედ აქ ამჟღავნებს ყველაზე კარგად თავის თვისებებს.
 
მოამზადა ნანა კობაიძემ
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული