Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პროვანსი - წითლით ვარდისფერზე

ცოტამ თუ იცის, რომ საფრანგეთში არსებობს ორი ოლქი, სადაც ღვინოები კლასიფიცირდება, როგორც Cru Classes. პირველი ყველასათვის ცნობილი ბორდოა, მეორე - პროვანსი. აქ კლასიფიკაცია 50 წლის წინათ შემოიღეს, მედოკიდან 100 წლის შემდეგ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ Cru Classes ელიტურად ქცევის დიდი შანსი აქვთ, მაგრამ მხოლოდ მათი რანგის სათანადოდ გადახედვის შემდეგ.

საფრანგეთისთვის ტიპური ეს ისტორია პოლიტიკურ მაქინაციებს უკავშირდება: შედეგად 1955 წელს 23-მა საგულდაგულოდ შერჩეულმა მეურნეობამ მიიღო სტატუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა თანაბარი კონკურენცია გაეწიათ ბორდოს საუკეთესო ღვინოებისთვის. მედოკის 1855 წლის კლასიფიკაციისგან განსხვავებით, მათ არც საუკუნენახევრიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, არც საერთო ტერუარი. ეს მიწები ტულონსა და ლე მუეს შორის
60 კილომეტრზეა გადაჭიმული. მფლობელთა ნაწილი პროვანსის უძველეს არისტოკრატულ გვართა წარმომადგენელია. მაგალითად, Chateau Sainte-Roseline ბარონებს - რასკ დე ლავალებს ეკუთვნოდა, სანამ მშენებელმა ბერნარ ტეინომ არ შეიძინა; Chateau de Saint-Martin - გრაფინია დე გასკეს, რომელმაც იგი გრაფ დე როან-შაბოსგან მიიღო მემკვიდრეობით. ახლა მამულს მისი ქალიშვილი, ადელინ დე ბარი განაგებს. დედამისის ოჯახი ამ მიწას ორსაუკუნენახევრის განმავლობაში ფლობდა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველი AOC — Appellation Controllee Cotes de Provence — პროვანსის ტერიტორიაზე მხოლოდ 1977 წელს შემოიღეს, ანუ, 22 წლით გვიან Crus Classes რეესტრზე. ამის მიუხედავად, ბევრი ღვინო, რომელთაც კლასიფიკაციის სისტემა იგნორირებას უწევს, უხარისხობას არც მანამდე უჩიოდა და პროვანსის სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაჰქონდა. მათ შორისაა Coteaux d’Aix-en-Provence-les-Baux და Bandol. ეს უკანასკნელი სახელგანთქმული გახდა Crus Classes შემოღებამდე, ბევრი სხვა – მოგვიანებით.
 
ვენახები თუ ვილები?
 
საინტერესოა, რა დაემართა თავდაპირველ Crus Classes? ეს მხარე დიდი ხანია ფრანგი და ამერიკელი მილიონერების საყვარელ ადგილად იქცა. ლაჟვარდოვანი სანაპირო მსოფლიო ელიტაში დღესაც ძალზე მოდურია, ამიტომ ადგილობრივი მცხოვრებნი რეგულარულად იღებენ სარფიან შემოთავაზებებს მიწის გაყიდვის ან გაქირავების წინადადებით.
23-დან ექვსი მამული ცნობილმა მუსიკოსებმა და ფეხბურთელებმა "აითვისეს" და ვენახების ნაცვლად ფეშენებელური ვილები წამოჭიმეს; ერთ-ერთს, Chateau de Bregancon-ს, რომელიც ჯერჯერობით გადაურჩა "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" მადას, ოლივერ ტეზენა ფლობს. ეს ადგილი იმდენად ლამაზია, საეჭვოა, ძველ პატრონს დიდხანს დარჩეს; ორი ვენახი კომპანია Listel-ს ეკუთვნის, რომელსაც აქაურობაზე მეტად ლანგედოკის დაბლობი ადარდებს. კიდევ ერთ მამულზე არაფერია ცნობილი. დანარჩენი 14 მეურნეობა 2001 წელს კლუბში გაერთიანდა, რათა ერთობლივი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიით Crus Classes-თვის ახალი სიცოცხლე შთაებერა. ამ მეურნეობებში უზარმაზარი პოტენციალი იმალება. კარიტიე დ′ეკლანის, ლე მუისა და დრაგინიანის რაიონებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ აქ შეიძლება ძალიან კარგი ღვინის დაყენება, რაც დაადასტურეს კიდეც კლასიფიცირებული Domaine du Jas d’Esclans-ის შვედმა მფლობელებმა, რომლებიც კლერეტისგან საუკეთესო თეთრ პროვანსულ ღვინოს ამზადებდნენ.
 
პროვანსული ვარდისფერი
 
            იმ ადამიანთა შორის, რომელთაც Crus Classes იდეას სული შთაბერეს, აღსანიშნავია ოტტების ოჯახი. ისინი კლუბის ყველაზე აქტიური წევრები არიან. მათ მფლობელობაშია მეურნეობა Chateau de Selle და Clos Mireille. მთავარი პრობლემა, რომელსაც Crus Classes წააწყდნენ, მათი იმიჯია. საქმე ის გახლავთ, რომ ადგილობრივი წარმოების ლომის წილს ვარდისფერი ღვინოები შეადგენს, რომელთაც მეღვინეთა და დარგის სპეციალისტთა დიდი ნაწილი არასერიოზულად ეკიდება. ბევრი ფიქრობს, რომ თავად ტერმინი "კარგი ვარდისფერი ღვინო" უკვე სასაცილოა. უფრო მეტიც, ზოგიერთი მეღვინე ვინსენტ ვან გოგის დეპრესიის მიზეზად სწორედ "საძაგელ" პროვანსულ ვარდისფერს მიიჩნევს, რომელიც მხატვარს პირქუში პეიზაჟების შექმნისკენ უბიძგებდა.
        ყველაფრის მიუხედავად, პროვანსული ვარდისფერი ფრანგული იმიჯის განუყოფელი ნაწილია. იაფფასიანთან ერთად იწარმოება მაღალი კლასის roses, მაგრამ მათი გაყიდვა ძალზე ძნელია ცივ რეგიონებში, სადაც ყველაზე მეტად ღვინის ხარისხი ფასობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ კარგ ვარდისფერ ღვინოს ამზადებთ, ძალიან მცირეა შანსი, რომ ვინმე პატარა ყლუპებით დააგემოვნებს და ასე "ჩაუღრმავდება" მის ხარისხს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, ვინც სერიოზულადაა დაკავებული მაღალი კლასის  roses წარმოებით. ერთ-ერთი მათგანია ბერნარ ტეიო Chateau Sainte-Roseline-დან. "ყურძენს ხელით ვკრეფთ, არ ვიყენებთ ქიმიკატებსა და პესტიციდებს და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს ღვინოებს." - ამბობს იგი. შედეგად, სასმელი გამოდის ბალანსირებული, ხილის არომატით და სულაც არ ჰგავს იაფფასიან ვარდისფერებს. მათ გასასინჯად ღირს დამატებით რამდენიმე ევროს გადახდა.
 
         ეს უძველესი ტიბურენი
 
ვარდისფერ ღვინოს თავისი საიდუმლო იარაღი აქვს: ვაზის ძველი ჯიში, რომელსაც ტიბურენი ჰქვია. ჯენსის რობინსონი თავის ცნობილ წიგნში "ყურძენი, ვაზი და ვენახი" მას ვარდისფერ ღვინოთა საუკეთესო მაშველს უწოდებს. იგი აღნიშავს "ტიბურენის უძლიერეს უნიკალურ არომატს, რომელიც განსაკუთრებით კარგად ვლინდება ვარდისფერში".
 ტიბურენი მართლაც ძალიან ძველი ჯიშია. მის გენიალოგიას მკვლევარები მესოპოტამიურ ვენახებს უკავშირებენ, საიდანაც საბერძნეთის გავლით იტალიაში აღმოჩნდა. სწორედ იქ დაარქვეს სახელი (მდინარე ტიბრის ნაპირზე იზრდებოდა). პროვანსშიც რომაელებმა ჩამოიტანეს.
დღეს სულ უფრო მეტი მწარმოებელი აცნობიერებს ამ ჯიშის ჭეშმარიტ ღირებულებას. ანდრე რუმ Clos Cibonne-დან მიზნად დაისახა, თავისი მამულის სახელი "ტიბურენის" სინონიმად აქციოს. ტიბურენისგან ღვინოს აქ დიდი ხანია ამზადებენ და ეს პროცესი ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ბოლო 60 წელია ბოთლისთვის ეტიკეტიც კი არ შეუცვლიათ.
ტიბურენი განსაკუთრებულად უყვართ სანაპიროზე მდებარე მეურნეობებს: თხელი კანის მიუხედავად, იგი მშვენივრად იტანს მზის მწველ სხივებს და ზღვის კლიმატისთვის დამახასიათებელ მაღალ ტენიანობასაც კარგად უმკლავდება.
ყურძნის ეს ჯიში ღვინოს მუქ ელფერს ანიჭებს, თავად სასმელში კი მარწყვის, ლავანდისა და როზმარინის სურნელი იგრძნობა. ვარდისფერი ღვინოები, რომლებიც მხოლოდ ტიბურენითაა დამზადებული, მაგ, Galoupet Tibur ან Texier Cotes de Provence Rose Vieilles Vignes, ყველაზე საინტერესონი არიან თავის კატეგორიაში.
 
შემოვიდნენ წითლები...
 
          ვარდისფერი ღვინო კარგია, მაგრამ თუ პროვანსის Crus Classes ბორდოსთან გათანაბრება სურთ, მათი წარმოება მკვეთრად უნდა შეამცირონ და მთელი ყურადღება წითელზე გადაიტანონ – მიიჩნევენ სპეციალისტები. ბოლო წლებში ასეთი ტენდენცია მართლაც შეიმჩნევა. " Rose ჩვენი პროდუქციის 60%-ს შეადგენდა, დღეს კი მისი წილი 50%-ზე ნაკლებია, - ამბობს პიერ დიუფორი Domaine de Rimauresq-დან. - ვისურვებდი, უხლოეს 10 წელიწადში წითელი ღვინის წილი 60%-მდე გამეზარდა" - ასეთია მისი პოზიცია.
          სენსო, კარინიანი, გრენაშ ნუარი, მურვედრი, სირა და კაბერნე სოვინიონი - აი, ჯიშები, რომელთაგანაც წითელი ღვინის დამზადება შეიძლება. დღესდღეობით აქტუალურია ბოლო 4 ჯიში, პირველი 3 - ძირითადად ვარდისფერში გამოიყენება.       
          სულ უფრო დიდ როლს თამაშობს პროვანსულ წითლებში Cabernet. მისი რამდენიმე კუპაჟი უფრო მეტად ცნობილია, როგორც Cabernet / Syrah Domaine de Trevallon-იდან. მათ ბარიკებში აძველებენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეღვინე, ელოი დიურბახი, რომელიც გამუდმებით ატარებს ექსპერიმენტებს, 1985 წლიდან ადარებს თავის 3000 ლიტრიან კასრებსა და ბარიკებში დაძველებულ სასმელს. მისი აზრით, ბარიკები წითელ ღვინოს ზედმეტად ცივილიზებულს ხდის. დიდი კასრების წყალობით კი მისი არომატი გაცილებით სუფთა ხდება და ტრევაიონის ბორცვების ველურ ხასიათსაც ინარჩუნებს. ამავე მოსაზრებას იზიარებს პიერ დიუფორი და თავის წითელ ღვინოებს 12 თვის განმავლობაში 50 ჰლ-იან ძველ კასრებში აძველებს.
          ამჟამად ყველას ყურადღება მიპყრობილია ბერნარ ტეინოსკენ Sainte-Roseline-დან, რომელიც თავდაპირველად შესანიშნავ ვარდისფერ ღვინოებს ამზადებდა, შემდეგ კი წითელზე გადაერთო. ბარიკებში დაძველებული მისი წითელი ღვინო სპეციალისტების მაღალ შეფასება იმსახურებს. ყველაფერთან ერთად მან ერთგვარ მარკეტინგულ ხერხსაც მიმართა და Chateau Sainte-Roseline ტურიზმისა და კულტურის ცენტრად გამოაცხადა. ამ ადგილის მთავარი ღირსება Sainte-Roseline-ს სამლოცველოა იქ დაცული წმინდა ნაწილებით, რომელიც პილიგრიმებს XIII საუკუნიდან იზიდავს. დღეს ისინი უცხო თვალისგან მარკ შაგალის ესკიზის მიხედვით შესრულებული ულამაზესი მოზაიკითაა დაფარული. სამლოცველოს შიდა ეზოში რეგულარულად იმართება კონცერტები. ერთი სიტყვით, გარემო მშვენიერია, რასაც კარგი ღვინოც ემატება. "პროვანსული წითელი ღვინოები საგრძნობლად გაუმჯობესდა და მალე საყოველთაოდ პოპულარული გახდება, რადგან აქ ხელსაყრელი პირობებია: უნიკალური ტერუარი, კარგი ყურძენი, უახლესი ტექნოლოგიები და შესანიშნავი მეღვინეები" - ამბობს ტეინო.
 
სახელწოდება
Provence რეგიონის რომაული სახელწოდება - Provincia Romana-დან მომდინარეობს. არქეოლოგიური გათხრებით ამ რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის არსებობა ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში ფიქსირდება. XIX საუკუნის შუა წლები – მნიშვნელოვნად გაფართოვდა კულტივირებული ვენახების რიცხვი და ღვინის წარმოებაც გაიზარდა. 1870-იანი წლები - ფილოქსერას ეპიდემია. 1920-1940 წლები – მეღვინეობის კოოპერატივების გამოჩენა.
 
დაყოფა
8 აპელასიონი
 
ჯიშები
თეთრი: ბურბულენკი, კლერეტი, მარსანი, სოვინიონი, ვერმენტინო, მუსკატი, იუნი ბლანი და ა.შ.
წითელი: სენსო, გრენაშ ნუარი, მურვედრი, კარინიანი, სირა, კაბერნე სოვინიონი, ტიბურენი და ა.შ.
 
მეღვინეობა
ყურძის ხელით კრეფა. წნეხა. მაცერაცია უჟანგავი ფოლადის კასრებში 3-4 დღე 18-22 °С ტემპერატურაზე. ფერმენტაცია: უჟანაგავი ფოლადის კასრებში 1-3 კვირა, მუხის კასრებში - 10 დღემდე. წითელი ღვინოების დაძველება მუხის კასრებში - 6 თვიდან 1,5 წლამდე. თეთრი და ვარდისფერი ღვინოები ჩვეულებრივ დაძველებას არ ექვემდებარება. ფილტრაცია. ბოთლებში ჩამოსხმა.
 
მოამზადა ნანა კობაიძემ
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული