Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობის საკითხისათვის ლენტეხის რაიონში

ჯუნის ონიანი
ძეგლის მეგობარი - 1968, N16

    ლენტეხის რაიონი (ქვემო სვანეთი) მდინარე ცხენისწყლის ზემო დინების აუზში მდებარეობს. ჩრდილოეთით მას საზღვრავს სვანეთის ქედი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - ლეჩხუმისა და სამეგრელოს ქედები. აღმოსავლეთით იგი კავკასიის მთავარ ქედს ებჯინება.
    ამ რაიონში, რომლის ტერიტორია 90კმ. სიგრძეზეა გაჭიმული, სახნავი მიწის ხვედრითი წონა განსაკუთრებით მცირეა (1,5%). ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ტყეებსა და ალპურ საძოვრებს უკავია. მრავლადაა ბუჩქნარიანი და გორაკ-ბორცვიანი ადგილები, რომელთა გარკვეული ნაწილი მრავალწლიანი კულტურების (კაკალი, ვაშლი, მსხალი და ა.შ.) გასაშენებლადაა გამოყენებული.
    მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხის რაიონში წამყვანი სამეურნეო დარგები მემინდვრეობა და მესაქონლეობაა, ბოლო ხანებში, ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავა მეხილეობამ. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, აქ საუკეთესო ხარისხის ხილი ხარობს, რის გამოც ფართოდ ვითარდება მებაღეობა, ხოლო რაიონის ტერიტორიის ქვემო ზონაში, რომელიც ცაგერის რაიონს ესაძღვრება, დიდი ადგილი უკავია მევენახეობას.
    როგორც ცნობილია, მეღვინეობის მიმართულების განსაზღვრისათვის ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება კლიმატს, ნიადაგებს და გასაშენებელი ჯიშების სწორად შერჩევას, (პ. ჯაფარიძე, მასალები ამბროლაურის რაიონის ზოგიერთი საწარმოო ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის შრომები, ტომი III, 1953, გვ. 195).
    ამის მიხედვით ლენტეხის რაიონი შეიძლება გაიყოს სამ ზონად: პირველი ანუ ქვედა ზონა - რცხმელურის, ხოფურის და ლენტეხის სასოფლო საბჭოების კუთვნილი ტერიტორია; მეორე - შუა ზონა - ხელედის, ჩოლურის, ჟახუნდრის, ჩიხარეშის და მესამე - მაღალი ზონა - ცანის სასოფლო საბჭოების ტერიტორიები.
    პირველი ანუ ქვედა ზონის სოფლებში (რცხმელური, ნაღომარი, ყვედრეში, ხოფური, ლექსური და სხვა) საუკეთესო ხარისხის სხვადასხვა ჯიშის ვაზი ხარობს. აქ განსაკუთრებით უხვმოსავლიანია ცოლიკოური, ოჯალეში, ცხვედიანის თეთრა, იზაბელა (თეთრი და შავი), ჯვარისა, ალიგოტე და ა.შ.
    შუა ანუ ზედა ზონა (ხელედი, ჩოლური, ჟახუნდერი, ჩიხარეში), რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 1200 მ სიმაღლეზე მდებარეობს, წარმოადგენს უვენახო ზონას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ხელედის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფელ ლესემას და თვით ხელედს, სადაც სხვადასხვა ჯიშის ვაზი ხარობს. ახლახან კოლმეურნეობებმა ხელედის და ჩოლურის ტერიტორიაზე დაიწყეს იზაბელას ჯიშის ვაზის გაშენება და კარგ შედეგსაც აღწევენ.
    ჩოლურისა და ჟახუნდერ-ჩიხარეშის (ლაშხეთის) სოფლებში შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები და ზეპირი გადმოცემები მეტყველებენ, რომ აქ ღვინის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ ადგილებში დღემდეა შემონახული ძველი მარნების ნაშთები (სოფლებში: ჟახუნდერი, სასაში, შკედი, ნაცული, მებეცი, ლეკოსანდი, ჩუკული, ტვიბი, ლეუშერი, ჭველიერი, საყდარი და ა.შ.). მარნები ქვა-კირისგან აუშენებიათ, ხოლო ზოგ მარანში თორმეტამდე ჭური ჩაუფლავთ. ზოგი ჭური იმდენად დიდი ყოფილა, რომ კარებში არ ეტეოდა, რის გამოც ჯერ ჭურებს მარხავდნენ და შემდეგ ადგამდნენ შენობას. (ლაშხეთში, სოფელ ნაცულში, ერაჯ გელოვანს 200 დლ ტევადობის ჭური დღემდე ჰქონდა, ხოლო მებეცში მცხოვრებ ბარამ ონიანს მარანში 160 დლ ტევადობის ჭური ახლაც აქვს (მის მარანში ამის გარდა თერთმეტი ჭურია ჩაფლული). ჭურებს როცა მიწაში მარხავდნენ, ირგვლივ კირწყალს ჩაასხამდნენ. იგი ქვავდებოდა ჭურის კედლებზე ისე, რომ თუნდაც ჭური გაბზარული ყოფილიყო, მას სითხე არ გაუვიდოდა.
    ლაშხეთსა (ჟახუნდერის და ჩიხარეშის სასოფლო საბჭოები) და ჩოლურში რომ ადგილობრივად ვაზს არ აშენებდნენ, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ძველად აქ ღვინო საკმაოდ ჰქონიათ. აქ მარნები სპეციალურად ღვინისთვის შენდებოდა და ჭურებს ავსებდნენ ლეჩხუმიდან (ნაწილობრივ რაჭიდან) მოტანილი ღვინით. მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი ვენახები ჰქონდა ლეჩხუმის სხვადასხვა სოფლებში (უმეტესად ორბელში, ჭილეშში, ჩხუტელსა და ცაგერის ახლოს მდებარე მთელ რიგ სოფლებში). ვენახებში ედგათ ფიცრული სახლები, რომლებშიც მოთავსებული იყო ღვინის მოწყობილობანი (საწნახი, ჭურები და ა.შ.). ზოგ მოსახლეს თუ რა რაოდენობის ღვინო მოსდიოდა, ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ჟახუნდერში მცხოვრებ გიგი ყიფიანის და ჩუკულელ ბაბი გეგის ძე ონიანის მიერ გადახდილი ქელეხები (სვანურად ბეცხ). ("ბეცხ" ეს იყო დიდი მასშტაბის ქელეხი, რომელსაც უშვილოდ დარჩენილი მამაკაცი ან ქვრივი დედაკაცი (ანდა ცოლ-ქმარიი) თავის სიცოცხლეში იხდიდა, როგორც საკუთარი სულისათვის შესაწირავს, რომელიც თითქმოს მას სიკვდილის შემდეგ დახვდებოდა საიქიოში. გეგი ყიფიანმა და ბაბი ონიანმა თითოეულმა 12-12 ცალი ხარი დაკლეს, როცა ქელეხები გადაიხადეს და დაპატიჟეს ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობის გარდა უამრავი ხალხი მეზობელი კუთხეებიდან (რაჭა-ლეჩხუმიდან). როგორც მთხრობელებს ახსოვთ გ. ყიფიანს ქელეხისათვის 4 ათასამდე ლიტრი მოუტანია 1911 წელს, ხოლო 1915 წელს ბაბი ონიანსაც ამდენივე ჰქონია დაახლოებით (ორივეს საკუთარ ვენახებში დაწურული); ხოლო ბარამ ონიანის (სოფ. მებეცი) წინაპრებს იმდენი ღვინო მოჰქონდათ ლეჩხუმიდან, რომ 12 ჭურს ავსებდნენ (საკუთარ ვენახებიდან).
    როგორც ჩანს, ქვემო სვანეთის ეკონომიკა ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ლეჩხუმთან (ნაწილობრივ რაჭასთან), რაც მარტო მეზობლობით როდის აიხსნება.
    ის ვენახები, რომლებიც სვანებს ჰქონდათ ლეჩხუმში, ზოგი რევოლუციამდე გაიყიდა, ზოგიც გაუყიდავად დარჩა და საკოლმეურნეო ფართობებს შეუერთდა.
    მარნები ჩოლურ-ლაშხეთში რომ მხოლოდ ღვინის შესანახად შენდებოდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ 160-200 დეკალიტრიანი ჭურის არყით ავსება ძლიერ მდიდარ ოჯახსაც არ შეეძლო (200 დეკალიტრ არაყს 180 ფუთი ხორბალი სჭირდებოდა).
    ამჟამად ჩოლურის და ლაშხეთის სოფლების მოსახლეობა სასმელზე მოთხოვნილებას ადგილზე გამოხდილი არყით იკმაყოფილებს, რაც გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. არის შესაძლებლობა, აქ გაშენდეს ვაზის არა მარტო ყინვაგამძლე ჯიშები, ოღონდ საცდელი მუშაობის ჩატარებაა საჭირო. ამას სათანადო ორგანოებმა ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციონ.
    რაიონის ქვედა ზონის, როგორც ზემოთაც აღინიშნა, კლიმატი და მისი რელიეფი მთლიანად აკმაყოფილებს ვაზის მთელი რიგი კულტურული ჯიშების ზრდა-განვითარებისათვის საჭირო პირობებს.
    რამდენადაც ჯერჯერობით ამ ზონის ვაზის ჯიშების გამოსავლიანობა და აქ დაყენებული ღვინოების ხარისხი სათანადო მეცნიერულ დონეზე შესწავლილი არ ყოფილა, ამდენად ამ წერილში არა გვაქვს საშუალება მეღვინეობის დარგში ამ რაიონში არსებული ვითარების სრულყოფილად წარმოდგენისათვის.
    ვაზის ჯიშებიდან ყველაზე უხვმოსავლიანად ამ მხარეში ითვლება ოჯალეში, იზაბელა ("ადესა"), ცხვედიანის თეთრა, ჯვარისა და ცოლიკაური. შესანიშნავად ეგუება აქაურ კლიმატს ახლახან შემოტანილი ვაზის ჯიში "ალიგოტე" და უხვმოსავლიანობით განსაკუთრებით გამოირჩევა.
    გავრცელების მხრივ ოჯალეში და ცოლიკაური რცხმელურისა და ხოფურის სასოფლო საბჭოებში შემავალ სოფლებში გვხვდება უმეტესად, ხოლო შავი იზაბელა მასიურად გვხვდება ყველგან. თეთრი იზაბელა უფრო ნაკლებადაა გავრცელებული, რადგანაც ხარისხით იგი ჩამორჩება შავ იზაბელას (ნაკლები შაქარიანობით ხასიათდება). არის თეთრი იზაბელას ერთ-ერთი ჯიში (სულ ცხრამდე სხვადასხვა ჯიშს ითვლიან), რომელიც სოფ. ლექსურაში მცხოვრებ 84 წლის კოლმეურნე არსენ მიქელის ძე ბენდალიანს აქვს. ამ ვაზიდან საუკეთესო ხარისხის შუშხუნა ღვინოს აყენებენ, ყურძენი მოყვითალო ქარვისფერია, საკმაოდ შაქრიანი. ვაზის შტამბი დაბალია, შეწამვლა არ უნდა, აგვისტოს ბოლომდე მწიფდება. არ უნდა ვცდებოდეთ, თუ ვიტყვით, რომ ამ ვაზის ჯიშის მეცნიერული შესწავლა საშური საქმე უნდა იყოს.
    რაიონის ამ ზონაში მევენახოებას დიდი ხნის ისტორია უნდა ჰქონდეს. ამას ხალხში დარჩენილი ლეგენდაც ადასტურებს. ამ ლეგენდის შინაარსი ასეთია: იესო ქრისტემ გააშენა ვენახი საქართველოს ბარში. ბოლოს სვანეთში მოვიდა და სოფელ ხოფურამდე გააშენა თუ არა ვაზი ეშმაკი შეხვდა, მოატყუა ქრისტე და უთხრა, რომ ამის ზევით ცხენისწყლის სათავემდე უკვე მე გავაშენე ვენახი და შეგიძლია უკან დაბრუნდეო. იესო ქრისტემ მადლობა გადაუხადა და დაბრუნდა უკან. სოფლის მცხოვრებლები ახლაც უჩვენებენ იმ ქვას, რაზედაც თითქოს ატყვია ქრისტეს ფეხის ნადგამი და მისი ჯორის ნატერფალი. ამ ადგილს ახლაც ხალხი "ქრისტეს ფეხის ნადგამს" უწოდებს. საფიქრებელია, რომ ლეჩხუმსა და ამ მხარეში მევენახეობა ორივეგან ერთდროულად უნდა დაწყებულიყო.
    ვაზის მოვლა-პატრონობის, ყურძნის დაწურვის წესები თითქმის არ განსხვავდება ცაგერის რაიონში არსებული წესებისაგან, ხოლო ყურძნის სიმწიფეში შესვლის ვადებიც დაახლოებით ემთხვევა ამ მეზობელი რაიონის ვადებს.
    მეღვინეობა-მევენახეობის განვითარების პერსპექტივებზე ლენტეხის რაიონში რაიმეს გადაჭრით თქმა მანამდე ძნელია, სანამ ამ საქმეს სათანადო ყურადღება არ მიექცევა, რაც ამ რაიონის ხელმძღვანელებზე მარტო როდია დამოკიდებული. ამ საქმეში ზემდგომი ორგანოების საჭირო დახმარება დიდ შედეგს მოუტანდა ამ მხარეს. საუკეთესო ხილის ბაღებთან ერთად, რომლის გაშენებაც მასიურად დაიწყო მოსახლეობამ, აქაური კლიმატისა და ნიადაგების შესაფერისი ვაზის ჯიშების გაშენებაც დიდად აამაღლებდა ლენტეხს რაიონის მოსახლეობის კეთილდღეობას.


პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში



როგორ დაემთხვა, გუშინ ვათვალიერებდი ლენტეხის რაიონის დეტალურ ტოპო რუკას და ვფიქრობდი იმაზე თუ რა შესანიშნავი ადგილებია მევენახეობისთვის გლობალური დათბობის შემთხვევაში.


კი, ნელ–ნელა მეც ვეპარები რუკებს მაგ მიზნით :)))



ერთგან კოლმეურნე ეწერა, სხვაფრივ არაუშავს.


1976 წელს დაწერილი სტატიაა და მაგ კოლმეურნის გარდაც ბევრი ისეთი რამე წერია (იზაბელა და ა.შ.) :)



ამაშია საქმე ! :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.