Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გრენაში, კომპიუტერები და კოსმოლოგია

ნანა კობაიძე

აპელასიონ კოტ-დიუ-რონს არა აქვს ბურგუნდიისა და ბორდოსმაგვარი ქარიზმა, ამიტომ დადებითი რეგიონის იმიჯით შემოიფარგლება და მზადაა ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნება დააკმაყოფილოს. ადგილობრივი მსხვილი მეღვინეების საყვარელი ტერმინი "სტაბილურობაა," რაც, მათი აზრით, უახლესი ტექნოლოგიების ხარჯზე მიიღწევა. ყველაფერთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა ტერუარსაც. მაშ ასე, თქვენს წინაშეა საფრანგეთის ერთ-ერთი საინტერესო რეგიონი - სამხრეთ რონა.
 
საიდუმლო ენა
 
რამდენიმე წელიწადია სამხრეთ რონაში მეღვინეებს "საიდუმლო ენა" გაუჩნდათ. ეს კომპიუტერებისა და ახალი ტექნოლოგიების ენაა, რომელმაც ბოლო წლებში აქაური საწარმოები დაიპყრო. ამ ენაზე საუბრობენ L’Institut Rhodanien-შიც. დაწესებულება 1995 წელს დაარსდა, როგორც InterRhone-ს ნაწილი (InterRhone - კოტ-დიუ-რონისა და რონის დაბლობის მეღვინეთა გაერთიანებაა). იგი უამრავი ლაბორატორიისგან შემდგარ ლაბირინთს წარმოადგენს, სადაც მეცნიერ-ენოლოგები თავიანთი აპელასიონების ღვინოთა სიღრმისეულ ანალიზს ატარებენ. ყველა მხრიდან სპირალისებრ მილებში ღვინის წვეთები მიგორავს, ციმციმებს სხვადასხვა ფერის ნათურები, კომპიუტერები კი მონაცემებს იწერენ. ერთ-ერთ განყოფილებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტირებულ რონის ღვინოთა ხარისხს ამოწმებენ, რათა გაარკვიონ, რეალურად რას მიირთმევს მომხმარებელი. მეორე განყოფილებაში ექსპერიმენტები ტარდება. აქ სხვადასხვა პროცესის არსში გარკვევას ცდილობენ დაჟანგვიდან – საცობზე ნადების წარმოქმნამდე. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავია, თუ რა სისწრაფით ინერგება სამეცნიერო კვლევათა შედეგები პრაქტიკაში. ეს კი გაუმჯობესებულ კომპიუტერულ პროგრამებსა და ახალ რეაქტივებში გამოიხატება, რომელთაც დღეს სამხრეთ რონის თითქმის ყველა მწარმოებელი ფლობს. ერთ-ერთი მათგანია Cellier des Dauphins, რომელსაც მისი კომერციული დირექტორი, როლან ოლვე ხუმრობით "კოსმოსურ ლაბორატორიას" უწოდებს. უზარმაზარი ოთახი იქ განლაგებული ლითონის 100 მბზინავი კასრით მართლაც ტოვებს მომავლიდან გადმოსული რობოტების შთაბეჭდილებას. ისინი თერმორეგულაციის კომპიუტერიზებული სისტემითაა აღჭურვილი. ღვინის ჩამომსხმელი ამერიკული ხაზიც მთლიანად კომპიუტერიზებულია. დღეში 300 ათასი ბოთლის ჩამოსასხმელად აქ მხოლოდ ორი ადამიანია საჭირო – ერთი მონიტორთან ზის, მეორე – დარბაზში ადევნებს თვალს პროცესს. მაგრამ ასეთი მასშტაბები არ ნიშნავს, რომ Cellier des Dauphins-ის ღვინო მხოლოდდამხოლოდ სამრეწველო პროდუქტია. წნეხები ისეა გათვლილი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ გრავიტაციის ძალა და ყურძენი დიდი სიფრთხილით დაიჭყლიტოს. ფილტრაციაც გაცილებით მცირე მასშტაბისაა, ვიდრე 10 წლის წინ. ესეც ხელს უწყობს ღვინის ხარიხსის გაუმჯობესებას.
 
პატივისცემა ტრადიციას
 
აპელასიონებთან –კოტ-დიუ-რონ-ვილაჟსა და შატონეფ-დიუ-პაპთან ერთად, კოტ-დიუ-რონი საფრანგეთში წითელი ღვინის უმსხვილეს მწარმოებლად გვევლინება. მისი მთავარი "კონკურენტები" დემოკრატიულ ღვინოთა მიწოდების საქმეში ბოჟოლე და ბორდო რუჟი არიან, ამასთან, ბოჟოლე სწორედ Beaujolais Nouveau-ს მიმართულებით. კოტ-დიუ-რონში დიდი ხანია არსებობს მსუბუქი café wine-ს დამზადების ტრადიცია. მეორენაირად მას "ერთი ღამის ღვინოს" უწოდებენ და ის მართლაც ერთ ღამეს ატარებს კასრში. დღეს ეს პრაქტიკა ბოჟოლესგან ნასესხებმა მეთოდიკამ ჩაანაცვლა. ახლა, როდესაც წელიწადში 100 ათას ჰექტოლიტრ ახალგაზრდა ღვინოს ამზადებს (ეს სამხრეთ-რონულ ღვინოთა მთლიანი რაოდენობის 1/4-ია), რონა ბოჟოლეს შემდეგ Nouveau-ს მეორე მწარმოებელია.
ბოლო წლებში აქტუალური გახდა ტრადიციული ჯიშებისგან დაყენებული სასმელი. ეს განსაკუთრებით გრენაშს ეხება, ჯიშს, რომელსაც წინათ მხოლოდ "მუშა ცხენის" ფუნქცია ჰქონდა. დღესდღეობით L’Institut Rhodanien-ში არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელიც გრენაშის განვითარებასა და დაცვაზე ზრუნავს. მისი ხელმძღვანელი, კრისტოფ რიუ, წელიწადში 10-ჯერ მაინც ატარებს სემინარებს ამ საკითხით დაინტერესებული მეღვინეებისთვის, დეტალურად უხსნის მათ უახლეს მიღწევებს და სიახლეებს უზიარებს. შედეგად, უმჯობესდება ღვინის ხარისხი, რაც მსოფლიოში მათ მიმართ ინტერესს ზრდის.
"საერთაშორისო ბაზარზე ღვინის მომხმარებელი გაცილებით ლოიალური გახდა ადგილობრივი ჯიშებისადმი, როგორიცაა გრენაში, სირა და ვიონიე," - ამბობს Inter Rhone-ს მარკეტინგისა და ინფორმაციის დირექტორი, ფილიპ ვერდიე. მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანობის აღიარება ადგილობრივ მეღვინეთათვის ახალი შეგრძნებაა და ეს მათ სიამაყით აღავსებს. თუ ადრე მაინცდამაინც არ ზრუნავდნენ სასმელის ხარისხზე, დღეს კარგად აცნობიერებენ საკუთარი ტერუარის უნიკალობას და იმასაც, რომ მრავალფეროვანი ღვინოების წარმოების პოტენციალს ფლობენ.
 
რონის კოსმოკულტურა
 
რონა მრავალფეროვნებითაა სახელგანთქმული, მაგრამ ის, რაც ფილიპ და ალენ ვირეების საწარმოში ხდება, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ეს ოჯახი მევენახეთა საკმაოდ ძველი დინასტიის წარმომადგენელია. სიძველეებით გატაცებამ 10 წლის წინათ ოცნების საწარმოს, Clos de Paradis-ის შექმნამდე მიიყვანა. მარანი, რომელიც 1999 წელს აშენდა, ძველეგვიპტურ სტილშია გადაწყვეტილი და იდეალური პროპორციებით გამოირჩევა.
ვენახში მუშაობისას ფილიპი და ალენი მკაცრად ითვალისწინებენ მაიასა და ინკების ტომთა პრინციპებს, რომელთაც მამა-შვილი "კოსმოკულტურას" უწოდებს. რაში მდგომარეობს მისი არსი? კოსმიური და ელექტრომაგნიტური ძალების ურთიერთქმედება ბუნებრივი დამცავი ძალების გამოთავისუფლებას ახდენს. შედეგად მიიღწევა კოსმიური ენერგიის ბუნებრივი ბალანსი, რომელიც ვაზის ფოთლებში ფოტოსინთეზის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. ეს, თავის მხრივ, აუმჯობესებს მცენარის ბუნებრივ დაცვას და ლპობისა და დაავადებების წარმოქმნასაც ამცირებს. ფილიპი და ალენი არ იყენებენ ქიმიურ სასუქს, რაც ვაზს საშუალებას აძლევს, თავად იპოვოს მიწის სიღრმეში სიცოცლისთვის აუცილებელი ელემენტები.
მამა-შვილი ვენახს ჰომეოპათიური საშუალებებით ამუშავებს. ამისთვის ლავანდის გამხმარ ფურცლებს, დაფქულ ბაზალტსა და ნატურალურ მიკროელემენტებს იყენებენ. მიაჩნიათ, რომ "ისინი მიწის შესახებ ხსოვნას ინახავენ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია".
ეს საოცარი მარანი წელიწადში 120 ათას ლიტრ ღვინოს აწარმოებს Cotes-du-Rhone-Villages-St Maurice-ს მარკით.
 
კასრების გარემოცვაში
 
ბევრი მიიჩნევს, რომ რონის კოზირი ტერუარია. არის მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ძაღლის თავი კასრშია დამალული, ანუ, ღვინის ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ რა ტიპის ჭურჭელში ხდება მისი დაძველება. ამ მხრივ სამხრეთ რონელი მეღვინეები ექსპერიმენტებს არ ერიდებიან. კომპანია Gabriel Meffre-ს ტექნიურმა დირექტორმა, ტიერი ბუდინომ ააღორძინა ღვინის დაძველების ტრადიცია ვოკლუზის 275-ლიტრიან ბარიკებში, რომლებიც ბერტრანჟის (სამხრეთ საფრანგეთი) ტყის მუხისგანაა დამზადებული.
მეღვინე მატიე კუტონი – შატონეფ-დიუ-პაპიდან ახალი ფრანგული 600-ლიტრიანი მუხის კასრებით ახდენს ექსპერიმენტირებას. "ასეთი მცირეგაბარიტიანი კასრები 50 წელია არ გამოუყენებიათ. აღმოჩნდა, რომ ისინი შესანიშნავია გრენაშისა და სირასგან დამზადებული ღვინის დასაძველებლად. სასმელი, რომლებიც მათში 12-18 თვე იმყოფება, ქოქოსის, ვანილის, სანელებლების სასიამოვნო გემოს იძენს. ამასთან, მუხის მკვეთრი არომატი არ აღინიშნება." - ამბობს იგი.
            დიდი სიფრთხილით ეკიდებიან მუხის გამოყენებას Domaine Jaume-ში, სადაც Cotes-du-Rhone-Villages ყველა ღვინო ბარიკებში ძველდება. რიშარ ჟომი სხვადასხვა მოცულობებით ახდენს ექსპერიმენტებს: 225, 228 და 600 ლიტრიან კასრებში შედეგები განსხვავებულია. ყველაზე კარგი გრენაში 600-ლიტრიან ჭურჭელში გამოდის, სირა კი ახალი მუხის გავლენას მხოლოდ პატარა კასრებში უძლებს.
 
ბოლო შტრიხი
 
თანამედროვე ბაზრის პირობებში არანაირი ტექნოლოგია და ხარისხი არ იძლევა სასურველ ეფექტს, თუ არ არსებობს მძლავრი მარკეტინგული მხარდაჭერა. რონის დაბლობმა (რასაკვირველია, კოტ-დიუ-რონის წყალობით) 2000 წლიდან მარკეტინგზე გაცილებით მეტი დახარჯა, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ფრანგულმა რეგიონმა. ამასთან, ცდილობენ, ამ ყველაფერს არასტანდარტული სახე მისცენ. მაგალითად InterRhone-ს მიერ Cotes-du-Rhone-ს ღვინოებისთვის წარმოებული კორპორატიული სარეკლამო კამპანია გამოდგება, რომელიც სასაცილო ცხოველების იმიჯების სერიას წარმოადგენს სლოგანით - "იფიქრეთ სხვაგვარად, იფიქრეთ კოტ-დიუ-რონზე". ასეთი გადაწყვეტა კომპანიისთვის ძალზე წარმატებული გამოდგა.
ასე რომ, საქმე მხოლოდ წარმოებისადმი თანამედროვე მიდგომაში კი არ არის, არამედ ინტელექტუალურ ტექნოლოგიებშიც: სამხრეთ რონა ერთ-ერთია მსოფლიოს არცთუ მრავალრიცხოვან მეღვინეობის რეგიონთაგან, რომელიც ნამდვილად პოსტინდუსტრიალურ განზომილებაში ცხოვრობს. მეღვინეები კომპიუტერული კონტროლის ფანატებად და ვაზის მცოდნე მეცნიერებად გადაიქცნენ. შესაძლოა, ტექნოლოგიური მიღწევების გამო მათ უღალატეს მეღვინეობის ზოგიერთ ტრადიციულ მეთოდიკას, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილობრივი მწარმოებლები თავიანთ ტერუარს არაფერზე გაცვლიან. როგორც InterRhone-ს წარმომადგენელი, ფილიპ ვერდიე ამბობს, ახლა ისინი ამაყობენ რონელი მევენახეებით, რომლებიც ახლოს დგანან მიწასთან. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.
 
სახელწოდება – მდინარე რონის სახელის მიხედვით
წარმოების დასაწყისი -  1737 წელი
1890-იანი წლები – ფილოქსერა თითქმის მთლიანად ანადგურებს ვენახებს. ხელახლა გაშენებისას მევენახეები უპირატესობას გრენაშის ჯიშს ანიჭებენ.
1956 წელი – უძლიერესი ყინვები ანადგურებს ზეთისხილის პლანტაციებს. მათ ადგილზე ვენახებს აშენებენ, რის შემდეგაც სამხრეთ რონაში მევენახეობა სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი ხდება.
დაყოფა  6 აპელასიონი. მოიცავს Cotes-du-Rhone AOC და Cotes-du-Rhone-Villages Communaux - 16 კომუნას, რომელთა სახელწოდებაც შესაძლებელია მითითებულ იქნეს ღვინის ეტიკეტზე.
ვაზის ჯიშები
წითელი: გრენაშ გრი, გრენაშ ნუარი, სირა, სენსო, მურვედრი, კარინიანი, ვაკარეზი, კუნუაზი, ტერე ნუარი, პიკპული, კლერეტ ტოზე, მიუსკარდენი და სხვა.
თეთრი: მარსანი, რუსანი, ვიონიე, ბურბულენკი, გრენაშ ბლანი, პიკპულ ბლანი, იუნი ბლანი, ალიგოტე, პტი გრენი, შარდონე, ალიგოტე და ა.შ.
ვაჭრობა
კულტივირებული ვენახების ფართობი - 44 745 ჰა. 5000-მდე მეღვინეობის მეურნეობა. ყოველწლიური წარმოება - დაახლოებით 333 მილიონი ბოთლი.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული