Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რიდელი - ოპერაცია "შვილობილი"

დღეს გეორგ რიდელზე მოგიყვებით, კომპანია Riedel-ის დირექტორზე. ადამიანზე, რომელმაც სრულიად შეცვალა წარმოდგენა ღვინის სწორად დეგუსტაციასა და მირთმევაზე. Riedel-ების სახლი მსოფლიოში ღვინის ჭიქების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი მწარმოებელია. მისმა ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ღვინის ჭიქების შესახებ ყველაფერი იცის. 1996 წელს ავტორიტეტულმა ჟურნალმა Decanter-მა გეორგ იოზეფ რიდელი წლის ადამიანად დაასახელა, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და სულ მალე გეორგი კომპანიის საქმეებსა და მართვას თავის შვილს, მაქსიმილიანს გადააბარებს, რიდელთა სახელგანთქმული ოჯახის მე-11 თაობის წარმომადგენელს.

- გეორგ, რა მდგომარეობაში გადასცემთ კომპანიის საქმეებს მაქსიმილიანს? განვითარების რა ახალი სტრატეგიების რეალიზებას შეეცდება, როგორც ცნობილი სახლის ხელმძღვანელი?

- სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი კომპანია გვაქვს. დღესდღეობით ჩვენს საწარმოებში ასეულობით ადამიანი მუშაობს. ავსტრიაში, ბავარიასა და აშშ-ში განლაგებული ქარხნები წელიწადში 55 მლნ. ერთეულ პროდუქციას უშვებს, რაც არც ისე პატარა ციფრია. 

მოგეხსენებათ, Riedel ოჯახური ბიზნესია, რომელიც უკვე მეათედ გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და ვფიქრობ, ხელმძღვანელობის მეთერთმეტედ შეცვლაც მშვიდად ჩაივლის. მაქსიმილიანი დიდი ხანია მონაწილეობს კომპანიის საქმეებში და მშვენივრადაა მომზადებული ამ პოსტისთვის. რაც შეეხება სიახლეებს, სჯობს თავად მას ჰკითხოთ.

მაქსიმილიანი 1977 წელს ავსტრიაში დაიბადა. 12 წლის იყო, როცა ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო. მოგვიანებით, როდესაც მყარად გადაწყვიტა, საკუთარი თავი ამ საქმისთვის მიეძღვნა, პარიზში გაემგზავრა, სადაც ბაზარს ჩვენი იმპორტიორის დახმარებით სწავლობდა. იქვე დაეუფლა ფრანგულ ენასაც. მაქსიმილიანმა ამ საქმის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინა და უკვე 23 წლისა ჩრდილო ამერიკის ფილიალში აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. მაქსიმილიანს ჰყავს უფროსი და - ლეტიცია, რომელიც ჩვენსავე კომპანიაში მუშაობს და Riedel-ის იურიდიულ საკითხებს უძღვება.

- რომელია თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი, წარმატებული პროექტი და რას უკავშირდება ეს წარმატება?

- რომელიმე ერთ პროექტს ვერ გამოვყოფ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი, როგორ დგებოდა ფეხზე ახალი სამყაროს მეღვინეობა, როგორ იმაგრებდა პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე და იკავებდა თავის ნიშას. ძალზე სასიამოვნო იყო მონაწილეობა ამ წამოწყებაში, ახალი სამყაროს მეღვინეების მხარდაჭერა და იმის გაცნობიერება, რომ მსოფლიო მეღვინეობის ახალი მიმართულების ნაწილი ხარ. რაც შეეხება წარმატების საიდუმლოს, ორი მთავარი ელემენტის ერთობლიობაში იმალება: შენარჩუნება და განვითარება. ყველაზე მთავარია შეინარჩუნო ბალანსი ახალ მიმართულებასა და კლასიკურ კანონებს შორის.

- რა პოტენციალია დღესდღეობით ღვინის პროფესიული ჭიქების დამზადებაში?

- პოტენციალი ძალიან დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის სტრატეგია ყურძნის ცალკეული ჯიშებისთვის ჭიქების დამზადებას ემყარება, სპეციალური ჭიქის გარეშე კი კიდევ არაერთი ჯიში რჩება. ჩვენ ბაზრის მოთხოვნიდან გამოვდივართ და ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც ღვინის დამფასებლებში მოთხოვნადი იქნება. ხშირად ვამზადებთ ჭიქებს შეკვეთით, კონკრეტული მწარმოებლისთვის, ზოგჯერ კი საკუთარი ინიციატივით ვირჩევთ ყურძნის რომელიმე ჯიშს და მისთვის ვქმნით სასმისს, რომელიც არ იყიდება, თაროზე დევს და თავის დროს ელის.

- ღვინის კოლექციის გარდა კიდევ რა ტიპის პროდუქციის გამოშვებას გეგმავთ?

- ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება, რასაკვირველია, სხვადასხვა ჯიშის ყურძნისთვის განკუთვნილი ღვინის სასმისებია. ვფიქრობ, ეს კონცეფცია კარგა ხანს არ შეიცვლება. ამას გარდა, მომხმარებელს ვთავაზობთ ჭურჭელს მინერალური წყლის, ყავისა და ჩაისთვის (შემკვეთებს შორის არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც Nespresso და Coca-Cola-ა).

სხვათა შორის, ჩვენი წარმოების სიახლე - ჩაის ჭიქები ე.წ. "O" ხაზში შედის, რომელიც ჩემმა ვაჟმა მაქსიმილიანმა შეიმუშავა.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება ფერადი მინის მიმართ?

- ძალზე ვაფასებ ესთეტიკურ დამოკიდებულებას ნივთების მიმართ და ამიტომ ვერაფრით უარვყოფ ფერს, როგორც სამკაულს, მაგრამ ის ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს ჭიქის ფუნქციონალობაზე. უფრო მეტიც, ღვინის ფერის სწორად აღქმას უშლის ხელს. ჩვენს კოლექციებში იშვიათად შეხვდებით ფერებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფერადი მინა ვერც გემოს აუმჯობესებს, ვერც არომატს, ჩვენი ძირითადი ამოცანა კი სწორედ ეს არის - ხელი შეუწყოს სასმისში სასმელის სრულად გახსნას.

- მოგვიყევით, როგორ იბადება ჭიქა?

- საოცარი და საინტერესო სამუშაოა, თუმცა ძალზე შრომატევადი. უფრო არქიტექტურულ პროცესს ჰგავს, ვიდრე მხატვრულს. შექმნის პროცესში თითოეული ჭიქა უამრავ დეგუსტაციას მოითხოვს. ყველაზე მიმზიდველი მაინც იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა, რომელსაც საკუთარ თავზე იღებ, როდესაც ჯიშის, სტილის, ღვინის რეგიონის ცნებას ქმნი; განამტკიცებ კომპანიის რეპუტაციას, რომელიც შენამდე ათწლეულების ისტორიას ითვლის. ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერება სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს და ეს ნამდვილი საჩუქარია.

მოამზადა ნანა კობაიძემ 

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული