Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნაპას ველი – გადაცემა "ღვინის გზამკვლევი"

ნაპა ველი ამერიკული მევენახეობისა და ღვინის ინდუსტრიის გული და სულია, და კალიფორნიაში სან-ფრანცისკოსთან ახლოს, მის ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი დაახლოებით 54 კილომეტრის სიგრძეზეა გაშლილი და 18 ათას ჰექტარს მოიცავს. მას სამხრეთით სან-ფრანცისკოს ყურე ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთით - წმინდა ჰელენეს მთა Mount St. Helena. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მეიაკამას მთები (Mayacamas Mountains) და ვაკას ქედი (Vaca Range). კლიმატიც შესაბამისია - მისი სამხრეთი ნაწილი, ყურესთან ახლოს, უფრო გრილი და ნისლიანია, ხოლო ჩრდილოეთი კი უფრო თბილი, ამიტომ მის უკიდურეს ნაწილებს შორის ტემპერატურული სხვაობა საშუალოდ 6.3 ცელსიუსია.

ნაპა ადგილობრი მკვიდრების, ვაპპო ინდიელების ენაზე ბარაქას, დოვლათს ნიშნავს. პირველი ვენახი, ისტორიული წყაროებით, ჯორჯ იანტს დაუარსებია 1836 წელს. პირველი ღვინის ქარხანა კი ჩარლზ კრუგის სახელს უკავშირდება -1861. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის დაახლოებით 150 ღვინის ქარხანა ფუნქციონირებდა, მათ შორის შრამსბერგი (Schramsberg) 1862 წლიდან, ბერინჯერი (Beringer) 1876 წლიდან, და ინგლნუკი (Inglenook) 1879 წლიდან. სამწუხაროდ მალე ფილოქსერამ ვენახების უმეტესობა გაანადგურა, რამაც  ადგილობრივი მევენახები და მეღვინეები კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო. მეორე ძლიერი დარტყმა ნაპამ 1919 წელს განიცადა, როცა კონგრესმა ალკოჰოლური სასმელის მოხმარება აკრძალა “მშრალი კანონით”. უამრავი მწარმოებელი გაკოტრდა. მხოლოდ მცირეოდენი გადარჩა, რომლებსაც საეკლესიო ღვინოების წარმოების ნება დართეს. 1933 წლიდან, როცა მშრალი კანონი გაუქმდა, ნაპას აღმავლობაც ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დაიწყო.

ნაპასთვის, როგორც ყურძნისა და ღვინის მწარმოებელი რეგიონისთვის, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ნაპას სავაჭრო ორგანიზაციის დაარსება 1947 წელს, და ნაპას მევენახეთა ასოციაციის ჩამოყალიბება 1975 წელს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ნაპას ღვინოების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის საქმეში.

ნაპას ღვინოების ტრიუმფი და მსოფლიო ასპარეზზე აღიარება კი 1976 წელს პარიზის ღვინის დახურულ დეგუსტაციაზე შედგა, სადაც აქაურმა შარდონემ და კაბერნე სოვინიონმა ბორდოს და ბურგუნდიის სახელგანთქმულ ღვინოებს აჯობა და საგონებელში ჩააგდო ფრანგი დეგუსტატორები. 1982 წლიდან ნაპას უკვე მევენახეობის ადგილწარმოშობის სტატუსი მიენიჭა, ანუ American Viticultural Area (AVA).

რამდენიმე წლის წინ ბედნიერება მქონდა მემოგზაურა ნაპაში, რომლის ნახვით აღტაცება ახლაც არ მინელდება. ვესტუმრე ბევრ ცნობილ ღვინის ქარხანას და დავაჭაშნიკე უამრავი ღვინო. ყველას რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ზოგიერთს მაინც გამოვყოფ. მაგალითად, Bouchaine Vineyards ვენახები და მათი ახლად-დაყენებული შარდონე; Duck Horn-ის ღვინის საცავში გასინჯული ელეგანტური მერლო; Francis Ford Coppola-ს პინო ნუარი და ულამაზესი ღვინის სახლი, რომელიც კინოს მუზეუმისა და ღვინის საცავის საინტერესო ნაზავია; Opus One-ი ღვინის გრანდიოზული საცავით და იქ დაჭაშნიკებული კაბერნეს, მერლოსა და პეტიტ ვერდოს საუცხოო ბლენდი, რომელიც ამერიკული მეღვინეობის ერთ-ერთი პიონერის, რობერტ მონდავისა და ბარონ ფილიპე დე როტშილდის ერთობლივი პროექტია; ამერიკის კონტინენტზე პირველი შამპანურის სახლი Schramsberg-ი, თავისი მიწისქვეშა ღვინის საცავით… და კიდევ ბევრი სხვა.

ნაპას კლიმატური, გეოლოგიური და ეკო-სისტემების მრავალფეროვნება მის ღვინოებშიც კარგად აისახება. მდინარე ნაპას აღმოსავლეთის ფერდობებზე გაშენებული ვენახების ღვინოები უფრო რბილი და ნაზია, რაც უფრო ხანგრძლივი და თბილი საღამოებითაა გამოწვეული ჩამავალი მზის გამო, ვიდრე დასავლეთის კალთები, რომელთაც დილის მზე უდგება და ამიტომ უფრო მკვეთრი და ხასიათიანი ღვინოებით გამოირჩევა. რაც უფრო ჩრდილოეთით მიიწევთ, ღვინოებიც უფრო მეტად ღრმა და სავსეა რბილი, მწიფე ტანინებით. ამასთან, რაც უფრო ზემოთ ფერდობებისკენ ახვალთ, უფრო ძლიერი, ძარღვიანი ღვინოები დგება. ეს ზოგადად, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია გაარკვიო ნაპას რომელი მიკროზონის ყურძენია ამა თუ იმ ბოთლში: ნაპაში 16 მიკროზონა, ანუ American Viticultural Area (AVA), დაახლოებით 400 ღვინის ქარხანა და 700 ღვინის მწარმოებელია და ყურძნის ყიდვა-გაყიდვა სხვადასხვა მიკროზობში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამასთან ერთად, ნაპაში ისეთი მკაცრი ადგილ-წარმოშობის კანონები არ მოქმედებს, როგორიც, მაგალითად ბურგუნდიაში.

ნაპაში თითქმის ყველა ცნობილ ვაზის ჯიშს შეხვდებით, მათ შორისაა კაბერნე სოვინიონი, მერლო, კაბერნე ფრანკი, პინო ნუარი, შარდონე, სოვინიონ ბლონი, რისლინგი და სხვა. ნაპაში მოყვანილი კაბერნე სოვინიონი ალბათ მაინც ყველაზე განსკუთრებული და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. უმეტესობა მათგანი 3-4 წლის დავარგებითაც მშვენიერი დასალევია, მაგრამ გასული საუკუნის შუა წლებში დაწურული ზოგიერთი კაბერნე სოვინიონი 50 წელიც მშვენივრად დავარგდა. საინტერესო იქნება როგორ შედეგს გამოიღებს ღვინის დაყენების ახალი ტენდენცია, რომელიც ძალიან მწიფე ყურძენით სუპერ-ალკოჰოლური ღვინის დამზადებაა, და როგორი თვისებები ჩამოუყალიბდება ასეთ ღვინოებს ათწლეულების შემდეგ.

ნაპა თავისი ულამაზესი ბაღ-ვენახებით, თანამედროვე ღვინის ქარხნებით, ყველა კლასისა და ზომის სასტუმროებით, მსოფლიო დონის რესტორნებით, გოლფის მოედნებით და მრავალნაირი ფესტივალებით თუ გამოფენებით, გაცილებით მეტია, ვიდრე  ერთი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობის მხარე. იგი ერთიანი, მაგრამ დამოუკიდებელი და თვითრეგულირებად ინდუსტრიათა ბიზნესს-სისტემაა, სადაც ღვინის ტურიზმს სერიოზული გავლენა აქვს ამ მხარის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის გავნითარებაში (ბოლო კვლევით, ნაპას წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც დღეში საშუალოდ $200 ხარჯავენ. გათვლილია რომ ღვინის ტურიზმი ნაპაში 196 განსხვავებული სახეობის ბიზნესს უკეთებს სტიმულს და  ამ ბიზნესებში 17 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნას უწყობენ ხელს, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე სახელფასო დანახარჯს უდრის). მცირე გამონაკლისის გარდა, ამ დონის ღვინის ტურიზმი ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ღვინის მხარეს შეშურდებოდა. ჩვენც მეტი რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ბევრი ვისწავლოთ და ვიშრომოთ, საქართველოს გარეთაც და შიგნითაც, რომ ქართული ღვინის ინდუსტრია, მათ შორის ღვინის ტურიზმიც, ნაბიჯ-ნაბიჯ მაგრამ თანმიმდევრულად განვითარდეს და გაძლიერდეს.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული