Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯენსის რობინსონი: 2011 წლის შედეგები

ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის ექსპერტმა, ჯენსის რობინსონმა (Jancis Robinson) გასული 2011 წლის ძირითადი შედეგები შეაჯამა.
 
1. ყველაზე კარგი, რაც 2011 წელს ღვინის სამყაროში მოხდა, იმის გაცნობიერება იყო, რომ 2010 წელს მსოფლიოს ბევრ რეგიონში გამორჩეული მოსავალი აიღეს. თუ 2009 წელს ყურძენი ზედმეტად მწიფე გამოდგა, 2010-ის გრილმა ამინდებმა ღვინოს უჩვეულო სიხალასე მიანიჭა. კონტრასტი განსაკუთრებით იგრძნობა ისეთ რაიონებში, როგორიცაა ბორდო, ბურგუნდია და რონის დაბლობი.
2. მაშინ, როცა შარშანდელი მწიფობის პერიოდი კალიფორნიისთვის ცივი გამოდგა, ავსტრალიის დიდი ნაწილისთვის კი - უჩვეულოდ ნალექიანი, ევროპულ ვინტაჟზე ნამდვილად ვერ იტყვი, რომ ეს წელიც შესანიშნავი იყო. ამის მიუხედავად, ფასების დაწევა ბორდოს ღვინოებზე ნაკლებად სავარაუდოა. ალბათ, ისინი ისეთივე მაღალი დარჩება, როგორც წინა სამი წლის განმავლობაში.
ბორდო 2011-ის en primeur კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ამ წლის აპრილში გაიმართება, ორი საკითხი მაქვს გასარკვევი. პირველი: იმ ფონზე, როდესაც 2010 წლის მოსავლის ჩამოფასებულ ღვინოთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ გაყიდულა, რადგან უამრავ წინასწარ შეკვეთაზე მყიდველებმა უარი თქვეს, რამდენით დაიწევს ფასები 2011 წლის მოსავალზე, რომ მათი გაყიდვის შანსი გაჩნდეს?
Gary Boom კომპანია Bordeaux Index-იდან ამბობს, რომ უკვე რამდენიმე თვეა პირველი ჯგუფის მეურნეობებიდან არცერთი ბოთლი არ მიუყიდია ბრიტანელი მომხმარებლისთვის.
მეორე საკითხი: გასულ წელს ძალზე გვიან დავიწყე კამპანია, რომელიც en primeur-ის დეგუსტაციის ბოიკოტს ისახავდა მიზნად, ვთავაზობდი რა, შეგვეფასებინა ახალგაზრდა ღვინოთა განვითარება შედარებით გვიანდელ სტადიაზე. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უნდა შეწყდეს უმსგავსი პრაქტიკა, როდესაც ბორდოს მეურნეობათა მფლობელები სასმელის ფასს მხოლოდ ცნობილ კრიტიკოსთა შეფასების შემდეგ განსაზღვრავენ. ეს ხელს უწყობს სპეკულაციას. ჯერ ფასი უნდა გამოცხადდეს და მხოლოდ შემდეგ გამოჩნდნენ სცენაზე კრიტიკოსები, როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონებშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ბინძური თამაშის მონაწილედ ვგრძნობ, რომლის მიზანი მომხმარებლისთვის რაც შეიძლება მეტი ფულის დაცინცვლაა. ჩემს წინადადებას ბევრი ბრიტანელი კოლეგა დაეთანხმა, ამერიკელ ექსპერტთაგან კი ასეთი მხარდაჭერა არ მქონია.
მართალია, მსოფლიო ღვინის ბაზრის ფასთა "ბარომეტრმა,” Château Lafite-მ მნიშვნელოვნად დაკარგა თავისი ღირებულება, მაგრამ მაინც ძნელია იმის წარმოდგენა, რომ მავანთ ბორდოს 2011 წლის მოსავალში ინვესტიციის ჩადების პანიკური შიში გაუჩნდებათ. რაიონის საუკეთესო მეურნეობებს ეს ნამდვილად არ შეეხება, მაგრამ  უკვე არაერთხელ დავრწმუნდი, რა კარგი ღვინის მიღება შეუძლიათ მედოკის მცირე მწარმოებლებს, რომელთა სახელიც ჯერჯერობით ფართოდ არ არის ცნობილი. 
3. 2011 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი "ნატურალურ ღვინოთა” მზარდი პოპულარობა იყო. გასული წლის მაისში ლონდონში გაიმართა ნატურალურ ღვინოთა პირველი ბაზრობა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ბრიტანეთის დედაქალაქის სულ უფრო მეტ ბარში იყიდება ასეთი ღვინო. მე მომწონს საფუძველი, რომელსაც ნატურალურ ღვინოთა მწარმოებლების მოძრაობა ეფუძნება, მაგრამ ერთი ყურადსაღები დეტალი მაფიქრებს - ისინი სრულიად არაპროგნოზირებადია. ჩემს მიერ გასინჯულ ღვინოთაგან არ აღმოჩნდა ერთიც კი, რომელსაც 100 საუკეთესო ღვინის ჩამონათვალში შევიყვანდი. როგორც წესი, ასეთი ღვინოები ყველაზე კარგად თავს ახალგაზრდა ასაკში წარმოაჩენს და ძალზე უბრალოა. მათ შესახებ ვერ იტყვი, რომ ბოთლში დიდხანს შენახული ღვინის მსგავსი გრანდიოზული კომპლექსურობა ახასიათებს. ამჟამინდელი მასობრივ-კომერციული პროდუქციისგან განსხვავებით, ისინი ცოცხალი და პერსონალურია, მაგრამ ზოგიერთი ძალზე წააგავს სიდრს. ამის მიუხედავად, მჯერა, რომ ამ კატეგორიაში კარგ ღვინოთა რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება. 
ნატურალური ღვინო მინიმალური ქიმიური და ტექნოლოგიური ინტერვენციის შედეგად მიღებული სასმელია (იგულისხმება როგორც ყურძნის მოყვანა, ასევე  სასმელის დაყენების პროცესი). ეს ტერმინი ორგანულ და ბიოდინამიკურ ღვინოთაგან მის გასამიჯნად გამოიყენება. ორგანული ღვინო ორგანულად მოყვანილი ყურძნისგან იწარმოება, მაგრამ ვინიფიკაციის დროს შეიძლება სხვადასხვა მანიპულაციას დაექვემდებაროს. თავად "ნატურალური ღვინის” კონცეფცია ძალზე წინააღმდეგობრივია. ღვინის ბევრი კრიტიკოსი უარყოფს მას. მიიჩნევენ, რომ “ნატურალისტებს” შეცდომაში შეჰყავს ადამიანები. გარდა ამისა, ჯერჯერობით არ არსებობს ორგანო, რომელიც მსგავს მწარმოებელთა სერთიფიცირებას მოახდენდა და "ნატურალური ღვინის” ცნებას ზუსტად განსაზღვრავდა. ანუ, ასეთ ღვინოს არ გააჩნია კანონიერი სტატუსი. მეღვინეები, რომლებიც თავს "ნატურალურ” ღვინოთა მწარმოებლებს უწოდებენ, ხშირად ვერ თანხმდებიან იმაზე, რა შეიძლება მიიჩნიონ ინტერვენციის დასაშვებ ზღვრად. მიიჩნევა, რომ "ნატურალურ” ღვინოთა მწარმოებლები მხოლოდ ველურ საფუარს იყენებენ, რომელიც ბუნებრივად არსებობს ვენახსა თუ მარანში, ემხრობიან სულფიტების მინიმალურ გამოყენებას ან სულ არ იყენებენ მათ. თავდაპირველად ეს იყო ერთგვარი პროტესტი იმის წინააღმდეგ, რასაც ღვინოთა "პარკერიზაცია” უწოდეს, მოვლენა, როდესაც მეღვინე იწყებდა თავისი პროდუქციით მანიპულირებას, რათა მიეღწია სასურველი მახასიათებლებისთვის, მაგალთად, ინტენსიური ხილის გემოს ან მუხის ძლიერი ზეგავლენისთვის. ეს იყო თანამედროვე კრიტიკოსებისთვის გაღებული ერთგვარი ხარკი, რომლებიც ასეთ ღვინოებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ. მსგავსი მანიპულაციები სასმელს რეგიონულ და ჯიშურ მახასიათებლებს აკარგვინებს. "ძალზე არტისტული კონცეფცია”, როგორც ჯენსის რობინსონი უწოდებს, ძალზე მოდური ხდება. საფრანგეთი – ნატურალურ ღვინოთა აკვანია, ამიტომ ამ საკითხში ის გამოეყო სხვებს. 
ნატურალურ ღვინოთა მოძრაობა აშშ-ში 10 წლის წინათ გავრცელდა. ყველაზე მეტად ასეთი ღვინოების იმპორტს იაპონია ახორციელებს, სადაც ისინი 1990-იანებში გახდა პოპულარული. მათი კონცეფცია შეესაბამება იაპონელთა ფიზიოლოგიას, რომელთაც უჭირთ ალკოჰოლის გადამუშავება, განსაკუთრებით კი – გოგირდის, სულფიტების სახით, რომელიც ყველაზე გავცელებული სადეზინფექციო პრეპარატია ხილისა და ღვინისთვის. როგორც წესი, ასეთ ღვინოს პატარა მარნები აწარმოებენ მცირე რაოდენობით, რომლებიც იმავდროულად ბიოდინამიკას ან ორგანულ მეღვინეობას მისდევენ. არანაირი ფიზიკური მანიპულაცია, როგორიცაა ღვინოში ჟანგბადის დამატება ტანინების დასარბილებლად, ან ფილტრაცია ალკოჰოლის დონის შესამცირებლად. "თუ მაინც ახდენენ ფილტრაციას, მსუბუქს, ყოველგვარი გრიმისა და ბოტოქსის გარშე” - შენიშნავს რობინსონი. მწარმოებლები უარს ამბობენ შაქრის დამატებაზე, ტანინებსა და კონსერვანტებზე, მცირე რაოდენობით გოგირდის გარდა. გოგირდის დაბალი შემცველობის გამო ნატურალური ღვინო ძალზე მგრძნობიარეა. მისთვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტირებისას გარემო ტემპერატურის ერთ დონეზე შენარჩუნება, რათა არ მოხდეს განმეორებითი ფერმენტაცია. ამ მოძრაობის მიმდევარნი ამტკიცებენ, რომ მათი ღვინის დალევა დიდი რაოდენობით შეიძლება ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.
4. ინტერნეტში გასული წლის დომინანტი თემა ღვინის ავტორის ეთიკა გახდა. კიბერსივრცეში დაუსრულებლად ყვებოდნენ ღონისძიებაზე, რომლის მოწყობაში პირველი ესპანელი ღვინის ოსტატის, პანჩო კამპოს ხელი ერია. ბრალდება იმაში მდგომარეობს, თითქოს პანჩო სთხოვდა ადგილობრივ ესპანელ მეღვინეებს შეეგროვებინათ გარკვეული თანხა მათ რეგიონში რობერტ პარკერის გუნდის წევრის, ჯეი მილერის ჩასასვლელად. ამ გზით ისინი გადიოდნენ პირდაპირ კონტაქტზე პარკერთან, მათი ღვინოები კი მონაწილეობას მიიღებდა დეგუსტაციებში და მაღალი ალბათობით, საქებარ შეფასებებსაც დაიმსახურებდა. ამ სკანდალურ საქმეს დღეს Master of Wine აკონტროლებს, პანჩო კამპო კი ბრალდებებს უარყოფს. 
ბოლო მსხვილი ღონისძიება, რომელიც მან ჩაატარა, იყო ამბიციური საერთაშორისო ღვინის კონფერენცია ჰონკონგში - WineFuture. სამი დეგუსტაცია, რომელიც ერთობლივად 1000 მონაწილისთვის გაიმართა, ჩემი, პარკერისა და კამპოს მიერ იყო ორგანიზებული. გარდა ამისა, გადაღებულია ფილმი, სადაც ჩანს, როგორ მოძრაობს პანჩო ახალი "ფერარით.” ასეთი ქმედება უფრო მეტად არწმუნებს ღვინის საზოგადოებას იმაში, რომ ამ ისტორიაში პანჩო მთლად სუფთა არ იყო.
5. იმ ფონზე, როდესაც ღვინის კრიტიკოსებისთვის ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები მცირდება, სულ უფრო მეტი მომხიბლავი წინადადება ჩნდება მათთვის, ვინც ღვინის თემაზე წერს. იგულისხმება სარეკლამო ტიპის მასალები, სადაც აღწერილი და შეფასებულია კონკრეტულ ღვინის მწარმოებელთა პროდუქცია, ოღონდ ავტორის მითითების გარეშე.
მიჭირს დავიჯერო, რომ მომხმარებელი, რომელიც მაღაზიათა ქსელ Tesco-ში ღვინოს ყიდულობს, მუდმივად მონაწილეობს მწარმოებელთა და ღვინის კრიტიკოსთა მიერ მოწყობილ დეგუსტაციებში და შემდეგ გამოხმაურებებს წერს. 
6. აზია კვლავაც აღელვებს ღვინით მოვაჭრე ადამიანთა წარმოსახვას მსოფლიო მასშტაბით. ბოლო დროს "სასიყვარულო” ურთიერთობა ორმხრივი ხდება. სულ უფრო იზრდება იმ ჩინელთა რიცხვი, რომლებიც ბორდოულ შატოებს და ღვინის მეურნეობებს ყიდულობენ.
თავიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩინელები წინამორბედთა შეცდომებს იმეორებდნენ და ღვინის მეურნეობებს შენობისა და მშვენიერი გარემოს გამო ყიდულობდნენ. მათ გამოჩენამდე ამერიკიდან და ევროპიდან ჩამოსული "ახალი ბორდოელები” ინვესტიციებს ძირითადად ლამაზ შენობებში აბანდებდნენ, შემდეგ კი წუხდნენ, რომ იქ დაყენებული ღვინო მომგებიან ფასში არ იყიდებოდა.
ისეთი რაიონები, როგორიცაა Bourg და Entre-Deux-Mers, მართლაც ულამაზესია ლანდშაფტისა და სოფლის იდილიის თვალსაზრისით, მაგრამ ადგილობრივი ღვინოები ნაკლებად აინტერესებს Bordeaux place - სავაჭრო პლატფორმას, რომელიც უკვე ასწლეულებია ახორციელებს ბორდოს ღვინოთა გაყიდვას მთელს მსოფლიოში.
თუმცა ამჟამად ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩინელებმა ტაქტიკა შეცვალეს. ბევრი მათგანისთვის ბორდოში შეძენილი მეურნეობა ჩინურ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის შუამავლების გარეშე ჩატანის საუკეთესო საშუალებაა. სწორად შერჩეული შეფუთვის, ლამაზი ეტიკეტისა და საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის წყალობით მედოკის მოკრძალებულ მეურნეობათა არაერთ ღვინოს, თუნდაც Château Laulan Ducos-ს, აქვს შანსი გახდეს წარმატებული ბრენდი ჩინეთში. 
ჯერ კიდევ შვიდი წლის წინათ ამ მეურნეობის მფლობელი ფრედერიკ დიუკო, რომელმაც თავისი მეურნეობა ამბიციურ ჩინელს, რიჩარდ შენს მიჰყიდა, ჩიოდა, რომ Bordeaux place მის პროდუქციას იგნორირებას უკეთებს და არ შეუძლია გაყიდოს cru bourgeois კატეგორიის ღვინოთა თითო ბოთლი 5 ევროზე მეტად. 
7. 2011 წელი აღინიშნა იმითაც, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ღვინის შეფუთვას ბუნებრივი ნედლეულის სასარგებლოდ. ბევრი მწარმოებელი პოლისტიროლის Styrofoam-ს მუყაოს ყუთებს ამჯობინებს, ან კიდევ უკეთეს - მილისებრი ფორმის ყუთებს, რომელშიც მწარმოებლები სადეგუსტაციო ნიმუშებს ათავსებენ (WIT - Wine in Tube). მინის მძიმე ბოთლებს ამ მიზნით სულ უფრო ნაკლებად იყენებენ. ამასთან, სულ უფრო ხშირია საუბრები მინის ალტერნატივის მოსაძიებლად.
და ბოლოს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ინგლისური ცქრიალა ღვინოების დიდი წარმატება 2011 წელს. როგორც იქნა, დამოკიდებულება მათ მიმართ სერიოზული გახდა.
 
მოამზადა ნანა კობაიძემ
 
© ღვინის კლუბი/Weekend


ავტორი: ელიზბარ თალაკვაძე - 29/01/2012 ქალბატონო ჯენსის, მსოფლიო მეღვინეობის ისტორიის მშვენიერი მკვლევარი ბრძანდებით და ჩემი რჩევა იქნება სხვა საკითხებზე ნუ გადაერთვებით, ამხანაგ სტალინივით წერას ნუ დაიწყებთ.თქვენს სტატიაში სახეზეა ის, რისგანაც პირველ რიგში უნდა განთავისუფლდეს მსოფლიო მეღვინეობაც და ზოგადად მსოფლიო მენტალიტეტი - საკითხისადმი ინტენსიური, საბჭოთა მიდგომა. მიდგომა, როცა წინასწარ არის ცნობილი ყველა "შედეგი" და საქმიანობა, მეცნიერული კვლევა იქნება ეს თუ ბიზნეს საქმიანობა, ამ "შედეგების" მიღწევას ემსახურება.ჩემი აზრით საჭიროა ყველა მიმართულებას მიეცეს განვითარების საშუალება. განვითარება ექსტენსიური უნდა იყოს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე "მფრინავი" მეღვინე (flying wine maker} ჩამოიყვანეს ლონდონში და თქვენ უკვე მათ წინააღმდეგ ილაშქრებთ. თქვენ ფიქრობთ რომ ყველაფერი კარგად ვიცით და სხვისი გამოცდილება არ გვჭირდება? იქნებ პირიქით, მათ აქ დაფუძნებას უნდა შევუწყოთ ხელი? რუსული ემბარგოს შემდეგ მარტო ლონდონის ღვინის ხარისხი კი არ გაიზარდა, თანამედროვე ლონდონურ მეღვინეობას ჩაეყარა საფუძველი. მეღვინე და აფერისტი ერთმანეთის სინონიმებად აღარ აღიქმება. რად უნდა ამას ბევრი კამათი, რომ რუსული ბაზარი ისევე დამღუპველია მეღვინეობისთვის, როგორც მარგებელია ეკონომიკისთვის.რაც შეეხება ღვინის შენახვას, ღვინოს ბოთლი ინახავს და არა მეღვინე.გაუგებარია თქვენი პრეტენზია -"მათ არ იცოდნენ ღვინის შენახვა, რადგან ეს მათ გეგმაში სულაც არ ჯდებოდა". გაუგებარია რა დაგიშავათ ქართულმა ჯიშებმა. რატომ ასხამთ ცივ წყალს იმ ენთუზიასტებს, რომლებიც ქართულ ჯიშებს აშენებენ. მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნებოდა, მაგალითად, ისეთი მოკლე ვეგეტაციის პერიოდის მქონე და ცნობილ ჯიშის, როგორიც დანახარულის გაშენება შარდონესათვის გამოუსადეგარ გრილ რაიონებში.მოდით ნუ ვიტყვით- "რა საჭიროა „ქართული საფერავი“?" და ნუ დავაწესებთ ტაბუებს დარგში, რომელშიც ახლა გვიწევს ფეხის ადგმა. ბოლოსდაბოლოს არტიშოკს მალბეკი არ სჯობია? მუდამ თქვენი - ელიზბარი!


სახლში ნასვამი რომ დაბრუნდები კომენტებს ნუღარ დაწერ, უბრალოდ დაწექი და ეცადე დაიძინო.


ბარის :))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული