Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პროექტ „ღვინის სოფლის“ მორიგი შეხვედრები ღვინის გაყიდვებს მიეძღვნა

ლევან სეფისკვერაძე

გასული წლის ზაფხულში დაიწყო პროექტი „ღვინის სოფელი“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია სასტუმრო „მარტვილი პალასი“ - სამეგრელოში და „მენაბდის მარანი“ - გურიაში, ასევე ღვინის მაღაზია-ბარების ქსელი „8000 მოსავალი“.

პროექტი სამეგრელოსა და გურიის ღვინის მცირე მარნებისთვის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს და ექსპერტთა ჯგუფის უმთავრესი მიზანი იმ მარნების შერჩევაა, რომლებმაც 2023 წლის გაზაფხულამდე შეძლებენ საკუთარი მარნებისა და ვენახების ტურიზმზე სათანადოდ მორგებას. ყურადღების მიღმა არ დარჩა ის მარნებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სამიზნე ჯგუფში.

სამეგრელო-გურიაში პროექტ „ღვინის სოფლის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი და 2023 წელს პირველი გასვლა 10-12 თებერვალს განხორციელდა და თემატურად უკავშირდებოდა ღვინის გაყიდვა-კომუნიკაციას. 10 თებერვალს მარტვილში, “სასტუმრო მარტვილი პალასში“ და 11 თებერვალს ჩოხატაურში, „ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრში", ღვინის მაღაზიათა ქსელ „8000 მოსავალი“-ს დამფუძნებელმა ირაკლი ჩხაიძემ ადგილობრივ მევენახე-მეღვინეებს ღვინის გაყიდვების კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრებში მონაწილეობდა მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი, რომელიც მევენახე-მეღვინეებს მეღვინეობის მიმდინარე საკითხებზე ინდივიდუალურად ესაუბრა.

ირაკლი ჩხაიძის გამოსვლა დაეყრდნო იმ ექვსწლიან გამოცდილებას და დაკვირვებას, რომელიც მან ღვინის მაღაზიას-ბარ „8 ათას მოსავალში“ შეიძინა. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით მან განიხილა რა ხდება დღეს საქართველოს ღვინის ბაზარზე და აქედან დამწყები მეღვინეებს საკუთარი დასკვნების გამოტანის საშუალება მიეცათ.

ირაკლი ჩხაიძე, ღვინის მაღაზიათა ქსელ „8000 მოსავალი“-ს დამფუძნებელი: „საქართველოში ღვინო მუდმივად იყო. ღვინოს ბევრი მიზნით აყენებდნენ. ზოგი ამ სასმელს თავისი სიმდიდრის გამოსახატავადაც კი აყენებდა. მე ვფიქრობ, რომ კარგი ღვინის გაყიდვაზე დიდი მადლი არ არსებობს, რადგან ამით ამდიდრებ ქართული ღვინის გემოს და სხვას აძლევ საშუალებას, რომ კარგი ღვინო დალიოს.

ჩვენი მაღაზიების ქსელში თეთრი და წითელი ღვინო თითქმის თანაბარი რაოდენობით -  35-35% იყიდება. ქარვისფერი ღვინო ცალკე გვაქვს გამოყოფილი. ჯამში თეთრი ყურძნისგან დამზადებული ღვინო (მათ შორის ქარვისფერებიც შედის)  უფრო იყიდება, ვიდრე წითელი. კლასიკურ ღვინოებს მეტწილად დიდი სუფრებისთვის ყიდულობენ, ქვევრის ღვინოს უფრო მაღალი კლასი აქვს და შესაბამისად უფრო ძვირია. ეს ასევე ეფუძვნება არა მხოლოდ თანხობრივ, არამედ რაოდენობრივ მაჩვენებელსაც.

ტექნოლოგიების მხრივ ნახევარზე მეტი  - 54% მოდის კლასიკურად, ჭაჭის გარეშე დაყენებულ ღვინოზე. მერე მოდის ქვევრი და ცქრიალა, ქვევრი და კასრი და სხვა. სხვათაშორის ბევრს არ მოსწონს ქვევრში და მერე კასრში დაყენებული ღვინო. ფიქრობენ, რომ კასრი უკარგავს ღვინოს გემოს და ყველაფერს აერთგვაროვნებს. ბოლო დროს გამოჩნდა ე.წ. პეტნატების სახეობა. ჭაჭაზე დაყოვნებული, ოღონდ უჟანგავი ფოლადის კასრში დაყენებული ღვინო ბევრს დიდად არ მოსწონთ და რაკი ჭაჭაზეა დაყენებული, ურჩევნიათ ისევ ქვევრის იყოს. იშვიათია შემაგრებული ღვინის კლიენტიც და დამყენებელიც.

ქართველი კაცი ოდიდგანვე იყო მშრალი ღვინის მსმელი. არასოდეს მინახავს ქართველი, რომელსაც ეთქვას, გუშინ „ტვიშზე“ ვიქეიფეო. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ჩვენს ქსელში გაყიდვების 75% სწორედ მშრალ ღვინოებზე მოდის. მეორე ადგილზეა ნახევრად ტკბილი ღვინო, რაც ძირითადად „ქინძმარაულის“ და „ტვიშის“ პოპულარობის ხარჯზეა. ღვინის დამწყები მსმელები ითხოვენ ხოლმე ასეთ ღვინოს. ნახევრადმშრალებიდან ძირითადად საფერავები გვხვდება, როდესაც მეღვინეს ასეთი ღვინო შემთხვევით დაურჩა, თორემ არ მინახავს მეღვინე, რომელსაც ნახევრადმშრალი ღვინო გამიზნულად დაეყენებინოს.

რეგიონებიდან გაყიდვებით პირველ ადგილზე არის კახური ღვინო (75%), მეორე ადგილზეა იმერული ღვინოები. ამას მოსდევს შიდა ქართლი და მეოთხეზეა ლეჩხუმი, რაც პირველყოვლისა „ტვიშის“ დამსახურებაა და არა უსახელოურის, რომელიც ყველაზე ძვირი ქართული ღვინოა და ბევრი, ცხადია, ვერ იყიდება. შემდეგ ადგილზეა რაჭა, მერე მოდის სამეგრელო და გურია. ქართულ მეღვინეობას ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში უჭირს და გამოდის, რომ ამ რეგიონში წარმოებული ღვინო ერთი ხელის თითებზე ჩამოითვლება“.

რაც შეეხება ვაზის ჯიშებს... ირაკლი ჩხაიძის განმარტებით, ყველაზე მოთხოვნადია საფერავისგან დაყენებული ღვინოები. ამას მოსდევს ბლენდები (აქ იგულისხმება ერთად დაყენებული ციცქა-ცოლიკოური, რქაწითელი-მწვანე, ქისი-ხიხვი და სხვა), მესამეზეა ქისი, მას მოსდევს რქაწითელი, მწვანე და სხვა... აღსანიშნავია, რომ სიის ათეულში მყოფი მეგრული ოჯალეშებიდან განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა მშრალ ღვინოზე და არა ნახევრადტკბილზე. 

მაღაზიათა ქსელ „8 ათასი მოსავლის“ მონაცემებით, ღვინის შემძენთა 66% მამაკაცია, 34% კი ქალია. ეს მონაცემები იმ მყიდველებს ეხება, რომელთაც ღვინო მაღაზიიდან მიაქვთ. „8 ათასი მოსავლის“ ღვინის ბარში ადგილზე დასალევად ღვინოს ქალები უფრო უკვეთავენ და მათი რიცხვი დაახლოებით 52%-ია. ღვინის მყიდველთა 45% 31-40 წლის ასაკის ადამიანია, 41-55 წლის ასაკის მომხმარებელთა რიცხვი 30%-ია, 24-30 წლის ასაკის ღვინის მოყვარულები 16%-ს შეადგენენ, ხოლო 56 წლის ზემოთ ასაკის მომხმარებლები მხოლოდ 7 % არიან.

ირაკლი ჩხაიძემ მეგრელ და გურულ  მევენახე-მეღვინეებს თავისი მეტად საინტერესო მოსაზრებები გაუზიარა ღვინის კლიენტთა სახასიათო თვისებების შესახებ.

„პირველ რიგში უნდა გამოვყო ე.წ. ნეოფიტები. ამ ადამიანებმა მეღვინეობაზე ცოტა იციან და თავადაც ფიქრობენ, რომ ცოტა იციან (ბევრნი არიან ასეთები). აღსანიშნავნი არიან „მოკრძალებულები“. მათ ბევრი იციან და ფიქრობენ, რომ ამის აფიშირება არაა საჭირო. ასეთი მომხმარებლის რიცხვი მცირეა. არსებობენ „ექსპერტები“, რომლებმაც ღვინოზე ბევრი იციან და თავადაც ფიქრობენ, რომ ბევრი იციან - ასეთებიც ცოტა არიან. ყველაზე მეტნი არიან სნობები, რომლებმაც ღვინოზე ცოტა იციან და ფიქრობენ, რომ ბევრი იციან“ - ამბობს ირაკლი ჩხაიძე.

შეხვედრებზე განიხილეს ღვინის მახასიათებლები, როგორც კომერციული პროდუქტი. ხაზი გაესვა იმას, რომ ერთი ბოთლის უკან შესაძლოა უამრავი ინფორმაცია იყოს და ეტიკეტი თუ კონტრეტიკეტი ინფორმაციულად კარგად უნდა იყოს შედგენილი. არცერთ საკვების და სასმელის უკანა ეტიკეტს არ კითხულობს მომხმარებელი ისე, როგორც ღვინისას. იქ ელოდება ისეთ რამეს, რაც შეავსებს პროდუქტს. ღვინის ძველ ქვეყნებში ძალიან ხშირად მშრალ ეტიკეტებს აკეთებენ - წინ შატოს გამოსახულებაა და უკან თითქმის არაფერი წერია. ახალი ღვინის ქვეყნებში კი წერენ ღვინო როგორ იყო დაყენებული, როგორი ამინდი იყო იმ წელს, წინ შეიძლება საკუთარი შინაური ცხოველი დაახატონ, რომელიც ამ პროცესშია ჩართული და მომხმარებლისთვის ესეც საინტერესო იყოს.

მნიშვნელოვანია ხარისხის განმსაზღვრელი კონტრეტიკეტი. მასზე სასურველია დატანილი იყოს კლიმატი და აღიწეროს ზამთარი როგორი იყო, ზაფხული და ა.შ. (საუბარია მოსავლის წლის აღწერაზე). შეიძლება დაიწეროს ვენახის ასაკი, დაყენების ტექნოლოგია, არის თუ არა დავარგებული. საკვებთან შეხამების დროს სჯობს ერთი კონკრეტული კერძი დაიწეროს, ვიდრე ჩამოწერო ყველა კერძი ერთად - თევზი, ქათამი, შაშხი, ბოსტნეული თუ სხვა...

ირაკლი ჩხაიძე: „გაყიდვების კუთხით ბევრი რამ არის დამოკიდებული ღვინის მწერლებზე, დეგუსტატორებზე, სომელიეებზე, ღვინის მასტერებზე და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო ადამიანივითაა. იბადება, იზრდება, ბერდება, კვდება. სხვა სასმელები ასე არ არიან. მას დროის მანქანას ადარებენ. 20 წლის მერე რომ სვამს მეღვინე, ბრუნდება იმ დროში, როცა ეს დააყენა და ახსენდება ადრე რა როგორ ხდებოდა.

გაყიდვების კუთხით ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ღვინის ხარისხი, მისი ფასი, ბოთლი, ეტიკეტი, კონტრერტიკეტი, ჩაჩი და  საცობი. უმნიშვნელოვანესია მეღვინის მხრიდან კლიენტთან ურთიერთობის არდაზარება და ხშირად სტუმრობა იმ ბარებში, სადაც ღვინო შეაქვთ. მაღაზიის კონსულტანტებმა კარგად და მუდმივად უნდა იცოდნენ როგორი ღვინო შეაქვს მათთან ამათუიმ მეღვინეს, რათა კლიენტს სწორად და სათანადოდ შესთავაზონ. ასევე მომხმარებელს ძალიან მოსწონს, როდესაც ღვინოს თავად მეღვინე აცნობს და თავის პროდუქტზე ესაუბრება. 

მარნებმა უნდა მოძებნონ ადამიანები, ვინც მათ ღვინოებზე ისაუბრებენ. ეს ხალხი რთველზე დაპატიჟონ და დაიმეგობრონ. არ უნდა გამოგვრჩეს თანამედროვე დროში სოციალური მედიის როლი და ყველას ვურჩევ ამ კუთხით გააქტიურდნენ, ასევე სასურველია ღვინის კონტრეტიკეტზე დატანილი ქონდეთ ე.წ. QR კოდი“.

პროექტის წარმომადგენლების გურიასა და სამეგრელოში შემდეგი ვიზიტი მიმდინარე წლის მარტშია დაგეგმილი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული