Home
ქართული | English
დეკემბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“სტალინის ღვინის სარდაფი” - ინტერვიუ ჯონ ბეიკერთან

Wine Searcher სტალინის ღვინის სარდაფზე წერს. სტატიაში ჯონ ბეიკერის ინტერვიუა, რომელიც ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორია. 1990-იანი წლების დასაწყისში ორი ავსტრალიელი სიდნეიდან თბილისში წამოვიდა იმ იმედით, რომ შეიძენდნენ მრავალმილიონიან სარდაფს, რომელიც ერთ დროს იოსებ სტალინის საკუთრებაში იყო. როგორც ვკითხულობთ, კოლექცია უნიკალურია. რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული წიგნი კი სტალინის მარნის შესახებ ძალიან ბევრ უცნობ და საინტერესო ფაქტს გვიამბობს.

- ჯონ, თქვენ მუშაობდით Double Bay Cellar-ში მაშინ, როდესაც ის იდუმალი ღვინის სია გამოგიგზავნეს. 30 გვერდი უცნაური სახელებით, რაც გაშიფვრას საჭიროებდა. ვინ გამოგიგზავნათ და საიდან გაჩნდა ეს სია თქვენს ხელში?

- როცა ღვინის მაღაზიებს ვფლობდი, მწამდა, რომ ისინი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავებული მაინც. რაც უფრო მეტი ძველი ღვინო გვქონდა, მით მეტი მომხმარებელი გვყავდა, მომხმარებლებთან ერთად კი უფრო და უფრო მეტი ძველი ღვინის მომწოდებელი გვეკონტაქტებოდა. ერთხელაც ჰარი ზუკორი შეგვეხმიანა. ფაქსით მოგვწერა: “გაინტერესებთ?” და თუ კი მისგან ასეთ წერილს იღებთ, ესეიგი რაღაც მართლა საინტერესო აქვს. სია 30 გვერდიანი იყო, თუმცა რთულად გასარკვევი. სულ ორი სვეტი იყო, პირველ სვეტზე ჩამოწერილი სახელები ჩვენთვის უცნობი იყო, მეორე, მარჯვენა სვეტზე კი საინტერესო თარიღები ამოვიკითხეთ, ეს იყო 1865-ის, 1847-ისა და 1910 წლის ღვინოები. ამ სიაში 200-მდე d’Yquem-ის ღვინო იყო 1800-იანი და1900-იანი წლების დასაწყისიდან, ბორდოს საუკეთესო მამულების 1700-იანი წლების ღვინოებთან ერთად.

- როცა გაიაზრეთ, რასთან გქონდათ საქმე, რას ფიქრობდით მაშინ? გქონდათ თუ არა რაიმე წარმოდგენა, თუ ვის ექნებოდა შესაძლებლობა შეეკრიბა მსოფლიოს ყველაზე ანტიკვარული ღვინოების ასეთი არაჩვეულებრივი კოლექცია?

- მაშინ წარმოდგენა არაფერზე მქონდა, ვერც ვერაფერს ვფიქრობდი, უბრალოდ ძალიან დამაინტერესა ამ ყველაფერმა.

- რა კავშირი ჰქონდა ჰარის სტალინის სარდაფთან?

- ჰარი იცნობდა ერთ ახალგაზრდას, სახელად ნევილ როდსს, რომელიც საქართველოში სამთო მრეწველობით იყო დაკავებული, კერძოდ კი ოქროს მაღაროში. თბილისში იყო და იცოდა, რომ ეს კოლექცია არსებობდა. 1990-იანი წლების დასაწყისი იყო, როცა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ხდებოდა, ბევრი რამ მაშინ სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. ჯერ კიდევ გაურკვეველია ვის ეკუთვნოდა სარდაფი, თუმცა გვითხრეს, რომ მათ 1 მლნ. დოლარი უნდოდათ 40 000 ბოთლში.

- რამდენად გავრცელებული იყო მაშინ ღვინის თაღლითობა? თქვენ რა მოიმოქმედეთ შემდეგ?

- ღვინის თაღლითობა დიდი ხანია რაც არსებობს, როგორც კი რაიმე საკმარისად ღირებული ხდება, მაშინვე გამოჩნდება ხოლმე მისი ყალბი ვერსია. როცა შემოთავაზება მივიღე, წარმოუდგენლად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. სანამ საქართველოში გავემგზავრებოდით, იქამდე ვნახეთ მარნის ფოტოები და ობობის ქსელების რაოდენობამ მიგვანიშნა, რომ ღვინის ბოთლები დიდი ხანია იქ ინახებოდა.

- როგორი იყო თქვენი მეთოდოლოგია ამ ღვინოების ავთენტიფიკაციის დასადგენად?

- გამოვიყენეთ ფლუორესცენტული, დღის სინათლის სპეციალური შუქები, რომლებიც ავსტრალიიდან ჩამოვიტანეთ. ამ ასაკის ღვინო ბოთლში ნაკლული უნდა იყოს. შევამოწმეთ ისიც, შეესაბამებოდა თუ არა საცობის შტამპი მითითებულს.

- რა მოხდა 1899 წლის Chateau Suduirant-თან დაკავშირებით?

- ბატონი რევაზი მთავარი მეღვინე იყო, რომელიც მარანს გვაჩვენებდა. მან თაროდან ერთი ბოთლი ამოირჩია და როცა ჩვენკენ ტრიალდებოდა, ხელიდან ხელში გადატანისას ღვინო გაუვარდა. საბედნიეროდ, მსგავს შემთხვევებს ადრეც შევსწრებივარ და სასწრაფოდ, ინსტინქტურად დავუდე ფეხი ღვინოს. ბოთლი გატყდა, თუმცა შევძელით ნაწილის გადარჩენა. უხერხული სიჩუმე იყო, ბატონი რევაზი ძალიან გაწითლდა. მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ დარჩენილი ღვინის გასინჯვა. უნდა ითქვას, ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი იყო.

- მთელი საცავი სტალინის იყო, ხომ არ იცით, რისი დალევა უყვარდა ყველაზე მეტად?

- ბევრი ცნობა არსებობს, რომ სტალინი თავად დიდად ღვინის მოყვარული არ ყოფილა. ის თავის კოლექციას, როგორც ამბობენ, მინისტრებს ასმევდა და შემდეგ ისმენდა იმას, რასაც სიმთვრალეში ამბობდნენ.

- თქვენ მოახერხეთ მისი კოლექციიდან 12 ბოთლის გადმოტანა, რათა გადასამოწმებლად სხვა შატოში გადაგეტანათ?

- დიახ, სანამ მარანს შევიძენდით, იქამდე რამდენიმე ღვინის ბოთლის ავთენტურობის დამოწმება აუცილებელი იყო. გარკვეული დრო გავიდა იქამდე, სანამ მე ბორდოში გავემგზავრებოდი და საბოლოოდ d’Yquem-ში შევძელი გადამეტანა ის რამდენიმე ბოთლი. იმ 30 გვერდიანი სიიდან d’Yquem-ის ერთ-ერთი ბოთლი მგზავრობისას გაიბზარა, შემეშინდა, მე ტროტუარზე ვიდექი 1870-იანი წლების d’Yquem-ის გაბზარული ბოთლით ხელში. სწრაფად უახლოეს მაღაზიაში გავეშურე და Perrier-ის წყლის 2 ცალი 250 მლ-იანი ბოთლი ვიყიდე. ჩვენ შევძელით 500მლ. ძვირფასი ღვინის გადარჩენა, შემდეგ კი მეორე საზარელი მომენტი დადგა. d’Yquem-ში უძველესი და უძვირფასესი ღვინო წყლის ბოთლით მივიტანეთ გადასამოწმებლად. 

- მინდა გკითხოთ, რა გემო ჰქონდა ღვინოს? ოდესმე გახსნიდით, რომ არ გატეხილიყო? 

-ეს კარგი კითხვაა და სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი გავხსნიდი თუ არა Chateau d’Yquem-ის იმ ღვინოს. ახლა მათ ასეთი პოლიტიკა აქვთ, რომ 1945 წელზე ძველ ბოთლებს არ ხსნიან. ამის ნაცვლად კორპისა და ბოთლის შემოწმება ხდება გადამოწმების დროს. ასე რომ, ეს Perrier-ის წყლის ბოთლები, რომლითაც მე შატოში მივედი, ყველასთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო დასაგემოვნებლად, პარიზში ბოთლის დამტვრევისას ასეთ შოკში რომ არ ვყოფილიყავი, დავჯდებოდი სასტუმროში და დავწერდი სრულ ორგანოლეპტიკურ ანალიზს, თუმცა მახსოვს, ღვინო ნამდვილად გამორჩეული და დაუვიწყარი იყო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.