Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის გზამკვლევი 2018 - ავტორის შესავალი

ჩვენი წიგნის მეხუთე გამოცემა თანამედროვე ქართული ღვინის კულტურისთვის ძალზე ტრაგიკულ მოვლენას დაემთხვა. უდროოდ წავიდა სოლიკო ცაიშვილი (1961–2018), ჩვენი მეგობარი, ახალი დროის ქართული ღვინის უმნიშვნელოვანესი მიმართულების, ნატურალური, ბუნებური მევენახეობა–მეღვინეობის ღირებულებათა მესაფუძვლე. ადამიანი, ვინც ერთ–ერთმა პირველმა დაინახა ქართული ღვინის ნამდვილი მომავალი და აქტიურად მონაწილეობდა ტრადიციული ღვინის საუკეთესო წლების შექმნაში. ახლაც სწორედ ასეთ წლებში ვცხოვრობთ, მიუხედავად დიდი ტკივილებისა, დანაკარგებისა, იმედგაცრუებებისა, შეცდომებისა, პრობლემებისა, უცოდინრობისა და გულგრილობისა.

ბოლო ათწლეული ქართულ მეღვინეობაში განუხრელი წინსვლის, ბრძოლის, ჩამოყალიბების, თვითგამორკვევისა და საკუთარი თავის შეცნობის წლებია. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუკი ზერელედ მაინც გაეცნობით ქართული ღვინის ექსპორტის თუ შიდა ბაზრის გამრავალფეროვნების ისტორიას, ენთუზიაზმის და პროფესიონალიზმის ზრდის, დამოუკიდებლობისა და საკუთარი საქმის სიყვარულის მოკლე პერიოდს, რომელიც ყველაზე მთავარს გულისხმობს. სიცოცხლეს.

ამ წლებში ქართულმა ღვინომ ნამდვილი სიცოცხლე დაიბრუნა.

თვალი გაადევნეთ თუნდაც „ახალი ღვინის ფესტივალის“ ისტორიას (2010–2018), სადაც ეს სიცოცხლე ყველგან იგრძნობა. ნახეთ მცირე მარნებისა თუ დიდი კომპანიების დაბადების თარიღები. გადახედეთ ჩვენი წიგნის ისტორიასაც, პირველი გამოცემიდან დღემდე და ადვილად დარწმუნდებით, რომ არაფერი ისე თავისუფლად არ იზრდება, არაფერი ისე კარგად არ იდგამს ფესვს, როგორც ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნა, გნებავთ სკეფსისი. ჩნდება აუარება კითხვა, ზოგადი თუ კონკრეტული კითხვები, რომელთაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. და ვფიქრობ, მომავალი წლები სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მოვუნდებით. თუმცა არ დაგვავიწყდეს, კითხვის დასმისას მხოლოდ სხვის პასუხს არ უნდა ველოდოთ. ხშირად ეს პრობლემური და მწარე, დამაიმედებელი თუ მარტივი პასუხები ჩვენს თავშივე იბადება, ჩვენვე ვპასუხობთ იმ კითხვებს. სწორედ ესაა დამოუკიდებლობა და თავისუფლება და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ქართულმა ღვინომ საბოლოო თავისუფლებას მიაღწიოს.

ეს „გამათავისუფლებელი ბრძოლა“ ძალზე რთული პროცესია და იგი რთული იქნება მომავალშიც. ქართულ ღვინოს კი სირთულეების არ ეშინია.

გაუმარჯოს ღვინოს და თავისუფლებას!

მალხაზ ხარბედია

საქართველოს ღვინის კლუბის დამფუძნებელი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული