Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

განვლილი 2016 წელი ქართულ მეღვინეობაში

გიორგი ბარისაშვილი

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებში პრობლემებს რა გამოლევს? ამ პრობლემათა სათავეში დღევანდელ დღეს ღვინის ფალსიფიკაცია და დარგობრივი ცოდნის დაბალი დონე დგას. ეს უკანასკნელი პრობლემა კი უპირატესად მევენახეობის სფეროს ეტყობა. უკვე ტრადიციულად გთავაზობთ განვლილი წლის ზოგად მიმოხილვას ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროებში. შევეხოთ 2016 წლის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს.

  დავიწყოთ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოცემული ლიტერატურით. გასული წელი ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან ქართულ ლიტერატურას, რაც ჯერხნობით საკმაოდ მწირია, ერთდროულად შეემატა რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი გამოცემა.

  • შევეხოთ ქართული ღვინის გზამკვლევს (2016), რომელიც მეოთხე გამოცემაა. ესაა ძალზე მნიშვნელოვანი ქართულ-ინგლისური გამოცემა, სადაც დაწვრილებითაა განხილული საქართველოს მეღვინეობის ამჟამინდელი სიტუაცია. წიგნი სრულებით ამართლებს მის სახელს და ის დიდ დახმარებას უწევს განსაკუთრებით ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირებს. გამოცემას ტრადიციულად თან ახლავს საქართველოს ღვინის რუკა. ავტორი – მალხაზ ხარბედია.
  • მომდევნო გამოცემა, ჟურნალი „giz“-ის პროექტის ფარგლებში, გერმანიის თანამშრომლობის ინიციატივით გამოიცა. ესაა ჟურნალი სახელწოდებით - „ღვინის დეგუსტაციის სახელმძღვანელო, ღვინის დეფექტების ამოცნობა“. თბილისი, 2016. ავტორი – ინგა ფუნკე. ჟურნალი მკითხველს დახმარებას გაუწევს ღვინის დაგემოვნებისას მისი დეფექტების აღმოჩენაში და მათ იდენტიფიკაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს გამოიცა ორი გამოცემა.

  • ბატონი ლევან ფრუიძის წიგნი – საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია. წიგნი მეორე, მევენახეობა. ბატონი ლევან ფრუიძის წიგნის პირველი ნაწილი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს გამოსცა. ქართველ მკითხველს წინ ელოდება მესამე წიგნიც. ვიმედოვნებთ, რომ მასაც მალევე ვიხილავთ.
  • ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული მეორე წიგნი ესაა – „ქართული მარანი“, ავტორი – გიორგი ბარისაშვილი. ეს გახლავთ მეორე გამოცემა. წიგნი პირველად 2013 წელს გამოიცა, მაგრამ მცირე ტირაჟის გამო მან ვერ დააკმაყოფილა ფართო საზოგადოების მოთხოვნა.
  • მომდევნო გამოცემა ესაა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული წიგნი – „ღვინის დაყენება“. პირველად ეს წიგნი 1895 წელს, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ავტორობით გამოიცა. ხუთასზე მეტ გვერდიანი ეს ახალი, მეორე გამოცემა დაინტერესებული პირებისათვის უკვე ხელმისაწვდომია.
  • ამავე წელს გამოიცა ორი ბროშურა, „მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი“ და „ვაზისა და ღვინის ანბანი“. გამოცემების ავტორია გიორგი ბარისაშვილი.
  • ასევე აღსანიშნავია ოქროულობისა და ანტიკვარიატის სალონი „დიადემას“ ორგანიზატორობით გამოცემული კატალოგი სახელწოდებით „მეტყველი სასმისები“, სადაც შესულია XVIII–XX სს ხელნაკეთი სასმისები და ღვინის ჭურჭელი. ამ საკითხს ჩვენ ცოტა ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით.
  • გვაქვს ერთი ინგლისურენოვანი გამოცემაც, რომელიც ცნობილმა ღვინის მწერალმა, ქალბატონმა ელის ფეირინგმა დაწერა. ესაა წიგნი სახელწოდებით – „For the love of wine“ Alice feiring. (“ღვინის სიყვარულისათვის”). წიგნში აღწერილია ავტორის მოგზაურობა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში. უდაოდ საინტერესო იქნება ამ ინგლისურენოვანი წიგნის ქართული თარგმანიც... უნდა აღინიშნოს, რომ გამოსაცემად მზადაა ღვინის მწერლის, ქალბატონი კარლა კაპალბოს წიგნიც, რომელიც მთლიანად ეხება მის კულინარიულ მოგზაურობას საქართველოში.
  • „ასოციაცია ქართულმა ღვინომ“ გამოსცა ინგლისურენოვანი წიგნი „ქაული ღვინის ტურიზმის გზამკვლევი“, რომლის ავტორებიც სალი უათი და ლიზა გრანიკი (MW) არიან და სადაც დეტალურადაა მიმოხილული საქართველოს ყველა ღვინო–ტურისტული კერა.
  • გასულს წელს ბატონმა ბონდო კალანდაძემ გამოსცა ქართულ-რუსული წიგნი „საქართველო - ღვინის აკვანი“. საკმაოდ მოცულობით ილუსტრირებულ წიგნში ძირეულადაა განხილული XIX-XXI სს-ების ქრონიკები და ისტორია საქართველოს ვაზისა და ღვინის სფეროდან.
  • 2016 წლის გამოცემების მიმოხილვის ბოლოს გვინდა შევეხოთ გასული წლის მიწურულს გამოცემულ ღვინის დიდ ენციკლოპედიას. რედაქტორ-კონსულტანტი – მალხაზ ხარბედია. 550 გვერდიანი ეს ქართულენოვანი ილუსტრირებული ენციკლოპედია ნამდვილად დიდი საჩუქარია ქართველი მკითხველისთვის. წიგნში ძირითადად უცხოეთის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებია განხილული, მაგრამ აქვე ვხვდებით ინფორმაციას საქართველოს შესახებაც (ქართული ტექსტის ავტორი მალხაზ ხარბედია). ამ სფეროში ესაა პირველი ქართულენოვანი გამოცემა და ამგვარად ის მეტად საინტერესოა, რადგან უცხოენოვანი გამოცემები, რომლებიც ვაზისა და ღვინის სფეროში გამოიცემა, ქართველი მკითხველისათვის ძირითადად ხელმიუწვდომელია. წიგნის გამოწერა ან შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ვაზისა და ღვინის სფეროს ყველაზე მეტად ესაჭიროება გამოცემები, რომლებიც იქნება პოპულარულ ენაზე დაწერილი სასწავლო სახელმძღვანელოების ხასიათისა, რადგან, როგორც თავში აღინიშნა, ბოლო პერიოდში აშკარად აღინიშნება ვაზისა და ღვინის სფეროში მომუშავე პირების ცოდნის დეფიციტი.

ახლა კი თვალი გადავავლოთ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გასულ წელს ჩავლილ მოვლენებს. ბოლო პერიოდში საკმაოდ მრავლად იმართება ღვინის დეგუსტაციები, ლექციები, სემინარები, გამოფენები და სხვ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ზოგადი მიმოხილვის ჩარჩოები ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მომხდარ ყველა მოვლენას ვერც დაიტევს და აქედან გამომდინარე შევეხებით მხოლოდ ძირითად საკითხებს. დავიწყოთ ახალი ღვინის ფესტივალით, რომელიც უკვე მეორე წელია, განსხვავებული ფორმატით იმართება. ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანია და მასში თითქმის მთელი საქართველო მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ გამოფენაზე სულ უფრო და უფრო მეტი ტრადიციული მარანი იღებს მონაწილეობას.

ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, 2016 წელს მეშვიდეჯერ ჩატარდა.

ასევე ტრადიციადაა ქცეული ბათუმის „ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალიც“, რომელიც 2016 წელს მეცხრედ ჩატარდა. ეს ღონისძიება, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ტარდება, მეტად მნიშვნელოვანია, რადგან აჭარაში ვაზისა და ღვინის კულტურა მიზეზთა გამო მეტად შეჭირვებულ დღეშია და მოითხოვს ჩვენს დიდ ყურადღებას. ამავე ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად აჭარაში უკვე აშენდა რამდენიმე მარანი და ეს პროცესი საბედნიეროდ კვლავ გრძელდება.

2016 წელს თბილისის ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრმა უმასპინძლა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მეცხრე გამოფენას.

შემდეგი და ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართულ მეღვინეობაში უდაოდ „წლის მოვლენად“ უნდა ჩაითვალოს, ესაა „ქართული ღვინის კვირეული 2016“. კვირეულის ფარგლებში, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც ჩატარდა, არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყო.

  • კვირეული 22 სექტემბერს იყალთოს ქვევრის სკოლაში გაიხსნა.
  • 23 სექტემბერს თბილისში ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკაში გაიმართა საღამო, რომელიც მიეძღვნა ბოლო პერიოდში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გამოცემულ ლიტერატურას. ამავე საღამოს მოხდა გამოცემების ავტორების დაჯილდოვებაც. საღამოს დასასრულს გაიმართა ღვინის დაგემოვნება.
  • 24 სექტემბერს მოხდა ქეთევან სადღობელაშვილის ფილმის – „ვაზში დაკარგულების“ ჩვენება, რომელიც გაიმართა პეტრიაშვილზე, ღვინის პირველ ქარხანაში.
  • 25 და 26 სექტემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ჩაატარა ქართული ღვინის III ეროვნული კონკურსის პირველი და მეორე ტური, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოვება ჩატარდა 2 ოქტომბერს. ამავე ღონისძიებაზე მოხდა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის რამდენიმე პირის დაჯილდოვებაც.
  • 28 სექტემბერს ღვინის პირველი ქარხნის სარდაფში საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება – „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“, სადაც მემარნეებმა მომსვლელებს საკუთარი ღვინო შესთავაზეს.
  • 29 სექტემბერს „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით კვირეულმა მარნეულში გადაინაცვლა. აქვე მოეწყო ღვინის გამოფენა და დეგუსტაცია.
  • 30 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტმა – მალხაზ ხარბედიამ წარადგინა მისივე გამოცემული წიგნი „ქართული ღვინის გზამკვლევი“. აქვე ჩატარდა სხვადასხვა მწარმოებლების ღვინოების დაგემოვნებაც.
  • იმავე დღეს თელავში გაიმართა ღონისძიება „თელავინო“, რომელიც ჩატარდა კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით.
  • 1 ოქტომბერს ღვინის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია კახეთში, სადაც მონაწილეებმა დაათვალიერეს დიდი და მცირე მარნები, ჩატარდა ლექციები და მოეწყო რამდენიმე კონკურსიც.
  • ღვინის კვირეულის ბოლო დღეს, 2 ოქტომბერს რიყის პარკში გაიმართა მასობრივი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო 20-25 ღვინის საწარმო. ამავე ღონისძიების ფარგლებში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მეღვინეობის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის დააჯილდოვა რამდენიმე მეღვინე.

2016 წლის 11-15 დეკემბერს დედაქალაქში გაიმართა პირველი გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის სასმისები. ღონისძიება სახელწოდებით „მეტყველი სასმისები“ ოქროულობისა და ანტიკვარიატის სალონ „დიადემაში“ გაიმართა. გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, როგორც ანტიკური პერიოდის, ისე XVIII-XIX სს-ის ხელნაკეთ სასმისებს: აზარფეშას, ბადიას, თასს, ყანწს, კულას, ხრიკასა და სხვ. როგორც ზემოთ აღინიშნა, სპეციალურად ამ დღისათვის მაღაზია დიადემამ გამოსცა კატალოგი სახელწოდებით „მეტყველი სასმისები“.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა დავით სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა „ეტიკეტის ხელოვნება“. გამოფენაზე XIX საუკუნის დასასრულისა და XX-საუკუნის დასაწყისის ღვინის 200-მდე ეტიკეტი იყო გამოფენილი. ეს 20 დღიანი გამოფენა გაიხსნა 18 დეკემბერს.

რაც შეეხება უცხოეთის გამოფენებს, სადაც ქართული მხარეც იღებდა მონაწილეობას, ალბათ 2016 წელი რეკორდული იყო. ამგვარი გამოფენების უბრალოდ ჩამოთვლაც კი ძალზე შორს წაგვიყვანს...

  შევეხოთ რამდენიმე საკითხს. სასიხარულოა, რომ საქართველოში და უპირატესად კახეთში ტრადიციაული მარნების მშენებლობამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ასევე ფართო ხასიათს იღებს ძველი ქართული ვაზის ჯიშების გაშენებაც. უნდა ითქვას, რომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებასა და ამაღლებას სწორედ ეს გარემოება შეუწყობს ხელს.

 საქართველოს მევენახეობის სფეროში დიდ პრობლემას წარმოადგენს ყურძნის მოსავლის სუბსიდირების საკითხი, რომელიც უკვე წლებია, ტვირთად აწევს ჩვენს ქვეყანას. ასევე პრობლემატური საკითხია ვაზისა და ღვინის ქართული კანონი, რომელიც საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი განხილვის ფაზაშია.

უნდა აღინიშნოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მმართველის, გიორგი სამანიშვილის ინიციატივა ქვევრის სტანდარტის დაწერასთან დაკავშრირებით. ამ ეტაპზე უკვე დაწერილია სტანდარტის სამუშაო ვერსია, რომელიც განხილვის ფაზაშია. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში პრობლემები ჯერ-ჯერობით მრავლადაა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ გადასაჭრელად ბევრიც კეთდება. სამწუხაროდ, ღვინის ფალსიფიკაცია კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩევნს ქვეყანაში. ამ სენის ძირეულად აღმოსაფხვრელად ჩვენ წინ გვიდევს ძალზე გრძელი და მძიმე გზა, რომლის ბოლოც ჯერხნობით არ ჩანს.

მცხეთა, 2016 წ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მაინტერესებს, სად შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი ლიტერატურის შეძენა. რამოდენიმე წიგნის გარდა (მაგ: ღვინის დიდი ენციკლოპედია, ქართული ღვინის გზამკვლევი 2016, მევენახეობა-მეღვინეობის ლექსიკონი) ვერცერთი ვერ მოვიძიე წიგნის მაღაზიებში.


ღვინის დიდი ენციკლოპედია, ქართული ღვინის გზამკვლევი 2016 - ეს წიგნები ბიბლუსის ქსელშია.


ეგ წიგნები მაქვს. დანარჩენები მაინტერესებს.


ბონდო კალანდაძის წიგნი - ბიბლუსი. გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობისლექსიკონი და ვაზისადა ღვინის ანბანი - ბიბლუსი. ღვინის დიდი ენციკლოპედია - ბიბლუსი. ელის ფეირინგის ინგლისურენოვანი წიგნი - პრპსპერო. კატალოგი "მეტყველი სასმისები" ოქროულობისა და ანტიკვარიატის მაღაზია - დიადემა. დანარჩენი წიგნები ჯერ-ჯერობით არსად არ იყიდება. მაღი მოძებნა შეიძლება (ალბათ) ავტორებთან...


გმადლობთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული