რედაქტორის ბოლოსიტყვაობა
ასეთი მასშტაბის ღვინის ენციკლოპედიური გამოცემა ქართულ ენაზე პირველად გამოდის. Le Grand Larousse du vin ის წიგნია, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ღვინის სამშობლოს წოდების მატარებელ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქსელურ სამყაროში ღვინის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, ძალზე რთულია მათი გაანალიზება და დალაგება, სასურველი და საჭირო თემის გამორჩევა. განსაკუთრებით რთულდება საქმე, როდესაც მევენახეობის ან მეღვინეობის საკითხების რკვევას ვიწყებთ, ვცდილობთ გავიგოთ ამ სფეროს თანამედროვე მდგომარეობა. ამ დროს მართლაც ძნელია ხოლმე ინტერნეტში ერთიანი, ცხადად ჩამოყალიბებული ტექსტების პოვნა. ამგვარი გამოცემების როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მიაწოდოს მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია თითქმის ყველაფერზე, რაც ღვინოს შეეხება: მევენახეობა, მეღვინეობა, ღვინის კანონმდებლობა, ღვინის ისტორია, ღვინის ატრიბუტები, ვაჭრობა, შერჩევა, შეძენა, შენახვა, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება, ღვინისა და კერძის შეხამება და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ამ წიგნში თქვენ მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონს გაეცნობით, ლეგენდარულ ღვინოებს და ახალ ვარსკვლავებს, ძველ და ახალ სამყაროს. წიგნში არაერთი საცნობარო ჩანართია, თავი რომ დავანებოთ უმდიდრეს საილუსტრაციო მასალას, ლექსიკონებსა და საძიებლებს.
გარდა ამისა, ფრანგულს წიგნს წიგნს კიდევ 25 გვერდი დავუმატეთ, სადაც ქართულ ღვინოზე ვისაუბრეთ: ისტორიაზე, ჯიშებზე, მეთოდებზე, რეგიონებზე, თანამედროვე მდგომარეობაზე, ყველაზე ცნობილ ღვინოებზე.
ამ წიგნზე მუშაობა ურთულესი საქმე იყო, რადგან აუარება ტერმინი ხელახლა უნდა მოგვეფიქრებინა, გადასამოწმებელი იყო ასეულობით დასახელება. წარმოიდგინეთ, რამდენი ვიდეო ვნახეთ ამათუიმ სახელის პრონონსის, გამოთქმის საბოლოოდ გადასამოწმებლად, ზოგიერთი ცნების დაზუსტება კი იმის (ტექნოლოგიის, ხერხის და ა.შ.) დეტალურ ცოდნას მოითხოვდა, რაც ამ ცნების მიღმა იდგა. სხვანაირად შეუძლებელია საცნობარო, ენციკლოპედიურ წიგნზე მუშაობა.
ვიცით, რომ შეცდომებისგან არც ეს წიგნი იქნება დაზღვეული, ისიც გვესმის, რომ ზოგიერთი ცნება ვიღაცამ შესაძლოა სხვანაირად გადმოაქართულოს, სხვა ვერსია უფრო მოსწონდეს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გვაქვს გამოცემა, სადაც თითქმის ყველაფრის მოძიება და დაზუსტება შეიძლება.
დღეს საქართველოში, შეიძლება ითქვას, ღვინის ბუმია. ასპარეზზე გამოდიან ახალი მარნები, ახალი ჯიშები, ახალი ღვინოები, ბევრი დაუბრუნდა ტრადიციულ, ქვევრის მეღვინეობას, გაიზარდა ცნობისწადილი. ამ ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად კი ძნელია იპოვო ასეთ გამოცემაზე უფრო მოსახერხებელი და ამომწურავი წყარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინით სიამოვნებას, ღვინის ცოდნაც ახლდეს თან. ჩვენს ქვეყანაში ასეთი ცოდნის მოპოვებას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
მალხაზ ხარბედია
საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი
წიგნის რედაქტორ–კონსულტანტი
თქვენი კომენტარი