Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პროფესიული განათლება მეღვინეობა-მევენახეობის დარგში

სალომე აფხაზიშვილი

მეღვინეობა-მევენახეობა რომ ქართული თვითმყოფადი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ამაზე დღეს ბევრი საუბრობს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში პროფესია - მეღვინეობა ადამიანების ყოველდღიური ყოფის ნაწილია. ბევრს სჯერა, რომ ამ დარგს დამატებითი შესწავლა და გაცნობა აღარ სჭირდება, რადგან მათ ეს ყველაზე უკეთესად იციან. გავრცელებული შეხედულების თანახმად, ეს ტრადიციაა, რომელიც ყველას თავისებურად და აუცილებალდ ადეკვატურად ესმის. გულისხმობს თუ არა ამგვარი მიდგომა პროფესიულ ცოდნას  და რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ მიმართულების განვითარება ღვინის აკვნის სტატუსით მოსარგებლე ქვეყანაში? ამის შესახებ ექსპერტი გიორგი სამანიშვილი საუბრობს:

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მეღვინეობა-მევენახოების დარგის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის ის, რომ უკვე წლებია და დღემდე ასე გრძელდება, რომ არ არსებობს სასწავლებელი, სადაც შესაძლებელია მეღვინე გაიზარდოს და ასევე არ გვაქვს ინსტიტუტი, სადაც შესაძლებელია სამეცნიერო-ტექნიკური კვლევა განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში რამდენიმე უნივერსიტეტი დიპლომსაც გასცემს, არცერთი მათგანი დღეს იმ სიმაღლეზე არ არის, რომ მან პროფესიონალი გაზარდოს“

მეღვინეობის ისეთ პრესტიჟულ რეგიონში, როგორიც საფრანგეთია, მეღვინეობა-მევენახოების მიმართულებით ხუთამდე მსხვილი უნივერსიტეტი და რამდენიმე დარგობრივი კოლეჯი ფუნქციონირებს. ასეთივე მდგომარეობაა იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და მეღვინეობის ისეთ ახალ რეგიონებშიც კი, როგორიც სამხერთ აფრიკა და ავსტრალიაა. მეღვინეობის, როგორც ქვეყნის კულტურისა და ნაციონალური სტატუსის განმსაზღვრელი დარგით, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს არც საქართველო ჩამოუვარდება, თუმცა, თუკი ამ სფეროში მოქმედ პროფესიულ ცენტრებს გადავხედავთ, აბსოლუტურად საწინააღმეგო სურათს დავინახავთ. საქართველოში დღემდე, არათუ მეღვინეობა-მევენახოების სასწავლებელი, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტების ფაკულტეტებს შორის ენოლოგიის დამოუკიდებელი მიმართულებაც კი არ არსებობდა. სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტი ენოლოგიის შესწავლის მსურველ სტუდენტებს ამ მიმართულების არჩევის საშუალებას მხოლოდ მეოთხე კურსიდან აძლევს. მას წინ უსწრებს სამწლიანი თეორიული სწავლება, რომელიც არა უშუალოდ მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში გამოცდილების მიღებას, არამედ ზოგადად, სხვადასხვა ტიპის სასმელის პროფესიულ შესწავლას გულისხმობს. ერთჯერადი და ისიც, რამდენიმეკვირიანი გასვლები სხვადასხვა საწარმოებში მათთვის მხოლოდ თეორიული ექსკურსიებით შემოიფარგლება. კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის იაკობ ჩარკვიანის თქმით, ღვინის დაწურვა-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მან, თავის ჯგუფელებთან ერთად პირველად სწორედ წელს მიიღო:

„მეოთხე კურსზე პირველად მოგვეცა საშუალება, რომ უნივერსიტეტმა ყურძენი იყიდა და ჩვენ, სტუდენტებმა თავად დავწურეთ ის. შემდეგ, მას ჩვენვე ჩავუტარეთ ლაბორატორიული ანალიზები. ყველაზე დიდი მიღწევა ჩემთვის სწორედ ის იყო, რომ სწავლების პერიოდში პირველად მომეცა საშუალება ღვინოსთან უშუალო კონტაქტი გვქონოდა. მეღვინესთვის ეს ბევრს ნიშნავს, რადგან თუ ამ პროფესიას ეუფლები, უნდა შეგეძლოს ღვინოები ერთმანეთისგან ორგანოლეპტიკურ დონეზე გაარჩიო და თუ ღვინოს კარგად არ იცნობ, ამას ვერ შეძლებ“.

გასულ წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ბიზნესმენმა კახა ბენდუქიძემ შეიძინა. სასწავლო პროგრამების სრული რეორგანიზაციის შედეგად, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტატუსიც შეიცვალა. 2012 წელს აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცნობარში, სასოფლო-სამეურნეო უნივერისტეტის ფაკულტეტების ჩამონათვალს შორის, მეღვინეობა-მევენახოების ცალკე მიმართულება გამოჩნდა. მიმართულების  წარმომადგენლების თქმით, სტატუსის ცვლილება სასწავლო პროგრამის დახვეწასა და გამრავალფეროვნებაშიც აისახა. ამ თემაზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სრული პროფსორი შალვა შათირიშვილი საუბრობს:

„მეღვინეობა-მევენახეობის ახალი მიმართულება თავისთავად მოიცავს საგნებს  - ღვინის მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტურიზმი და ასევე ვაზისა და ღვინის კანონმდებლობა. თუკი ადრე სტუდენტები ამ მიმართულებით 7 ტექნოლოგიას სწავლობდნენ, ახლა ისინი სპეციალობის საგნებს გაძლიერებულად ეუფლებიან. საქართველო მეღვინეობა-მევეანახეობის ქვეყანაა და ამ დარგს აქცენტირებული ყურადღება სჭირდება.“

მეღვინეობა-მევენახეობის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის სახით განვითარების მომხრეა სტუდენტი იაკობ ჩარკვიანიც:

„ახლა მეღვინეობის გარდა კიდევ ოთხ ტექნოლოგიას ვეუფლები - ლუდის ტექნოლოგია, უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგია, რძის პროდუქტების ტექნოლოგია და ბიოტექნოლოგია, რაც ვთვლი რომ ზედმეტია. რთულია ხუთივეს ერთნაირად დაეუფლო. როდესაც კონკრეტული მიმართულება გაქვს აღებული უფრო მეტს იგებ, მუდმივად მასზე მუშაობ და განვითარების საშუალებაც უფრო მეტად გაქვს. მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან, საქართველო მეღვინეობის ქვეყანაა, ამ მიმართულებას უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, ვიდრე მაგალითად, ლუდის ტექნოლოგიების სწავლებას. რადგან ჩვენ ლუდის ქვეყანას - გერმანიას, ლუდის წარმოებაში ვერასოდეს დავეწევით, ღვინო კი გვაძლევს საშუალებას, რომ ევროპაში, ფართო ასპარეზზე გავიდეთ“.

დედაქალაქის გარდა, მეღვინეობის სწავლების მიმართულება საქართველოს მსხვილი ქალაქების რამდენიმე უნივერსიტეტსაც აქვს. მათ შორისაა - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასევე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისში. აგრონომიული ფაკულტეტის გარდა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამებიც მოქმედებს, რომელიც მუდმივ განახლებას საჭიროებს. დარგის საგანამანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვასთან დაკავშირებით გიორგი სამანიშვილს ასეთი ხედვა აქვს:

„ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდი და ვიცი, რომ ამას სჭირდება საშუალო ოდენობის თანხა და პროფესიონალების გუნდი, ვისაც დაევალება რომ შექმნას კვლევითი და სასწავლო პროგრამები, რომელიც განხორციელდება, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო ბაზაზე. ამის მაგალითები მთელს მსოფლიოში არსებობს. მეღვინეობა-მევენახოების ყველა წარმატებულ ქვეყანას აქვს მინიმუმ ერთი გამართული სასწავლო და სამეცნიერო უნივერსიტეტი.“

მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებისთვის ეფექტური შედეგების მისაღწევად აუცილებელია, რომ საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში, ფაკულტეტებად და მიმართულებებად მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები დროულად და ადეკვატურად პასუხობდნენ იმ გამოწვევებს, რასაც ქართულ მეღვინეობას დარგის ზოგადი განვითარება და მუდმივად განახლებადი საერთაშორისო სტანდარტები უყენებს.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"



აუცილებელია არა მარტო უმაღლესი სასწავლებელი, არამედ ასევე პროფესიული სასწავლებლებიც, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება მევენახეობა-მეღვინეობის მეცნიერულ დონეზე შესწავლა.


პროფესიული სასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა! განსაკუთრებით ჩვენნაირი ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნისთვის.



დიდი სიამოვნებით, ჩავაბარებდი და ვისწავლიდი.... ფაქტია რომ მასიურად უცოდინრობა გვძალავს


fasiania?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.