Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Café De France – ჯაზი და კარამელი

გიგო მესხიშვილი

ტაბიძის ქუჩა საინტერესო მიკროუბნად ყალიბდება და ამაში თავის როლს ის რამდენიმე ახალი კაფე და რესტორანიც თამაშობს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე გაიხსნა აქ. საღამოობით აქაურ კვების დაწესებულებებში ხალხმრავლობაა, თუმცა არ იქნებოდა ურიგო დღის საათებშიც დატვირთულიყო ეს ქუჩა. მაგალითად, შარშან ითხოვდა ვიღაცა, რომ ტაბიძის ქუჩა თბილისელი ბუკინისტებისთვისაც დაეთმო ქალაქის ხელისუფლებას. მშვენიერი იდეაა – მყუდრო ქუჩა, წიგნები, კაფეები, მუსიკა...

Café De France ორიოდე თვის წინ გაიხსნა და თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ამ დაწესებულების მთავარი ღირსება სასიამოვნო პერსონალი, კარგი მუსიკა და ღვინის შედარებით მრავალფეროვანი ბარათია.

მენიუ, როგორც ბევრ სხვა თბილისურ რესტორანში, არათანაბარია და, შეიძლება ითქვას, მოსაწყენიც. სიახლე და ინტრიგა ნამდვილად არ აწყენდა აქაურ სტარტერებს, წვნიანებსა და თავ კერძებს. მენიუში საკმაოდ ბევრი კორექტურაა, ზოგი სახელი შეცდომით წერია, თუმცა კორექტურას ვინ ჩივის, უფრო არსებითი ნაკლი მის მიღმა იმალება.

სტარტერად ადგილობრივი საფირმო სალათი ავიღეთ (17.90 ლ.), ქათმის ხორცი სოიოს სოუსით, მწვანე ვაშლით, სალათის ფურცლებით და შვეიცარული ყველის კუბებით და რაც მთავარია, მაიონეზით (ღმერთო, როდემდე ამდენი მაიონეზი!). სალათი საკმაოდ მძიმე და პირქუში გამოვიდა, ცხადია ვერც ვაშლი შველოდა საქმეს, მითუმეტეს, რომ საბოლოო შთაბეჭდილებას კარამელი ქმნიდა, რომელსაც ალყაში ჰყავდა მოქცეული ეს უცნაური კერძი. სალათი ცოტათი გამოაკეთა ღვინომ, მართალია თელავის მარნის წინანდალი (1 ჭ. – 8.00 ლ.) ზედმეტად ნაზი აღმოჩნდა ასეთი მოუქნელი სალათისთვის, სამაგიეროდ თელიანის ცოლიკოური (1 ჭ. – 6.00 ლ.) მოუხდა ძალიან, შესაძლოა იმიტომაც, რომ ცოტათი გადაჟანგული იყო.

შემდეგ ხახვის სუპის ჯერი დადგა(6.90 ლ.), რომელიც გემოზე სასიამოვნო იყო, მაგრამ არაფრით გამორჩეული - არც ხახვი იყო კარგად ჩახარშული და გემოზეც ნაკლებად კონცენტრირებული ჩანდა.

კალმახი გრილზე ბოსტნეულით (16.90 ლ.) – გული მომიკვდა, როდესაც ე.წ. ბულგარული წიწაკა აღმოვაჩინე თევზის მიმდებარედ. პოპულის კერძები გამახსენდა, იქ ხომ აბსოლუტურად ყველაფერს ამ საშინელებით კმაზავენ, რათა ვერასდროს ვერაფრის გემო ვერ გაიგო. თევზზე უფრო მეტად ბოსტნეული მესიამოვნა, მითუმეტეს ძალიან მოუხდა თელიანის მუხაში დავარგებული წინანდალი(1 ჭ. – 8.00 ლ.), თუმცა გამიკვირდა, როდესაც ცხვრის ხორციც (18.90 ლ.) ბოსტნეულის ზუსტად ისეთივე შემადგენლობით მოგვიტანეს – ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ლობიო, ყაბაყი, სალათის ფურცლები, თეფშის კიდეებზე კი ისევ კარამელი...

კიდევ კარგი ცხვრის ხორცის საწებელი ცალკე მოვატანინეთ. ეს იყო ნაღების სოუსი, მანანის ფაფის სურნელითა და გარეგნობით, არც კი მიფიქრია მის გასინჯვაზე. მართალია ამის გამო ცხვარი შედარებით მშრალი მეჩვენა, სამაგიეროდ თელავის მარნის მუკუზანმა (1 ჭ. – 13.00 ლ.) მალე დაგვავიწყა ეს ნაკლი.

არც ინტერიერი გამოირჩეოდა განსაკუთრებით, თუმცა განათება სასიამოვნო იყო. ჭარბობდა შინდისფერი, კედლებიდან რონ კარტერი და ოსკარ პიტერსონი დაგვყურებდა კოლეგებთან ერთად. ქურთუკებზე არავის შეუწუხებია თავი, არადა მოგვიანებით შევნიშნე, რომ რესტორანში გარდერობიც იყო. 

ღვინო საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ 4-5 საწარმოსი – თელავის მარანი, თელიანი, თბილღვინო, შატო მუხრანი, შუხმანი, ბაგრატიონი. კარგია, რომ თითქმის ყველა ღვინოს ჭიქითაც მოგართმევენ, თუმცა სხვა საკითხია როგორი ჭიქით. თეთრი მშრალი ღვინო გიგანტური ბაკლებით მოგვიტანეს, რომელიც მართალია ფორმით კლასიკურ ღვინის სადეგუსტაციო ჭიქას გავდა, მაგრამ მონუმენტური ზომისა იყო და უფრო დეკორატიული ეთქმოდა. როდესაც ვთხოვე ეს მონსტრები გამოეცვალათ, უფრო უცნაური, მრგვალი, მუცელგაბერილი ჭიქები მოგვიტანეს. არადა მარტივადაა საქმე მეგობრებო, გახსენით გუგლი და აკრიფეთ Chardonnay Glass– ეს თეთრებისთვის გამოგადგებათ, შემდეგ კი Bordeaux Glass– წითლებისთვის. ღვინისთვის ეს ორი ჭიქა სრულიად საკმარისი იქნება, თუ მაინცდამაინც, შეგიძლიათ ხერესის ბოკალიც შეიძინოთ სადესერტო ღვინოებისთვის.

დიჯესტივზე შატო მუხრანის ტკბილი მუსკატი(1 ჭ. – 8.00 ლ.)და თბილღვინოს ხვანჭკარა(1 ჭ. – 18.00 ლ.)ავიღეთ (მუსკატი რატომღაც ვისკის ჭიქაში ესხა), ამასობაში მუსიკოსებმაც დაიკავეს სცენაზე ადგილი და საღამო კარგმა მუსიკამ დაასრულა. ახალგაზრდა საქსაფონისტი მომეწონა, დათო ხიდაშელი – თამამი და ზუსტი. თავიდან რამდენიმე სტანდარტი დაუკრეს, შემდეგ კი ვოკალისტი გოგონაც ავიდა სცენაზე. ბოსა ნოვაზე იყვნენ გადასულები, როდესაც გარეთ გამოვედით, თბილისური დეკემბერის სიცივეში.

Café De France – ჯაზ კლუბი, რესტორანი

გ. ტაბიძის 3/5, თბილისი

უბანი: სოლოლაკი

ტელ: +995 577 94 01 27 ; +995 32 299 02 21

სამზარეულო: ევროპული

საათები: ყოველ დღე, 9:00-02:00

ბარათები: მიიღება

ფასი: 130-150 ლარი (სადილი ორ კაცზე,

ღვინის, სერვისის და მუსიკის ჩათვლით)

პარკინგი: მიმდებარე ქუჩები

ელ-ფოსტა: maka.progressgroup@yahoo.com

© tabula



qartvelebs da saertod yofili sabchota kavshiris moqalaqeebs rom maionezi gviyvars, ise aravis, arada ramdeni qolesterinia maionezshii, droa gadavidet zeitunis zetisa da dzmrisgan damzadebul gemriel vinegretze, romelic safrangetsa da iytaliashi aseve amerikashi upiratesi sakmazia.


ბულგარელებს რას ვერჩი, მაგრამ არ იქნება ეგ წიწაკა თავისი სახელით მოვიხსენიოთ? თუ არ ვცდები პაპრიკა ქვია მაგას. ია ტაკ დუმაიუ!!!


ზოგი ბულგარულს დაწერს, ზოგი პაპრიკას. ამ ავტორს ბულგარული ურჩევნია, სხვა პაპრიკას წერს. ისე, მიუჩვეველია ხალხი პაპრიკას. აგერ რეცეპტებში უკვე 20–ჯერ მომიწია პასუხის გაცემა ერთი და იგივე კითხვაზე – "რა არის ჯანჯაფილი?" "ჯავზი რაღა უბედურებაა?" :) დაწერ მუსკატის კაკალს და ჯავზი რატო არ დაწერეო, პაპრიკას დაწერ და ეგ ხო ბულგარულიაო, ვაჟინი – სიროფი და ა.შ. :) სხვათა შორის, ტერმინი "ბულგარული წიწაკა" მაყaშვილის ბოტანიკურ ლექსიკონშიცაა შესული და ერთი კახური შესატყვისი აქვს მიწერილი – ბოყვი წიწაკა :), ასერომ არსებობის სრული უფლება აქვს ამ ცნებას მემგონი.



პაპრიკაა თუ ბულგარული, მეც ზუსტად იგივე აზრის ვარ მაგ პროდუქტის გემურ თვისებებზე და ნეტა საერთოდ გადაშენდებოდეს რესტორანი კიდე ძვირია და მართლა ბუკინისტების ხათრით თუ შეივლის წიგნების მოყვარული ფულიანი კაცი


რა შჺაშია ბულგარული. ვიყავი და მაგარი ბანძი ზავიდენიაა. მე მგონი ვინც სამუშაო შეასრულა ინვესტორს ფული მოპარა - უბანძესი ინტერიერი, რაღაც სასაცილოდ ბანძი მეტლახით დაწყებული ისნის ბაზრობის კრესლოებით დამთავრებული. საჭმელი ბანძი. კიტჩის აპოთეოზია და კარგ ადგილს აფუჭებს ეს რესტორანი მოკლედ


ra dromde mushaobs es restorani xo ar icit?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული